"განადგურებულები ვართ, როგორ გაიმეტა?!" - რას ჰყვება პოლონეთში მოკლული ქართველი გოგოს ახლობელი - კვირის პალიტრა

"განადგურებულები ვართ, როგორ გაიმეტა?!" - რას ჰყვება პოლონეთში მოკლული ქართველი გოგოს ახლობელი

მას შემდეგ რაც თბილისში ორი უმძიმესი დანაშაული მოხდა, ფემიციდის თემაზე ისევ ყველა ალაპარაკდა. მთელი ქვეყანა შეძრა საზოგადოებრივ ტრანსპორტში შვილების და დის თვალწინ ზუგდიდელი ახალგაზრდის, სოფო კვარაცხელიას მკვლელობამ. მისი მეუღლე, როინ მებონია ძალოვნებმა იქვე დააკავეს. ქალს ქმარმა 10-ზე მეტი ჭრილობა მიაყენა და სოფო კვარაცხელია ადგილზე გარდაიცვალა. როინ მებონია ციხეში გამოკეტილია და ის მკვლელობის მოტივზე არ საუბრობს. მისი ადვოკატი კი აცხადებს, რომ მამაკაცს ფსიქიკური პრობლემები აქვს და ექსპერტიზას ითხოვს.

მორიგი ოჯახური დანაშაული მეორე დღეს, დღისით მზისით, ისევ ქუჩაში მოხდა. მსხვერპლი ისევ ქალია. ამჯერად ახალგაზრდა ქალს ყოფილი ქმარი დაესხა თავს და დანით მასაც 10-მდე ჭრილობა მიაყენა. ამ შემზარავ ფაქტსაც მათი მცირეწლოვანი შვილი შეესწრო. დედას შვილი სკოლაში მიჰყავდა, დიდუბეში, გაჩერებაზე ავტობუსს ელოდებოდნენ, როცა მას ყოფილი ქმარი თავს დაესხა. მიყენებული დაზიანებებით ქალი კლინიკაში მკურნალობს და ექიმები მის გადასარჩენად ყველაფერს აკეთებენ.

როგორც ჩანს, საქართველოში მომხდარ ამ უმძიმეს ფაქტებზე ინფორმაცია პოლონეთში მყოფმა 25 წლის როზეტა ყალიჩავამაც გაიგო, შეძრა მომხდარმა. მას საკუთარ ფეისბუკ-გვერდზე გაზიარებული აქვს მომხდარზე მედიით გავრცელებული ინფორმაცია. ალბათ ახალგაზრდა გოგო ვერ წარმოიდგენდა, რომ ანალოგიური დანაშაულის მსხვერპლი თავადაც შეიძლება გამხდარიყო. დღეს კი ცნობილი ხდება, რომ 26 წლის ზუგდიდელი როზეტა ყალიჩავა, სავარაუდოდ, საკუთარმა მეუღლემ მოკლა. ცოლ-ქმარი იქ სამუშაოდ იყვნენ ჩასულები. რა გახდა მკვლელობის მოტივი, ჯერჯერობით უცნობია.

წყვილს სამი მცირეწლოვანი ჰყავს.

"ზუგდიდის სოფელ დარჩელიდან არის როზეტა. ჩემს თვალწინ, ჩვენს ხელში გაზრდილი გოგოა. უპატიოსნესი და საოცრად კეთილი გოგო. თბილისში იყო გათხოვილი, სამი მცირეწლოვანი შვილი ჰყავს. ერთი წელია რაც პოლონეთში სამუშაოდ წავიდნენ. დღეს გავიგეთ ეს საშინელი ამბავი, თურმე ქმარს მოუკლავს. განადგურებულები ვართ. საუბარიც არ შემიძლია ისე განვიცდი ამ ტრაგედიას. წარმოუდგენელია, როგორ გაიმეტა სასიკვდილოდ. უპატიოსნესი და წესიერი ოჯახის შვილი. მომხდარის დეტალები არ ვიცი და საუბრის ძალაც არ მაქვს",- მითხრა ახალგაზრდა გოგოს მეზობელმა.

მეტი დეტალი ალბათ მოგვიანებით გახდება ცნობილი.

თეა ხურცილავა