"საჰაერო თავდასხმის განგაშის სირენები ჩაირთო, "საგანგაშო ჩემოდანს" ხელი დასტაცეთ და თავშესაფრისკენ გარბიხართ" - ყველაზე გამძლე და გასაშლელ-დასაკეცი მინითავშესაფრები - კვირის პალიტრა

"საჰაერო თავდასხმის განგაშის სირენები ჩაირთო, "საგანგაშო ჩემოდანს" ხელი დასტაცეთ და თავშესაფრისკენ გარბიხართ" - ყველაზე გამძლე და გასაშლელ-დასაკეცი მინითავშესაფრები

რედაქციაში უამრავი თხოვნა შემოდის, მეტი ყურადღება დავუთმოთ საკითხს, როგორ მოიქცნენ მოქალაქეები ექსტრემალურ ვითარებაში. როგორც ყოველთვის, ვითვალისწინებთ მკითხველის თხოვნას და ახალ რუბრიკაში მარტივად და გასაგებად ვხსნით, როგორ უნდა იმოქმედონ მოქალაქეებმა არა მხოლოდ შეიარაღებული კონფლიქტის, არამედ, უპირველესად, მშვიდობიანობის დროს, ნებისმიერ მძიმე ვითარებასთან გასამკლავებლად, იქნება­ ეს წყალდიდობა, ღვარცოფი, მეწყერი,­ ზვავი, ავტოკატასტროფა,­ ხანძარი, მიწისძვრა თუ სხვა. ვუსუ­რვებთ ჩვენს მკითხველს, ამ რჩევ­ების პრაქტიკულად გამოყენება არასოდეს დასჭირდეთ.­ რუბრიკაში "სამოქალაქო თავ­დ­­­აცვა"­­ სიამოვნებით ვუპ­ასუ­ხე­ბთ­ ამ საჭირბოროტო­ თემ­ე­ბთან­ დაკავშირებულ­ კითხვ­ე­­ბსაც­, რომელთა გამოგზავნა შეიძლება "კვირის პალიტრის" საიტზე: www.kvirispalitra.ge გამოქვ­ეყნებული სტატიების კომენტარებში.

მაშ, ასე, საჰაერო თავდასხმის განგაშის სირენები ჩაირთო, წინასწარ გამზადებულ „საგანგაშო ჩემოდანს“ ხელი დასტაცეთ და თვშესაფრისკენ გარბიხართ, მაგრამ იცით კი, სად არის თქვენს სახლთან ყველაზე ახლოს საიმედო თავშესაფარი? რა თქმა უნდა, არ იცით, თანაც არა მარტო თქვენ, საქართველოში ეს თითქმის არავინ იცის, არადა, მეტროში ყველა ხომ ვერ დაეტევა, თანაც, დედაქალაქის გარდა, საქართველოს კიდევ რომელ ქალაქში გეგულებათ მეტროპოლიტენის მიწისქვეშა სადგურები?

რა მდგომარეობაა საქართველოში თავშესაფრებში?

საბჭოთა კავშირის დაშლის დროს საქართველოს ტერიტორიაზე, ზოგიერთი ინფორმაციის თანახმად, სხვადასხვა ტევადობისა და დაცვის დონის 414 მოქმედი თავშესაფარი დარჩა, რომლებიც პირველი ცივი ომის ბირთვულ ომში გადაზრდის შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ვერ დაიტევდა საქართველოს მთელ მოსახლეობას, მაგრამ ნაწილი მაინც გადაურჩებოდა ბირთვული არმაგედონის პირველ კატასტროფულ წუთებს.

მას შემდეგ 30 წელი გავიდა და დამოუკიდებელ საქართველოში თავშესაფრების მდგომარეობა სავალალო გახდა _ ოთხი ასეულიდან ძალიან ცოტას თუ შეუძლია თავისი პირდაპირი დანიშნულების შესრულება, ისინიც სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტების ქვეშ ან სიახლოვეს არის და იქ, საჭიროების შემთხვევაში, უბრალო მოქალაქეს არავინ შეუშვებს.

tavshes-1653246547.jpg
თავშესაფარში ერთი ადამიანისთვის არანაკლებ 0,5 კვმ ფართობი უნდა იყოს გამოყოფილი

დანარჩენი მთლად გაძარცულია, მოპარული და ჯართში ჩაბარებულია ჰერმეტული რკინის კარები, გამფილტრავ-სავენტილაციო დანადგარები, ავარიული დიზელ-გენერატორები, სანიტარიული კვანძები დალეწილია და მიწისქვეშა სათავსებში საშინელი სინესტეა. ზოგან მუხლამდე წყალიც კი დგას, რაც, ფაქტობრივად, გამორიცხავს იქ თავის შეფარებას თუნდაც რამდენიმე საათით.

პრობლემაა ისიც, რომ ამ გაძარცულ, თუმცა აღდგენის პოტენციალის მქონე თავშესაფრებს არ ჰყავს ერთი კონკრეტული პატრონი. ისინი სხვადასხვა სახელმწიფო ორგანიზაციის ბალანსზეა ან გაყიდულია და მათი მფლობელი ან კომერციული ფირმაა, ან _ კერძო პირი.

სანამ არ მოხერხდება ყველა მოქმედი და ყოფილი თავშესაფრის ინვენტარიზაცია და ერთი პატრონისთვის მიკუთვნება, რომ ის იყოს ყველაფერზე პასუხისმგებელი შესაბამისი სახელმწიფო დაფინანსების პირობებში, მანამდე საქართველოში ამ სისტემის უმოქმედობის ძალზე მწვავე პრობლემა ვერ მოგვარდება.

როგორი სახის თავშესაფრები არსებობს?

ყველაზე გამძლე თავშესაფრები

თანამედროვე თავშესაფრები უნდა პასუხობდეს მასობრივი განადგურების _ ბირთვული, ქიმიური და ბიოლოგიური იარაღისგან თავდაცვის მოთხოვნებს, რაც თითქმის ავტომატურად ნიშნავს ჩვეულებრივი (ტროტილისა თუ ჰექსოგენის ასაფეთქებელი ნივთიერების შემცველი) საავიაციო ბომბებისა და საარტილერიო ჭურვებისგან, ასევე რაკეტებისგან თავდაცვას, რადგან თუკი თავშესაფრებში არ შეაღწია ახლოს აფეთქებული ბირთვული ბომბისგან წარმოქმნილმა ჰაერის დამრტყმელმა ტალღამ, გამოსხივებამ, რადიაციამ და მომწამვლელმა აირებმა, იქ მყოფებს ვერც მსხვრევად-ფუგასური საავიაციო ბომბი დააკლებს რამეს, თუმცა არსებობს სპეციალური გათვლები, რომელთა მიხედვით, 250 კგ-იანი საავიაციო ბომბის პირდაპირი მოხვედრის შემთხვევაში პირველი კატეგორიის თავშესაფარი დაგიცავთ, თუკი მისი მონოლითური რკინაბეტონის გადაფარვა ორი მეტრი მაინც არის. ნახევარტონიანი ბომბის აფეთქების გასაძლებად მიწაში ჩაფლული თავშესაფრის რკინაბეტონის სახურავი 3 მ სისქის მაინც უნდა იყოს, ერთტონიანი ბომბის შემთხვევაში _ 4,5 მ-ის, ხოლო მცირე სიმძლავრის ბირთვული აფეთქებისგან გადასარჩენად სახურვის სისქე 30 მ-მდე მონოლითურ რკინაბეტონის დამცველ "ქუდს"“ მოითხოვს.

თავშესაფარი კორპუსის ქვეშ

გამძლე თავშესაფრის მოწყობა მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის სარდაფშიც შეიძლება, რადგან კორპუსზე ზუსტად მოხვედრის შემთხვევაშიც კი, სანამ საავიაციო ბომბი ინერციით რამდენიმე სართულს ჩახვრეტს და ამოქმედდება, აფეთქების ძალა მონოლითური რკინაბეტონით გადახურულ სარდაფამდე ძნელად ჩააღწევს, თუკი ეს ბუნკერსაწინააღმდეგო გამჭოლი მსხილკალიბრიანი საავიაციო ბომბი არ არის, თუმცა აქაც არსებობს მნიშვნელოვანი ნიუანსები.

საცხოვრებელი კორპუსის ქვეშ თავშესაფრების წინასწარ, მშენებლობის დროს მოწყობა ლოგიკური და პრაქტიკულია, ოღონდ აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული ერთი სათადარიგო გამოსასვლელი მაინც კორპუსისგან მოშორებით, რათა შენობის დანგრევის შემთხვევაში ის „საძმო სასაფლაოდ“ არ იქცეს.

თავშესაფარი საცხოვრებელი სახლის... სასტუმრო ოთახში

წარმოიდგინეთ, რომ საჰაერო განგაშის სიგნალის ამოქმედებისთანავე თქვენ არც ჩქარობთ, არც სადმე გარბიხართ და არც „საგანგაშო ჩემოდანს“ ეძებთ და არა იმიტომ, რომ შიშის გრძნობა დაკარგეთ, არამედ იმიტომ, რომ თავშესაფარი... გვერდით ოთახში გელოდებათ, თავის "საგანგაშო ჩემოდანთან", ყავის მოსადუღებელსა და ტელევიზორის დიდ ეკრანთან ერთად, სადაც დაბომბვისას დროს კომფორტულად გაატარებთ. ეს ფანტაზია არ არის, სწორედ ასე იქცევა ისრაელის მოსახლეობის დიდი ნაწილი, რომელმაც ფული არ დაინანა სახლში ინდივიდუალური თავშესაფრის მოსაწყობად.

tavshes2-1653246547.jpg
ისრაელში, საკუთარ ბინაში, 12.000 დოლარად ასეთ გასაშლელ მინითავშესაფარს დაგიმონტაჟებენ

ისრაელის კანონის თანახმად, ეს უნდა იყოს სახლის შიდა ოთახი, არანაკლებ 5 კვმ ფართობის, ორი, 25-25 სმ სისქის, კედლით.

იმის გამო, რომ მეზობელი არაბები პერიოდულად სარაკეტო „საჩუქრებს“ უგზავნიან ისრაელის ქალაქებს, ასეთი უსაფრთხოების ოთახები“ზედმეტი მართლაც არ არის და შეიძლება ბევრი მოქალაქეც იხსნა განსაცდელისგან, მაგრამ ამ შემთხვევაშიც ერთი რამ აუცილებლად არის გასათვალისწინებელი: ისრაელის ქალაქებს არაბები, ძირითადად, თვითნაკეთ ან მცირეკალიბრიან რაკეტებს ესვრიან, რომლებსაც ბევრი ასაფეთქებელი ნივთიერება ვერ გადააქვს და „უსაფრთხოების ოთახმა“შეიძლება გაამართლოს თავისი დასახელება, მაგრამ პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსეთი ურჩ ქართველებსა და უკრაინელებს ნახევარტონიანი საავიაციო ბომბებითა და ოპერატიულ-ტაქტიკური რაკეტებით ბომბავს და ვერანაირი „უსაფრთხოების ოთახი“ ვერ დაგვიცავს. აგვისტოს ომის დროს გორის თავზე აფეთქებული კასეტური „ისკანდერის“ სარაკეტო ძრავამ ადგილობრივი მოსახლის სახლის ჭერი ჩაანგრია და სასტუმრო ოთახში, დივანთან „მოიკალათა.

დასაკეცი... თავშესაფარი

ისრაელში ინდივიდუალური თავშესაფრების ბიზნესი ისე ვითარდება, რომ მსურველებს უკვე დასაკეცი მინითავშესაფრების შეძენას სთავაზობენ, სულ რაღაც 12 000 დოლარად.

ეს არის ფოლადის კონსტრუქცია, რომელიც სპეციალური დომკრატების საშუალებით ორიოდე წუთში ოთახშივე იშლება და მის ქვეშ თავშეფარებულს ახლოს აფეთქებული 155 მმ კალიბრის საარტილერიო ჭურვის ნამსხვრევებისგანაც კი იცავს.

ამ მინითავშესაფარს აქვს გასაფილტრ-სავენტილაციო მოწყობილობა, რომელიც მის შიგნით მაღალ წნევას ქმნის და მომწამვლელ აირს არ უშვებს, შესაბამისად, იქ მყოფმა ადამიანმა შეიძლება 30 წუთი ოთახში მძვინვარე ხანძარსაც კი გაუძლოს.

თავშესაფარი საკუთარ ეზოში

მილიონერობა არ არის საჭირო, რომ კერძო სახლის აშენებისას კაცმა ნაგებობას პატარა სარდაფი მაინც დააყოლოს. ვინ იცის, დღეს, რუსების დაუნდობელი საარტილერიო და საავიაციო დაბომბვების დროს, რამდენი მშვიდობიანი მოსახლე გადაარჩინა უკრაინული ხუტორების მიწისქვეშა სარდაფებმა, მაგრამ ერთია მამა-პაპურად მოწყობილი სარდაფი თუ მარანი, რომელსაც გამოუვალ მდგომარეობაში იძულებით შეაფარებ თავს და მეორე _ შენი სახლის ეზოში სპეციალურად მოწყობილი მიწისქვეშა ბუნკერ-თავშესაფარი.

მილის ფორმის, გოფრირებული ალუმინისგან დამზადებული საკუთარი თავშესაფარი აშშ-ში 75.000 დოლარამდე ღირს და მასში მოწყობილია სასადილო, საძინებელი, ტუალეტი და ბუხარიც კი.

მილიონერები და მილიარდერები კი ძველ ატომურ თავშესაფრებს მთლიანად ყიდულობენ და იქ მიწისქვეშა ვილებს იწყობენ, გოლფის სათამაშო მოედნებითა და აუზებით.

დაბომბვის შიში პარანოიად არ უნდა გადაიქცეს, მაგრამ ერთი პატარა საკუთარი თავშესაფარი ზედმეტი არავისთვის იქნებოდა _ ვინ იცის, რა დროს გამოადგეს ადამიანს.