„აზოვსტალის“ დამცველებისთვის მეორე ბრძოლა დაიწყო, ამჯერად ტყვეობაში მყოფთა გადასარჩენად... - კვირის პალიტრა

„აზოვსტალის“ დამცველებისთვის მეორე ბრძოლა დაიწყო, ამჯერად ტყვეობაში მყოფთა გადასარჩენად...

ადრე თუ გვიან ყველაფერი მთავრდება: 20 მაისის საღამოს "აზოვსტალის" განადგურებული საწარმოს ტერიტორიიდან მისი ბოლო უკრაინელი დამცველებიც გამოვიდნენ. იარაღი დაყარეს და ტყვედ ჩაბარდნენ რუს ოკუპანტებს, მაგრამ განა ვინმეს მოუბრუნდება ენა, მათ ლაჩრობა დააბრალოს?! პირიქით, 82-დღიან უთანასწორო ბრძოლაში ყველამ ვაჟკაცურად იბრძოლა და მხოლოდ უკრაინის პოლიტიკური ხელისუფლებისა და სამხედრო მეთაურობის დასტურის შემდეგ გადადგეს ეს ურთულესი ნაბიჯი, რადგან სხვა გამოსავალი არ არსებობდა.

2439 უკრაინელი მებრძოლისთვის 82-დღეღამიანი კოშმარი დასრულდა, თუმცა, ალბათ, "აზოვსტალის" ყოფილი დამცველების, განსაკუთრებით - პოლკ "აზოვის"“ მებრძოლებისთვის არანაკლები ტრაგედიაა რაშისტების ტყვეობაში ყოფნა, სანამ მათ რუს სამხედრო ტყვეებში გაცვლიან.

უკრაინის ხელისუფლებამ და გენშტაბმა მადლობა გადაუხადეს მარიუპოლისა და "აზოვსტალის“ დამცველებს: სპეციალური დანიშნულების ცალკეული რაზმის, "აზოვის", უკრაინის ეროვნული გვარდიის მე-12 ბრიგადის, საზღვაო ქვეითთა 36-ე ცალკეული ბრიგადის მებრძოლებს, მესაზღვრეებს, პოლიციის, ტერიტორიული თავდაცვის სამსახურის თანამშრომლებსა და მოხალისეებს, რომლებმაც გმირულად იბრძოლეს და მათ მეთაურებს უბრძანეს, პირადი შემადგენლობის სიცოცხლის გადასარჩენად ემოქმედათ.

რა თქმა უნდა, ვერც პრეზიდენტი ზელენსკი და ვერც უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, სამვარსკვლავიანი გენერალი ზალუჟნი პირდაპირ ვერ უბრძანებდნენ „"აზოვსტალის" ბოლო დამცველებს იარაღის დაყრასა და ტყვედ ჩაბარებას, ამიტომაც ასეთი ფორმა აირჩიეს.

უკრაინის გენშტაბის განცხადებით, მარიუპოლისა და "აზოვსტალის" გმირმა დამცველებმა ორ თვეზე მეტხანს ბრძოლებით შებოჭეს რუსი ოკუპანტების არანაკლებ 17 საბატალიონე-ტაქტიკური ჯგუფის ოცი ათასამდე მომხდური, რითაც კრემლს დონბასისა და ზაპოროჟიეს მიმართულებით სწრაფი შეტევის გეგმა ჩაუშალეს.

"აზოვის"“ მეთაურების განცხადებით, მარიუპოლის ქუჩებში ბრძოლისა და "აზოვსტალის" ტერიტორიის დაცვისას მათ რუს ოკუპანტებს არანაკლებ 60 ტანკი აუფეთქეს, 30-მდე დაუზიანეს და 2 500-მდე მოწინააღმდეგე გაანადგურეს.

შეეძლოთ თუ არა მარიუპოლის დამცველებს სამშვიდობოს გამოსვლა, სანამ მოწინააღმდეგე ქალაქს ალყაში მოაქცევდა? შეეძლოთ, მაგრამ მათ უკან დახევას ბოლომდე ბრძოლა არჩიეს, რაც უთუოდ გმირობაა და დასაფასებელია.

შეიძლებოდა თუ არა, უკრაინის არმიას სამხედრო გზით ალყიდან გამოეყვანა "აზოვსტალის" “დამცველები? არა, რადგან ამისთვის უნდა დაგეგმილიყო დიდი სამხედრო ოპერაცია, მოხსნილიყო საბრძოლო დანაყოფები და ტექნიკა ფრონტის სხვა უბნების შესუსტების ხარჯზე და უკრაინის არმიას 120 კმ-ზე მეტი სტეპებში იერიშით ევლო მარიუპოლამდე განუწყვეტელი რუსული საჰაერო თუ საარტილერიო დაბომბვების თანხლებით, რაც უდიდეს დანაკარგს გამოიწვევდა. არაერთი უკრაინელი მფრინავი დაიღუპა, როცა ალყაშემორტყმული "აზოვსტალიდან" შვეულმფრენებით ცდილობდა მძიმედ დაჭრილების გამოყვანას.

შეიძლებოდა თუ არა მოლაპარაკებებით დერეფნის გახსნა "აზოვსტალის" დამცველების უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გასაყვანად?

უკრაინის ხელისუფლებამ პოლიტიკურ კულუარებში თითქმის ყველა ღონე იხმარა: სცადა პუტინის ნათელმირონ მედვედჩუკსა და ათასამდე რუს სამხედრო ტყვეში მათი გაცვლა, მსოფლიო ლიდერებს სთხოვა პუტინთან შუამდგომლობა გაცვლასთან დაკავშირებით, მაგრამ პუტინმა არაფერი დათმო და თურქ კოლეგას, ერდოღანსაც, ორჯერ უარი უთხრა „"აზოვსტალის"“ დამცველების გემით თურქეთში ექსტრადიციაზე.

პუტინისთვის მხოლოდ "აზოვსტალის" დამცველების მიერ იარაღის დაყრა და ტყვედ ჩაბარება იყო მისაღები, რადგან რუსეთის პროპაგანდის მიერ ნეონაცისტებად შერაცხილი "აზოველების" გაშვებას ათწლეულების განმავლობაში ზომბებად ქცეული რუსეთის მოქალაქეები კრემლს ვერ გაუგებდნენ.

რა მოელით "აზოვსტალის" დამცველებს რუსების ტყვეობაში?

სამწუხაროდ, კარგი არაფერი. თუკი "აზოვსტალის" მიწისქვეშა კატაკომბებში ისინი სამტონიანი რუსული ბომბებისგან გადარჩენას ცდილობდნენ, ახლა ელოდებათ საშინელი წამება რუსული სპეცსამსახურების ჯალათებისგან, განსაკუთრებით - დონბასელი სეპარატისტებისგან, რომლებიც ციხის ჯურღმულებში წამების ზუსტად ისეთივე სასტიკ მეთოდებს იყენებენ, როგორიც ბოლშევიკების „ენ-კა-ვე-დემ“ დანერგა ლენინ-სტალინ-ბერიას დროიდან, ამიტომაც არ უნდა გაგვიკვირდეს, თუ რუსული პროპაგანდისტული მანქანა „"აზოვსტალის"“ დამცველების „აღიარებითი“ ჩვენებების გავრცელებას დაიწყებს. არ არსებობს ადამიანი, რომელიც გაუძლებს სპეცსამსახურების მიერ ლამის მეცნიერულ დონეზე დამუშავებულ-დახვეწილ წამების მეთოდებს, მათ შორის - სპეციალური სამედიცინო პრეპარატების გამოყენებით.

როგორ შეიძლება შეფასდეს "აზოვსტალის" დამცველთა 82-დღიანი გმირული ბრძოლა? ომებში ასე ხდება: გამორჩეულ ადამიანებს გმირობის ჩადენა სხვების სიმხდალისა და შეცდომების გამო უწევთ. ანექსირებული ყირიმიდან ხერსონის რაიონში გამავალი ხიდები 24 თებერვალსვე რომ აეფეთქებინათ და მელიტოპოლსა და ბერდიანსკთან ბრძოლები გაემართათ, მტერი ორიოდე დღეში ზურგიდან ვერ მიადგებოდა მარიუპოლის დამცველებს.

რამდენ ხანში შეიძლება "აზოვსტალის" დამცველების ტყვეობიდან გამოხსნა?

ეს მალე არ მოხერხდება. რუსეთი ეცდება, სიტუაცია საინფორმაციო ომის ფრონტზე პროპაგანდისტული დარტყმებისთვის მაქსიმალურად გამოიყენოს. გავიხსენოთ თუნდაც 2004 წელს ცხინვალის ცენტრში სეპარატისტების მიერ ტყვედ აყვანილი, დაჩოქილი პოლიციისფორმიანი ქართველები.

გარდა ამისა, რუსეთის პროკურატურამ "აზოველებზე" შეიძლება სისხლის სამართლის საქმეები აღძრას და ისინი სამხედრო ტყვეებად არც მიიჩნიოს.

წესით, "წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაცია" განსაკუთრებულად უნდა დაეხმაროს ტყვეობაში მყოფ „"აზოვსტალის"“ დამცველებს და რუსებს მათი წამებით დახოცვის უფლება არ მისცეს, მაგრამ დონბასელი სეპარატისტები ჩაუშვებენ კი ციხის ჯურღმულებში „"წითელი ჯვრის" წარმომადგენლებს?!არის კიდევ ერთი რეალური გზა ტყვეობიდან მათ სწრაფად დასახსნელად: უკრაინელებმა ბრძოლებში ტყვედ უნდა აიყვანონ რაც შეიძლება მეტი რუსი და სეპარატისტი მაღალჩინოსანი სამხედრო - პოლკოვნიკები და თვით გენერლებიც კი, რადგან რუსეთის ხელისუფლება მათ გაცვლას უფრო დასთანხმდება, ვიდრე - უბრალო ჯარისკაცებისას.