"ეროვნული ინტერესების უგულებელყოფა და პირადი ინტერესებისთვის ბრძოლა არ შეიძლება... თუ რუსეთმა უკრაინაში თავის მიზანს მიაღწია, შემდეგი იქნება საქართველო" - კვირის პალიტრა

"ეროვნული ინტერესების უგულებელყოფა და პირადი ინტერესებისთვის ბრძოლა არ შეიძლება... თუ რუსეთმა უკრაინაში თავის მიზანს მიაღწია, შემდეგი იქნება საქართველო"

1918 წლის 26 მაისს, კვირას, ნაშუადღევს, 5 საათსა და 10 წუთზე თბილისში, გოლოვინის (დღეს რუსთაველის) გამზირზე მდებარე კავკასიის მეფისნაცვლის ყოფილ რეზიდენციაში საქართველოს ეროვნულმა საბჭომ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობა გამოაცხადა. სამწლიანი დამოუკიდებლობის შემდეგ ქართველებს ისევ მოგვიწია რუსულ იმპერიალიზმთან ბრძოლა, 73-წლიანი ბრძოლის შემდეგ ისევ მოვახერხეთ დამოუკიდებლობის მოპოვება და 1991 წელს კვლავ შევძელით საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღება.ასევე, 26 მაისი საქართველოს ეროვნული გმირის, მერაბ კოსტავას დაბადების დღეა და მან სხვა ყველაფერთან ერთად, შემდეგი სიტყვებიც დაგვიტოვა: "მოესწრებით იმ დროს, როცა საქართველო თავისუფალი გახდება! მაგრამ იცოდეთ, თუ მაშინაც, დამოუკიდებელ ქვეყანაში, თავისუფლებისთვის შეწყვეტთ ბრძოლას, ამ თავისუფლებას დაკარგავთ თქვენც და ქვეყანაც".

კონკრეტულად რა გამოწვევები და საფთხეები დგას ამჯერად ჩვენ წინაშე, ამის შესახებ ანალიტიკოსები ზურა ბატიაშვილი და ვახტანგ ძაბირაძე გვესაუბრებიან.

ზურა ბატიაშვილი:

- 1918 წლის 26-მა მაისმა ჩვენს ქვეყანაში ბედნიერება მოიტანა, მაგრამ ეს სიხარული ჩაკლეს 1921, 1924, 1937 წლებში. დღეს ისევ ვზეიმობთ დამოუკიდებლობის დღეს, თუმცა ქვეყნის 20% ისევ ოკუპირებულია და დანარჩენი ქვეყნის დამოუკიდებლობაც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ჩვენი ქვეყნის ნომერ პირველი პრობლემა ისევ რუსული ოკუპაციის საფრთხეა. ბოლო გამოკითხვის თანახმად, ქართველი ხალხი რუსეთ-უკრაინის ომს საფრთხედ აღიქვავს და მართალიც არის, თუ რუსეთმა უკრაინაში თავის მიზანს მიაღწია, შემდეგი იქნება საქართველო. ასევე, რეალურია საფრთხე იმის, რომ ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაცია გაურკვეველი დროით გადაიდოს.

- თქვენი შეხედულებით, ამ საფრთხეების დაძლევის რესურსი გაგვაჩნია?

- ამ საფრთხეების დაძლევა ძალიან რთულია, მით უფრო, იმის ფონზე, როდესაც ჩვენი მოსახლეობის დიდი ნაწილი უცხოეთში წავიდა და იქ ახდენს საკუთარი შესაძლებლობების რეალიზაციას. ისღა დაგვრჩენია, ვინც აქ დავრჩით, ბოლომდე ვიბრძოლოთ საკუთარი თავისუფლებისთვის და ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის!

ვახტანგ ძაბირაძე:

- საქართველოს, ისევე, როგორც სხვა პატარა ქვეყნებს, მუდმივად უწევდა ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის. ხშირად დამოუკიდებლობა თვითმყოფადობის შენარჩუნების ტოლფასი იყო. ხშირად ვიდექით გადაშენების საფრთხის წინაშეც. დაუღალავმა ბრძოლამ შეგვინარჩუნა დამოუკიდებლობა. 1918 წელს ჩვენ არც კი ვიყავით მზად დამოუკიდებლობისთვის და რომ არა ბოლშევიკური რევოლუცია, ჩვენ, ალბათ, რუსული იმპერიის ნაწილად დავრჩებოდით. არც მაშინ გვქონდა დასავლეთის მხარდაჭერა და არც შემდგომ წლებში. მსოფლიო ლიდერები რუსულ ინტერესებს მეტ ანგარიშს უწევდნენ, ვიდრე საქართველოს დამოუკიდებლობის სურვილს. შესაბამისად, დავკარგეთ კიდეც დამოუკიდებლობა. თუმცა ბრძოლის ჟინი და დამოუკიდებლობის სურვილი ქართველებს არასდროს დაუკარგავთ. წარსულის წიაღსვლებს თავი რომ დავანებოთ, ჩვენ დღესაც ვიბრძვით, გუშინ და გუშინწინაც ვიბრძოდით. 1991 წელს კი გამოვაცხადეთ დამოუკიდებლობა, მაგრამ ბრძოლა 1989 წლიდან დავიწყეთ. დღესაც ვიბრძვით! რამდენ ხანს გასტანს ეს ბრძოლა? ძნელი სათქმელია.

მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო, ჩვენ წინაშე არსებული საფრთხეები მნიშვნელოვნად გაიზარდა. თუ 2008 წელს, რუსეთი დასავლეთის მკვეთრ რეაქციას დაემორჩილა, დღეს ასე აღარ მოხდება, იმიტომ, რომ რუსეთი, ფაქტობრივად, დასავლეთთან ომშია ჩართული. შესაძლოა, უკრაინას და ჩვენც უფრო მკვეთრი დასავლეთი გვინდოდეს, მაგრამ სიტუაცია ობიექტურად შევაფასოთ, უპრეცედენტო რამ ხდება, ბოლო 30 წლის განმავლობაში უკრაინას დასავლეთის მხრიდან იმის მეასედი მხარდაჭერა არ ჰქონია, რაც დღეს აქვს. ეს მხარდაჭერა კიდევ გაიზრდება, ვინაიდან საფრთხე დიდია.

რაც შეეხება შიდაპოლიტიკურ ვითარებას, ამ მხრივ ჩვენ ყოველთვის რთული მდგომარეობა გვქონდა და ახლაც ასეა. როდესაც საკითხი სცდება პოლიტიკურ ინტერესებს და ეროვნული ინტერესის საგანი ხდება, ამის უგულებელყოფა და პირადი ინტერესებისთვის ბრძოლა არ შეიძლება. ამას ვამბობ, როგორც ხელისუფლების, ისე - ოპოზიციის მისამართით. ქვეყანაში არ მოიძებნა ისეთი ძლიერი პოლიტიკური ჯგუფი, რომელიც ამ ორ, დაპირისპირებულ მხარეს შორის ბარიერს მაინც შექმნის. პოლიტიკოსების მიერ გაკეთებული განცხადებების კომენტირებაც კი მიჭირს, ისეთ რაღაცებს ვისმენთ, არათუ ჩამოყალიბებული პოლიტიკოსისთვის, ნორმალურად მოაზროვნე ადამიანისთვისაც კი შეუფერებელია. ამ დაპირისპირებასა და კინკლაობაში ქვეყნის ეროვნული ინტერესები სადღაც, მეორე პლანზეა გადაწეული.

მიუხედავად ყველაფრისა, მგონია, რომ დამოუკიდებლობას შევინარჩუნებთ. როგორ? დღეს ჩვენი დამოუკიდებლობა სხვათა ინტერესებში შედის. დასავლელ პარტნიორებს ვგულისხმობ. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ გულზე ხელები უნდა დავიკრიფოთ და დაველოდოთ, რა მოხდება. ძალიან აქტიურები უნდა ვიყოთ საგარეო პოლიტიკაში. დასავლეთის მიმართ ულტიმატუმებით საუბარი ჩვენი ხელისუფლების მხრიდან, არათუ არაგონივრული, არამედ - არასერიოზულია. თუ ვინმეს ჰგონია, რომ ჩვენ იმავე ტონში უნდა ველაპარაკოთ, როგორც ზელენსკი საუბრობს, ძალიან ცდება. დღეს საქართველო და უკრაინა სრულიად განსხვავებულ განზომილებებში იმყოფებიან და წესით, ამას უნდა აანალიზებდნენ. ყველაფრის მიუხედავად, ვფიქრობ, რომ ჩვენ ევროკავშირის წევრი ქვეყნის სტატუსს მივიღებთ. გილოცავთ 26 მაისს და ვუსურვებ მთელ ერს, არა მხოლოდ უსაფრთხოების გარანტიების მოპოვება მოვახერხოთ, არამედ - ტერიტორიული მთლიანობაც აღვადგინოთ.

(სპეციალურად საიტისთვის)

ხათუნა ბახტურიძე