"უმეტესად, მოტოავარიები ავტომობილის მძღოლების ბრალია" - კვირის პალიტრა

"უმეტესად, მოტოავარიები ავტომობილის მძღოლების ბრალია"

საბა ქურდოვანიძე ჯერ მხოლოდ 14 წლისაა, თუმცა მოტოციკლეტების მართვასა თუ დაშლა-აწყობაში ისე კარგად ერკვევა, რომ დამწყები ბაიკერების გარდა, მისი რჩევები პროფესიონალებსაც ადგებათ. ბაიკერობა საბასთვის ერთადერთი გატაცება არაა... საინტერესო, მშრომელი და მიზანდასახული მოზარდი არჩეულ პროფესიას, მომავლის საქმედ მიიჩნევს.

გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან, რომელიც ჟურნალში "გზა" გამოქვეყნდა:

"ცნობილ მოტოვლოგერებს, ჩემპიონებს კარგად ვიცნობ, მათთან ვძმაკაცობ. რა თქმა უნდა, მათგან ბევრი რჩევა მიმიღია, მაგრამ ისე არ ყოფილა, რომ მოტოსკოლაში მევლო და ნაბიჯ-ნაბიჯ მესწავლა. უკვე ჩემს "იუთუბ"-არხზე დამწყებ ბაიკერებს ვასწავლი, მოტოციკლეტი როგორ მართონ, საჭირო რჩევებს ვაძლევ... ამ სფეროში ინტერესი ისეთი მაღალია, რომ ვიდეოს გამოქვეყნებიდან 1 საათში 10 ათასი "ნახვა" აქვს. კომენტარებს მწერენ... ბევრი ვიდეო გადამიღია, ჩემი თუ მეგობრების მოტოციკლეტები მიმომიხილავს. მაყურებლებს მართვას ან მოტოციკლეტის "დასერვისებას" ვასწავლი..."

"არ უნდა გეშინოდეს. თუ მოტოციკლეტზე დაჯდომისას იმის შიში გაქვს, რომ შეიძლება, კენჭს გადაუარო, ავარია მოგიხდეს და მოკვდე, არ უნდა დაჯდე. უცნაური გამოთქმები არსებობს, მაგალითად - მოტოციკლეტი კუბოაო. არა, მოტოციკლეტი კუბო არ არის. თუ ბაიკით წყნარად, საშუალო სიჩქარით ივლი და ყველა წესს დაიცავ, არც ავარია მოხდება და არც რამე სახიფათო სიტუაცია შეიქმნება. "საგაზაოდ" სპეციალური ზონებია გამოყოფილი, სადაც ბაიკერს ემოციების დახარჯვა შეუძლია და არა - ქალაქში, რომ რამე ხიფათი არ შეემთხვეს..."

unnamed-1653544999.jpg

"ჩემთვის პირველ ადგილზე სკოლაა. მოტოციკლეტით უქმე დღეებში დავდივარ. მეცხრე კლასის მოსწავლე ვარ. ჩემი საყვარელი საგნები მათემატიკა და ქიმიაა, ისინი მასწავლებელმა შემაყვარა...

"მფრინავობას ვაპირებ. საავიაციოზე უნდა ჩავაბარო. ახლაც საჭირო ინფორმაციას ვკითხულობ, რომ აქედანვე ინფორმირებული ვიყო. იმ საგნებს შედარებით უკეთ ვსწავლობ, რომლებიც მფრინავობისას დამჭირდება..."

სტატიას სრულად ჟურნალ "გზის" 26 მაისის ნომერში წაიკითხავთ.

ეთო ყორღანაშვილი