"პრინცი უცოლო იყო. ბევრ მანდილოსანს აღეძრა სურვილი, ცოლად გაჰყოლოდა, მაგრამ საქმე სულ სხვამხრივ შეტრიალდა. პრინცს აგრაფინა მოეწონა - ტარიელ დადიანის მეუღლე" - კვირის პალიტრა

"პრინცი უცოლო იყო. ბევრ მანდილოსანს აღეძრა სურვილი, ცოლად გაჰყოლოდა, მაგრამ საქმე სულ სხვამხრივ შეტრიალდა. პრინცს აგრაფინა მოეწონა - ტარიელ დადიანის მეუღლე"

საქართველოს ხელოვნების სასახლის, ლეგენდის თანახმად გრაფ ოლდენბურგის თბილისური რეზიდენციის წარსულის შესახებ ისტორიული წყაროები ძალიან მწირად შემორჩა. უფრო მწირი და ერთმანეთში არეულია ცნობები ამ დიდებული შენობის ბინადართა შესახებ. აქ სინამდვილის, ტყუილისა და მართლის გარჩევა თითქმის შეუძლებელია.

ჩვენს ხელთ არსებული ცნობების დასაბუთება აქამდე ძირითადად მხოლოდ ზეპირი მონაცემების საფუძველზე შეგვეძლო, თუმცა სულ ახლახან საქართველოს ხელოვნების სასახლე - კულტურის ისტორიის მუზეუმის ხელნაწერთა და საარქივო დოკუმენტთა ფონდის მცველის, თამარ მაისურაძის ხელში ერთი უნიკალური დოკუმენტი აღმოჩნდა. უფრო სწორად, ძვირფასი წყარო, რომელიც მეცნიერმა საარქივო მასალის გადამუშავებისას იპოვა და ამით ხელოვნების სასახლის ისტორიის მკვლევართ ფასდაუდებელი დახმარება გაგვიწია. ახალნაპოვნი მოგონების ავტორი დავით ჩხეიძეა.

1024px-tb2-5273-1653573595.jpg
ხელოვნების სასახლე

იგი 1914 წლიდან მსახიობობდა საქართველოს სხვადასხვა თეატრში. 1922-1925 წლებში თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრის დირექტორი იყო, ხოლო 1927-1928 წლებში - ბაქოს ქართული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი. მისი მოგონების სათაურია: "ერთი ქართველი ქალის ისტორია - ამბავი აგრაფინა ჯაფარიძე-დადიანის შესახებ". ავტორი თავის თანადროულ ამბებს იმდენად საინტერესოდ და შთამბეჭდავად გადმოსცემს, რომ ვრცელი ფრაგმენტები ერთი ამოსუნთქვით იკითხება. საილუსტრაციოდ გთავაზობთ რამდენიმე საყურადღებო ეპიზოდს: "რაჭაში, სოფელ ველთეთრში ცხოვრობდა საშუალო მემამულე კონსტანტინე ჯაფარიძე. მას და მის მეუღლეს მელანიას ჰყავდათ ორი ქალი - აგრაფინა და ეკატერინე. ქალიშვილებს სათანადო განათლება მიაღებინეს. ორივემ დაასრულა ქუთაისის წმინდა ნინოს სახელობის ქალთა სასწავლებელი. ლამაზები იყვნენ, მაგრამ აგრაფინა განსაკუთრებით გამოირჩეოდა. ჩამოსხმული ტანისა გახლდათ, მაღალი, სახის ყოველი ნაკვთი იშვიათად გამოძერწილ ქანდაკებას მოგაგონებდათ.

agrafina-jafarize-bruno-vefxvaze-1653573595.jpg
აგრაფინა ჯაფარიძე (ბრუნო ვეფხვაძის ნახატი)

აგრაფინა ცოლად გაჰყვა ტარიელ დადიანს, ეკატერინე კიდევ - ტრიფონ ნაკაშიძეს... ამ პერიოდში რაღაც დანაშაულისთვის სასჯელის მოსახდელად ქუთაისში ცხოვრება ჰქონდა მისჯილი გერმანელ პრინც კონსტანტინე პეტრეს ძე ოლდენბურგსკის, რომელიც ნიკოლოზ მეორის ბიძა იყო დედის მხრივ. კონსტანტინე ოლდენბურგსკიმ ქუთაისში სასახლე ააშენა, ქუჩასაც მისი სახელი დაარქვეს. და კიდევ, ბალახოვანის ქუჩაზე (ბალახვანის უბანი. - გ.კ.) რიონის პირას შამპანიურის ქარხანა, რომელსაც საკმაოდ მოზრდილი ფართობი ეჭირა...პრინცი კონსტანტინე ოლდენბურგსკი ქუთაისში რომ ჩამოვიდა, ჩვენი თავადაზნაურობა შესაფერისი პატივისცემით შეხვდნენ. ბევრი მათგანი დაუმეგობრდა კიდეც. პრინცი გაეცნო ქალაქს. მის მოსახლეობას. პრინცი უცოლო იყო. ჩვენმა მანდილოსნებმა ყურადღება მიაქციეს და ბევრს სურვილი აღეძრა, ცოლად გაჰყოლოდა, მაგრამ საქმე სულ სხვამხრივ შეტრიალდა. პრინცს ყველაზე უფრო მოეწონა აგრაფინა - ტარიელ დადიანის მეუღლე. არც არის გასაკვირი, რომ აგრაფინას მიაქცია განსაკუთრებული ყურადღება, რასაც ეს ქალი მართლა იმსახურებდა თავისი გარეგნობით და კლდემამოსილებით. დიდი, ხანგრძლივი მოლაპარაკების შემდეგ გადაწყდა მათი შეერთება, მაგრამ მთავარი ხელისშემშლელი ამ საქმის დასაბოლოვებლად ის იყო, რომ აგრაფინა მეუღლეს, დადიანს კანონიერად უნდა გაყროდა. იმ დროში ეს ძალიან ძნელი იყო. მეორე მიზეზიც გადასალახავი შეიქნა.

agrafina-jafarize-artem-antanosi-1-1653573595.jpg
აგრაფინა ჯაფარიძე (არტემ ანტანოსის ნახატი)

მიუხედავად იმისა, რომ აგრაფინა აზნაურის ქალი იყო, დადიანის კნეინა, პრინცს უფლება არ ჰქონდა ასეთი წარმოშობის ქალის ცოლად შერთვისა. იგი აუცილებლად უნდა ყოფილიყო ბრწყინვალე გვარიშვილი, წარმოშობით მისი გვარის შესაფერი. ბევრი იფიქრეს და შემდეგ ორივე დამაბრკოლებელი მიზეზი შემდეგნაირად გადალახეს: დადიანს როგორც იქნა, ოფიციალურად გაყარეს, ხოლო საჭირო შეიქნა აგრაფინასათვის გვარის გამოცვლა. გვარი შეუცვალეს - ჯაფარიძისა და დადიანის ნაცვლად ამიერიდან უნდა ეტარებინა გრაფინია ზარნეკაუ. ესეც მოაგვარეს და საბოლოოდ მოხდა მათი შეერთება.ქუთაისში საკმაოდ დიდი ხანი დაჰყვეს, სანამ შვილები არ წამოიზარდნენ. მათ ჰყავდათ სამი ქალი და ორი ვაჟი. უმცროსი ქალი სნეული იყო. მიუხედავად მისი მკურნალობისა თუ აქ, თუ პეტერბურგში, აგრეთვე საზღვარგარეთ საფრანგეთში და გერმანიაშიც ჰყავდათ. ვერავითარმა მკურნალობამ ვერ უშველა და 15-16 წლის ასაკში გარდაიცვალა. დანარჩენი მათი შვილები, ქალები მაინც განსაკუთრებული სილამაზისანი იყვნენ, ასევე ვაჟები. როდესაც აგრაფინა პრინცს გაჰყვა, ქუთაისში ლექსი გამოთქვეს:აგრაფინა კვისკვისა დადიანმა პრინცს მისცა.ამ ლექსის მიხედვით აგრაფინა შაირს შაირითვე პასუხობდა:დადიანი და პრინციოორივე ერთად ვიციო.როცა სასჯელის ვადა გაუთავდა ოლდენბურგსკის, რის შემდეგ დართეს ნება პეტერბურგში ცხოვრებისა. მთლიანი ოჯახის შემადგენლობით დატოვეს ქუთაისის სასახლე გავსილი ძვირფასი ავეჯით. დაკეტილი იყო, არაფერი არ წაუღიათ...პეტერბურგში გადასვლის შემდეგ კონსტანტინეს დიდხანს არ უცოცხლია, გარდაიცვალა და დარჩა აგრაფინა ხუთი შვილით. ბავშვები ყველანი მცირეწლოვანები იყვნენ და მარტო დედას დააწვა თავზე მათი პატრონობა და მათზე მზრუნველობა....

საერთოდ აგრაფინა განთქმული იყო თავისი ძვირფასი ნივთებით და ხშირად გაზეთებშიდაც აქვეყნებდნენ, რომ графиня А. К. Зарнекау блестела своими бриллиантами. მართლაც იშვიათი სანახავი იყო მის "ბუდუარში" მოთავსებული დიდი მაგიდა, რომელსაც ბროლის შუშა ჰქონდა. ეს მაგიდა რამდენიმე ასეთივე ბროლის გამოსაწევი უჯრისაგან შედგებოდა. პირველში რაც კი საჭირო ქალისათვის ნივთები ეწყო, ყველა ბრილიანტისა იყო, მეორეში - ფირუზის, მესამეში - ლალის და ასე. შუაში ობოლი ბრილიანტი იყო მოთავსებული, რომელიც თავის სიდიდით გაგაკვირვებდათ და საკმაოდ ანათებდა ღამით. ამასთან, ჰქონდა 52 კაცისთვის ოქროს სერვიზი. თითო კაცის წინ ოთხი თეფში და რამდენიმე წყვილი ოქროსტარიანი დანა-ჩანგლით. ეს ხმარებაში იყო მხოლოდ შვილების დღეობისა და განსაკუთრებით დღესასწაულებზე...აგრაფინა ასეთ გარემოცვაში ცხოვრობდა და შეეძლო თავისიანებისათვის ყურადღება არ მიექცია, მაგრამ სრულად გადაგებული იყო მათზე და ყოველთვიურად დაბეჭდილ საკმაოდ მოზრდილ ყუთებს გზავნიდა რაჭაში, ქუთაისში, თბილისში და სხვ.

თავის ხელით ჩააწყობდა ძვირფას საჩუქრებს დაწყებული თეთრეულით და ძვირფასი ტანისამოსებით და რა ვიცი კიდევ რითი. არასოდეს არ ივიწყებდა მწერალი იყო თუ მსახიობი და მათ იუბილეებს ეხმაურებოდა მილოცვით და საჩუქრით. დიდათ აინტერესებდა ჩვენი ქვეყნის ამბები. თავის ბიბლიოთეკაში საკმაოდ მოიპოვებოდა ქართული წიგნები დაწყებული "ვეფხისტყაოსნით" და გათავებული ჩვენი მწერლებით...დედის გარდაცვალების წლისთავზე აგრაფინა იტალიიდან ქუთაისში ჩამოვიდა. თავის ძმასთან კირილე იოსელიანთან დაიდო ბინა. კირილე ამ დროს შამპანიურის ქარხნის გამგედ იყო. აგრაფინას შესახვედრად ქუთაისიდან სპეციალური მატარებელი, სამი პირველი კლასის ვაგონი გავიდა, სავსე დაწყებული თავად-აზნაურების წინამძღოლობისა - დავით ნიჟარაძე, სიმონ წერეთელი, იასონ გელოვანი, კონსტანტინე ერისთავი... ნათესავები და ახლო მეგობრები ყველანი ფოთში შეხვდნენ. ათი დღე დარჩა ქუთაისში. ყოველდღე სახლი სავსე იყო ოფიციალური პირებით და ახლობლებით. საკმაოდ დიდ სასადილო ოთახში სუფრა მუდამ გაშლილი იყო სტუმრების გასამასპინძლებლად. ორ საათზე საუზმე, ექვს საათზე სადილი. ...

stt-1653573595.png
სასახლე 1895 წელს გერმანელმა არქიტექტორმა პაულ შტერნმა ააგო

რევოლუციასთან დაკავშირებით აგრაფინას შვილები ორი ქალი და ორი ვაჟი პარიჟში წავიდნენ, თვითონ აგრაფინამ თავის სამშობლოს მიაშურა. მისი ძმა ამ დროს თბილისში ცხოვრობდა ჩემს გვერდით ბინაში. რა თქმა უნდა, თავის ძმასთან დაბინავდა თავისი დიდი ხნის ნამსახური ორი ქალით, რომლებიც არ დატოვა უპატრონოდ და თან წამოიყვანა. ამდენი ქონების პატრონმა ვერაფრის წამოღება ვერ შეძლო გარდა რამდენიმე ნივთისა. თბილისში დაჰყო რამდენიმე თვე. შემდეგ ქუთაისში წავიდა. ადგილობრივმა ხელისუფლებამ მის ყოფილ შამპანიურის ქარხნის ეზოში მდებარე სახლში ორი ოთახი გამოუყვეს დროებით საცხოვრებლად. ამ ოთახების მორთულობა ძალზე ღარიბული იყო - სამი უბრალო რკინის საწოლი, რამდენიმე ხის სკამი და მაგიდა. მიუხედავად იმისა, წარსულში თუ როგორ ცხოვრობდა, იმდენად ძლიერი სულის ადამიანი აღმოჩნდა, რომ ამასაც შეეგუა.ქუთაისში კიდევ იყვნენ შემორჩენილი ოჯახები, რომლებსაც მისგან ბევრი კარგი ახსოვდათ და უნდა ითქვას მათ სასახელოდ, რომ არ დაივიწყეს მისი მათდამი დამოკიდებულება. დიდი ყურადღებით იყვნენ, დღე არ იყო ისეთი, რომ სამი-ოთხი მოსაკითხი არ მოსვლოდა მათგან. რუსთაველის თეატრში ვმუშაობდი. სეზონის დასრულების შემდეგ გასტროლებზე წავედით. პირველი გასტროლი იყო ქუთაისში დანიშნული. ვიცოდი, რომ აგრაფინა იქ იმყოფებოდა. დაბინავებისთანავე გავეშურე იმის სანახავად. უკვე ღრმა მოხუცი იყო. სიდარბაისლე, შეხვედრა ისევ ძველებური ჰქონდა. ოთახებს არა უშავდა, მაგრამ მორთულობამ ჩემზე ძალზე ცუდი შთაბეჭდილება დატოვა. თვითონ მწოლიარე იყო, ლოგინთან იდგა უბრალო ხის სკამი. სკამზე ჭიქით ჩაი და წითელი მჭადის ნაჭერი. ჩემზე ისეთი შემზარავი შთაბეჭდილება დატოვა, ცრემლები მომერია. მისი წარსული ცხოვრება რომ ჩემთვის საკმაოდ ცნობილი იყო.ყოველივე ამან ისე იმოქმედა ჩემზე, თითქოს ჩემი საკუთარი მშობელი მენახოს ასეთ მდგომარეობაში. მისდა შეუმჩნევლად ბალიშის ქვეშ 300 მანეთი ამოვუდე. გამოთხოვების დროს დიდი მადლობა გადამიხადა ნახვისთვის და მეც შევპირდი, რომ წასვლამდე კიდევ ვინახულებდი. წამოვედი, სასტუმროში არ შევსულვარ, სადაც ჩვენ ვიყავით დაბინავებული, პირდაპირ მივაშურე ჩილინგაროვის საფუნთუშეს და ნამცხვრები, ტკბილეული, ჩაი, შაქარი, ყავა ვიყიდე და სავსე კალათი მეეტლის მეშვეობით გავუგზავნე. იმავე მეეტლისათვის მადლობის წერილი გამოეგზავნა ჩემს გადმოსაცემად.

oqros-wiqa-agrafinas-oqros-servisidan-1653573595.jpg
ოქროს ჭიქა აგრაფინას ოქროს სერვიზიდან

ეს იყო 1926 წელს. ამის შემდეგ დიდხანს არ უცოცხლია. ქუთაისის საზოგადოებამ დიდი პატივით დაკრძალეს საფიჩხიის სასაფლაოზე დედის გვერდით, ასე დასრულდა ამ ადამიანის ცხოვრება".როგორც ცნობილია, ერთ-ერთი ლეგენდის მიხედვით, მშვენიერმა აგრაფინამ შეყვარებულ გერმანელ გრაფს ცოლობაზე თანხმობის სანაცვლოდ თბილისში სასახლის აშენება სთხოვა. კონსტანტინე ოლდენბურგმა შეუსრულა კიდეც საყვარელ ქალს სურვილი და სულ მალე თბილისში აშენდა ერთ-ერთი ულამაზესი და მდიდრული სასახლე. ამ სასახლეს "სიყვარულის კოშკსაც" უწოდებდნენ. ლეგენდა იმასაც გვეუბნება, რომ სწორედ ამ კოშკში საიდუმლოდ ხვდებოდნენ ერთმანეთს ქორწინებამდე აგრაფინა ჯაფარიძე და კონსტანტინე ოლდენბურგი. თუმცა, როგორც მსახიობ დავით ჩხეიძის ახალნაპოვნი ჩანაწერები ამტკიცებენ, ეს მხოლოდ ლეგენდაა. უფრო სწორად, ქართველი მშვენიერი ქალისა და გერმანელი გრაფის სიყვარულის ისტორიის ერთი ზღაპარივით ეპიზოდი, რომელიც თბილისში, კარგარეთელის ქუჩაზე მდებარე სასახლეს კიდევ უფრო იდუმალსა და მიმზიდველს ხდიდა.

გიორგი კალანდიაპროფესორი, საქართველოს ხელოვნების სასახლის - კულტურის ისტორიის მუზეუმის გენერალური დირექტორი