"მე რუსი დედა მყავდა... დიახ, გაცოფებული ვარ!" - კვირის პალიტრა

"მე რუსი დედა მყავდა... დიახ, გაცოფებული ვარ!"

ინტერვიუ ჩაწერილია 2022-05-25

"დედა ქართველებზე ჭკუას კარგავდა, რუსული წესიერად არც მასწავლა... რუსული ენის მასწავლებელი იყო, მაგრამ ქართულს კიდევ უკეთესად ფლობდა. საქართველოში დაიბადა და გაიზარდა და მისთვის საქართველოზე კარგი ქვეყანა არც არსებობდა. ულამაზესი იყო, მას ვგავარ გარეგნობით..." - მსახიობი და მწერალი გივი სიხარულიძე მსოფლიოსა და საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე "კვირის პალიტრასთან" საუბრობს. როგორც აღნიშნა, უკიდურესად გაბრაზებულია...

- დღეს არ აქვს მნიშვნელობა, საზოგადო მოღვაწე ხარ, მწერალი თუ მსახიობი, წმინდა ადამიანური თვალსაზრისით, შემაძრწუნებელია, რასაც ვხედავთ, რაც დღეს ხდება უკრაინაში. ეს არის კატასტროფა 21-ე საუკუნეში!

რა დაგიმალოთ და, არ მიკვირს, რაც ხდება, არაფერი გასაკვირი არ არის! ათასჯერ უარესსაც ველოდები, ეს ჯერ კიდევ არაფერია! მთელ მსოფლიოში ადამიანებმა ღმერთს ზურგი შევაქციეთ და სატანას ხელი ჩამოვართვით... ამიტომაც ვიღებთ იმას, რაც უნდა მიგვეღო...

- ამის გამო შეიძლება ადამიანები მოკლან?

- მაგას ვინ ამბობს, რომ მოვკლათ? მე ვამბობ, რომ ჩვენი არასწორი საქციელის გამო ვისჯებით! დღეს მთელი მსოფლიო ამ დღეშია!

- ისმოდა კრიტიკა, რომ საქართველოს მთავრობა სათანადოდ არ უჭერს მხარს დღეს უკრაინას...

- ჩვენი ქვეყანა ყველანაირად უჭერს მხარს უკრაინას და თან მაშინ, როცა ჩვენ თვითონ არაფერი გაგვაჩნია... სხვა რა, იარაღით უნდა დავეხმაროთ? სად გვაქვს ჩვენ თვითონ?! მორალურად და მატერიალურად მხარს ვუჭერთ და ომში ჩვენ ვერ ჩავებმებით! 40-მილიონიანი ქვეყანა რა დღეში ჩააგდეს რუსებმა და ჩვენ საერთოდ მიწისგან აღგვგვიან! ერთი სულის შებერვაც აღარ გვინდა რუსეთისგან, ამ პლანეტიდან რომ გავქრეთ...

- ვისგან არის კრიტიკა?

- "ნაციონალური მოძრაობისგან"! თვითონ წავიდნენ და იომონ, აქ რას აკეთებენ?! ჩემო კარგო, ჩვენ სამ მილიონნახევრიანი კი არა, მაგის ნახევარი მოსახლეობაც აღარ ვართ და ხელად გადაგვყლაპავს მტერი!

- ყოფილხართ უკრაინაში, უკრაინელი მეგობრები თუ გყავთ?

- რას ჰქვია ვყოფილვარ?! ოთხჯერ ჩატარდა უკრაინის მწერალთა კავშირში ჩემი შემოქმედებითი საღამო, წიგნების პრეზენტაცია... საოცარი ხალხია უკრაინელები, ძალიან მიყვარს! შესახედავადაც ულამაზესები არიან, კაცი თუ ქალი... ნამდვილი ვაჟკაცები არიან და ვაჟკაცურად იცავენ თავიანთ ქვეყანას!

ძალიან მინდა, კარგად იყვნენ, ქვეყანა დამშვიდდეს და ომი მალე დამთავრდეს! ამ წუთას უკრაინელებთან კავშირი არ მაქვს, იქ ნაცნობებიდან მხოლოდ ერთი ასაკოვანი კაცი შემომრჩა, რომელთანაც დაკავშირება ვცადე, მაგრამ ვეღარსად ვიპოვე.

- რუსეთზე რას იტყოდით?

- რუსებზე რა უნდა ვთქვა, გენაცვალე, მე რუსი დედა მყავდა, ნახევრად რუსი ვარ! რუს ხალხს არაფერს ვერჩი, პირიქით, ომის პერიოდში მათ ბევრი ქართველი პარტიზანი გადაარჩინეს... მე მეზიზღება რუსეთის გენერალიტეტი და პოლიტიკოსები!

რა პუშკინის ძეგლის დანგრევა, დიდი რუსი მწერლების და კომპოზიტორების აკრძალვა, სისულელე და ბარბაროსობაა ეგ! მე ვამბობ, რომ უკრაინელი ხალხი ძალიან ვაჟკაცია, ვენაცვალე მაგათ ჯიგარში, მაგრამ რუსის უბრალო ხალხზე ცუდი თქვა, ეგეც არ ივარგებს!

- დღეს რუსი მოსახლეობის 80% პუტინის პოლიტიკას უჭერს მხარს...

- მე არ ვიცი, პუტინს მხარს ვინ უჭერს. რაც არ ვიცი, იმაზე ვერც ვერაფერს გიპასუხებთ!

- ახსენეთ, რომ დედა რუსი იყო...

- დიახ, რუსი იყო და ყველა დედაზე მეტად მიყვარს მსოფლიოში, ძალიან ვამაყობ დედაჩემით!

- უნდა გვეკითხა, საქართველო რამდენად უყვარდა?

- ქართველებზე ჭკუას კარგავდა, რუსული წესიერად არც მასწავლა... რუსული ენის მასწავლებელი იყო, მაგრამ ქართულს კიდევ უკეთესად ფლობდა. საქართველოში დაიბადა და გაიზარდა და მისთვის საქართველოზე კარგი ქვეყანა არ არსებობდა. ულამაზესი იყო, მას ვგავარ გარეგნობით...

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ უბრალო რუსი ხალხი ძალიან მიყვარს, მაგრამ მაგათი სამხედროები არასოდეს მყვარებია!

- დღეს საქართველოში ძალიან ბევრი რუსი ეროვნების ადამიანია ჩამოსული და მათ როგორ უნდა მოვექცეთ?.. იყო შემთხვევები, როდესაც მათ მიმართ გაბრაზება გამოხატეს...

- რუსების მიმართ ბრაზის გამოხატვა სწორი არ არის და ჭკუასთან ახლოს არ არის ეგ საქციელი! როგორ შეიძლება მსგავსი რამ?!

- ქვეყანაში ბოლო დროს ძალიან აქტუალურია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ნიკა გვარამიას დაპატიმრება... თქვენ რას იტყოდით?

- არაფერსაც არ ვიტყოდი, მაგაზე პასუხი არ მაქვს, რადგან პოლიტიკაში არ ვერევი... ერთს კი გეტყვით: ვინც დააშავებს, კანონის წინაშე ყველა თანასწორია და პასუხი უნდა აგოს! ჩვეულებრივ, პატოსან მოქალაქეს რაღაც რომ შეეშალოს, ხომ დაიჭერენ და სხვამ ყველანაირი დანაშაული რომ ჩაიდინოს, ის არ უნდა დაიჭირონ?!

ერთ რამეს გეტყვით და ზუსტად ისე დაწერეთ: მე შვილივით მიყვარს და ძალიან დიდ პატივს ვცემ კახი კალაძეს! ვხედავ, ქალაქს როგორ უვლის, ასუფთავებს და ნაგავი გააქვს...

თუმცა ძალიან ნაწყენი ვარ, რომ ლევან ბერძენიშვილი ვერ "გაიტანეს"! გაცოფებული ვარ და ზუსტად ასე დაწერეთ, რაც გითხარით, შეცვლა არ გაბედოთ! ნებისმიერი უბრალო რუსი მირჩევნია ამ უზომოდ განათლებულ ერის მოღალატეს! მეფე ერეკლე და ვაჟა-ფშაველა ერის სიდიადეა, მისი დონის პოეტი მსოფლიოს არ ჰყავს! ლევან ბერძენიშვილი მუშაობს ქართული გენეტიკის და სიდიადის დანგრევაზე!

მე ვფიქრობ, რომ საქართველო გარდაიცვალა და ყველას ვუსამძიმრებ! იმ ქვეყანაში, სადაც ასეთი მოღალატეები არსებობენ და ასეთ შეურაცხყოფას უბედავენ ქართველ გენიოსებს და ერი დუმს, ის ქვეყანა მკვდარია! ახლა მთელი მოსახლეობა უნდა დარაზმულიყო და ქუჩაში გამოსულიყო მაგის გაძევების მოთხოვნით.

- ისევ უკრაინას რომ დავუბრუნდეთ... დღეს იქ ბევრი გმირი ქართველი იბრძვის...

- ჩემი უზომო პატივისცემა მათ! თუმცა არ ვეთანხმები იმ ნათქვამს, რომ ეს კარგია... ქართველ ერს გასაწირი შვილები აღარ ჰყავს! რაღა მომავლისთვის ბრძოლაა, ჩემი ხალხი თუ დაიღუპება?! ბრძოლას მაშინ აქვს აზრი, როცა იცი, რომ გაიმარჯვებ!

- არ გაქვთ იმედი, რომ უკრაინა გაიმარჯვებს?

- არაფერი ვიცი, იმის გარდა, რომ მინდა, მალე დამთავრდეს ეს ომი, ყველა გადარჩეს და ბედნიერი იყოს! ვიცი, რომ გმირები, ვაჟკაცები არიან ის ქართველები, ვინც იქ იბრძვიან, მათ წინაშე მუხლს ვიყრი, მაგრამ არ მინდა, რომ დავკარგოთ და ხომ შეიძლება არ მინდოდეს?! ვიღაც გაზულუქებული მდიდრის შვილები ცოცხლები იყვნენ და ეს საწყალი, პატიოსანი ოჯახის შვილები დაიღუპონ.

დილიდან საღამომდე იმას ვნატრობ, ეს უაზრო, საზიზღარი ძმათა ომი დამთავრდეს! რა თქმა უნდა, ომი რუსეთმა დაიწყო, დამპყრობლური ზრახვები აქვს, მაგრამ მანდ გამარჯვებული არც რუსეთი იქნება და არც უკრაინა, არამედ - ის ქვეყანა, რომელმაც ეს ომი დააწყებინა!

(სპეციალურად საიტისთვის)