"ლაშა ყველას გასაჭირს იზიარებდა და ეხმარებოდა...აი, ასეთი ბიჭი დავკარგეთ… უცხო ქვეყანაში" - რას ჰყვება პოლონეთში დაღუპულ ქართველზე ახლობელი? - კვირის პალიტრა

"ლაშა ყველას გასაჭირს იზიარებდა და ეხმარებოდა...აი, ასეთი ბიჭი დავკარგეთ… უცხო ქვეყანაში" - რას ჰყვება პოლონეთში დაღუპულ ქართველზე ახლობელი?

ემიგრაციაში კიდევ ერთი ქართველი ახალგაზრდა, 27 წლის ლაშა კალანდია დაიღუპა. ლაშა დღეს, დილით პოლონეთში, ავტოკატასტროფაში გარდაიცვალა. ავტომანქაში ის სამ უკრაინელთან ერთად იჯდა, საიდანაც მხოლოდ ერთი, მძღოლი გადარჩა. ლაშა კალანდია ზუგდიდელია და მას თითქმის მთელი ზუგდიდი გლოვობს, მან ქალაქს თავი უამრავი სიკეთით დაამახსოვრა. როგორ მოახერხა ეს ახალგაზრდა კაცმა თავისი ხანმოკლე სიცოცხლის მანძილზე, ამის შესახებ მისი ახლობლები საუბრობენ.

- მიმძიმს იმ კოშმარზე საუბარი, რასაც ლაშა კალანდიას გარდაცვალება ჰქვია. ალბათ უმცირესსაც ვერ მოვყვები იმის შესახებ, რამდენ ადამიანს დაეხმარა და სიკეთე რამდენს გაუკეთა. მაგრამ არც კი მეგულება ადამიანი, ვისაც მისთვის დასახმარებლად მიემართა და ლაშა არ დახმარებოდა. თავადაც ამბობდა: "თუ რამე შეგიძლია, კაცს უარი როგორ უნდა უთხრა, მხოლოდ ერთხელ იბადება ადამიანი ამქვეყნად და ამ ერთ სიცოცხლეში სიკეთეზე უკეთესი რა უნდა გააკეთოსო!"

იმ გაჭირვების ფონზე, რაც ჩვენს ქვეყანაშია, ლაშას დახმარება მართლაც უამრავ ადამიანს დასჭირდა, კერძოდ, პოლონეთში სამუშაოს შოვნისათვის. ლაშა ყველას უსმენდა, ყველას გასაჭირს იზიარებდა და ეხმარებოდა. თანაც, არა მხოლოდ ახლობლებს, ნაცნობის ნაცნობიც რომ მისდგომოდა შინ, მანამადე დაუდგებოდა გვერდით, ადამიანურად თუ მატერიალურად, სანამ უცხო ქვეყანაში ჩასული ადამიანი დამოუკიდებლად არ დადგებოდა ფეხზე. იმიტომაც იყო, რომ ამ ბიჭმა 27 წლის ასაკში ამხელა პატივისცემა და სიყვარული რომ მოიპოვა.

- ალბათ თავადაც სამუშაოდ წავიდა პოლონეთში.

- სწავლისათვის წავიდა. უნივერსიტეტიდან, - გაცვლითი პროგრამით. ლაშა ნიჭიერი ბიჭი იყო, სწავლა ვარშავაში გააგრძელა და იქვე დარჩა სამუშაოდ ერთ-ერთ კომპანიაში. არადა, მას პოლონეთში დარჩენა სულაც არ უნდოდა! თავის მშობლიურ ქალაქში სურდა ცხოვრება. ამბობდა კიდეც, ნეტავი ჩვენ როდის ვიქნებით პოლონეთის დონეზე, რომ ადამიანურად ვიცხოვროთ და მთელი საქართველო უხოეთში არ გარბოდესო. თანხასაც აგროვებდა, რომ საქართველოში ჩამოსულს, რაიმე სახსარი ჰქონოდა საკუთარი საქმის წამოსაწყებად. როგორც ყველა ჩვენგანმა მანაც ხომ მშვენივრად იცოდა, რომ ჩვენს სახელმწიფოში ადამიანი მარტოა და მხოლოდ საკუთარი თავის იმედად უნდა იყოს. ისე კი, როდესაც ზუგდიდი მოენატრებოდა, მაშინვე ჩამოდიოდა. სულ რამდენიმე კვირის წინაც ჩამოვიდა და მოეფერა ყველას, ვინც უყვარდა. ზუგდიდში ცვხოვრობენ ლაშას მშობლები და დაც. მათ მიმართ, არ ვიცი, რა სანუგეშო სიტყვები ვთქვა, როცა ასეთი სიტყვები არ არსებობს.

- როგორ დაიღუპა ლაშა?

- ავტოკტასტროფაში დაიღუპა უკრაინელებთან ერთად. ავტომანქანაში, ლაშას გარადა, სამი უკრაინელი იჯდა და მხოლოდ ერთი, საჭესთან მჯდომი უკრაინელი ბიჭი გადარჩა. არ ვიცი რა მოხდა, მაგრამ ვიცი, რომ ლაშა ნასვამ მდგომარეობაში ავტომანქანაში არასოდეს ჩაჯდებოდა, მას უდიდესი პასუხისმგებლობები ჰქონდა ოჯახის წინაშე. ალბათ სხვა, რაღაც საბედისწერო მოხდა და ეს უბედურებაც ასე დატრიალდა. ვინც ლაშას იცნობდა, მას ალბათ არც ის გაუკვირდება, თუ რატომ იყო უკრაინელებთან ერთად. მას შემდეგ რაც პოლონეთმა ასიათასობით ლტოლვილი უკრანელი ჩავიდა, ლაშა მათაც მთელი ენერგიით დაუდგა გვერდით. აღარ იცოდა რით დახმარებოდა სამუშაოს მოძიებით თუ ადამიანური გვერდით დგომით. ზოგადად ძალიან განიცდიდა უკრაინის ომსაც, - ამბობდა, რაც ჩვენ გადავიტანეთ, ახლა უკრაინელებს გადააქვთ და ძალიან მეცოდებიანო. აი, ასეთი ბიჭი დავკარგეთ… უცხო ქვეყანაში. უძლურია ყველა სიტყვა ამ ტკივილის გამოსახატად. ახლა მხოლოდ იმას ველით, როდის დაბრუნდება ლაშა თავის მიწაზე… ამჯერად სამუდამოდ"- ყვება გარდაცვლილი ბიჭის ახლობელი.

ეთერ ერაძე (სპეციალურად საიტისთვის)