"ფილტრაციას ეფ-ეს-ბეს თანამშრომლები აწარმოებენ: გეკითხებიან, რა დამოკიდებულება გაქვს პუტინის მიმართ..." - კვირის პალიტრა

"ფილტრაციას ეფ-ეს-ბეს თანამშრომლები აწარმოებენ: გეკითხებიან, რა დამოკიდებულება გაქვს პუტინის მიმართ..."

24 თებერვლის შემდეგ, რაც რუსეთის არმია უკრაინის ტერიტორიაზე შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო, უკრაინა, დაახლოებით, 12, 8 მლნ ადამიანმა იძულებით დატოვა. ამ დრომდე მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია. უკრაინის უამრავი მოქალაქე ტყვედ ჩავარდა. რუსეთის კონტროლირებად ტერიტორიაზე გადაჰყავთ ბავშვებიც. მოსახლეობას არც კი ეუბნებიან, რა მიმართულებით მიდიან. უკრაინის ხელისუფლების ცნობით, ომის დაწყებიდან მილიონზე მეტი უკრაინელი, მათ შორის - 200 ათასზე მეტი ბავშვი რუსების მოწყობილ "საფილტრაციო ბანაკში" მოხვდა.

უკრაინული მხარე ამ ფაქტს იძულებით დეპორტაციად აღწერს და მოითხოვს მოქალაქეების უკრაინის ტერიტორიაზე დაბრუნებას. რუსული მხარე ამ მოთხოვნებს არც კი აქცევს ყურადღებას და მედიაში აქვეყნებს ინფორმაციას, რომ რუსეთის ტერიტორიაზე გადაყვანილ უკრაინელებს სოციალურ დახმარებას - 10 ათას რუბლს, საცხოვრებელსა და საკვებს გადასცემს.

უკრაინელი ომბუცმენი ლუდმილა დენისოვა ჯერ კიდევ რამდენიმე დღის წინ აცხადებდა, რომ ათასობით უკრაინელი მამაკაცი რუსეთის „საფილტრაციო ბანაკშია“ გადაყვანილი.

„ოკუპანტები სწრაფი ტემპებით ცდილობენ, დაბომბილი მარიუპოლიდან მამაკაცების „საფილტრაციო ბანაკებში“ გადაყვანას. ამ ბანაკებში დონეცკის ოლქიდან, დაახლოებით, 4 ათასამდე მამაკაცი გადაიყვანეს. მათი რაოდენობა ბოლო ორ კვირაში გაორმაგდა“.

ადამიანთა უფლებადამცველის განცხადებით, „ბანაკებში მამაკაცებს საშინელ პირობებში უწევთ ყოფნა - ანტისანიტარიაში, იატაკზე სძინავთ. ისინი წამებისა და ძალადობის მსხვერპლნი არიან. მათ აიძულებენ, რუსეთის ან ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის მოქალაქეობა მიიღონ“, - ამბობს ომბუცმენი.

უკრაინელების თქმით, დაკითხვის მკაცრი და უმოწყალო მეთოდები, რომელსაც რუსი ჯარისკაცები უკრაინელების წინააღმდეგ "საფილტრაციო ბანაკებში" იყენებენ, მათ გერმანელი ფაშისტების საკონცენტრაციო ბანაკებს აგონებთ.

ეუთოში ამერიკის წარმომადგენლის, მაიკლ კარპენტერის განცხადებით, ათასობით უკრაინელი მოქალაქე ძალდატანებით გადაჰყავთ რუსეთის კონტროლირებად ტერიტორიაზე მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი რუსეთის უკრაინაში შეჭრას ეწინააღმდეგებოდნენ.

"ჩვენ არ უნდა მივცეთ ამ ბოროტებას არსებობის საშუალება. აშშ-ის შეფასებით, რუსეთის ძალებმა ათასობით უკრაინელი მოქალაქე იძულებით გადაიყვანა "საფილტრაციო ბანაკებში" "დასამუშავებლად".

უკრაინული მხარე ამტკიცებს, რომ რუსეთში უკრაინის მოქალაქეებს დაბალანაზღაურებად და არაკვალიფიციურ სამსახურს სთავაზობენ. აღსანიშნავია, რომ მოგვიანებით მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, - ყველა უკრაინელი, რომელიც რუსეთის ტერიტორიაზე გადაჰყავთ, ჯერ გამოსაცდელ „საფილტრაციო ბანაკს“ გადისო.

21-ე საუკუნის საკონცენტრაციო ბანაკები

"საფილტრაციო ბანაკები", რომელიც რუსმა ჯარისკაცებმა მოაწყვეს, დონეცკისა და ლუგანსკის ტერიტორიაზეა განთავსებული.

როგორც ვალერია ჰყვება, რომელიც თავად მოხვდა ბანაკში, "ფილტრაციას ეფ-ეს-ბეს თანამშრომლები აწარმოებენ: "გეკითხებიან, რა დამოკიდებულება გაქვს პუტინის მიმართ, იღებენ ანაბეჭდებს და მონაცემები ბაზებში შეჰყავთ. ფილტრაცია 5-6 საათის განმავლობაში გრძელდება".

გოგონას თქმით, ფილტრაციის შემდეგ ხალხს სამ ნაწილად ჰყოფენ - ისინი, ვინც მხარს უჭერენ რუსეთის რეჟიმს, ერთ მხარეს ჰყავთ, ვისაც არ აქვს ზუსტი პოზიცია - მეორე მხარეს და მათ, ვინც არ უჭერს მხარს პუტინის რეჟიმს - მესამე მხარეს.

"ვინც გადის ფილტრაციას, დოკუმენტებს აძლევენ, მათ შეუძლიათ რუსეთის კონტროლირებად ტერიტორიაზე ყოფნა. ეს ყველაფერი ფაშისტების გეტოებს უფრო ჰგავს. თითქოს, 21-ე საუკუნეში ისევ ის რეჟიმი უნდა გავიაროთ", - ამბობს გოგონა.

მაქსიმი ომის დაწყებისას მარიუპოლში მეუღლესთან და სამ შვილთან ერთად ცხოვრობდა. რამდენიმეკვირიანი უწყვეტი ცეცხლის შემდეგ, ის მარიუპოლელ მეზობლებთან ერთად იძულებული გახდა, თეთრი დროშა აღემართა, სარდაფი დაეტოვებინა და ქუჩაში გამოსულიყო. როგორც მაქსიმი ამბობს, ქუჩაში ისინი ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ჯარისკაცებმა ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს, შემდეგ კი, დონეცკის საზღვართან ახლოს მდებარე სოფელში წაიყვანეს.

„იქ მისვლისას ყველანი დაგვარეგისტრირეს. მესმოდა რაღაც ინფორმაციები „საფილტრაციო ბანაკების“ შესახებ, მაგრამ ამაში რა იგულისხმებოდა, არ ვიცოდი. შემიმოწმეს სხეული, ტატუირება, მკითხეს, ხომ არ მივეკუთვნები რომელიმე სამხედრო ფორმირებას, მთხოვეს, ჩემი ისტორია მომეთხრო, ტელეფონი შემიმოწმეს. ეს მარიუპოლიდან გასვლისას მოხდა“, - იხსენებს მაქსიმი, რომელიც ოჯახთან ერთად ტაგანროგში გადაიყვანეს.

„დოიჩე ველეს“ ცნობით, ბანაკების შესახებ ინფორმაცია მათ კიდევ სამმა რესპოდენტმა მიაწოდა. მათ ვინაობის გამხელისგან თავი შეიკავეს, თუმცა გამოცემასთან დაადასტურეს, რომ არსებობს მსგავსი ადგილები, სადაც მოსახლეობას გამოკითხვას უწყობენ. მათი თქმით, ფილტრაცია, ძირითადად, მოკლე გასაუბრებას, პოლიტიკურ შეხედულებებზე კითხვებს, ტელეფონისა და სხეულის შემოწმებას გულისხმობს, ხომ არ აქვს ვინმეს სხეულზე უკრაინის ნაციონალური სიმბლიკის ტატუირება. აღსანიშნავია, რომ გამოკითხულთა ნაწილი საუბრობს, რომ ბანაკში მათზე არ ძალადობდნენ, ნაწილი კი ამბობს, რომ შეესწრნენ ფაქტს, როცა ახალგაზრდა მამაკაცს ფიზიკურად უსწორდებოდნენ.

ბანაკები უკრაინაში

მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ „საფილტრაციო ბანაკები“ რუსეთის საზღვარზე იყო, თუმცა როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა, ასეთ ბანაკი უკრაინის ტერიტორიაზეცაა. „დოიჩე ველეს“ რესპოდენტმა ოლგამ „ფილტრაცია“ უკრაინის ტერიტორიაზე, ზაპოროჟიეს ოლქში, ბერდიანსკთან გაიარა.

მას შემდეგ, რაც მარიუპოლის ტერიტორიაზე ყოფნა სახიფათო გახდა, ოლგამ გადაწყვიტა, მშობლები და უმცროსი და უკრაინის სხვა, უფრო უსაფრთხო ტერიტორიაზე გადაეყვანა. ომის დაწყებამდე ის სკოლაში სწავლობდა. მამა მტვირთავად მუშაობდა, დედას კი ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა და ავადმყოფობდა. ომის დაწყების შემდეგ დედამ სიარული ვეღარ შეძლო. მასთან საუბარი „დოიჩე ველემ“ მშობლების თანხმობის შემდეგ მოახერხა.

„ბანაკში ჯერ ბლოკპოსტი დგას, შემდეგ კი - ის საფილტრაციო ჯიხური, შემდეგ კიდევ ერთი ბლოკპოსტია, რომელიც სხვა ტერიტორიაზე გიშვებს. რიგში ორი დღეღამე ვიდექით, საღამოს 11 საათზე შეგვიშვეს, ყველაფერი შეგვიმოწმეს, რაც კი შეიძლებოდა, ყველა ჯიბე, ყველა ჩანთა. ფილტრაცია 14 წლიდან იწყება, ჩემი და 12 წლისაა, ამიტომ ის არ შეამოწმეს. დედა მაშინ ვერ დადიოდა, ამიტომ დასთან ერთად მანქანაში დარჩენის უფლება მისცეს. ფილტრაცია მე და მამამ გავიარეთ“, - იხსენებს გოგონა.

გოგონას თქმით, „საფილტრაციო ჯიხური“ ორ ნაწილად იყო გაყოფილი, ერთ ოთახში მამამისი ჰყავდათ დასაკითხად შეყვანილი, მეორეში კი - მას ჰკითხავდნენ. ჯიხურში აიღეს გოგონას თითის ანაბეჭდები, დაასკანერეს დოკუმენტები და შეამოწმეს ტელეფონი. ჯიხურიდან გამოსულმა მამამ კი შემდეგ ოჯახს უთხრა, რომ მას თავშიც დაარტყეს, ექიმებმა მას მხედველობის ნერვის ატროფია დაუდგინეს.

„ფილტრაციის რიგში დგომისას, მაშინ, როცა ჯარისკაცები შესვენებაზე გავიდნენ და სადილობდნენ, შემთხვევით მათი ლაპარაკი მოვისმინეთ. ერთ-ერთი ჯარისკაცი ამბობდა, რომ ადგილზე 10 ადამიანი მოკლა და იმის შემდეგ აღარც დაუთვლია. ტერიტორიაზე ხალხი ავტობუსებით შეჰყავდათ. მახსოვს, ფილტაციაზე ცოლ-ქმარიც შევიდა, მაგრამ უკან კაცი გამოუშვეს, ქალი კი ბანაკში დატოვეს“, - იხსენებს ოლგა, რომელიც არ საუბრობს იმაზე, თუ სად იმყოფება მათი ოჯახი. როგორც ცნობილია, გოგონას მშობლები მკურნალობის კურსს გადიან და ფინანსური დახმარების მისაღებად საბუთებს ელოდებიან.

მოქალაქეთა დროებითი თავშესაფრები მოწყობილია სხვადასხვა პუნქტში, მათ შორის - სასტუმროებსა და აეროპორტებში, რკინიგზის სადგურებშიც. მსგავს პუნქტებში რუსეთის მხარეს მოხალისეები ჰყავს დასაქმებული. ისინი ეხმარებიან ხალხს უკრაინის ტერიტორიის დატოვებაში. როგორც ერთ-ერთი კოორდინატორი ამბობს, რომელიც უკრაინელთა დახმარების პროექტშია ჩართული, ბევრი უკრაინელი თავად გამოთქვამს სურვილს რუსეთის ტერიტორიაზე გადასვლის შესახებ:

„არიან ადამიანები, რომლებიც რუსეთში რჩებიან და ეს მათი გადაწყვეტილებაა“.

ყირიმში უკრაინის წარმომადგენლის, თამილა ტაშევას ცნობით, უკრაინელებს რუსეთის ტერიტორიაზე გადასვლისას პასპორტებს ართმევენ:

„რუსეთში უკრაინელებს პასპორტებს ართმევენ და დროებითი თავშესაფრის საბუთს აძლევენ, ამით კი ქვეყნის დატოვების უფლებასაც ართმევენ“.

„თავშესაფრებში მისულ ხალხს დიდი რაოდენობით საბუთის შევსებას სთხოვენ. თუ ისინი დროებით თავშესაფარს მოითხოვენ, მაშინ რუსეთის ტერიტორიას ვეღარ დატოვებენ. თუ ქვეყნის დატოვება სურთ, მაშინ თავშესაფარზე უარი უნდა განაცხადონ“.

უკრაინის მხარის წარმომადგენლის თქმით, ყველა თავშესაფარში სხვადასხვა პირობები და ძალადობის სხვადასხვა ფორმაა.

ერთ-ერთი უკრაინელი, რომელიც ამჟამად რუსეთის ტერიტორიაზე, თავშესაფარში ცხოვრობს, ამბობს, რომ აქ ხალხი რთულ პირობებშია:

„აქ არ არის არავითარი სამსახური. უმცროს ბავშვს საკვები დაუმთავრდა, რაღაც გაუგებარი ფაფებით ვკვებავთ. იმ ფეხსაცმლით ვართ, რითიც მარიუპოლიდან გამოვედით. დაგლეჯილი ფეხსაცმლით დავდივარ. ბავშვებს ახალი ნივთები მოუტანეს, რაც მოერგოთ, ის დავიტოვეთ“, - ამბობს უკრაინელი, რომელიც მარიუპოლიდან ტაგანროგში გადაიყვანეს.