"ასეთი მდგომარეობა ბავშვობაში გამოვცადე" - ნათია და ლუიჯი ბელმონტების ქართულ-სიცილიური ოჯახის ცხოვრება ბრუსენდორფში - კვირის პალიტრა

"ასეთი მდგომარეობა ბავშვობაში გამოვცადე" - ნათია და ლუიჯი ბელმონტების ქართულ-სიცილიური ოჯახის ცხოვრება ბრუსენდორფში

გერმანულ გაზეთში - „მარკიშე ალგემაინე“ (Märkische Allgemeine - იბეჭდება პოტსდამში, ბრანდენბურგის მხარეში) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით - „ნათია და ლუიჯი ბელმონტები ძველ კარ-მიდამოს სიცოცხლეს უბრუნებენ: როგორ ცხოვრობს ქართველი და სიცილიელი ცოლ-ქმარი ბრუსენდორფში“ (ავტორი - ანდრეა მიულერი).

პუბლიკაციაში გადმოცემულია ქართულ-იტალიური (სიცილიური) ოჯახის ისტორია - ავტორი გვაცნობს ნათია და ლუიჯი ბალმონტების თანაცხოვრებას, მათ წინაპრებს, შვილებს, მისწრაფებებს, ბიზნესს და ა.შ.

„ლუიჯი და ნათია ბელმონტები სრულიად სხვადასხვა სამყაროდან არიან: ლუიჯი სიცილიელია, ნათია - ქართველი. ბრუსენდორფში წყვილმა სახლი იყიდა, რომელიც 1880 წელს არის აგებული. ისინი ნაყინს ამზადებენ და ძველი ნაგებობის განახლებას ახორციელებენ - სახლს ახალ სულს უბერავენ, სიცოცხლეს უბრუნებენ...

ლუიჯი იტალიელია, სიცილიიდან. მისი მამა - კარლო, როცა ჯერ კიდევ არასრულწლოვანი იყო, 1960-იან წლებში შვეიცარიაში კანონდარღვევით იმყოფებოდა, მაგრამ დაიჭირეს და უკან, იტალიაში დააბრუნეს. მოგვიანებით ევროპის საზღვრები გაიხსნა და კარლომ მუშაობა გერმანიაში დაიწყო - ჯერ შახტში, შემდეგ კი ნაყინის დამამზადებელ-გამყიდველად.

ნათიას სამშობლო - საქართველო უკრაინასთან ახლოს მდებარეობს და მას ძალიან აწუხებს იქ შექმნილი საომარი სიტუაცია, იმიტომაც, რომ ომით გამოწვეული ეკონომიკური პრობლემები გერმანიაზეც გავლენას ახდენს.

"მე ასეთი მდგომარეობა ბავშვობაში გამოვცადე, როცა ელექტროენერგია მხოლოდ რამდენიმე საათით გვქონდა", - იხსენებს ნათია საქართველოში გატარებულ წლებს. მას არ სურს, რომ მსგავსი რამ გერმანიაშიც მოხდეს.

ლუიჯიმ და ნათიამ ერთმანეთი ბერლინში 2004 წელს გაიცნეს, კაფეში, შემთხვევითი შეხვედრის დროს, სადაც ორივე ნაყინისთვის შევიდა. მოგვიანებით ისინი შეუღლდნენ და ორი ვაჟი შეეძინათ, ნაყინის ბიზნესი წამოიწყეს, რომელიც საკმაოდ წარმატებით განავითარეს. დღეს ისინი ამზადებენ საფირმო ნაყინს, სახელწოდებით - „ათას ერთი ღამე“, „აღმოსავლეთის ექსპრესი“, „ცისფერი ოკეანე“, „სიცილიური გრანიტი“ და ა.შ. მათ მიერ დამზადებულ გემრიელ ნაყინს ისეთი ხმა გაუვარდა, რომ დასაგემოვნებლად ხალხი ბრუსენდორფთან ახლოს მდებარე მიტენვალდედანაც კი ჩადის.

ლუიჯი ყოველდღიურად ზრუნავს ოჯახზე და სურს, თავისი ცოლ-შვილი ეკონომიკური სიდუხჭირისაგან დაიცვას. უკრაინაში შექმნილი საომარი სიტუაცია მას პრობლემებს უმატებს, თუმცა იგი მხარს უჭერს უკრაინელებს და სურს, ნაყინი უკრაინის დროშის ფერებში გაყიდოს - ასე დაჰპირდა ლუიჯი თავის მეზობლებს, უკრაინელ ლტოლვილებს - ახალგაზრდა ცოლ-ქმარს და მათ შვილს - პატარა მარკს და ამას აუცილებლად გააკეთებს.

ბალმონტებს ამჟამად ერთი ოცნება აქვთ - მშვიდობის დამყარება, რათა უპრობლემოდ მოახერხონ თავიანთი ახლო ნათესავების მონახულება. ისინი გაფანტულნი არიან მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში - იტალიაში, აშშ-ში, საქართველოში...

„ვფიქრობ, რომ დადგება დრო, როცა საქართველო ჩვენი ახალი სახლი იქნება“, - ამბობს ლუიჯი, რომელსაც თავისი ცოლის სამშობლო ძალიან მოსწონს, - „ჩვენ ბრუსენდორფში საქართველოდან მხოლოდ ზაფხულობით ვივლით, ნაყინის სეზონის დროს“. ასე ფიქრობს ქართულ-სიცილიური ოჯახი.

წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ