"დიდი ცვლილება" პიონერიის 100 წლის თავზე - რა ახალგაზრდული ორგანიზაცია იქმნება რუსეთში, რომელსაც პუტინიც უხელმძღვანელებს?
პიონერული ორგანიზაციის 100 წლისთავთან დაკავშირებით 19 მაისს რუსეთის სახელმწიფო დუმაში ფრაქციებმა შეიმუშავეს ახალი კანონპროექტი, რომელიც ქვეყანაში ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის ახალი სამოქალაქო მოძრაობის შექმნას გულისხმობს. როგორც ამბობენ, ორგანიზაციაში გაწევრება ნებაყოფლობითი იქნება, თუმცა წინასწარ ფიქრობენ, რომ მოძრაობას 18 მილიონამდე ადამიანი შეუერთდება. აღსანიშნავია, რომ პიონერული ორგანიზაცია საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე ყველაზე დიდი საბავშვო ორგანიზაცია იყო.
„დიდი ცვლილება“
კანონპროექტის მიხედვით, ახალ მოძრაობას „დიდი ცვლილება“ ერქმევა. გაერთიანების მთავარი მიზანი ბავშვებსა და ახალგაზრდებში სახელმწიფო პოლიტიკის მხარდაჭერა, ბავშვთა აღზრდაში მონაწილეობის მიღება და ბავშვთა რეალიზაციისთვის სათანადო პირობების შექმნაა.
გაერთიანებაში გაწევრება ნებაყოფლობითი იქნება. "დიდი ცვლილების" რიგებში მოხვედრას 7 წლისა და უფრო დიდი ასაკის ბავშვები შეძლებენ. მათი ხელმძღვანელები კი სრულწლოვანი ახალგაზრდები იქნებიან, რომელთაც ექნებათ დამთავრებული სკოლა, კოლეჯი ან პროფესიული სასწავლებელი.
დოკუმენტში რამდენჯერმეა აღნიშნული, რომ ბავშვებთან სამუშაოდ არ დაუშვებენ „უცხოელ აგენტებს“.
ზუსტად რას შეისწავლიან ბავშვები ამ გაერთიანებაში, ჯერ კიდევ უცნობია, თუმცა კანონპროექტში აღნიშნულია, რომ მოძრაობა დაეხმარება ბავშვებს, „რუსული ტრადიციების მიხედვით, მსოფლმხედველობისა და ღირებულებების ჩამოყალიბებაში, რუსეთის ფერედაციაში შემავალ ხალხთა ტრადიციების შესწავლაში და სხვა“.
საინფორმაციო სააგენტო „მედუზას“ ცნობით, პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს გაერთიანების დამკვირვებელთა საბჭოს დირექტორობას შესთავაზებენ. კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორის, ოლგა კაზაკოვას ცნობით, მოძრაობის პრეზენტაცია რუსეთის სკოლებში გაიმართება, მასში, დაახლოებით, 18 მლნ ბავშვს გააწევრებენ.

ახალი თაობის პიონერები?
ექსპერტთა აზრით, „დიდი ცვლილების“ შექმნა პიონერთა მოძრაობას ძალიან ჰგავს, მით უფრო მაშინ, როცა ახალი კანონპროექტი სახელმწიფო დუმაში განსახილველად პიონერიის 100 წლისთავის აღნიშვნის დღეს წარადგინეს. რუსეთის ფედერაციის კომუნისტური პარტიის ლიდერმა გენადი ზიუგანოვმა მოიწონა იდეა და განაცხადა:
„დიდ ცვლილებას“ მხოლოდ მაშინ ექნება მომავალი, თუ ის პიონერიის პრინციპებით იხელმძღვანელებს”.
“თუ ისევ ისხდებიან და იმაზე იფიქრებენ როგორ მიიქციონ საზოგადოების ყურადღება - აქედან არაფერი გამოვა“, - განაცხადა ზიუგანოვმა რადიო "Говорит Москва"-სთან.
დმიტრი პესკოვმა, ვლადიმერ პუტინის პრესსპიკერმა კი ამ საკითხზე განაცხადა, რომ პიონერიის აღდგენას არავინ შეეწინააღმდეგება. „დიდი ცვლილება“ - ეს მოსწავლეებისა და ახალგაზრდების არაფორმალური სამოქალაქო მოძრაობაა", - განაცხადა პესკოვმა.
ღია გაკვეთილები სანქციებზე
მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე კიდევ ერთხელ შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო, რუსეთში ბავშვთა "იდეოლოგიური დამუშავება" დაიწყო. სკოლებთან მოეწყო აქციებიც: „მიწერე წერილი ჯარისკაცს“, სახელმწიფო პოლიტიკის მხარდასაჭერად აწყობდნენ ფლეშმობებს. სკოლებში აქტიურად ტარდებოდა გაკვეთილები, სადაც ბავშვებს უხსნიდნენ, რომ „სპეცოპერაცია“, რომელიც ახლა უკრაინის ტერიტორიაზე მიმდინარეობს, დონბასსა და ლუგანსკში მცხოვრები ხალხის დასაცავადაა წამოწყებული, დასავლეთის სანქციები კი მხოლოდ გააძლიერებს რუსეთის ეკონომიკას.
მინისტრმა სერგეი კრავცოვმა განაცხადა, რომ მომდევნო კვირიდან რუსეთის ყველა სკოლაში სწავლის დაწყების წინ ბავშვები დროშას აღმართავენ და სახელმწიფო ჰიმნს შეასრულებენ. ეს ქმედება სკოლებისთვის სავალდებულო მხოლოდ პირველი სექტემბრიდან გახდება. (წყარო)