"რეჯეფ ერდოღანი "ორმაგი აგენტივით" იქცევა" - რას წერს უცხოური გამოცემა - კვირის პალიტრა

"რეჯეფ ერდოღანი "ორმაგი აგენტივით" იქცევა" - რას წერს უცხოური გამოცემა

უცხოეთის პრესაში ფართოდ განიხილება და უამრავი კომენტარი კეთდება თურქეთის ნეგატიურ დამოკიდებულებაზე, ნატოში ფინეთისა და შვედეთის სავარაუდო მიღების შესახებ. მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში გამოითქმება სხვადასხვა თვალსაზრისი - ზოგიერთში ანკარის პოზიციაა გაკრიტიკებული, ზოგიერთში კი დაფიქსირებულია, რომ მასზე გავლენას მოსკოვი ახდენს და ქვეყნის პრეზიდენტს "რუსეთის აგენტს" უწოდებენ, თავად თურქეთის პრესა კი აღნიშნავს, რომ ამ საკითხში თურქეთი დამოუკიდებლად მოქმედებს.

"თუ რამე ისწავლა პრეზიდენტმა რეჯეფ ერდოღანმა ბოლო 20 წლის განმავლობაში, ისაა, თუ როგორ უნდა ისარგებლოს თავისი მოწინააღმდეგეების სისუსტით", - წერს გერმანული ჟურნალის "დერ შპიგელის" (Der Spiegel) მიმომხილველი მაქსიმილიან პოპი სტატიაში სათაურით - "რეჯეფ ერდოღანი "ორმაგი აგენტივით" იქცევა".

გთავაზობთ პუბლიკაციის მოკლე შინაარსს:

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა თავისი ე.წ. სპეცოპერაციით ალიანსი უდიდესი მნიშვნელობის გამოწვევის წინაშე დააყენა. ასეთი რამ არასდროს მომხდარა. ასეთ სიტუაციაში შვედეთს და ფინეთს სურთ ისტორიული ნაბიჯის გადადგმა და ნატოში შესვლა, მაგრამ რეჯეფ ერდოღანი ამ პროცესს "ამუხრუჭებს": იგი ფიქრობს, თუ რა სარგებლობა შეიძლება ნახოს თურქეთმა ამ კრიზისით.

ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ანკარამ რამდენჯერმა მიანიშნა, რომ ორი ჩრდილოელი ქვეყნის ნატოს წევრად მიღებას არ დაეთანხმება, თუ ისინი თურქეთის მიერ წაყენებულ პირობებს არ შეასრულებენ. რეჯეფ ერდოღანს სურს, რომ თანხმობის სანაცვლოდ "რაღაც" მიიღოს. მაინც რა არის თურქულად "რაღაც"? ანკარის აზრით, უპირველეს ყოვლისა, ეს არის თურქეთისათვის იარაღის მიწოდების ემბარგოს გაუქმება. გარდა ამისა, თურქულ "რაღაცაში" იგულისხმება ტერორისტთა სიაში შეტანილი ქურთისტანის მუშათა პარტიისა და ექსტრემისტად შერაცხული ფეთულაჰ გიულენის პარტიის მომხრეთა თურქეთში ექსტრადიცია (ან დეპორტაცია).

ნატო სწორად იქცევა, რომ რეჯეფ ერდოღანის ზეწოლას არ ემორჩილება. იარაღის მიწოდების შეზღუდვა თურქეთისადმი უსაფუძვლო არ არის: ბოლო დროს რეჯეფ ერდოღანი, საერთაშორისო სამართლის დარღვევით, ომს აწარმოებს ქურთისტანის მუშათა პარტიის სირიულ განშტოებასთან და ქურთების ქალაქი ჯიზრე ნანგრევებად გადააქცია.

რაც შეეხება "ტერორისტი" ქურთებისა და გიულენისტების თურქეთში ექსტრადიციას: მათი თურქეთში დაბრუნება მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ გარანტირებული იქნება სამართლიანი სასამართლოს გამართვა, რაც ამჟამად თურქეთში ძალზე იშვიათად ხდება. ამას წინათ, საჩვენებელი პროცესის მსვლელობისას, სამუდამო პატიმრობა მიესაჯა თვით მეცენატს და უფლებადამცველს, ოსმან კავალასაც კი.

ბოლო წლებში რეჯეფ ერდოღანი "ორმაგი აგენტივით" იქცევა: ერთი მხრივ, მისი ქვეყანა ნატოს წევრია, მეორე მხრივ კი, თურქეთი კონტრაქტებს აფორმებს რუსეთთან იარაღის მიწოდებისათვის და საბერძნეთს - თავის ნატოელ პარტნიორსა და მოკავშირეს - ომით ემუქრება.

რეჯეფ ერდოღანი ავტოკრატი პიროვნებაა - იგი პოლიტიკურ ბრძოლაში საკუთარი თავის გადარჩენას ცდილობს. ეკონომიკურმა კრიზისმა თურქეთი ფსკერამდე მიიყვანა და, რასაკვირველია, პრეზიდენტის საქმიანობის რეიტინგმაც რეკორდულად დაბალ დონეზე დაიწია მთელი მისი მმართველობის განმავლობაში. რეჯეფ ერდოღანს, როგორც ჩანს, ეშინია, რომ იგი დამარცხდება საპრეზიდენტო არჩევნებში, რომელიც მომავალ წელს უნდა გაიმართოს.

შეიძლება ვივარაუდოთ, რომ უახლოეს თვეებში თურქეთის პრეზიდენტი კიდევ უფრო უცერემონიოდ იმოქმედებს დასავლეთის წინაშე. თუმცა საეჭვოა, რომ მან ნატოსთან კავშირი გაწყვიტოს - ჯერ ერთი, რომ ანკარა ჩრდილოატლანტიკური ალიანსიდან არ გავა, მეორე - თურქეთის ეკონომიკა დასავლეთთან ძალიან მჭიდროდ არის დაკავშირებული.

ამიტომაც ნატომ უნდა აღკვეთოს რეჯეფ ერდოღანის შანტაჟი, თორემ წინააღმდეგ შემთხვევაში, ასეთი სიტუაცია სახიფათო პრეცედენტს ქმნის. ხორვატიის პრეზიდენტი ზორან მილანოვიჩი უკვე შთაგონებულია თავისი თურქი კოლეგის მაგალითით და მზადაა, მოთხოვნები წამოაყენოს ფინეთისა და შვედეთის ნატოში მიღების თანხმობის სანაცვლოდ.

ნატოს ქვეყნებმა არ უნდა დაუშვან, რომ ალიანსი შანტაჟის ადგილად გადაიქცეს. მათთვის უკეთესი იქნება, რეჯეფ ერდოღანთან კონფლიქტის რისკზე წავიდნენ", - წერს მაქსიმილიან პოპი. წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ