"ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ევროკავშირს მაქსიმალურად დავუახლოვდეთ" - კვირის პალიტრა

"ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ევროკავშირს მაქსიმალურად დავუახლოვდეთ"

საქართველო არის ძალიან სანდო და ლოიალური პარტნიორი ევროკავშირისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა შვეიცარიის ქალაქ დავოსში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება არის ქართველი ხალხის არჩევანი და ეს არ წარმოადგენს მხოლოდ მთავრობის გადაწყვეტილებას.

მან ფორუმის ორგანიზატორებს ასევე მადლობა გადაუხადა იმისთვის, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ საუბრის შესაძლებლობა მიეცა.

„ეს არის ჩვენი ცივილიზაციური არჩევანი. ჩვენ ევროკავშირისადმი ძალიან ლოიალური და ერთგული ვართ, რადგან საერთო მიზნები, პრინციპები და ფასეულობები გაგვაჩნია. 2014 წელს ჩვენ ასოცირების ხელშეკრულებას ხელი მოვაწერეთ - ეს არის სრულფასოვანი გაწევრიანებისთვის მთავარი დოკუმენტი და გზამკვლევი. მას შემდეგ ჩვენ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება და უვიზო მიმოსვლის რეჟიმი გვაქვს, რაც ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევაა ქართველი ხალხისთვის. სულ ახლახან, გაწევრიანების ოფიციალური განაცხადი წარვადგინეთ და რაც უფრო ახლოს მივალთ ევროკავშირთან, ეს ჩვენთვის მეტად მისაღები იქნება, რადგან ჩვენ არ გვაქვს სხვა ალტერნატივა. ეს არის ქართველი ერის არჩევანი და ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ მაქსიმალურად დავუახლოვდეთ ევროკავშირს და ჩვენს საბოლოო მიზანს მივაღწიოთ, რაც არის სრულფასოვანი წევრობა“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

IPN