"დიახ, ორივე მხარეს - ამერიკას და რუსეთსაც - სურდა საქართველოსა და მოლდოვას ომში ჩაბმა“ - კვირის პალიტრა

"დიახ, ორივე მხარეს - ამერიკას და რუსეთსაც - სურდა საქართველოსა და მოლდოვას ომში ჩაბმა“

"ოპოზიციის გაჩუმება საქართველოს ძალიან შემაშფოთებელი მიმართულებით წაიყვანს. კანონის უზენაესობა და თავისუფალი პრესა აუცილებელია დემოკრატიისთვის", - ამ განცხადებით გამოეხმაურა აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის წევრი სენატორი ჯიმ რიში "მთავარი არხის" დირექტორის ნიკა გვარამიას დაპატიმრებას. პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს გვარამიას დაპატიმრებას სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი და ჯორჯ ბუშის საპრეზიდენტო ცენტრის გლობალური პოლიტიკის დირექტორი დეივიდ კრამერიც, აცხადებს, რომ ხელისუფლება ბოროტად იყენებს სასამართლო სისტემას პოლიტიკური ოპონენტების დევნისთვის. ოპოზიციონერი ლიდერები ავრცელებენ მოსაზრებას, რომ გვარამია ციხეში კერძო კომპანია "რუსთავი- 2"-ის კუთვნილი ავტომობილის გამოყენებისთვის აღმოჩნდა. არის თუ არა პოლიტპატიმარი ყოფილი გენპროკურორი, როგორ პოლიტიკურ ამინდს ქმნის გვარამიას დაპატიმრების შემდგომ ოპოზიციის მიერ დაწყებული პროცესი და კიდევ რა ახალი გამოწვევების წინაშე დადგება­ ქვეყანა, ანალიტიკოს მამუკა არეშიძეს ვესაუბრეთ.

- სიმართლე გითხრათ, ახლა გვარამიას დაპატიმრება ჩემთვისაც მოულოდნელი­ იყო, თუმცა მე ის უდანაშაულოდ არ მიმაჩნია. გვარამიას პასუხისმგებლობა უნდა დამდგარიყო არა ამ ეპიზოდების გამო, არამედ ბევრად სერიოზული ეპიზოდების, იმ დანაშაულების გამო, რომლებიც გენპროკურორის მოადგილეობის დროს ჩაიდინა.

- გაჩნდა მოსაზრება, რომ მისი დაპატიმრება მაშინ, როცა ქვეყანა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოლოდინშია, პრემიერი ღარიბაშვილი კი ბრიუსელში გაემგზავრა,­ შემთხვევითი არ იყო და ამას თავისი ქვედინებები ჰქონდა.

- შეიძლება ამ ამბავს რაღაც ტიპის ქვედინებები მართლაც ჰქონდეს, მაგრამ არ შემიძლია კატეგორიულად ვთქვა, რომ ასე არ არის ან არის. თუმცა გვარამია, ჩემი და საზოგადოების დიდი ნაწილის აზრით, დამნაშავეა. მაგალითისთვის შეგახსენებთ ოპერაცია "ენვერს". მაშინდელი ხელისუფლებისთვის ეს მორიგი პიარაქცია იყო, ხოლო „ჯაშუშობისთვის“ დაპატიმრებულ-გასამართლებულთა და მათი ოჯახებისთვის - უდიდესი ტრაგედია. ამ ოპერაციის ჩამწერი ნიკა გვარამია იყო. ასევე შეგახსენებთ, როგორ წაართვეს ვაგონშემკეთებელი ქარხანა მეპატრონეებს გვარამიას მონაწილეობით და შემდეგ თავადვე გვარამია როგორ გახდა ქარხნის დირექტორი. ეს იყო აბსოლუტურად უკანონო და დანაშაულებრივი ქმედება. ამის მერე მიეჩვია გვარამია სხვის ხარჯზე ფულის კეთებას, წყლიდან მშრალად გამოსვლას და "რუსთავი 2"-ში გააგრძელა საქმიანობა. დღეს მის წინააღმდეგ აღძრულ საქმეზე მართლაც არის კითხვის ნიშნები, არადა, სერიოზული დანაშაულები აქვს ჩადენილი.

- მაშ, რატომ გაასამართლეს "რუსთავი 2"-ის საქმეზე, როდესაც მას, თქვენი თქმით, გაცილებით მძიმე დანაშაულები აქვს ჩადენილი?

- არ გამოვრიცხავ, რომ შესაბამის სტრუქტურებში საბოტაჟია და მიზანმიმართულად ესმება ხაზი მეორეხარისხოვან საქმეებს, რათა ჩვენს მსგავს ადამიანებს ეჭვები გაუჩნდეთ, გვარამიას მხარდამჭერებს კი სასაცილოდ ექცეთ. სხვათა შორის, პიარის მეთოდოლოგიაში არის ასეთი ხერხი - ნაკლებად მნიშვნელოვან საქმეზე ხაზგასმით აუბრალოებენ პროცესს, იქნება ეს სამართლებრივი პროცესი თუ პოლიტიკური. მაგალითად, მიხეილ სააკაშვილზე ამბობენ, რომ პიჯაკების საქმეზეა დაპატიმრებული, რაც აბსოლუტური სიცრუეა. იგივე ხდება ნიკა გვარამიას საქმეშიც. რჩება შთაბეჭდილება, რომ ამ კაცმა კერძო კომპანიის ფულით ერთი ავტომობილი იყიდა და ამ ამბავს გადაჰყვა. ერთი შეხედვით იუმორისტული ჩანს ეს ეპიზოდი, მაგრამ თუ სიღრმეში წავალთ, სამართლებრივად, საქმე გვაქვს რეალურ დანაშაულთან. კიდევ ერთი პრობლემაა - მსგავს დანაშაულს ხშირად სჩადის სხვადასხვა ჩინოვნიკი, მათ შორის ხელისუფლების წარმომადგენლებიც. ამიტომაც სწორედ ამ საკითხზე ახდენენ გვარამიას მომხრეები პედალირებას.

- შეიძლება თუ არა გვარამია, რომელიც დღეს ოპოზიციურ მედიას წარმოადგენს, მართლა გახდეს დაბრკოლება ჩვენ\თვის ევროკავშირის წევრი ქვეყნის სტატუსის მინიჭებაში?

- ჯერ ერთი, არასწორი ნარატივი­ გვაქვს. ჩვენს დასავლელ პარტნიორებს მხოლოდ იმას კი არ ვეუბნებით, მიგვიღეთ ევროკავშირში, თორემ დავიღუპებითო, მათთან ერთმანეთის დასმენაც დავიწყეთ. ოპოზიციური პარტიების მთავარი გზავნილი ხალხისთვის ასეთია - ჩვენ აუცილებლად ვეტყვით ყველაფერს დასავლელ პარტნიორებს, ანუ ჩვენს უფროსებსო. სანქციების დაწესებას ითხოვენ, ჩვენი პარლამენტარები ჩადიან პოლონეთში და იქაურ პოლიტიკოსებს სთხოვენ, ჩვენებს ევროკავშირში გაწევრებაში ხელი შეუშალეთო. ეს პირადად მითხრა მე პოლონეთის პარლამენტის წევრმა. ნუთუ ვერ ხვდებიან, რომ ასეთი ქცევით "ქართული ოცნების" კი არა, საქართველოს დისკრედიტაციას ახდენენ?! ამასთან, დასმენის ჩვევა პოლიტიკური ელიტის მორალურ და ინტელექტუალურ სიღარიბეზეც მეტყველებს, რაც ნიშნავს, რომ ამ მხრივაც ეწევიან საკუთარი ქვეყნის დისკრედიტაციას.

- თქვენი თქმით, არასწორია, როცა ვამბობთ, თუ დასავლურ სტრუქტურებში არ მიგვიღებენ, დავიღუპებითო. ფიქრობთ, რომ დასავლეთის დაუხმარებლად შევძლებთ ოკუპანტ მეზობელთან გამკლავებას, სახელმწიფოებრიობის შენარჩუნებასა და დემოკრატიის განვითარებას?

- არა, მთავარი სხვა რამეა - საკუთარი ქვეყნის რესურსები სწორად უნდა შევაფასოთ და გეოპოლიტიკური ანალიზი ისე გავაკეთოთ. როგორც ჩვენ გვჭირდება დასავლეთი, ეკონომიკური თუ თავდაცვითი პოტენციალისთვის, ასევე ვჭირდებით ჩვენ დასავლეთს, განსაკუთრებით თავდაცვითი სისტემის განმტკიცებისთვის. ძალიან მნიშვნელოვან გეოპოლიტიკურ სივრცეში ვართ. დასავლეთის­ მიზანს თუ გავითვალისწინებთ, რუსეთის დასუსტებას, საკუთარი გავლენების გაძლიერებასა და ჩინე­თთან სამომავლო დაპირისპირებას, ჩვენ მათთვის პატარა, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანა ვართ. აი, ამ სიმაღლეებიდან უნდა ვილაპარაკოთ. თუმცა ეს არ ნიშნავს რიგ საკითხებში გაჯიუტებას. შენი თავმოყვარეობაც უნდა შეინარჩუნო და სხვის თავმოყვარეობასაც არ უნდა მიაყენო ჩრდილი. შენი კულტურის ტრადიციულ ელემენტებსაც უნდა გაუწიონ ანგარიში­ და შენც პატივი უნდა სცე მათ კულტურას.

- ხელისუფლებას სწორად აქვს შეფასებული ქვეყნის რესურსი და ამ პოზიციიდან ელაპარაკება დასავლელ პარტნიორებს თუ სიხისტესა და სიჯიუტეს იჩენს?

- პარტნიორული ურთიერთობა გულისხმობს არა მარტო თანამშრომლობას, კულუარულ მოთათბირებასაც. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. როდესაც "ოცნებამ" უარი თქვა ლობისტურ ინსტიტუტებზე, მაშინვე გამოვხატე შეშფოთება. ლობისტური ინსტიტუტი მარტო იმას კი არ ნიშნავს, რომ დაქირავებული პოლიტოლოგთა გუნდი შენს სასარგებლოდ მუშაობდეს. ეს ინსტიტუცია გულისხმობს ასევე გავლენის ჯგუფების მუშაობას, რომლებიც დაინტერესებული არიან შენი ქვეყნის კეთილდღეობით. ქართველი ემიგრაციის სახით ძალიან სერიოზული რესურსი გვქონდა გავლენის ჯგუფების შესაქმნელად დასავლეთშიც და რუსეთშიც. ეს კულუარული მუშაობის ერთ-ერთი და არა ერთადერთი სეგმენტია. კულუარული მუშაობა დიპლომატიაში ძალიან მნიშვნელოვანია, რაც პირადად არაერთხელ მაქვს გამოცდილი. სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყნის რესურსი არც ქვეყანაშია გამოყენებული და არც მის გარეთ. ამიტომაც არის დღეს ქაოსი. რაც შეეხება ჩვენი ხელისუფლების ხისტ განცხადებებს, ისინი პირველი დღიდან იყო ხისტი, მაგრამ ზოგადი. ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციის მიხედვით, ამის მიზეზი გახლდათ ის, რომ ჩვენს ხელისუფლებაზე ბარიკადის ორივე მხრიდან წარმოუდგენელი ზეწოლა იყო, რათა საქართველო ომში ჩართულიყო.

- საქართველოს ომში ჩათრევის დასავლეთის სურვილი შეთქმულების თეორიას უფრო ჰგავს. რა ხელს აძლევს ამერიკას ან ევროკავშირს საქართველოს ომში ჩართვა, მაშინ როდესაც ჩვენ ვერც რუსეთ-უკრაინის ომის განვითარების სცენარს შევცვლით და ვერც რუსულ არმიას მივაყენებთ სერიოზულ ზიანს?

- მე მაქვს უტყუარი ინფორმაცია, რომ იყო სხვადასხვა პოლიტიკური ცენტრის, სხვადასხვა ჯგუფის ზეწოლა. ორივე მხრიდან ვიცი სახელები და გვარები. ისიც ვიცი, ვინ რომელ მოქმედ თუ ყოფილ სამხედროსთან მიდიოდა და რა გეგმებს აცნობდნენ. დიახ, ორივე მხარეს - ამერიკას და რუსეთსაც - სურდა საქართველოსა და მოლდოვას ომში ჩაბმა. მე არ ვამბობ, რომ ამ საქმეში თეთრი სახლიდან და ელისეს მინდვრებიდან იყვნენ ჩართული, არა. ესენი არიან ცალკეული ჯგუფები. სხვათა შორის, არც კრემლი არ იყო ამ ამბავში ჩართული, იქაც ერთი პოლიტიკური ჯგუფის ინტერესებში შედიოდა ეს ამბავი.

- ჩვენ არაერთხელ ვისაუბრეთ, თუ რატომ შეიძლება უნდოდეს რუსეთს ან თუნდაც უკრაინას საქართველოს ომში ჩართვა, მაგრამ ამერიკელი და ევროპელი თუნდაც ცალკეული პოლიტიკოსების ინტერესებში რატომ უნდა იყოს ჩვენს ტერიტორიაზე ომის დაწყება?

- ამ ძალებს ფრონტის გაშლა უნდათ­, რაც უფრო მეტ ადგილზე მოხერხდებოდა ეს, მით უკეთესი იქნებოდა მათთვის. მხოლოდ საქართველოსა და მოლდოვაზე არ იყო საუბარი, იყო შუა აზიაზეც, ამ სურვილს აქვს ლოგიკა, უბრალოდ, ჩვენთვის არის მიუღებელი. რუსების ლოგიკით, მაინც დისკრედიტირებული არიან და ბარემ მოასუფთავებდა პოსტსაბჭოთა სივრცეს, დასავლელი პოლიტიკოსების ნაწილის ლოგიკით კი რუსეთისთვის წინააღმდეგობის არეალი გაფართოვდებოდა და პუტინს მეტ დისკომფორტს შეუქმნიდნენ. სხვათა შორის, ფინეთის ნატოში გაწევრების საკითხი დამატებითი გამოწვევა იყო რუსებისთვის. ძალიან კარგად გათვლილი ნაბიჯია. იციან, რომ ფინეთის არმია ერთ-ერთი სერიოზული ძალაა რუსეთის საზღვართან... სხვათა შორის, მმართველი გუნდი თავიდან ცდილობდა თავშეკავებული ყოფილიყო და მხოლოდ "ნაცმოძრაობის"­ "კიევური დესანტის" დანაშაულებზე ამახვილებდა ყურადღებას, მაგრამ ჩვენი ხელისუფლების ზოგიერთმა წარმომადგენელმაც გადაამლაშა.

- ამ გადამლაშებით ხომ არ ვკარგავთ დასავლელ მოკავშირეებს.

- გამორიცხულია. ჩვენი ქვეყნის რესურსებიდან და დასავლეთის ინტერესებიდან გამომდინარე დასავლეთის პოლიტიკური ცენტრები - ვაშინგტონი და ბრიუსელი საქართველოს ხელიდან არ გაუშვებენ ამ პოლიტიკური იწილო-ბიწილოს გამო.

ხათუნა ბახტურიძე