რა ხდებოდა სტალინური ეპოქის მიწურულს? - კვირის პალიტრა

რა ხდებოდა სტალინური ეპოქის მიწურულს?

ქართველი ხალხის ეროვნული ერთობისა და თვითშეგნების დაცვისთვის ბრძოლის ისტორიიდან (1925-1975 წწ.)

სტალინის გარდაცვალებიდან მალე შვიდი ათეული წელი შესრულდება... მიუხედავად ამისა, "სტალინური ეპოქის" ობიექტურად შესწავლა-გაანალიზება ჯერაც არ დასრულებულა.რუსეთის ფედერაციის ხელისუფლება და მოსახლეობის უმრავლესობა დღემდე ვერ ივიწყებს სსრ კავშირს, მეორე მსოფლიო ომში მოპოვებულ გამარჯვებას და სიამაყით აცხადებს: "რუსეთი ატომური დერჟავაა". იმავდროულად, საბჭოური რეჟიმის ყველა ნეგატიურ მოვლენას სტალინსა და ბერიას აბრალებენ და მათ ქართულ წარმომავლობაზე ნიშნის მოგებით მიუთითებენ. ქართველთა ერთი ნაწილის მოსაზრებით, სტალინსა და ბერიას საქართველოსთვის ცუდის მეტი არაფერი გაუკეთებიათ და მათ მოღალატეებად მიიჩნევენ. ჩვენ კი ვფიქრობთ, რომ ორივე პოზიცია არაობიექტურია. ობიექტურობას წაადგება, თუ რუსი კრიტიკოსები "გაიხსენებენ", რომ სსრ კავშირად წოდებული ზესახელმწიფო შექმნა ეროვნებით ქართველმა სტალინმა, რომელმაც მსოფლიო ომში დაამარცხა უძლიერესი მოწინააღმდეგე, ასევე ქართველის - ბერიას ორგანიზატორული უნარის გამოყენებით, ქვეყანა ატომური იარაღით აღჭურვა, ხოლო ქართველმა კრიტიკოსებმა ასევე უნდა გაითვალისწინონ, რომ სტალინი და ბერია იდგნენ სსრ კავშირის ხელისუფლების სათავეში და არა დამოუკიდებელი საქართველოსი.

stalini-2-1653571578.jpg
ევგენი ევტუშენკო

* * *

სტალინური ეპოქის საყურადღებო შეფასებას ვხვდებით საბჭოთა საქართველოს პარტიული და სახელმწიფო მოღვაწის, მეცნიერისა და მწერლის, დევი სტურუას (1930-2001) მოგონებებში "სტალინი, ხრუშჩოვი, ბრეჟნევი" (1995), რომელშიც ვკითხულობთ: "სტალინზე წერდნენ და წერენ ჩვენშიც და საზღვარგარეთაც ბევრს, ძალიან ბევრს. ზოგჯერ გეჩვენება, რომ ამ გოლიათს ახლაც ჰყავს მონუსხული მთელი მსოფლიო თავისი შემაძრწუნებელი ხიბლით. ერთი მნიშვნელის მიგნების ცდა ალბათ უნაყოფო მეცადინეობაა. ერენბურგს სტალინი ესახებოდა სულ სხვაგვარად, ვიდრე მაგალითად, შოლოხოვს. ვის დავუჯეროთ, არც ერთს, თუ ორივეს ერთად? მახსოვს, თბილისში რუსული ლიტერატურის დღეეები რომ ტარდებოდა, ევგენი ევტუშენკო ჩვეულებისამებრ სტალინს მოდგა, არ დაიშურა მკვახეზე მკვახე ეპითეტები. სხვადასხვა გრძნობით უსმენდნენ მაშინ ევტუშენკოს, მაგრამ არავინ არ შეპაექრებია. ბოლოს სიმონოვმა თქვა წყნარად, თითქოს იმ ეპოქის ტალღებში იძირებაო: "ეხ, ჟენია, ჟენია, აი, წარმოთქვამ შენ აქ სხვადასხვა ხმაურიან სიტყვებს, მაგრამ ერთხელ მაინც რომ გენახა ეგ ადამიანი, გასაუბრებოდი მას, როგორც ქალმა იცის თავდავიწყებით შეყვარება, ისე შეგიყვარდებოდა!" (ხაზგასმა აქაც და შემდეგშიც ჩვენია.- ნ. ჯ.)გამოუტანა კი ისტორიამ საბოლოო განაჩენი სტალინს? არის ბევრი საკითხი, რომელიც პასუხს ითხოვს. იცის კი ვინმემ ზუსტი ზომა მისი პირადი პასუხისმგებლობისა ყველაფერზე, რაც კი ხდებოდა მისი მრისხანე მმართველობის სამი ათეული წლის განმავლობაში? ამ შეკითხვაზე მე პირადად ვერ ვნახე პასუხი ვერც ტროცკის წიგნში "სტალინი", ვერც ისააკ დოიჩერის დიდი მოცულობის ბიოგრაფიაში, ვერც ვოლკოგონოვის უნიჭო, კომპილატურ წიგნში, ვერც ზღვასავით მოვარდნილ მემუარულ და მხატვრულ ლიტერატურაში.

ვინ გასცემს პასუხს კითხვაზე: სტალინმა ჩამოაყალიბა ის ცხოვრება და ყოფა, რომლებიც გასწვდნენ 20-30-40-50-იან წლებს, თუ პირიქით, ამ ცხოვრებამ და ყოფამ ჩამოაყალიბეს სტალინი? მამა იყო ის თავისი მრისხანე ეპოქის თუ შვილი? ან იქნებ ერთსა და იმავე დროს შემოქმედიცა და მსხვერპლიც თავისი ბოლომდე გაუთვითცნობიერებელი რეჟიმისა? ვინ იცის!ალბათ, მომავლის ბრძენი და მიუკერძოებელი ისტორიკოსი (თუ ეს მომავალი შედგება, რა თქმა უნდა) იტყვის თავის საბოლოო, გადამწყვეტ სიტყვას, მაგრამ მას, სამწუხაროდ, ჩემი თაობა ვეღარ მოისმენს... ყველა მომდევნო თაობა ისევ მიუბრუნდება სტალინის თემას და საკუთარ ვერდიქტს გამოუტანს ამ ბუმბერაზს. მაგრამ ჩვენს თაობას აქვს ერთი უპირატესობა მომავლის ისტორიკოსზეც და მომავალ თაობებზე. ჩვენ ვიყავით მონაწილენი განსაცვიფრებელი, ფანტასტიკური ექსპერიმენტისა, რომლის წინააღმდეგ აღდგა მთელი დანარჩენი სამყარო და რომელიც ჩვენ თვითონვე შევწყვიტეთ, ვინაიდან იგი მოითხოვდა სხვაგვარ ენერგიას, შემართებასა და რწმენას. სტალინის გარშემო, ისევე როგორც იულიუს კეისრის ან ნაპოლეონის გარშემო, ყოველთვის იქნება აზრთა და შეფასებათა ჭიდილი, იმიტომ რომ, ასეთი ფენომენის ანატომირება ყოველთვის საინტერესოა, ვინაიდან მათ აჩვენეს ერთი ადამიანის შესაძლებლობათა მაქსიმუმი.

ბალზაკი წერდა, რომ გენიოსი არ აბარებს ანგარიშს ეპოქას, ვინაიდან თვითონ არის მისი შემქმნელი. ჩააბარებს თუ არ ჩააბარებს სტალინი ანგარიშს თავის ეპოქას, ალბათ შორეული მომავლის საქმეა".აქვე განვმარტავთ, რომ კონსტანტინ სიმონოვიცა (1915-1979) და ევგენი ევტუშენკოც (1932-2017) იყვნენ ცნობილი რუსი მწერლები და საზოგადო მოღვაწენი. ცნობისთვის, პირველი სომხური წარმომავლობის გახლდათ, ხოლო მეორე - უკრაინულის.

stalini-1-1653571578.jpg
კონსტანტინ სიმონოვი

* * *

გამოჩენილი საზოგადო მოღვაწის, მწერლისა და მთარგმნელის, გერონტი ქიქოძის (1885-1960) წიგნში "თანამედროვის ჩანაწერები" (2003) ვკითხულობთ: "სტალინის სიკვდილით დასრულდა ერთი მნიშვნელოვანი პერიოდი საბჭოთა კავშირის ისტორიაში. როგორც უნდა დააფასონ მისი მემკვიდრეობა შემდგომმა თაობებმა, მტრებიც და მეგობრებიც იძულებული იქნებიან აღიარონ, რომ ეს იყო პოლიტიკური მოღვაწე, ერთნაირად ძლიერი, როგორც ნგრევის, ისე შენების საქმეში. მან წარმატებით განაგრძო ლენინის საქმე და რუსი ხალხი, რომელიც ოქტომბრის რევოლუციამდე ალკოჰოლის, ეპიდემიური ავადმყოფობის და უმეცრების ტყვეობაში იმყოფებოდა, მატერიალური და სულიერი პროგრესის გზაზე დააყენა. თუმცა სტალინი ხშირად იმეორებდა, მე მხოლოდ ლენინის მოწაფე ვარო, მაგრამ სინამდვილეში მან სრულიად ახალი გზები უჩვენა საბჭოთა კავშირს. და ყოველივე, რაც ქვეყნის ინდუსტრიალიზაციის, სოფლის მეურნეობის კოლექტივიზაციის, კულტურული რევოლუციის საქმეში, ბოლოს, მსოფლიო ომში გაკეთდა, მისი ტიტანური ნებისყოფის სიძლიერეს და გონებრივი ჰორიზონტის სიფართოვეს მოწმობს. სტალინი არასდროს ცხოვრების მიერ განებივრებული არ ყოფილა და არც უძებნია ნებივრობა. თავის თავს სუსხიან ატმოსფეროში უკეთ გრძნობდა, ვიდრე კრემლის სასახლეში... როგორ შეეძლო ვინმეს ხანგრძლივად დამეგობრებოდა ეს ადამიანი, რომელიც ცხოვრებას საყოველთაო შეუნელებელ ომად თვლიდა. კაცი მას ან უნდა გასცლოდა, ან დამორჩილებოდა".ვფიქრობთ, საგულისხმოა, რომ ღრმად განსწავლულმა და ანტისაბჭოურად მოაზროვნე ქართველმა პატრიოტმა გერონტი ქიქოძემ სტალინს ასეთი შეფასება მისცა.

stallin-1-1653571578.jpg
ლავრენტი ბერია

* * *

მიუხედავად იმისა, რომ ლავრენტი ბერია ყველანაირად ცდილობდა ბელადის კეთილგანწყობის მოპოვებასა და შენარჩუნებას, მასთან ურთიერთობისას ფრთხილობდა და გულმოდგინედ ასრულებდა მის მითითებებს, სტალინი მას მაინც ეჭვით უმზერდა. 1945 წლის მიწურულს ბერია ჩამოაცილეს ძალოვან უწყებას, თუმცა ხელისუფლებაში შეინარჩუნეს (მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილედ), ხოლო მომდევნო წლიდან საკავშირო კომპარტიის ცკ-ის პოლიტბიუროშიც შეიყვანეს.სტალინის სიცოცხლეში ბერია ვერ ბედავდა ბელადის გაკრიტიკებას. ეს მან გაბედა ერთადერთხელ, კორეის 1950-1953 წლების ომის დაწყებისას, საქართველოს კომპარტიის ცკ-ის პირველ მდივან კანდიდ ჩარკვიანთან (1906-1994) კერძო საუბარში. ჩარკვიანი იგონებდა: "სტალინმა დაურეკა მაო ძედუნს და სთხოვა, გაეგზავნა ჩრდილოეთ კორეელების დასახმარებლად ჩინელი მოხალისეები. მართლაც, გაგზავნა მოხალისეები და ამერიკელებმა ფეხი აღარ მოიცვალეს, ჩინელებთან ომს თავი აარიდეს. ამის შესახებ მითხრა ბერიამ, რომელიც მაშინ უკვე გათამამებული იყო. ეს არის 1950-1951 წლები. მე ძალიან გამიკვირდა, ისე თამამად თქვა სტალინის შესახებ: - არაფერს გვიჯერებს, აი, დაურეკა მაო ძედუნს და უთხრა, გააგზავნე ჯარები, კორეა დაიცავიო. რად გვინდა ურთიერთობის გაფუჭება ამერიკასთანო! მგონი, ის ამერიკელებთან რაღაც შეთანხმებაზე ფიქრობდა. მე ვუთხარი, რომ პოლიტბიუროში ალბათ უნდა შეეჯერებინათ აზრები და დასკვნები ისე გამოეტანათ. ამაზე მიპასუხა: - რა უნდა ვუთხრა, მთელი ხელისუფლება მის ხელშიაო. ეს იყო ერთადერთი შემთხვევა, როცა ბერიასგან სტალინის პოლიტიკის საწინააღმდეგო აზრი გავიგე. სხვა უკმაყოფილება მისგან არ მსმენია და ესეც გამიკვირდა, რომ მითხრა" (გელა ჩარკვიანი, ინტერვიუ მამასთან, თბ., 2013).

stallin-2-1653571578.jpg
ვიაჩესლავ მოლოტოვი (ზის მაგიდასთან), იოახიმ ფონ რიბენტროპი (დგას მოლოტოვის უკან) და იოსებ სტალინი მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტის ხელმოწერისას (1939 წლის 23 აგვისტო)

1953 წლის 5 მარტს, სტალინის გარდაცვალების დღესვე, ბერია დააწინაურეს სსრ კავშირის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის პირველ მოადგილედ, ხოლო 15 მარტს შინაგან საქმეთა მინისტრადაც დანიშნეს (პირველი პოსტის შენარჩუნებით). ეს მისი კარიერის მწვერვალი აღმოჩნდა. ბერიამ საქართველოს კომპარტიის ცკ-ის პირველი მდივნის თანამდებობა დაატოვებინა მისთვის არასასურველ აკაკი მგელაძეს (1910-1980), რომელიც ამ პოსტზე დაინიშნა სტალინის ინიციატივით, 1952 წლის 2 აპრილს, კანდიდ ჩარკვიანის განთავისუფლების შემდეგ.1953 წლის 14 აპრილს, ბერიას ინიციატივით საქართველოს კომპარტიის ხელმძღვანელად ალექსანდრე მირცხულავა (1911-2009) აირჩიეს. იმხანად, გულმოცემული ბერია სულ რამდენიმე დღის გარდაცვლილ ბელადს უკვე დაუფარავად აკრიტიკებდა.

jumber-patiasvili-124-1653571795.jpg
ჯუმბერ პატიაშვილი (მარჯვნიდან მეორე)

17 მარტს მასთან სტუმრად მისული კანდიდ ჩარკვიანი ასე იგონებდა ბერიას საუბარს: "ეს სტალინი რომ განვადიდეთ ასე, ყველა რომ აქებდითო (თითქოს თვითონ არ აქებდა), ვინ იყო ესო? არც არაფრის ნიჭი ჰქონდა და არც არაფერს აკეთებდაო. ომი ვინ მოიგოო, ჩვენ მოვიგეთ ომიო"... და დაუწყო გინება. მოკლედ, ყველაფერი ითქვა, რაც შემდეგ სტალინს მოსდეს... ყოველმხრივ გალანძღა მისი ხელმძღვანელობა. ვუყურებ ამ კაცს და გაკვირვებული ვარ, წინათ რას ლაპარაკობდა და ახლა რას ლაპარაკობს. ერთი კი გამკრა გულში, რომ ის დაიღუპავდა თავს, იმიტომ რომ ისე ლაპარაკობდა, აშკარად ზევით აპირებდა წამოსკუპებას. ალბათ შეცდებოდა რაღაცაში, მისი ამბავი რომ ვიცოდი და ეს მიიყვანდა დაღუპვამდე. ხომ არ ვეტყოდი. გაგრძელდა ლაპარაკი და სტალინის ლანძღვა არანაკლებ ორი-სამი საათისა. სტალინის პიროვნების კულტი პირველად სწორედ ბერიამ ახსენა მაშინ. ეს სიტყვა მის სეკრეტარიატში წარმოიშვა. ვფიქრობ, მერკულოვმა შექმნა... განათლებული კაცი იყო, კარგი ლიტერატურული გემოვნებით" (დასახ. წიგნი).აქვე განვმარტავთ, რომ ბერიას დაჯგუფების წევრი ვსევოლოდ მერკულოვი იყო სსრ კავშირის სახელმწიფო უშიშროებისა და კონტროლის მინისტრი და არმიის გენერალი, თბილისელი რუსი, რომლის დედაც ქეთევან წინამძღვრიშვილი გახლდათ.

1985 წლის 9 მაისს, სსრ კავშირის საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ვიაჩესლავ მოლოტოვმა მასთან სტუმრად მყოფ პირებთან (აკადემიკოსი ალექსანდრ პაჩესი, ნოშრევან ჯორჯაძე, ანზორ ერქომაიშვილი, თამაზ ანდღულაძე და ზაურ კონტრიძე) საუბრისას განაცხადა: "ბერია უნიჭიერესი კაცი იყო, არაადამიანური ენერგიის მქონე და შრომისმოყვარე. შეეძლო კვირების განმავლობაში დაუძინებლად ემუშავა, მაგრამ ერთი ცუდი თვისება ჰქონდა - ორპირი იყო. ჩემთან ერთს იტყოდა, მიქოიანთან მეორეს, ხრუშჩოვთან მესამეს, სტალინთან მეოთხეს და ისე გადახლართავდა ძაფებს, რომ იქიდან გამოძრომას დიდი ხანი ვუნდებოდით. რაც შეეხება ბრალდებას, რომ ბერია უცხოეთის აგენტი იყოო, მტკნარი სიცრუეა. მას დანაშაულის გარდა საბჭოთა კავშირის წინაშე დიდი დამსახურებაც ჰქონდა... ბერიამ დამირეკა და შემომთავაზა მათ ჯგუფს მივმხრობოდი. მე კი პირიქით ვურჩიე, ჩვენი პოზიცია დაეჭირა. არ დამიჯერა და ყურმილი დამიკიდა. ეგონა, ხრუშჩოვის ჯგუფს ადვილად გაუსწორდებოდა, მაგრამ ხრუშჩოვი მასზე უფრო ეშმაკი აღმოჩნდა. ჩემთვის რომ დაეჯერებინა, ისტორიის ჩარხი სხვანაირად დატრიალდებოდა" (ანზორ ერქომაიშვილი, შეხვედრა მოლოტოვთან, წიგნში: "ხმა უცნაური", თბ., 1999). მართლაც, ბერია, რომელიც უმაღლესი თანამდებობების, წოდებებისა და ჯილდოების მფლობელი გახლდათ, დღემდე გაურკვეველ ვითარებაში დაიღუპა. ოფიციალური ვერსიით, 1953 წლის 26 ივნისს იგი დააპატიმრეს, გაასამართლეს და იმავე წლის 23 დეკემბერს დახვრიტეს. არსებობს მისი დაღუპვის სხვა ვერსიებიც.ვფიქრობთ, საყურადღებოა გერონტი ქიქოძის მოსაზრება, თუ რამ განაპირობა, ფაქტობრივად, აღმავლობის მწვერვალზე მყოფი ბერიას დაღუპვა: `ისეთი კაცის მემკვიდრეობის მიღება, როგორიც სტალინი იყო, ყოველმხრივ ძნელია. მან თავის მიმდევრებს დაუტოვა მძიმე ტვირთი, რომელიც ისევე ძნელი ასაწევია, როგორც სტალინისათვის ლენინის მემკვიდრეობის აწევა იყო. ჯერ საბჭოთა კავშირის ომმა ფინეთის წინააღმდეგ, შემდეგ პოლონეთის გაყოფამ გერმანიასა და საბჭოთა კავშირს შორის, შემდეგ პოლონეთის საზღვრების მიყვანამ ელბასა და ნაისემდე, კენიგსბერგის ანექსიამ, წითელი არმიის ნაწილების დაბანაკებამ ელბის ნაპირებზე, ბოლოს ჩინეთის გაკომუნისტებამ და კორეის ომმა დასავლეთ ევროპის პოლიტიკურ წრეებში გამოიწვიეს ეჭვიანობის და შეშფოთების გრძნობა, რომლის განელება არ შეიძლებოდა პროფესორ ჟოლიო-კიურის სიტყვებით, ილია ერენბურგის პუბლიცისტიკით და პოლ რობსონის სიმღერებით. სტალინის სიკვდილის შემდეგ, ბერიამ, როგორც ეტყობა, წარმოიდგინა, რომ რაკი დიდი ჯავშნოსანი გემი, რომელზეც მისი პატარა კატარღა იყო მიბმული, ჩაიძირა, მას შეეძლო მთელი ფლოტის ადმირალი გამხდარიყო და ის ნავსადგურში შეეყვანა.

simon-janashia-030-1653571795.jpg
ენიმკის (ენის, ისტორიისა და მატერიალური კულტურის ინსტიტუტის) სხდომა. ცენტრში ზის სიმონ ჯანაშია

მაგრამ მან ანგარიში არ გაუწია ზოგიერთ ახალ მძლავრ პოლიტიკურ და მორალურ ფაქტორს. ამ ფაქტორთა შორის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო რუსი ხალხის ეროვნული სიამაყის გრძნობის გაძლიერება II მსოფლიო ომის მოგების შემდეგ. რუსი ხალხი, რომელიც სტალინს მის სიცოცხლეში ლენინის უახლოეს მეგობრად თვლიდა და თითქმის არც კი გრძობდა მის არარუსულ წარმოშობას, ბერიას არასოდეს აპატიებდა არც ლენინის გზიდან გადახვევას და არც მის მკვეთრ ქართულ-მეგრულ აქცენტს.რადგანაც ბერიას არც ფართო შემოქმედებითი ჭკუა ჰქონდა და არც ზნეობრივი ავტორიტეტი, თუ ის შემთხვევით ხელისუფლების სათავეში მოექცეოდა, მოსალოდნელი იყო, რომ დაიწყებოდა სამოქალაქო ომი, რომელიც, ალბათ, საბედისწეროდ დამთავრდებოდა ქართველი ერისათვის, ვინაიდან მას პასუხს აგებინებდნენ ბერიას ავანტიურისათვის. როგორც ცნობილია, ეს ავანტიურა ტრაგიკულად დამთავრდა თვით ბერიასთვის". ასეთი კრიტიკული დამოკიდებულების მიუხედავად, ქიქოძე აღნიშნავდა: "ბერიას დანაშაულად უთვლიდნენ ერთი სამხედრო ღონისძიების მიღებას, რომელიც შეიძლება, ყველაზე გონივრული აქტი იყო მის პოლიტიკურ მოღვაწეობაში.

1942 წლის აგვისტოში, როდესაც გერმანელების ჯარები კავკასიონის ქედს მოადგნენ, კავკასიის ფრონტზე, სტალინის დავალებით, ბერია ჩამოვიდა. მან გადააყენა რუსი სარდალი, რომელიც შეუჩერებლად უკან იხევდა და მის მაგივრად გენერალი კონსტანტინე ლესელიძე დანიშნა. ახალი სარდალი ენერგიულ შეტევაზე გადავიდა, მტრის ჯარი უკუაქცია და შორს სდია, სანამ თვითონ სასიკვდილოდ დაიჭრებოდა. საბრალმდებლო ოქმში ნათქვამი იყო, საჭირო არ იყო რუსი სარდლის შეცვლა ქართველითო~ (გერონტი ქიქოძე, თანამედროვის ჩანაწერები, თბ., 2003).აქვე უნდა გავიხსენოთ, რომ 1944 წლის 28 ივლისს, საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ნიკო მარის სახელობის ენის, ისტორიისა და მატერიალური კულტურის ინსტიტუტის (იმავე "ენიმკის") სამეცნიერო საბჭომ (თავმჯდომარე - აკადემიკოსი სიმონ ჯანაშია), აკადემიკოს ნიკო ბერძენიშვილის წინადადებით, ლავრენტი ბერიას საგანგებო მისასალმებელი წერილი (ადრესი) გაუგზავნა. მასში, სხვა დამსახურებათა ჩამონათვალს შორის, ხაზგასმული იყო ბერიას განსაკუთრებული წვლილი გერმანელი ოკუპანტებისგან ჩრდილო-დასავლეთ კავკასიის განთავისუფლებაში. ეს წერილი გამოქვეყნებულია ("საბჭოთა ენათმეცნიერების ისტორიიდან: საარქივო მასალები", სტატიების კრებული თინათინ ბოლქვაძის რედაქციით, თბ., 2018).

რუსულ ენაზე დაწერილი ამ ადრესის ნაწყვეტის ჩვენეულ თარგმანს აქ პირველად ვაქვეყნებთ: "ძვირფასო ლავრენტი პავლეს ძევ, ჩვენი ხალხის სულში წარუშლელად და თქვენდამი უღრმესი პატივისცემით არის აღბეჭდილი 1942 წლის შემოდგომის მძიმე დღეები, როდესაც თქვენი რკინის ხელით დაიცავით ჩვენი სამშობლოს თავისუფლება და ღირსება, ჩვენი მონაპოვარი და მომავალი. დღეისთვის კი, როდესაც დიდი სტალინის გენიალური გეგმით, წითელი არმია სპობს და ანადგურებს გერმანელ ფაშისტთა შემზარავ ტომს, მოწინავე კაცობრიობის იმედის განხორციელებისას, ჩვენი უდიდესი სურვილია - ვუსურვოთ ჯანმრთელობა და დღეგრძელობა ამხანაგ სტალინს და მის უახლოეს თანამებრძოლს და საუკეთესო მეგობარს ლავრენტი პავლოვიჩ ბერიას! დაე, ჯანმრთელად და მრავალ წელს ცოცხლობდეს ქართველი ერის დიდებული შვილი ლ. პ. ბერია!"

* * *

1953 წლის 26 ივნისიდან, მას შემდეგ, რაც ოფიციალურად გამოცხადდა ბერიას დაპატიმრების შესახებ, სსრ კავშირში ქართველთა დევნა-შევიწროება გაჩაღდა. ედუარდ შევარდნაძე (1928-2014), რომელიც 1972-1985 წლებში საქართველოს კომპარტიას ხელმძღვანელობდა, თავის მემუარებში "ფიქრი წარსულსა და მომავალზე" (2006) აღნიშნავს: `ბერია შიშის ზარს სცემდა ყველას, დაწყებული პოლიტბიუროს წევრებით, უბრალო ადამიანებით დამთავრებული. სტალინის იდუმალებით მოცული სიკვდილის შემდეგ იგი თავისი გავლენით პირველ კაცად გადაიქცა. ამანაც დაღუპა, მეორე ქართველს რუსეთის პირველ კაცად ვერავინ მოითმენდა და ბერია ხრუშჩოვის შეთქმულებას ემსხვერპლა, იმ ხრუშჩოვისა, რომელსაც ბერიაზე ნაკლები ცოდვები როდი ჩაუდენია...

kacharava-151-1653571795.jpg
ედუარდ შევარდნაძე სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას

ბერია შიშსა და მზაკვრობაზე დამყარებული ბოლშევიკური სისტემის ტიპიური და ნიჭიერი განსახიერება იყო. საბჭოთა ქვეყანაში მან შექმნა უშიშროების ქსელი, რომელსაც მთელ მსოფლიოში ჰქონდა საცეცები გაბმული... დიდია მისი აგენტურის როლი ფაშიზმზე გამარჯვებაში, ბირთვული პროგრამის განხორციელებაში... ბერიას დაჭერა და დახვრეტაც, როგორც მოსკოვში, ისე თბილისშიც, ქართველთა დევნისა და რეპრესიების საბაბად იქცა".ეს პროცესი მოსკოვში სასწავლებლად ჩასულ ახალგაზრდებსაც შეეხო. ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის უნივერსიტეტის პროფესორი რევაზ გივის ძე ჟორდანია (1934-2011) იგონებდა: "სკოლა ოქროს მედლით დავამთავრე. მამამ, ოჯახური ტრადიციისამებრ, სწავლა მოსკოვის უნივერსიტეტში მირჩია... მოსკოვში ჩასვლისას ერთბაშად სამი კაცი დამხვდა... მამას ყოფილმა ხელმძღვანელმა, იმჟამად კი მეგობარმა, აკადემიკოსმა ევგენი კოსმინსკიმ (შუა საუკუნეების ისტორიის სახელმძღვანელოს ავტორმა) თავისი მძღოლი დამახვედრა... ორშაბათს, დილით, ევგენი ალექსეევიჩი წამომყვა უნივერსიტეტში. მივედით რექტორატში. როცა რექტორმა ივან პეტროვსკიმ (1901-1973) გაიგო, რომ აკადემიკოსი კოსმინსკი ელოდება, თვითონ გამოაღო კარი და მიიპატიჟა. რამდენიმე წუთის შემდეგ დამაწერინეს განცხადება და ჩემი საბუთები მიიღეს. გავიარე გასაუბრება... თითქოს ყველაფერი რიგზე იყო, მაგრამ ეშმაკს არ ეძინა: მეორე დღეს გამოცხადდა ლავრენტი ბერიას დაპატიმრების ამბავი და უკვე საღამოს, ვიღაცა ლოთი მილიციელს ლანძღავდა: «Ах ты, Берия, проклятый!» ("ახ, შე ბერიავ, წყეულო!").

მოსკოვში გავრცელდა ხმა, რომ ბერია აეროდრომზევე მოკლეს. წითელ მოედანზე ორი ტანკი იდგა...მესამე დღეს, როცა მივედი საბუთების გასაფორმებლად, პირველ ნაწილში დამიბარეს. ყველამ იცოდა, რომ "პირველადი ნაწილები" ყველა დაწესებულებაში არსებობდა და ისინი კა-გე-ბეს ფილიალებს წარმოადგენდნენ. ერთი გამხდარი, სათვალიანი კაცი გამესაუბრა. მკითხა, რატომ ჩამოვედი მოსკოვში, როცა თბილისში არის უნივერსიტეტი? ამაზე მივუგე, რომ ყველას (მით უმეტეს - ოქროს მედალოსანს) უფლება აქვს ისწავლოს საბჭოთა კავშირის ნებისმიერ უმაღლეს სასწავლებელში-მეთქი. მერე ისიც დავუმატე, რომ ჩემი დედ-მამა, პაპა და პაპის მამაც ამ უნივერსიტეტში სწავლობდნენ და ახლა მეც ამას ვაპირებ-მეთქი. ამაზე ვერაფერი მომიგო, მაგრამ დამიწყო შეკითხვების დასმა ჩემი მშობლების შესახებ და სხვ. ბოლოს, ისე მომაბეზრა თავი, რომ პირდაპირ ვკითხე: "ეს თქვენი დაკითხვა ბერიას დაპატიმრებასთან ხომ არ არის დაკავშირებული?" მან იუარა, მაგრამ მოპირდაპირე მაგიდასთან მჯდომმა ახალგაზრდა ქალმა ჩუმად დამიკრა თავი... ყველაფერი გასაგები იყო: ჩემი მოსკოვში ყოფნა (მით უმეტეს, ჩემი გვარის პატრონისთვის) მათთვის სასურველი არ იყო. სასწრაფოდ გამოვიტანე საბუთები და მამას დეპეშა გავუგზავნე... ჩვენს უნივერსიტეტში მიღება დამთავრებული იყო, მაგრამ მამამ სთხოვა რექტორს - აკადემიკოს ილია ვეკუას, რომელთანაც დაახლოებული იყო და მან ბიოლოგიის ფაკულტეტზე ჩემთვის დამატებითი ადგილი გამოყო. ნიკო კეცხოველის შემდეგ ილია ვეკუა სამი თვე იყო რექტორად, შემდეგ კი მოსკოვში გადავიდა სამუშაოდ" (რევაზ ჟორდანია, მოგონებათა კონა/ქართველი ინტელიგენტის ცხოვრება XX საუკუნეში, თბ., 2007).

* * *

აღსანიშნავია, რომ გორში მდგარი სტალინის ძეგლის აღებას (2010 წ.) და მისი სახლ-მუზეუმის "სტალინიზმის მუზეუმად" გადაკეთებას (2012 წ.) ვანდალიზმად მიიჩნევს ჯუმბერ პატიაშვილი (დაბ. 1939 წ.), რომელიც საქართველოს კომპარტიას 1985-1989 წლებში ხელმძღვანელობდა. თავის მოგონებათა წიგნში "ოცდასამი წლის შემდეგ" (2013) იგი დანანებით აღნიშნავს: "რა დონის უმადური უნდა იყოს ერი, რა დონეზე უნდა აჰყაროს მას საკუთარმა ხელისუფლებამ პატივი და ღირსება, რომ იგი ისტორიის გაყალბებას შეეგუოს და ყოველგვარი პროტესტის გარეშე, მონური სიმშვიდით, გულხელდაკრეფილი შეხვდეს იმ ფაქტს, რომ საქართველოში სტალინის ძეგლი სანაგვეზე მოისროლეს, მაშინ, როცა დედაქალაქში რეიგანის ძეგლს დიდი ზარ-ზეიმით დგამენ(!). ნაპოლეონი, დამარცხების მიუხედავად, დღემდე რჩება ფრანგებისათვის სათაყვანებელ ფიგურად. მსოფლიო ისტორიაში ერთადერთი დაუმარცხებელი მთავარსარდალი კი მისივე თანამემამულეებმა ლამისაა სამშობლოს ყველაზე დიდ მტრად გამოვაცხადოთ... ბერია არ იყო ისეთი მსოფლიო მნიშვნელობის ფიგურა, როგორც სტალინი, მაგრამ ქართველმა ხალხმა არანაკლები უმადურობით უპასუხა მის მიერ გაკეთებულ ყველა კეთილ საქმეს... მის სახელს უკავშირდება საქართველოსათვის სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე არაერთი პროცესის განვითარება: კოლხეთის ჭაობის დაშრობა და ათვისება; დასავლეთ საქართველოში ჩაისა და სუბტროპიკული კულტურების გაშენება; დედაქალაქში არაერთი არქიტექტურული ღირებულების მქონე შენობის აგება... ადამიანი, რომელსაც საკუთარი სამშობლო და ხალხი არ უყვარს, ამდენის გაკეთებას ვერ შეძლებდა... ბევრი შეცდომა ჰქონდა, მაგრამ როდესაც კომპეტენტური შემფასებლები მას "მეოცე საუკუნის საუკეთესო მენეჯერად" მიიჩნევენ, იქნებ ქართველები იმაზე მაინც დავფიქრდეთ, რა ფაქტორებისა და პიროვნული თვისებების გათვალისწინებით მიანიჭეს ეს უმაღლესი შეფასება...

არ შეიძლება პიროვნების ღვაწლის შეფასება მხოლოდ თანამედროვე კრიტერიუმებითა და შავ-თეთრი ფერებით. ეს იყო ეპოქა, რომელშიც სტალინმა და ბერიამ თავადაც შეუძლებელი შეძლეს და სხვებისგანაც იმავეს მოითხოვდნენ. ასეთ დროს კი ძლიერი ლიდერები ადამიანურ სისუსტეებს ძნელად პატიობენ. ორივემ თუ რამ შექმნა - საკუთარი ქვეყნისათვის. პირად კეთილდღეობაზე არცერთს არ უზრუნია, არც საფლავში წაუღიათ ქვეყნის ქონება და არც შთამომავლებისათვის დაუტოვებიათ მემკვიდრეობად, შემდგომი ხელისუფლებებისაგან განსხვავებით".

* * *

ამდენად, სტალინისა და ბერიას საქმიანობის ყოვლისმომცველი, ობიექტური შეფასება ჯერაც მომავლის საქმედ რჩება.

(გაგრძელება შემდეგ ნომერში)

ნიკო ჯავახიშვილი

ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი