დამოუკიდებლობის შენარჩუნებას იარაღიც სჭირდება... - კვირის პალიტრა

დამოუკიდებლობის შენარჩუნებას იარაღიც სჭირდება...

26 მაისს საქართველომ 31-ჯერ საზეიმოდ აღნიშნა თავისი დამოუკიდებლობის აღდგენის დღე.

ბოლო წლების ტრადიციის მიხედვით, თბილისში და საქართველოს კიდევ 15 მუნიციპალიტეტში ქართული არმიის შეიარაღება და საბრძოლო ტექნიკა გამოიფინა, ხოლო ხუთ რეგიონში სამხედრო ფიცის საზეიმო ღონისძიებაც გაიმართა.

თბილისში, თავისუფლების მოედანზე, ასევე, სხვა ქალაქების ცენტრებში სამხედრო ტექნიკის გამოფენის ტრადიცია უკვე არა ერთ წელს ითვლის და მან ჩაანაცვლა ტანკებისა და არტილერიის სამხედრო აღლუმის დროს ქუჩებში ჩავლა.

შეიძლება, რუსთაველის გამზირის ასფალტზე მიმავალი 41-ტონიანი ტანკების გრუხუნი ვინმეს სახელმწიფო დონის პიარად ეჩვენებოდა, მაგრამ გაფუჭებულ გზებად და კომუნიკაციებად ეს მართლაც არ ღირდა.

თავისუფლების მოედანზე ნახევარრკალად მდგარი საქართველოს თავდაცვის ძალების ჯავშანტექნიკისა და საარტილერიო დანადგარების არა მარტო ახლოდან დათვალიერება, არამედ - შიგნით ჩაჯდომა ყველა მსურველს შეუძლია, რითაც განსაკუთრებით ბავშვები და მოზარდები ხალისობენ (თუმცა არც მოზრდილები ამბობენ უარს) და ეს ძალიან კარგია პატრიოტული სულისკვეთების ასამაღლებლად, განსაკუთრებით კი - ისეთი რთული, მაგრამ აუცილებელი კომპონენტის გასაძლიერებლად, რასაც სამხედრო-სამოქალაქო ურთიერთობები ჰქვია და არმიას საზოგადოებასთან აახლოებს...

4f3a8fe0-2c35-4a03-801a-e18a5b120880-1653552012.jpeg

საქართველოს თავდაცვის ძალებმა თბილისში, თავისუფლების მოედანზე წარადგინა ის ძირითადი საბრძოლო ტექნიკა, რომელიც მის შეიარაღებაშია, ოღონდ - ტანკებისა და ქვეითთა საბრძოლო მანქანების გარეშე, მხოლოდ ბორბლებიანი საბრძოლო მანქანები - საარტილერიო „დანა“ და ზალპური ცეცხლის „ლარ-160“, საზენიტო „სპაიდერი“ და „ატლასი“ „მისტრალებით“, სამამულო „დიდგორების“ მთელი პლეადა - „დიდგორი“ პირველი, მეორე, მესამე, სამედიცინო „დიდგორი მედევაკი“, საბრძოლო „დიდგორი მეომარი“, კავშირგაბმულობის „დიდგორი“ და 120 მმ-იანი ჩამოსადგამი ნაღმსატყორცნით აღჭურვილი და ძალზე პერსპექტიული „დიდგორიც“.

ყველა „დიდგორი“ ბუნებრივია „დელტას“ საამქროებშია აწყობილი და ქართული არმიის შეიარაღებაში გადაცემულია ბოლო ორი წლის განმავლობაში, ისევე, როგორც სხვადასხვა მოდიფიკაციის ჯავშანჟილეტები და ჯავშანჩაფხუტები.

წლევანდელ 26 მაისს „დელტამ“ თავისუფლების მოედანზე პირველად წარმოადგინა სადაზვერვო დანიშნულების „დიდგორის“ ახალი ვარიანტი, განახლებული დიზაინით და, რაც მთავარია, სპეციალური სადაზვერვო ოპტიკურ-ელექტრონული მოდულით, რომელიც ჯავშანმანქანის სახურავზეა დამონტაჟებული და 360 გრადუსით შეუძლია ოპტიკური დაზვერვის განხორციელება დღისითაც და ღამით.

9cb60f9d-5736-4b86-b0c6-db45fe21bd4b-1653552043.jpeg

წლევანდელი დამოუკიდებლობის დღის სიახლეს ასევე წარმოადგენდა ებრაელ პარტნიორებთან ერთად შექმნილი 5,56 მმ კალიბრის „ჯი-4“-ის მოდიფიკაციის ავტომატური კარაბინი, რომლის სერიული წარმოებაც თბილისში იწყება.

და, რა თქმა უნდა უნდა, აუცილებლად უნდა აღინიშნოს თბილისის თავზე „იროკეზის“ ტიპის შვეულმფრენებისა და „სუ-25“ ტიპის მოიერიშე თვითმფრინავების დაბალ სიმაღლეზე გადაფრენა, საქართველოს დროშის ფერების შესატყვისი კვამლის გაშვებით - ეს მოირიშე თვითმფრინავებიც, რომლებიც, ფაქტობრივად, ჩამოწერილი და გასაყიდად გამზადებული იყო, სააქციო საზოგადოება „თამ“-„თბილავიამშენისა“ და „დელტას“ სპეციალისტებმა ერთობლივი ძალებით გაარემონტეს და მწყობრში ჩააყენეს...