"ფესტივალს ნიუ-იორკის მერი დაესწრო. მითხრა, - ჩემთვის აღმოჩენა ხარო" - კვირის პალიტრა

"ფესტივალს ნიუ-იორკის მერი დაესწრო. მითხრა, - ჩემთვის აღმოჩენა ხარო"

მომღერალი ნინი წიკლაური 6 წელია, რაც ამერიკაში ცხოვრობს: საქართველოდან ახალდაოჯახებული, ორსული გაემგზავრა... რა იყო ამერიკაში მისი გამგზავრების მოტივაცია და როგორც ცხოვრობს უცხო ქვეყანაში, ამის შესახებ სამშობლოში დაბრუნებული მომღერალი თავად გვესაუბრა...

- 6 წლის შემდეგ, საქართველოში პირველად ჩამოვედი. უკვე 3 კვირა გავიდა, მაგრამ ჩემთვის საქართველოში, განსაკუთრებით სახლში დაბრუნება ისეთი მნიშვნელოვანია (რადგან ენით აღუწერელი ნოსტალგია მქონდა), რომ ემოციებიდან ჯერ კიდევ ვერ გამოვედი. აღმოჩნდა, რომ 6 წელი საკმაოდ ბევრი დრო ყოფილა... ვნერვიულობდი. არ ვიცოდი, აქაურობა როგორი დამხვდებოდა, მეგობრები როგორ შემხვდებოდნენ და ა.შ.

- საქართველოში დაბრუნებულმა რამე მკვეთრი ცვლილება თუ შენიშნეთ?

- ბევრი რამე შეცვლილი დამხვდა, პირველ რიგში - ინფრასტრუქტურა: თბილისის ერთ-ერთ ძველ უბანში ვცხოვრობ. აქაურობა ძალიან გადასხვაფერებულია. მშენებლობები, მაღალი კორპუსები არ იყო, როცა გავემგზავრე... ყველაზე მეტად ამან გამაოცა. რაღაცნაირად, ჩემი უბნის გადასხვაფერებასთან ერთად, თითქოს ისტორია, ჩემი ბავშვობის ნაწილიც გაქრა...

- რამდენი ხნით დაბრუნდით? საქართველოში შემოქმედებითი მიმართულებითაც ხომ არაფერი დაგიგეგმავთ?

- სამწუხაროდ, მხოლოდ თვე-ნახევრით ჩამოვედი, რადგან იქ აწყობილი საქმის, სამსახურის დიდი ხნით დატოვება ძალიან რთულია. ამიტომ არის, რომ ვინც ემიგრაციაში მიდის, სამშობლოში მცირე დროით ბრუნდება, რადგან იქ სამსახურების დიდი ხნით დატოვება გამორიცხულია... აქაურ სიტუაციას რაც შეეხება, ჯერ კიდევ ახლობლების, ნათესავების, მეგობრების მონახულების პროცესში ვარ - ბოლოში ვერ გავედი (იცინის). ყოველი დღე დაგეგმილი მაქვს. მეგობრები მირეკავენ ხოლმე, - ჩვენი რიგი როდის მოვაო?.. პლუს, თითქმის დღეგამოშვებით (ზოგჯერ ყოველდღეც) ტელეგადაცემებს ვსტუმრობ, ღონისძიებებში ჩავერთე... ასე რომ, საქართველოში ჩემს პროფესიულ ცხოვრებასაც დროებით დავუბრუნდი...

- ამერიკაში რა პასუხისმგებლობები გაკისრიათ, რას საქმიანობთ?

- ქართული კულტურის ცენტრთან - "ფესვები" არსებული საბავშვო ვოკალური სტუდიის - "ციცინათელა" მუსიკალური ხელმძღვანელი ვარ. ჩემი მთავარი სამსახური სწორედ ეს სტუდიაა, სადაც ვოკალისტადაც ვმუშაობ. რამდენიმე ასაკობრივი ჯგუფი მყავს. საკმაოდ ბევრი ბავშვი სწავლობს. თამამად ვამბობ, რომ ბრუკლინში ყველაზე დიდი ქართული ბავშვთა ვოკალური სტუდია მაქვს. ამერიკის ტერიტორიაზე ქართული საქმის პოპულარიზაციას ვახდენთ... ასევე, ჩემი ბენდი მყავს, რომელთან ერთადაც საღამოობით, 2 ადგილას ვმუშაობ. მოკლედ, ჩემს კარიერულ საქმიანობას გარკვეულწილად, ვაგრძელებ, თუმცა ისე - ვერა, როგორც საქართველოში, რადგან იქ სხვანაირი სიტუაციაა, ემიგრანტს დიდი ფუფუნება არ აქვს, რომ რამეს მიაღწიოს... 6 წლის განმავლობაში, 2 საუკეთესო ადგილას, ცოცხალ ბენდთან ერთად სიმღერა იქაც დიდი მიღწევაა. ორივე საკმაოდ ცნობილი ობიექტია - ქართულ-ამერიკული ლაუნჯის ტიპის ადგილია, სადაც ცოცხალი მუსიკის გამო, ხალხი სხვადასხვა შტატიდან მოდის, განსაკუთრებით - იმ დღეებში, როცა მე ვმღერი, რადგან ძირითადად, მაინც ქართული რეპერტუარი მაქვს. იქ მყოფ ქართველებს თუ უცხოელებს სიამოვნებთ, როცა ჩვენს რეპერტუარს ვთავაზობთ. სხვათა შორის, ჩემთვის ბევრ ამერიკელს უთქვამს, - შენი ენა არ ვიცი, მაგრამ მესმის, რასაც მღერიო. ალბათ, მთავარი გამარჯვება ეს არის, რომ მსმენელს მუსიკით ახვედრებ, რას ასრულებ... კიდევ, კორპორაციულ საღამოებზეც ვმღერი. ასევე, საქართველოს საკონსულოსთანაც ვთანამშრომლობ - გარკვეულ ღონისძიებებში ვმონაწილეობ... რაც მთავარია, ჩემი პროფესიით ვმუშაობ. მადლობა ღმერთს, რომ ამერიკაში სპეციალობის შეცვლა, სხვა რამის კეთებამ არ მომიწია. ჩემს საქმეს ვაკეთებ და მაქსიმალურად ვცდილობ, ქართული სიმღერა, მუსიკა უცხოელ მსმენელებამდე "მივიტანო".

- თქვენს სტუდიაში სხვადასხვა ეროვნების ბავშვები დადიან?

- დიახ. ქართველები, ვინც დადიან, უმეტესად, ამერიკაში დაბადებულები არიან. ბევრი მათგანი ქართულად გამართულად ვერ საუბრობს, მაგრამ ჩვენს ენაზე მღერის: ძირითადად, სტუდიაში ქართული რეპერტუარი მაქვს, რადგან რეალურად, პატარებს ეს აკლიათ: უცხოურ სიმღერას ჩემ გარეშეც ისწავლიან, ქართულის სწავლას კი პედაგოგის გარეშე ვერ მოახერხებენ, გამორიცხულია, რადგან ქართველებს ძალიან რთულად შესასრულებელი სასიმღერო მანერა გვაქვს. ამაში ბავშვებს დახმარება ყოველთვის სჭირდებათ.

- ამერიკაში თქვენს ნამღერს ვინმე ცნობილი ადამიანი ხომ არ შესწრებია?

- მაგალითად, ერთხელ, ღვინის ფესტივალზე, ბენდთან ერთად მიმიწვიეს, რომელსაც ნიუ-იორკის მერი დაესწრო. ბევრი მადლობა გადამიხადა და მითხრა, - ჩემთვის აღმოჩენა ხარო. ფესტივალზე ყანჩელის რამდენიმე კომპოზიცია და სიმღერა შევასრულე. მერი გადაირია, ისე მოეწონა. ჩვენი მუსიკაც, ენაც განსხვავებულია. შესაბამისად, ყურადღების ცენტრში მოექცა... მსგავსი შემთხვევა რამდენჯერმე იყო. საერთოდ, ვცდილობ, ასეთ რაღაცებს ხაზი არ გავუსვა (იცინის)...

- აღნიშნეთ, მადლობა ღმერთს, ამერიკაში სხვა საქმის კეთებამ არ მომიწიაო. თავდაპირველად, სანამ საქმეს ააწყობდით, იყო საფრთხე, რომ სხვა საქმე გეცადათ?

- ამერიკაში ჩასვლიდან რამდენიმე დღეში ქართული კულტურის ცენტ "ფესვების" დამფუძნებლებმა - შორენა ბარბაქაძემ და ვანო გოდერძიშვილმა დამირეკეს - შეხვედრა, გასაუბრება მთხოვეს, თანამშრომლობა შემომთავაზეს. ფაქტობრივად, იმის დროც არ მქონია, რომ უსამსახუროდ ვყოფილიყავი. რა თქმა უნდა, შემოთავაზებას დავთანხმდი... რეალურად, ჩემი ამერიკული მოღვაწეობის ტრამპლინი ეს იყო და აღმასვლას შევუდექი, რადგან ალბათ, ასეთ შემოთავაზებას არც ერთი მუსიკოსი არ გაუშვებდა ხელიდან.

- შემოთავაზება მოულოდნელი იყო?

- კი. ამერიკაში აბსოლუტურად დაუგეგმავად, მოულოდნელად გავემგზავრე. ძალიან გამიხარდა, რომ საშუალება არ მომცეს, სხვა საქმე მეძებნა ან თუნდაც, დეპრესიაში ჩავვარდნილიყავი... ჩემს სამუშაო სფეროში ხშირია შემთხვევა, როცა საქართველოში რაღაცას წარმოადგენ, საკუთარი საქმე გაქვს, უცხო ქვეყანაში ჩასული კი ყველაფერს "ნულიდან" იწყებ... რაღაცნაირად, ქალბატონმა შორენამ და ბატონმა ვანომ მძიმე პერიოდს გადამარჩინეს - დეპრესიისთვის მიზეზიც არ მოუციათ. სხვათა შორის, ნაფიქრი მქონდა, ამერიკაში რომ ჩავიდოდი, მძიმე პერიოდი უნდა გამევლო, მაგრამ მადლობა ღმერთს, "ფესვების" წყალობით, ეს ამცდა და ჩემი სამუშაო გეგმის "გაწერა" დავიწყე... თან, მანამდე საქართველოში, მარინა ბერიძის სტუდიაში ვმუშაობდი - პედაგოგიური გამოცდილება მქონდა. ამიტომ შემოთავაზებას უფრო თამამად დავთანხმდი.

- თქვენი შვილები გაგვაცანით...

- საბა უკვე 5 წლისაა, ილია კი - 2-ის. ამერიკაში გაჩნდნენ - ამერიკელები არიან. ორივეს დღემდე სტუდიაში ვზრდი, ჩემს მოსწავლეებთან ერთად, რადგან ძიძა არ მყავს. სადაც მივდივარ, შვილებიც თან მიმყავს: კონცერტზე, კორპორაციულ საღამოზე, ჩაწერაზე, სტუდიაში რეპეტიციაზე... სიმღერა უყვართ, რადგან ფაქტობრივად, სიცოცხლის პირველი თვიდანვე მუსიკალურ გაკვეთილებს ჩემთან ერთად ატარებდნენ (იცინის). ხელს არ მიშლიან, კერძო გაკვეთილებზეც მესწრებიან... ბავშვის ვინმესთვის დატოვების ფუფუნება არ არის. რაკი ამ უღელს შევეჭიდე - 2 შვილი გავაჩინე, ისიც გავითავისე, რომ ისინი თავად უნდა გამეზარდა...

- საქართველოდან ახალდაქორწინებული გაემგზავრეთ. ახლა თქვენი ცოლქმრული ურთიერთობა რა ეტაპზეა?

- რეალურად, მე და ჩემმა მეუღლემ საქართველოში ერთად ცხოვრება ვერ მოვასწარით. თანაცხოვრება ამერიკაში დავიწყეთ, ბავშვთან ერთად, რადგან აქედან ორსული გავემგზავრე - ბავშვი ნაადრევად, მალე დაიბადა... წარმოდგენა არ მაქვს, ეს ყველაფერი როგორ გადავლახეთ. ალბათ, ღმერთის ნება იყო, ასე მომხდარიყო, უფალი გვაძლიერებდა. ამასთან დაკავშირებით, სხვა აზრი არ გამაჩნია, რადგან უცხო ქვეყანაში ისე გაემგზავრო, რომ კიტრის გაფცქვნაც არ იცოდე ადამიანმა, უცებ კი ცარიელ სახლში, ბავშვთან ერთად ცხოვრება დაიწყო, სადაც საჭმელიც თავად უნდა მოამზადო, სახლიც თავად დაალაგო, წარმოუდგენლად მიმაჩნდა. ამერიკელებს იდეალური გამოთქმა აქვთ: "არასოდეს თქვა "არასოდეს". ზუსტად ეს დამემართა: აღმოვაჩინე, რომ უგემრიელეს კერძებს ვამზადებ. სახლის დალაგებაც იმაზე უკეთ გამომდის, ვიდრე მეგონა... მივხვდი, "ვერ გავაკეთებ", სამყაროში არ არსებობს - არის მხოლოდ "არ გავაკეთებ" ან "გავაკეთებ".

- თქვენი მეუღლეც მუსიკალურ სფეროში მუშაობს?

- არა, სხვა საქმითაა დაკავებული. რაღაცნაირად, ჩვენს საქმეებს ერთმანეთთან ვათავსებთ...

- ნინი, ამერიკაში რა მიზნით გაემგზავრეთ და ახლა ეს მიზანი განხორციელების რა ეტაპზეა?

- ერთადერთი მიზანი ის იყო, რომ უბრალოდ, მინდოდა, ჩემი შვილების მომავლისთვის ერთი ნაბიჯით "გამესწრო": რეალური მიზეზი საბას დაბადება იყო - მინდოდა, ამერიკაში გაჩენილიყო. სიმართლე გითხრა, დარჩენას არ ვაპირებდით, მაგრამ სირთულეების გადალახვა რომ დავიწყეთ, ამ ყველაფრის მიტოვება და უკან დაბრუნება დაგვენანა. ასე შემოვრჩით... საქართველოში რომ მოვფრინავდი, მაშინ გავაცნობიერე, რომ უკვე 6 წელი გასულა... ამერიკაში გამგზავრების რეალური მიზეზი შვილების მომავალზე ფიქრი იყო. ეს მიზანი შევასრულე. ახლა უკვე მათზეა დამოკიდებული, ჩვენ მიერ შესრულებულ მიზანს როგორ განახორციელებენ... საერთოდ, მინდა, ადამიანებს მივმართო, ვინც თავიანთი ცხოვრების ამერიკასთან დაკავშირებას ფიქრობენ, რომ გარისკვად ყოველთვის ყველაფერი ღირს: თუ მიგაჩნიათ, რომ თქვენი მომავლისთვის აუცილებელია, ეს ნაბიჯი აუცილებლად გადადგით, რა...

- სამომავლო გეგმებზე რას გვეტყვით?

- ახლა ჩვენი გეგმა უკვე საბას და ილიას გაზრდა, სწორ გზაზე დაყენებაა (განათლებას ვგულისხმობ). გვინდა, ჩვენს შვილებს იმ ეტაპამდე მივეხმაროთ, რომ დავრწმუნდეთ - სწორი პროფესიები აირჩიეს... დანარჩენს რაც შეეხება, უბრალოდ მინდა, ამერიკაში ქართულად ბევრმა იმღეროს (იღიმის)...

ეთო ყორღანაშვილი

ჟურნალი "გზა"