"სამწუხაროდ, ამას კიდევ მოჰყვება მსხვერპლი... უკრაინის ომი აისახება, პრაქტიკულად, ყველა ქვეყანაზე. უპირველესად ისეთ ქვეყნებზე, როგორიც საქართველოა"
ინტერვიუ გია ხუხაშვილთან
- ექსპერტთა უმეტესობა აცხადებს და მხარეებიც აღიარებენ, რომ რუსეთ-უკრაინის ომი გაჭიანურების ფაზაში შედის.
- ასეა, თუმცა დრო მუშაობს უკრაინის სასარგებლოდ. სამწუხაროდ, ამას კიდევ მოჰყვება მსხვერპლი. უკრაინაში, ამ გლობალურ ომში, დღეს წყდება მსოფლიოს მომავალი წესრიგი. უკრაინის ომი აისახება, პრაქტიკულად, ყველა ქვეყანაზე. უპირველესად ისეთ ქვეყნებზე, როგორიც საქართველოა. დღეს ამ ომში პირდაპირი მნიშვნელობით წყდება ჩვენი ბედიც. ყველა მიმართულებით უკრაინასთან ერთად დასავლეთს ეს ომი უკვე მოგებული აქვს. მაგალითად, სამხედრო-სტრატეგიული თვალსაზრისით თუ ავიღებთ, რუსეთის ამოცანა იყო ნატოს გაფართოების შეჩერება, არადა, საპირისპირო მიიღო. აგერ რუსეთის მოსაზღვრე შვედეთი და ფინეთი ნატოში შედიან. წაგებული აქვს ასევე საინფორმაციო, ეკონომიკური თუ მსოფლმხედველობრივი ომი.
გარდა ამისა, მსოფლიოში ჩნდება ირიბი პრობლემები, სურსათის, ენერგორესურსების... დღევანდელ მსოფლიოში ხომ ყველაფერი ერთმანეთზეა გადაჯაჭვული. იმდენი რისკია, იმდენი პარამეტრი ამ ომის ირგვლივ, პროგნოზირება რამდენ ხანს გაგრძელდება, ვის შეეხება, ვის საიდან დაარტყამს, რა ახალი ჰუმანიტარული რისკები გაჩნდება, ძალიან რთულია. ვიმეორებ, წმინდა სამხედრო თვალსაზრისით, დრო უკრაინაზე მუშაობს, მაგრამ დამატებითი რისკები სად და როდის იფეთქებს და როგორ შემოუტრიალდება სამყაროს, არავინ იცის.
- უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსმა ანდრეი ერმაკმა ატლანტიკურ საბჭოში სიტყვით გამოსვლისას კიდევ ერთხელ განაცხადა, საქართველო იმ "შავ სიაში" მყოფი ქვეყნების რიგებშია, რომლებიც რუსეთისთვის სანქციების გვერდის ავლას ხელს უწყობენო. მან ახსენა ქართველი მილიარდერიც, რომელიც "გაზპრომის" აქციონერია, იგულისხმებოდა, რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილი...
- სანქციების გვერდის ავლასთან დაკავშირებით ჩნდება სერიოზული კითხვები, ხელისუფლება კი სადღეგრძელოსავით ამბობს, რომ არ გაატარებს არასანქცირებულ ტვირთებს, მაგრამ ეს არ არის რიტორიკის საგანი. თუ ჩვენ ვამბობთ, რომ რაღაცას არ გავატარებთ და საქართველოს ვერ გამოიყენებენ სანქციების გვერდის ასავლელად, ამას სჭირდება თავისი ნორმატიული ბაზა. მებაჟეს თუ არა აქვს შესაბამისი ბრძანება ფინანსთა მინისტრისგან თავისი ჩამონათვალით, რისი გაშვება არ შეიძლება, მას უფლებაც კი არა აქვს შეაჩეროს ეს ტვირთები. უკვე თვეზე მეტია მე და ბევრი სხვაც ვკითხულობთ, გამოცემულია ასეთი ნორმატიული აქტი? - ხელისუფლებისგან კი სრული დუმილია. შესაბამისად, ლეგალური საფუძველი იმის სათქმელად, რომ ხელისუფლება საკუთარ სიტყვას ასრულებს, არა გვაქვს.
გარდა ამისა, ჩნდება ბევრი სხვა კითხვის ნიშანიც. მაგალითად, აპრილში 100 მილიონი დოლარით გაიზარდა ფულადი გზავნილები რუსეთიდან და შეადგინა 133 მილიონი. ამ თანხიდან 15-20 მილიონი ტრადიციულად არის ის თანხა, რომელსაც რიცხავენ რუსეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეები ოჯახებში, დაახლოებით 10-15 მილიონამდე ამ ბოლო დროს ჩვენთან ე.წ. რუსი ლტოლვილები რომ მომრავლდნენ, იმათი საყოფაცხოვრებო პირობებისთვის გადმორიცხული ფული იქნება, ალბათ, რჩება, დაახლოებით 100 მილიონი დოლარი და შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს თანხა წასულია ეკონომიკაში. არ არის გამორიცხული ამ ფულის დიდი ნაწილი ხმარდებოდეს სანქციების გვერდის ასავლელი სქემების დალაგების მცდელობას. მოკლედ, პირდაპირ ფული გამოჩნდა, არ არის ეს ეჭვის საფუძველი? - რა თქმა უნდა, არის.
ეს ყველაფერი აჩენს კითხვებს, რომელზეც ხელისუფლება პასუხს არ იძლევა. მხოლოდ პოზაში დგომა და ამ კითხვების შეურაცხყოფად აღქმა არ არის საკმარისი. მან უნდა დაამტკიცოს, რომ ეს ტყუილია. თქვენ გგონიათ, შემთხვევით მოიკითხა ეს საკითხი ჯოზეფ ბორელმა? კი, კარგია, რომ გაეროში პულტს ხელს აჭერთ და უკრაინას მხარს უჭერთ, ამისთვის მადლობა, მაგრამ სანქციებთან დაკავშირებით რა ხდება, ეს ძალიან მნიშვნელოვანიაო. დასავლეთისთვის რუსეთთან ამ გლობალურ ბრძოლაში სანქციები არის ერთ-ერთი მთავარი იარაღი, თუ შენ ამ იარაღისგან რუსეთს თავის დაღწევაში ხელს უწყობ, გამოდის, მტრის მხარეზე ხარ. ნახეთ სტატია სრულად