"ეს არის ჩემთვის ოქროს ფონდი, რაც შეუფასებელია" - ლექსო თორაძის დღემდე გამოუქვეყნებელი ფოტოები და ვიდეო მისი არქივიდან - კვირის პალიტრა

"ეს არის ჩემთვის ოქროს ფონდი, რაც შეუფასებელია" - ლექსო თორაძის დღემდე გამოუქვეყნებელი ფოტოები და ვიდეო მისი არქივიდან

11 მაისს საქართველო თანამედროვეობის უდიდეს ქართველ პიანისტს - ლექსო თორაძეს დაემშვიდობა. პიანისტი დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში, მშობლების - კომპოზიტორ დავით თორაძისა და მსახიობ ლიანა ასათიანის გვერდით დაკრძალეს...

ლექსო თორაძე აშშ-ში ცხოვრობდა, სადაც საკუთარ სახლში, 69 წლის ასაკში გარდაიცვალა...

მუსიკოსი აშშ-ში 1983 წლიდან ცხოვრობდა და ეწეოდა საშემსრულებლო და პედაგოგიურ მოღვაწეობას. 1991 წელს ლექსო თორაძე გახდა ქალაქ საუთ-ბენდის (ინდიანას შტატი) უნივერსიტეტის პროფესორი და აქვე დააარსა საფორტეპიანო სტუდია – Toradze Piano Studio, რომელმაც აღიარება მოიპოვა, როგორც მუსიკალურ-აღმზრდელობითმა ცენტრმა.

ლექსო თორაძეს ორი ვაჟი ჰყავს – ალექსანდრე და დავითი, ერთი გუნდს ხელმძღვანელობს, მეორე კი - მამის პროფესიას გაჰყვა და პიანისტია.

დავით ბეჟიტაშვილი "კვირის პალიტრას" უნიკალურ ვიდეოს და ფოტოებს აწვდის, სადაც სცენაზე არიან ლექსო თორაძე და არა ერთი ცნობილი ქართველი მსახიობი... კადრები დღემდე მის არქივში ინახებოდა და აქამდე არსად გამოქვეყნებულა...

დავით ბეჟიტაშვილი:

- ეს კადრები გადაღებულია 2010 წლის 20 მაისს კინოთეატრ "რუსთაველში", ცნობილი მსახიობის - ლიანა ასათიანის ვარსკვლავის გახსნაზე. ვარსკვლავის გახსნა კულტურის სამინისტროს ორგანიზებით დავით ოქიტაშვილმა მოაწყო. იმ პერიოდში კინოთეატრის დირექტორი გახლდით, ასეთი ისტორიული საღამოები ჩვენთან ხშირად ეწყობოდა და ამიტომაც კინოთეატრი მართლაც უნიკალურ არქივს ფლობს... უშუალოდ ამ საღამოს საორგანიზაციო საკითხებში კი ძალიან აქტიურად ვიყავი ჩართული და დიდი ბედნიერება მხვდა წილად, ამ ლეგენდარულ ადამიანებთან კავშირი მქონოდა. ეს არის ჩემთვის ოქროს ფონდი, რაც შეუფასებელია...

ვიდეოს იღებდა მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის "პიონერფილმის" დირექტორი, ასევე ლეგენდარული ადამიანი - გრიგოლ ჩიგოგიძე... "გრიშა მასწ." - როგორც დღეს ყველა ვეძახით მას.

მართლაც ძალიან დიდი ბედნიერებაა, დღეს ამ კადრებს რომ ვუყურებ და იმ დაუვიწყარ საღამოს ვიხსენებ, სადაც იმ დღეს ხელოვნების ნამდვილი ზეიმი მოეწყო.

იხილეთ ფოტოგალერეა და ვიდეო: