ფინეთის არმია - რა წინააღმდეგობა შეუძლია გაუწიოს ამ ქვეყანამ რუსეთს, ნატოში მიღებამდე?! - კვირის პალიტრა

ფინეთის არმია - რა წინააღმდეგობა შეუძლია გაუწიოს ამ ქვეყანამ რუსეთს, ნატოში მიღებამდე?!

ფინეთის ხელისუფლების მიერ რამდენიმე დღის წინ ოფიციალურად გაცხადებულმა სურვილმა, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში სასწრაფოდ გაწევრების შესახებ, სიტუაცია დაძაბა, რადგან ყველას გაახსენდა 2008 წლის ბუქარესტის სამიტის შეპირება - საქართველო და უკრაინა ნატოს წევრები გახდებიანო, ხოლო ასი დღის შემდეგ რუსეთი საქართველოში შემოიჭრა...

იგივე რომ არ გამეორდეს, აშშ-მა და დიდმა ბრიტანეთმა ვალდებულება აიღეს თავის თავზე, რომ ფინეთის ალიანსში ოფიციალურად გაწევრებამდე და, შესაბამისად, ნატოს დებულების მე-5 თავის - კოლექტიური უსაფრთხოების მექანიზმის ამუშავებამდე, ამ ქვეყნის უსაფრთხოებაზე ზრუნვას თავის თავზე იღებენ, რისთვისაც ფინეთის საზღვართან თავს უყრიან საბრძოლო დანაყოფებს, მძიმე შეიარაღებით.

საერთოდ, ფინეთის რთული ისტორია ძალიან წააგავს საქართველოსას - რუსეთის მეფის იმპერიამ ფინეთი ძალით შეიერთა 1809 წელს.1917 წელს ფინელებმა დამოუკიდებლობა გამოაცხადეს და მოახერხეს მისი შენარჩუნება 1920 წლის საბჭოთა-ფინეთის პირველ ომში, მაგრამ 1939 წლის ზამთარში სტალინი თავს დაესხა ფინეთს, თუმცა 1940 წლის გაზაფხულზე ეს, საბჭოთა-ფინეთის მესამე ომი ზავით დამთავრდა, რადგან ბევრად ძლიერმა საბჭოთა არმიამ ვერ მოახერხა ფინელი პარტიზანების დამარცხება. მეორე მსოფლიო ომში ფინელები გერმანელების მხარეს იბრძოდნენ, მაგრამ 1944 წლის სექტემბერში მოკავშირეების მხარეს გადავიდნენ და იარაღი გერმანელებისკენ შეატრიალეს.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ფინეთი ნეიტრალურ პოზიციას იკავებდა და, ნატოს სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის დიდი სურვილის მიუხედავად, ალიანსში არ წევრდებოდა, მეგობარ შვედეთთან ერთად.

ამასთან, ფინეთის პრეზიდენტი ურჰო კეკონენი, რომელსაც ეს მაღალი პოსტი 25 წლის განმავლობაში (1956-1981 წწ) ეკავა, საუკეთესო ურთიერთობაში იყო საბჭოთა კავშირის ლიდერ ლეონიდ ბრეჟნევთან, იმ დონეზეც კი, რომ აშშ-ის ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოში ეჭვიც ეპარებოთ, რომ ფინეთის პრეზიდენტი ახალგაზრდობაში შეიძლება ბერიას სპეცსამსახურების მიერ ხომ არ იყო „დავერბოვკებული“...

საბჭოთა კავშირისა და ფინეთის მჭიდრო კავშირებზე მეტყველებს თუნდაც ის, თითქმის წარმოუდგენელი რეალობაც, რომ კრემლი პირველი ცივი ომის დროს ფინეთის არმიას აიარაღებდა იმ დროისთვის საიდუმლოდ მიჩნეული საბრძოლო ტექნიკით - ტანკებით, ქვეითთა საბრძოლო მანქანებით, საზენიტო „ბუკებით“ და ა.შ.

დღეს სწორედ ეს საბჭოთა სტანდარტის შეიარაღება, რომელიც რჩება ფინეთის არმიის საწყობებში, შეიძლება გადაცემული იქნეს უკრაინისთვის, მაგრამ თავად რა შეიარაღება და სამხედრო ძალა რჩება იმ ფინეთს, რომელსაც აგრესიულ რუსეთთან 1 271 კმ სიგრძის საერთო საზღვარი აქვს?

1-1653384502.png
Caption

შეიარაღება

ფინეთის მოსახლეობა საქართველოსას ცოტათი აჭარბებს და 5,6 მლნ ადამიანს შეადგენს, მაგრამ ფინეთის არმია რიცხოვნობით ჩვენსას არ აღემატება.

ფინეთის არმიაში დღეს მსახურობს 34 ათასი კაცი და ქალი, რომელთაგან 8 ათასამდე - პროფესიონალი სამხედროა, 4 ათასი - სამოქალაქო პირია, ხოლო 22 ათასი კი - სავალდებულო სამსახურში გაწვეული.

ფინეთი დასავლეთის ერთ-ერთი გამონაკლისი ქვეყანაა, სადაც სავალდებულო სამხედრო სამსახური მოქმედებს და 18-დან-30 წლამდე ახალგაზრდა ვალდებულია, იმსახუროს 6 თვეს, თუ ალტერნატიური სამსახური აირჩია, მაშინ - 12 თვეს, ხოლო თუკი პრინციპულად არ უნდა ჯარში წასვლა, მაშინ...173 დღე ციხეში უნდა გაატაროს, ოღონდ ეს ციხე ცოტათი განსხვავებულია - პატიმარს დღის განმავლობაში ციხის დატოვების უფლება აქვს, ღამე კი აუცილებლად საკანში უნდა გაათიოს...

სავალდებულო სამსახურის ჯარისკაცი სამხედრო ნაწილში დილის 8 სთ-დან 16 სთ-მდეა დაკავებული და თუ სხვა რამე დავალება არ აქვს ან არაფერი დაუშავებია, საღამოს 21 სთ-მდე თავისუფალია და შეუძლია სამხედრო ნაწილის ტერიტორიის დატოვება. დასვენების დღეებში ჯარისკაცებს სახლში წასვლაც შეუძლიათ, გზის ხარჯებს სახელმწიფო ანაზღაურებს. არმია თითოეულ ჯარისკაცს ყოველდღიურად 5-დან 12 ევრომდეც უხდის, უფასო კვების გარდა.

სავალდებულო სამხედრო სამსახურის არსებობა ფინელ გენერლებს საშუალებას აძლევს, ომის შემთხვევაში არანაკლებ 340 ათასი ჯარგამოვლილი რეზერვისტის სწრაფად მობილიზაცია განახორციელოს.

სწორედ ტერიტორიული თავდაცვისა და ნახევრად პარტიზანული მოქმედების ტაქტიკა აქვს არჩეული ფინეთის გენშტაბს თავისზე ბევრად ძლიერი მეზობელი რუსეთის არმიის შეტევის შემთხვევაში, რამაც ფინელებს 1939-40 წლებში, ერთხელ უკვე წარმატებით მოაგერიებინა სტალინის წითელი არმიის თავდასხმა მათ სამშობლოზე...

მაგრამ ფინელები მარტო "ეგერების" რაზმების იმედზე როდი არიან, ამ პატარა ქვეყანას საკმაოდ ძლიერი და მეტ-ნაკლებად თანამედროვე შეიარაღებაც გააჩნია.

ფინეთის სახმელეთო ჯარების (24,5 ათასი კაცი, 11 ბრიგადა, საჰაერო თავდაცვის ერთი პოლკი, 7 საინჟინრო ბატალიონი, კავშირგაბმულობის სამი ბატალიონი, საშვეულმფრენო და სპეციალური დანიშნულების თითო-თითო ბატალიონი) შეიარაღებაშია 200-ზე მეტი გერმანული „ლეოპარდის“ ტიპის ტანკი, 212 ქვეითთა საბრძოლო მანქანა (მათგან ნახევარი - საბჭოთა წარმოების), 49 თვითმავალი საარტილერიო დანადგარი, 288 ბუქსირებადი ჰაუბიცა, 56 ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა,18 თვითმავალი ნაღმსატყორცნი და საჰაერო თავდაცვის ახლო მოქმედების 44 ერთეული საზენიტო-სარაკეტო დანადგარი.

ფინეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის (7 900 კაცი) განკარგულებაშია 41 სხვადასხვა რანგის სამხედრო ხომალდი და კატარღა, მათ შორის - რვა სარაკეტო.

სამხედრო-საჰაერო ძალების შემადგენლობაში ფინეთს ჰყავს 120-მდე საბრძოლო და სატრანსპორტო თვითმფრინავი, მათ შორის - 54 ცალი შედარებით თანამედროვე ამერიკული ზებგერითი „სუპერ ჰორნეტი“, თუმცა უკვე შეკვეთილი აქვს მეხუთე თაობის „ფ-35“-ებიც.

როგორც თავად ხედავთ, მიუხედავად არც თუ დიდი რიცხოვნობისა, ფინეთის თავდაცვის ძალები საკმაოდ კარგად არიან შეიარაღებულნი და მცირე დროით მათზე ბევრად ძლიერი მოწინააღმდეგის შეჩერებაც ძალუძთ, თუმცა ფინელების მთავარ კოზირს მაინც ტყის მასივებში ნახევრად პარტიზანული ბრძოლის ტაქტიკა წარმოადგენს, ნატოში გაწევრების შემდეგ კი, ფინეთის უსაფრთხოებაზე მთელი ალიანსიც ვალდებული იქნება, იზრუნოს...