როგორ იქცა მიწის პატარა ნაკვეთი დიდ მეურნეობად
მარინა რუხაია დევნილია აფხაზეთის სოფელ დრანდიდან. 1993 წელს, ომის შედეგად, მეუღლესა და ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად საცხოვრებლად რუსეთში, სანკტ-პეტერბურგში მოუწია გადასვლამ, ორ წელიწადში კი ოჯახი საქართველოში დაბრუნდა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერში დასახლდა, სადაც ნათესავმა ძველი, ხის პატარა ოდა დაუთმო. მარინამ სკოლაში ფიზიკის მასწავლებლად დაიწყო მუშაობა და თანდათან ფერმერულ საქმიანობაში ჩაერთო.
მარინა რუხაია:
- ეწერში თავიდან არაფერი გვქონდა: არც ქვაბი, არც საკმარისი თეფში და მორიგეობით ვჭამდით: ჯერ - ბავშვები, მერე - მე და ჩემი მეუღლე. მიწაც პატარა გვქონდა, მერე ნელ-ნელა შემოვიმატეთ. მე და ჩემი მეუღლე საკუთარი ხელით ვღობავდით. ვისაც მაშინდელი ჩვენი სახლი ახსოვს, ამას რომ ნახულობს, ძალიან უკვირს... მაგრამ რა უნდა გვექნა? ცხოვრება ითხოვდა ჩვენს გააქტიურებას, ამიტომ დავიწყეთ, გავფართოვდით, გავიშალეთ...

- საქონელიც შეიძინეთ?
- ორი შვილი და სამი დისშვილი მყავდა, ჩემმა ძმამ და დამ ფული გამომიგზავნეს და ძროხა ვიყიდეთ. ძროხის მოწველა მეზობელმა მასწავლა. კი მოიწველა, მაგრამ მერე გაშრა - ყოველთვის ხომ არ იწველება?! მეუღლეს ვუთხარი, ერთი არ გვყოფნის, იქნებ ხბოც როგორმე ვიყიდოთ-მეთქი. 1996 წელი იყო, რთული პერიოდი, საკვებიც ჭირდა. მართალია, სკოლაში ვმუშაობდი, მაგრამ ხელფასი 14 ლარი მქონდა. მოკლედ, ხბო რომ გავზარდე, ყველის ამოყვანაც ვისწავლეთ და ყველაფერი თავისით დაიძრა. საქონელიც გამრავლდა... ახლა "მშრალობის" პერიოდი აღარ გვაქვს, მთელ წელიწადს იწველებიან. ამჟამად რვა ძროხა გვყავს.
- მეხორცული თუ მერძეული?
- ხორცი, 15 წელიწადია, არ გვიყიდია, საქონელს წელიწადში ორჯერ ჩვენთვის ვკლავთ და ნაწილს ვყიდით კიდეც. ძირითადად რძის პროდუქტებს ვყიდით. ორი წელია, "ფაოში" გავწევრდი და ძალიან მომწონს. ბევრი რამ ვისწავლე და მივხვდი, ძროხის შესახებ რამდენი რამ არ მცოდნია. ორი წლის განმავლობაში იმდენი ვისწავლე, მერე ეს ცოდნა სხვებსაც გავუზიარე.
ყველის დასამზადებლად პეპსინს იყენებენ, ეს კი საშინელება ყოფილა. მოკლედ, ტექნოლოგიაში ბევრი რამ შევცვალე და ამ პროდუქტის გემო სხვანაირად გავიგე. ძროხას რომ მოვწველი, მერე ფრომაზას ვიყენებ (კვეთი ყველის ამოსაყვანად). ყველის შესადედებლად ამაზე უკეთესი კვეთი არ არსებობს. ახლა მინდა, იტალიური ყველი კაჩოტა გავაკეთო.

- საქონელს როგორ უვლით?
- მათთვის სპეციალური შენობა ავაგეთ. საქონლის მოვლისას ბევრი რამ არის გასათვალისწინებელი. მნიშვნელოვანია სისუფთავე და წესრიგი, ხარისხიანი საკვების მიწოდება. ამისთვის შვრიას ვთესავთ, ქატოს ვყიდულობთ და კომბინირებულ საკვებს ვაძლევთ. საჭირო წამლებიც დროულად უნდა მიაწოდო. ამ საქმეში მთელი ოჯახი ვართ ჩართული. ვაქცინაციას წელიწადში ორჯერ ვუტარებთ. მოკლედ, მოვლა-პატრონობას არ ვაკლებთ. მთავარი მაინც ხარისხიანი და სწორი კვებაა.
- ესე იგი საქონელს საბალახოდ არ უშვებთ...
- ძირითადად, ფერმაში გვყავს. საბალახოდ ვერც გაუშვებ, საძოვარი ჩვენთან ცოტაა, რადგან გარშემო სულ თხილია გაშენებული.
- ადგილობრივი ჯიშები გყავთ?
- დიახ. აღმოსავლეთის ძროხებს ჩვენთან უჭირთ. სხვათა შორის, ჩვენთან აბაშის ძროხებსაც უჭირთ - ხან ციება შეეყარათ, ხან სხვა რაღაც.
- პედაგოგი ხართ, ფერმერი, ოჯახს უვლით, ხართ ბებია, დედა, მეუღლე - ბევრ საქმეს უძღვებით... რთული არ არის?
- იცით, ეს რა სიამოვნებაა? განსაკუთრებით ის, რომ საკუთარი ნატურალური პროდუქტი გვაქვს! ხშირად მეკითხებიან, არ იღლებიო? იმდენი რამ გამოვიარე, მაგრამ არასდროს დამიწუწუნია. ყველაფერს სიამოვნებით ვაკეთებ. ეს მხოლოდ სასიამოვნო დაღლაა. სკოლაც ახლოს მაქვს. დირექტორს ვთხოვ ხოლმე, პირველი გაკვეთილი მომცეს. გათვლილი მაქვს - 7 საათზე ძროხას ვწველი, მერე ყველი ამომყავს, ვწურავ, დანარჩენს კი ჩემი ქმარი აკეთებს.
- ფუტკარსაც უვლით, არა?
- 26 ოჯახი მყავს. ეს სულ სხვა სიამოვნებაა. განტვირთვა თუ გინდა და დამშვიდება, აი, ეს არის. ერთი ოჯახი მაჩუქეს. არც ვიცოდი მოვლა. ოჯახი გაიყოო, მითხრეს. ეს რას ნიშნავს-მეთქი? მოკლედ, ამასაც გულმოდგინედ მივყევი და საქმე აქაც თანდათან აეწყო.

მოცვიც გვაქვს. სახელმწიფო პროგრამა რომ იყო 100%-იანი დაფინანსებით, იმით გავაშენეთ მოცვის ბაღი. სრული მოსავალი წლეულს უნდა ავიღოთ.
პანდემიის დროს, სრული ლოკდაუნი რომ იყო, ოჯახიდან არ გავსულვართ, არ მოგვშივნია, ყველაფერი შინ და ჩვენი გვქონდა. ბოსტანი, ხეხილი - რაც ჩვენს მხარეს ხარობს, ყველაფერი გვაქვს...
- გამოცდილება სხვებსაც გავუზიარეო, თქვით... ჩვენს მკითხველს რა ეტყვით?
- თუ სოფელში ცხოვრობ, აუცილებლად უნდა შეძლო და შენი პატარა მეურნეობა შექმნა. მინიმუმ ორი-სამი ძროხის ყოლა აუცილებელია. ჩემს შვილიშვილებს დილით ფაფა უყვართ. რძე რომ არ მქონდეს, დილით სად გავიქცე, მაღაზიაში? წალენჯიხამდე 7 კილომეტრია. თუ მოვინდომებთ, სოფელიც უფრო ძლიერი იქნება. დახმარებაც აუცილებელია, მაგრამ დახმარებამდე რამის გაკეთების სურვილი უნდა გქონდეს... მთელი წლის განმავლობაში უნდა ემზადებოდე ზამთრის გადასატანად. გვიჭირდა, მაგრამ შრომა არ დაგვზარებია, მოვახერხეთ და ნელ-ნელა მდგომარეობა გავიუმჯობესეთ. რას ვიზამთ? ქალი სოფელში რომ ცხოვრობ, გიწევს, სოფლის ცხოვრების მძიმე ტვირთი ატარო. მართალია, ზოგჯერ შრომა არ ამართლებს, მაგრამ იმედი არ უნდა დავკარგოთ.