ოცდახუთი წელიწადი კავკასიაში - კვირის პალიტრა

ოცდახუთი წელიწადი კავკასიაში

ბობოქარი ომისა და მშვიდობის მატიანე არნოლდ ზისერმანისგან

ჯარისკაცი, მოგზაური, ეთნოგრაფი და მემუარების ავტორი არნოლდ ზისერმანი მკითხველს `ისტორიანის" 2019 წლის პირველ ნომერში წარვუდგინეთ. სტატიაში განვიხილეთ არნოლდ ზისერმანის ფერადი და არაჩვეულებრივი მემუარების პირველი ტომი, სახელწოდებით `ოცდახუთი წელი კავკასიაში - 1842-1867" (ნათარგმნი ინგლისურ ენაზე, 2018 წ.). მოკლედ ვისაუბრეთ ზისერმანზე, როგორც მემუარების პროფესიონალ ავტორზე და გამოცდილებათა იმ მასშტაბებზე, რომელთა შესახებ თავის ჩანაწერებში გვიამბო.

ახალგაზრდა ასაკის მიუხედავად (17 წლისა ჩამოვიდა საქართველოში), არნოლდ ლ. ზისერმანი ამბიციური, გონიერი და ძალიან დაკვირვებული გახლდათ. ქართული ენა სწრაფად შეისწავლა. მსახურობდა თავად მიხეილ ჩოლოყაშვილის მოადგილედ კახეთის ადმინისტრაციაში, დაღესტნის დანიელ ბეგის სასულთნოში ელისუს პოლიციის უფროსად, მეფისნაცვალ ვორონცოვის მრჩევლად. მან დაგვიტოვა ჩანაწერები 1842-1851 წლების გარდამტეხ ათწლეულზე, რა დროსაც მიხაილ ვორონცოვმა მოახდინა სამოქალაქო ადმინისტრაციის ლიბერალიზაცია და გააფართოვა ინტელექტუალური და სოციალური ცხოვრება, მაშინ როცა შამილი და მისი მუსლიმანი მთის ხალხი აძლიერებდნენ ჯიჰადს რუსეთის ოკუპაციის წინააღმდეგ. ზისერმანმა, რომელსაც ჰქონდა კარგი კავშირები და ბევრს მოგზაურობდა, დაგვიტოვა დიდი მოცულობის მემუარები, რომლებიც ასახავენ 1842-1851 წლების მისეული გამოცდილების ყველა ასპექტს.

274-zisserman-664-1653577003.jpg
ოსური სოფელი ზამთარში. ვასილი ვერეშჩაგინი, 1865 წ.

II ტომში ზისერმანი განაგრძობს თავის დეტალურ ჩანაწერებს. თუმცა მისი დაკვირვება უფრო ფართოვდება და ღრმავდება: ვორონცოვის ჩარევის წყალობით მან აისრულა დიდი ხნის სურვილი, გამხდარიყო არმიის ოფიცერი, დაეტოვებინა სამოქალაქო სამსახური და დაღესტნის ქვეითი ჯარის პოლკში მე-2 ლეიტენანტის რანგში ჩამდგარიყო. ეს გახლდათ სამსახური, რომელიც მას მოგვიანებით გაგზავნის მისიით ჩეჩნეთში, ოსეთსა და საქართველოში. ის წერს უაზრო, მოსაწყენ წვრთნებსა და ბანაკში ცხოვრების დისციპლინაზე დაღესტნისა და ჩეჩნეთის მიყრუებულ ადგილებში. დაუსრულებელი ვარჯიშები სრულიად უსარგებლო იყო მთებში ბრძოლებისთვის, რაც მის სიცოცხლეს დიდი რისკის წინაშე აყენებდა შამილთან სისხლიანი შერკინების დროს; მაგრამ ის ასევე საუბრობს იმ მორალურ მხარეზე, რაც ახლდა სოფლებში უდანაშაულო ხალხის სახლებისა და მთიელთა თემების განადგურებას. ზისერმანი აქებს იმ რიგითი ჯარისკაცის ნებისყოფასა და გამძლეობას, რომელმაც 25 წელიწადს იმსახურა ჯარში, მაგრამ ასევე აღნიშნავს, რომ რუსეთის არმია უკანასკნელი თავშესაფარია ანტიგმირების, წვრილმანი კრიმინალებისა და ისეთი ექსცენტრული ადამიანებისთვის, რომლებიც საკუთარ თავს აყენებენ ზიანს. ის მოგვითხრობს ასეთი პერსონაჟების შესახებ. არ ინდობს გონებასუსტ ოფიცრებს, ამბიციურ მესამეხარისხოვან ადამიანებსა და პატარა ტირანებს; ამომწურავად აკრიტიკებს სისტემას, რომელმაც მათ ეს ჩინები მიანიჭა. მთლიანობაში ზისერმანი გვაძლევს ღირებულ, მრავალგანზომილებიან სურათს ჯარის ყოველდღიური ცხოვრების შესახებ. გვიამბობს მთებსა და ტყეებში განხორციელებულ თავდასხმებზე. საინტერესოა, რომ ზისერმანი და ლევ ტოლსტოი უმცროს ოფიცრებად მსახურობდნენ (პირველი ცენტრალურ დაღესტანში, მეორე სამხრეთ ჩეჩნეთში) 1850-იანი წლების დასაწყისში, როდესაც რუსეთი აძლიერებდა ძალისხმევას შამილის შეპყრობისთვის. ორივემ აღწერა შამილის შეიარაღებული რაზმების წინააღმდეგ თავდასხმები, ისიც, თუ როგორ თქვა უარი შამილმა მთებში თავდასხმაზე და ის ტყეში მოაწყო. ამ ორი ავტორის პირველადი მასალები ნაწილობრივ ემთხვევა დროში, თუმცა მათი სტილი საკმაოდ განსხვავებულია.

ზისერმანმა დაწერა ყოველგვარი შელამაზების გარეშე, ტოლსტოი კი პირიქით, თავის მოთხრობებში "თავდასხმა. ვოლონტიორის ნაამბობი" (1852) და "ხის ჭრა" (1855) წარმოგვიდგა, როგორც დიდი ხელოვანი. მიუხედავად ამისა, თითოეულმა მათგანმა გაგვაცნო უნიკალური დეტალები, დაამატა და ბრწყინვალება შესძინა ერთმანეთის ნამუშევარს. ერთი ფაქტორი, რომელიც ემატება ზისერმანის ინტერესებს, როგორც ჯარისკაცების თემაზე მომუშავე მემუარების ავტორისა, გახლდათ მისი დაინტერესება კულტურული ცხოვრებით. თუმცა კი სინანულს გამოხატავდა სამხედრო ბანაკში მისი თითქმის არარსებობის გამო. ხშირად იგი ხუმრობით ამბობს, რომ უმცირესი დოზით თუ განიცადა ასეთი რამ. ახსენებს დიკენსისა და თეკერეის რამდენიმე რომანის სათაურს და აღნიშნავს დიუმას, ფედალისა და სიუს ნაწარმოებების პოპულარობას; ასევე საუბრობს მაშინდელი მთავარი რუსული ჟურნალების შესახებ. მთლიანობაში ცხადია, რუსული არმიის კომისარიატი იმით არ იყო დაკავებული, რომ ჯარისკაცებისთვის ლიტერატურული საზრდო მიეწოდებინა. ზისერმანის ზოგიერთი კომენტარიდან ვიგებთ, რომ დროგამოშვებით იგი სტუმრობდა მაღალი საზოგადოების ოჯახებს, სადაც იყო ბრწყინვალე ავეჯი, ელეგანტური საკვები და სასიამოვნო საუბრები. ზოგიერთმა ოფიცერმა ("ძველი კავკასიური ხელები") მართლაც დიდი ძალისხმევა გამოიჩინა, რომ თავიანთი ოჯახებისთვის ცივილური ცხოვრების შესაძლებლობა მიეცათ, თუმცა ისინი გაგზავნილი ჰყავდათ რომელიღაც შორეულ სამხედრო დასახლებაში კავკასიის შუაგულში. ზისერმანი შვებულებებს უმეტესად მინერალური წყლების კურორტებზე, პიატიგორსკსა და ესენტუკიში ატარებდა. ეს უკანასკნელი ცნობილი გახლდათ პუშკინისა და ლერმონტოვისთვის. ეს იყო საყვარელი ადგილი ყველა სამხედრო ოფიცრისთვის, რომლებიც ძირითადად დაჭრის შემდეგ და იქ რეაბილიტაციას გადიოდნენ. შამილი გვხვდება მთელ II ტომში, ოღონდ არა ყოველთვის მოქმედების ცენტრში ან წინა პლანზე; მაგრამ ის არის ფიგურა, რომელიც ყოველთვის საფრთხეს წარმოადგენს რუსეთის მმართველობისთვის. ზისერმანს თანდაყოლილი ჭკუა და ცნობისმოყვარეობა შესაძლებლობას აძლევდა, შამილის ძლევამოსილების წყარო და სტრუქტურა გაეანალიზებინა. არნოლდი ასახელებს შეიარაღებული რაზმების ბრძოლის პრობლემას და ამბობს, რომ შამილი მეტწილად დამოკიდებულია მოსახლეობის გაღატაკებულ ფენაზე, რომელთაც გადარჩენას ჰპირდება. თუ თემი დაეხმარებოდა შამილს, ამით იგი რუსეთის შურისძიებას იწვევდა. ამ ხალხს ნებისმიერი არჩეული გზა სიღატაკეს უქადდა; მამაკაცებს არ შეეძლოთ ადვილად მიეტოვებინათ თავიანთი პირუტყვი ან მომცრო მიწის ნაკვეთები სამხედრო სამსახურში გამწესებისას

336-zisserman-602-1653577003.jpg
ნაწილობრივ გაჩეხილი ჩეჩნური ტყე. ფრიდრიხ გილე, 1859 წ.

ზისერმანი ნათლად გვიჩვენებს, რომ როცა რუსეთის არმია სოფლებსა და ყანებს წვავდა, მთის მცხოვრებლებს საკვებს ართმევდა, ხოლო ტყეების გადაწვით მათ თავშესაფრის გარეშე ტოვებდა. ზისერმანი უშუალოდ არ მონაწილეობდა მეამბოხეთა გამორჩეულ მეთაურთან, ჰაჯი-მურატთან დაკავშირებულ ბოლო ამბებში, რასაც მოჰყვა მისი დაპირისპირება შამილთან. მაგრამ ზისერმანმა ყველა ღირებული ფაქტი აღწერა. ამიტომაც იყო, რომ 1880-იან წლებში ლევ ტოლსტოი, როდესაც იგი მუშაობდა თავის ისტორიულ რომანზე "ჰაჯი-მურატი", რამდენჯერმე ეწვია თადარიგში გადამდგარ ზისერმანს - თავის ახლო მეზობელს ტულის გუბერნიაში, რათა შეემოწმებინა ფაქტები, რომლის გამოყენებაც თავის რომანში სურდა... ზისერმანს 27 წლის ასაკშიც არ ჰქონია ადვილი ცხოვრება როგორც მე-2 რანგის ლეიტენანტს; ბევრი მისი მეთაური ათვითცნობიერებდა, რომ არნოლდი მათზე გაცილებით უნარიანი იყო და შურდათ მისი. ამიტომ ტვირთავდნენ სრულიად უაზრო დავალებებითა და სამხედრო ვარჯიშებით. მაგრამ მისი უნარებიც სჭირდებოდათ, რაც იმით გამოიხატებოდა, რომ ზოგიერთი მათგანი ავალებდა თავიანთი მოხსენებების დაწერასა და სპეციალური საღამოების მოწყობასაც ეგრეთ წოდებული გასართობი კითხვისთვის. მიუხედავად რუსეთის არმიის მკაცრი ბიუროკრატიულობისა და თითქმის ყინულივით გულგრილი მეთაურების შემადგენლობისა, ზისერმანმა მაინც მიაღწია სამსახურებრივ დაწინაურებებს. თუმცა თავისდა უნებურად ის ჩაიძირა ჭარბი ადრენალინით მოზღვავებულ სისხლის წყურვილში, რაც გააფთრებულმა ომმა მოიტანა; მხოლოდ მოგვიანებით მიხვდა ამას და დატუქსა კიდევაც საკუთარი თავი სისასტიკისთვის. მოგვიანებით არნოლდმა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა რუსეთის იმპერიალისტური სურვილიც, დაეპყრო კავკასია.

ზისერმანს, როგორც მემუარების ავტორსა და ისტორიკოსს, განსაკუთრებით მნიშვნელოვანს ხდის მისი ფართო სანაცნობო წრე, კერძოდ, კონტაქტები უმაღლეს სამხედრო მეთაურებთან. ეს სია საკმაოდ შთამბეჭდავია: გენერლები ალექსანდრ ვრანგელი, ალექსანდრ ვრევსკი, მოისეი არღუთინსკი-დოლგორუკი და ნიკალაი ევდოკიმოვი; აგრეთვე სამი მეფისნაცვალი: მიხაილ ვორონცოვი, ნიკალაი მურავიოვი და ალექსანდრ ბარიატინსკი, რომლებიც ასევე იყვნენ რუსეთის შეიარაღებული ჯარების მთავარსარდლები. ზისერმანი არა მხოლოდ რუსებს იცნობდა, არამედ ასევე კაზაკების ცნობილ მეთაურ იაკოვ ბაკლანოვს, რომელზეც ჩანაწერებში მოგვითხრობს; ის ასევე იცნობდა ისეთ ქართველ მეთაურებს, როგორებიც იყვნენ გრიგოლ ორბელიანი, ექსტრავაგანტული იასონ და ზაქარია ჭავჭავაძეები, რომლებმაც არა მარტო სიმამაცე აჩვენეს ბრძოლებში, არამედ ასევე გამოიჩინეს დიდი გულუხვობა კოლეგებისა და მეგობრების მიმართ. რუსი მეთაურებიდან მხოლოდ წინააღმდეგობრივი ხასიათის მქონე კონსერვატორმა მურავიოვმა შეძლო განჭვრეტა, რომ გამორჩეული ნიჭი ზისერმანს მათ წრეში შეიყვანდა. ვრანგელმა ზისერმანი თავის გენერალურ შტაბში დანიშნა და სამხედრო დაგეგმარებაში ჩართო; ვრევსკიმ თავის პირად ასისტენტად აიყვანა და მისიით გაგზავნა ოსეთში, რათა იქ მართლმადიდებელი ქრისტიანობა გამოეცოცხლებინა.

016-zisserman-551-1653577003.jpg
შამილი: უჩვეულო პორტრეტი. ჯორჯ დოდი, 1856 წ.

ეს დავალება მოიცავდა ეკლესიების მშენებლობასა და ახალი მღვდლების მიღებას. ამ თემაზე ზისერმანმა საკმაოდ საინტერესო ანგარიში მოამზადა. მურავიოვის ჩარევის შედეგად, როცა მას მოკლე ვადით ეკავა მეფისნაცვლის პოზიცია, ზისერმანი (მისი მეთაურის, ვრევსკის ხელახალი დანიშვნით) დადგა საფრთხის წინაშე, ჩამოქვეითებულიყო სრულიად უმნიშვნელო პოზიციებზე; საბედნიეროდ, ძლევამოსილმა ევდოკიმოვმა, რომელსაც ჰქონდა უნარი სხვათა ღირსებები ეღიარებინა, თავის გარემოცვაში შეიყვანა, როგორც გამორჩეული ოფიცერი. ზემოხსენებული რუსი სარდლების შესახებ საუბრისას ზისერმანი არ შემოფარგლულა მხოლოდ იმით, რომ ისინი სამხედრო პროფესიონალები იყვნენ. უამრავ ეპიზოდში ჩანს მათი განსხვავებული ხასიათი და შესაძლებლობები, დაძაბულობა, რომელიც მათსა და იმპერატორ ნიკოლოზ I-ს შორის არსებობდა. ამ უკანასკნელმა შორეული სანქტ-პეტერბურგიდან სცადა, კანონის თანახმად ემართა საველე ოპერაციები ურთულეს მთიან რეგიონებში. ზისერმანი, როგორც გამორჩეული და პასუხისმგებლობის მქონე ოფიცერი, ერიდება რუსეთის, მეფისა და სამხედრო დეპარტამენტის პირდაპირ კრიტიკას; თუმცა ხანდახან მაინც აკრიტიკებდა ჯარისა და კავალერიის იმ არასაიმედო განლაგებას კახეთში, რამაც საშუალება მისცა შამილს, მოეწყო ცნობილი თავდასხმა წინანდალზე და ტყვედ წაეყვანა ორი ქართველი თავადის ქალი მხლებლებთან ერთად. ზისერმანი უფრო მეტად აკრიტიკებდა რუსეთის არასწორად შერჩეულ დიპლომატიურ პოლიტიკას, რომლის თანახმადაც ის უპირატესობას ანიჭებდა კავკასიელ მუსლიმანებს ქრისტიანებთან შედარებით, რაც აშკარად გამოჩნდა განსაკუთრებით ოსეთში. ფიზიკურად დასჯაც კი რუსი ქალებისა ნებადართული იყო, რაც არ ეხებოდა მუსლიმან ქალებს.

088-zisserman-399-1653577003.jpg
მუშკეტითა და ხანჯლით შეიარაღებული მთიელი. ჟან-პიერ მოინე, 1859 წ.

ზისერმანის უამრავი სამსახურებრივი პოზიცია და მოგზაურობა საშუალებას აძლევს მკითხველს, თავადაც გაიაროს კავკასიის თვალუწვდენელი სივრცეები. მაშინაც კი, როდესაც უმცროსი ოფიცერი იყო, სამხრეთ ჩეჩნეთისა და ჩრდილოეთ დაღესტნის არაკომფორტულ ციხესიმაგრეებში დაბანაკებული, იგი მრავალფეროვანი და გამჭრიახი დეტალებით გვიყვება, როგორ არ უშვებდა შესაძლებლობას, თავდასხმებისა და ექსპედიციების დროსაც კი გასულიყო მინდვრებში და დიდი სიამოვნება მიეღო იმისგან, რასაც ეს ტყეებითა და მთებით დაფარული მიწა სთავაზობდა მნახველს. მნიშვნელოვანია მის მიერ ოსეთში შესრულებული ორი დავალება. პირველ შემთხვევაში, როგორც აღვნიშნეთ, მისი ამოცანა მართლმადიდებლური რწმენის აღდგენა იყო. არნოლდი მკითხველს მოუთხრობს მუსლიმანებისა და ქრისტიანების მშვიდობიანად ცხოვრების შესახებ იმ შორეულ რეგიონში.

328-zisserman-257-1653577003.jpg
მოდურად ჩაცმული ქართველი ქალი. გიგო გაბაშვილი, 1900 წ.

მეორე ამოცანა იყო დამაკავშირებელი გზის მშენებლობის ხელმძღვანელობა მამისონის უღელტეხილზე (2911 მ) , რაც ხელს შეუწყობდა ფქვილისა და სურსათ-სანოვაგის ტრანსპორტირებას ვლადიკავკაზიდან ფოთში ალაგირის, ონისა და ქუთაისის გავლით (აქ ზისერმანი საინტერესო ინფორმაციას გვაწვდის ადგილობრივი ისტორიის შესახებ). შავი ზღვის ამ პორტიდან, სადაც მალარია იყო გავრცელებული, ტვირთი მიეწოდებოდა რუსეთის არმიას ყირიმში, სადაც ყირიმის ომში (1853-1856) ბრიტანეთმა, საფრანგეთმა და თურქეთმა ის ერთობლივად დაამარცხეს. გზის მშენებლობისას ზისერმანს მიეცა შესაძლებლობა, ჩაშვებულიყო ალაგირის ოქროს მაღაროებში და იქ მიმდინარე სამუშაოები აღეწერა. როგორც მან აღნიშნა, ოქროს მოკრძალებული მოპოვება ძნელად თუ ამართლებდა იმ ფართომასშტაბიან და ძვირად ღირებულ ოპერაციებს, რომლებიც საჭირო უსაფრთხოების დასაცავად. ზისერმანი თხრობისას აქა-იქ მიმართავს შენიშვნებს და გვთავაზობს ასეთ მოსაზრებასაც, რომ ეს ოქროს საბადო შესაძლოა უკავშირდებოდეს რუსეთის კავკასიაში ყოფნის მიზეზს - უზარმაზარი თანხებისა და უდიდესი ადამიანური რესურსების დახარჯვას რუსეთისთვის არანაირი მნიშვნელოვანი მოგება არ მოუტანია. ზისერმანის "ოცდახუთი წელი კავკასიაში -1842-1867" უნიკალურია თავისი მასშტაბითა და შინაარსით. მან ცოცხლად და საინტერესოდ აღწერა თავისი უშიშარი ცხოვრება. სასიამოვნოა, რომ ინგლისურენოვან მკითხველს შესაძლებლობა მიეცა გაეცნოს არნოლდ ზისერმანის მემუარების II ტომს, რასაც დაემატა 8 რუკა, 168 ილუსტრაცია, შენიშვნები და ბიბლიოგრაფია.

პიტერ სკინერი თარგმნა ლევან კიკნაძემ