რუსეთმა უკრაინას "ტერმინატორებითაც" შეუტია... 10 ცალით - კვირის პალიტრა

რუსეთმა უკრაინას "ტერმინატორებითაც" შეუტია... 10 ცალით

უკრაინაში შეჭრილი რუსეთის არმიის სარდლობისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს, რაც შეიძლება მალე მიაღწიოს ტაქტიკურ უპირატესობას სევეროდონეცკის შეტევის მიმართულებაზე და გავიდეს ოკუპირებული ლუგანსკის ოლქის ადმინისტრაციულ საზღვრებზე, რათა კრემლმა მორიგი "გამარჯვებით" "დააბოლოს" ტელეზომბირებული საკუთარი მოქალაქეები.

შეიძლება ამითაც აიხსნება ის ფაქტი, რომ შეტევის ამ მიმართულებაზე რუსმა გენერლებმა ჩართეს რუსეთის არმიის შეიარაღებაში ყველაზე მცირე რაოდენობით - სულ ათიოდე ერთეულის ოდენობით არსებული საბრძოლო ტექნიკა - "ტერმინატორები".

სახელი ნამდვილად ისე ჟღერს, ვინც არ იცის, ტანში გააჟრჟოლებს და შვარცენეგერის მრისხანე კინოგმირს წარმოიდგენს ამავე დასახელების ფანტასტიკური მძაფრსიუჟეტიანი ფილმიდან.

ეტყობა ამ ფილმს ხშირად უყურებდნენ ის რუსი კონსტრუქტორებიც, ვინც ასე მონათლა უკოშკურო რუსული ტანკიც...

"ტერმინატორად" იწოდება რუსული საბრძოლო მანქანა, რომელიც რეალურად კოშკურამოხსნილ ტანკს წარმოადგენს, რომელსაც 125 მმ-იანი მძლავრი ქვემეხის ნაცვლად, ქვეითთა საბრძოლო მანქანის ორი 30 მმ-იანი ავტომატური ქვემეხი უყენია და ბუნებრივია, აღარ შეუძლია იმ საბრძოლო ამოცანების შესრულება, რაც ძირითად საბრძოლო ტანკს აკისრია ბრძოლის ველზე.

2-1653301856.jpg
უკრაინაში, საბრძოლო მოქმედებების ზონაში, პირველად გამოჩენილი რუსული „ტერმინატორების“ მცირე კოლონა

რა გამოდის, ტანკი განაიარაღეს?

მთლად ასეც არ არის, რადგან ტანკის ბაზაზე შექმნეს "ტანკების მხარდამჭერი საბრძოლო მანქანა", რომლის მთავარი საბრძოლო ამოცანაა შეტევაზე ტანკებთან ერთად გადასვლა და მოწინააღმდეგის ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო გათვლების, ასევე, მცირედ შეჯავშნული ტექნიკის განადგურება.

ამისთვის "ტერმინატორი", ორი ავტომატური ქვემეხის გარდა, შეიარაღებულია ერთი 7,62 მმ-იანი ტყვიამფრქვევით, ორი 30 მმ-იანი ავტომატური ყუმბარსატყორცნით და ოთხი ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტით.

შესაბამისად, "ტერმინატორის" ეკიპაჟში 5 წევრი შედის - მძღოლ-მექანიკოსი, მეთაური, დამმიზნებელ-ოპერატორი და ავტომატური ყუმბარსატყორცნების ორი მსროლელი.

"ტერმინატორი" აღჭურვილია ცეცხლის მართვის ავტომატური სისტემით, რომელშიც გაერთიანებულია ოპტიკური, თბოვიზური სამიზნეები და რაკეტების მართვის ლაზერული არხი, ლაზერულ მანძილმზომთან ერთად, ასევე, მეთაურის პანორამული სამიზნეც - ანუ შექმნილია იმის ტექნიკური შესაძლებლობები, რომ "ტერმინატორის" ეკიპაჟმა ადრეულად აღმოაჩინოს ტანკსაშიში საშუალებები და დაასწროს ცეცხლის გახსნა.

შესაბამისად, გაზრდილია საბრძოლო მასალის მარაგიც შეიარაღების სხვადასხვა სახეობებისთვის: ორი ავტომატური ქვემეხის არსენალში, საერთო ჯამში, 900 ცალი 30 მმ-იანი ჭურვია, ტყვიამფრქვევისთვის 2 ათასი ვაზნა ინახება, ხოლო ავტომატური ყუმბარსატყორცნებისთვის კი - 600 გასროლა.

"ტერმინატორის" ეკიპაჟს მართლაც შეუძლია მაღალი ინტენსივობის შეუწყვეტელი ცეცხლის გახსნა, მაშინ, როდესაც საბჭოთა/რუსული "ტ-72" ტიპის ტანკის ქვემეხის დატენვის ავტომატურ მექანიზმს ქვემეხში ახალი, 125 მმ-იანი ჭურვის გადასატენად 8-დან 14 წმ-მდე დრო სჭირდება, რაც სრულიად საკმარისია მოწინააღმდეგის ყუმბარმტყორცნელისთვის ტანკისკენ რაკეტა დამიზნებით გაისროლოს.

თითქოს "ტერმინატორის" შექმნის იდეა, რაც რუს გენერლებს ჩეჩნეთის პირველ ომში, გროზნოს ქუჩებში დადუღებული რუსული ტანკების შემხედვარეებს გაუჩნდათ, საღ აზრს მოკლებული არ უნდა ყოფილიყო - საბჭოთა მემკვიდრეობიდან რუსეთს სხვადასხვა ტიპის 20 ათასზე მეტი ტანკი დარჩა, რომელთა ნაწილის გადაკეთება "ტერმინატორებად" კოშკურების მოხსნისა და ახალი საბრძოლო მოდულის დაყენებით, ბევრად იაფი დაჯდებოდა, ვიდრე ახალი საბრძოლო მანქანების შესყიდვა...

მაგრამ, რუსეთის არმიას დღეისათვის შეიძლება სულ... ათიოდე "ტერმინატორი" თუ ჰქონდეს, რომელიც ცენტრალური სამხედრო ოლქის 90-ე გვარდიული სატანკო დივიზიის შეიარაღებაში ჯერ კიდევ ოთხი წლის წინ მიიღეს და მას შემდეგ არ გავრცელებულა ინფორმაცია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ "ტერმინატორების" ახალი დიდი პარტიების შესყიდვის თაობაზე.

იმის მიზეზი კი, რის გამოც რუსეთის გენერალიტეტი თავს არ იკლავს "ტერმინატორების" სასწრაფო შესყიდვით, ისიცაა, რომ მათი აფეთქება ტანკზე რთული არ არის, განსაკუთრებით - ამერიკული "ჯაველინიდან" თუ ბრიტანული "ნლავიდან", რომლებიც ზემოდან ურტყამენ კუმულაციური ჭავლით და ადვილად ხვრეტენ ზედა, შედარებით მცირე სისქის ჯავშანს...

არ არის გამორიცხული, რომ მალე ფრონტის ხაზიდან მორიგი ვიდეოსიუჟეტი ვიხილოთ, რომელზეც პირველი აფეთქებული რუსული "ტერმინატორიც" გამოჩნდება...