დავით სარაჯიშვილი და საქართველოს პოლიტიკური გზაჯვარედინი
დიდი მეწარმისა და ქველმოქმედის თანამოაზრეები და მოწინააღმდეგეები
XIX საუკუნის 60-იანი წლებიდან საქართველოში ეროვნული მოძრაობის ტალღა აგორდა, რომელიც მტერთან ბრძოლას ახალი მეთოდებით აპირებდა. განმათავისუფლებელი ბრძოლის მანამდელი პერიოდისგან განსხვავებით, აჯანყება თუ შეიარაღებული გამოსვლა უარყოფილი იყო. მოძრაობამ განსაკუთრებულ აღმავლობას XIX საუკუნის 80-იან წლებში მიაღწია. სწორედ ამ პერიოდში დაბრუნდა საქართველოში დავით სარაჯიშვილი და ქვეყნის სოციალურ-პოლიტიკურ ცხოვრებაში აქტიურად ჩაერთო.
საზოგადოება "ღელი" დავით ზაქარიას ძე სარაჯიშვილის კავშირები XIX საუკუნის მეორე ნახევრის ქართველ სოციალურ და პოლიტიკურ მოღვაწეებთან მისი სტუდენტობის იმ პერიოდიდან იწყება, რომელიც მან ევროპაში გაატარა. ამ მხრივ გამოსარჩევია მისი ურთიერთობა საზოგადოება "უღელთან", მის წევრებთან. ამ საკითხზე პირველად ყურადღება გაამახვილა ალექსანდრე სიგუამ, ბროშურაში "იშვიათი ბუნების კაცი". შემდგომ ამ თემას ნაკლები ყურადღება მიექცა. პირველ რიგში აუცილებელია თავად "უღელის" შესახებ ითქვას მცირედი. ამ საზოგადოების მთავარ მიზანს საქართველოში სოციალური მოძრაობის პოპულარიზაცია წარმოადგენდა, რაც უპირველესად საზღვარგარეთ მყოფი ქართველი სტუდენტების გაერთიანებითა და ერთმანეთისთვის ცოდნის გაზიარებით უნდა მომხდარიყო. ამ ყველაფერთან ერთად ისინი მიზნად ისახავდნენ ევროპის სოციალური მოძრაობის პრაქტიკისა (1789 წლის საფრანგეთის რევოლუცია, პირველი ინტერნაციონალი...) და თეორიული ნაწილის შესწავლას, ამის შესახებ ქართული ლიტერატურის შექმნასა და საქართველოში პოპულარიზებას.შვეიცარია იმ დროს მრავალი ქვეყნის პოლიტიკოსის, ემიგრანტის, დევნილისა თუ სტუდენტის თავშესაფარი იყო და ქართველ სტუდენტთა მისკენ მისწრაფებასაც აქ გადმოხვეწილი (თავმოყრილი) ინტელექტუალური კონტინგენტი განაპირობებდა. იაკობ მანსვეტაშვილი ამ მოცემულობას თავის მოგონებებში საინტერესოდ იხსენებს:
"ჩვენს აჩქარებულ ახალგაზრდულ გატაცებას საზღვარი არ ჰქონდა. შვეიცარია გვეხატებოდა ჩვენს წარმოდგენაში რაღაც აღთქმის ქვეყანათ, თავისუფლების დედაბუდეთ, ჟენევის ნახვას, იქ ცხოვრებას ისე ვნატრობდით, როგორც მართლმორწმუნე მაჰმადიანი მექაში წასვლას ქააბის თაყვანისსაცემლად".
აღსანიშნავია, რომ შექმნიდან რამდენიმე თვეში, 1873 წლის ნოემბერში "უღელი" ორ - ჟენევისა და ციურიხის საზოგადოებებად დაიყო. უფრო აქტიურ საზოგადოებრივ მოღვაწეობას ჟენევის ნაწილი წარმართავდა. როგორც აღვნიშნეთ, დავით სარაჯიშვილის "უღელში" წევრობის შესახებ მოსაზრება პირველად პროფესორმა ალექსანდრე სიგუამ გამოთქვა: "ეჭვი არ არის, რომ დავით სარაჯიშვილი "უღელის" პროგრესულ ორგანიზაციას სათანადო დახმარებას უწევდა. "უღელის" სამოქმედო პროგრამა და მისწრაფება, დავით სარაჯიშვილის ბიოგრაფიის უცნობი, საინტერესო ეპიზოდებია მოცემული ამ საზოგადოების ოქმებში". თუმცა, ალექსანდრე სიგუა იქვე დასძენს: "დავით სარაჯიშვილი წინდახედულობით, ერის სიყვარულით, კონცეფციითა და რწმენით იმ მოღვაწეთა რიცხვს ეკუთვნოდა, რომლებმაც "უღელის" საზოგადოება თუ პარიზში გაზეთი "დროშა" დააარსეს". ალექსანდრე სიგუას ამ შეფასებას უნდა დავეთანხმოთ და ვთქვათ, რომ "უღელის" თეორიული ნიადაგი და შემდგომ დავით სარაჯიშვილის პრაქტიკული საქმიანობა ერთმანეთთან მსგავსებას მართლაც პოულობს. ამასთან, სოციალიზმის იდეები "უღელზე" დიდ გავლენას ახდენს, დავით სარაჯიშვილი კი აქტიურად გულშემატკივრობდა სოციალისტებს.ალექსანდრე სიგუასთვის დავით სარაჯიშვილის "უღელის" წევრობის არგუმენტად 1878 წელს პარიზში გადაღებული ფოტო იქცა, რომელზეც აღბეჭდილი არიან ვასილ გიორგაძე, ივანე მაჩაბელი, ოთარ (კოწია) დადეშქელიანი, ვასილ მაჩაბელი, ვანო ჯორჯაძე, პეტრე გრუზინსკი, დავით გურამიშვილი და თვითონ დავით სარაჯიშვილი. პროფესორის მოსაზრებას არ იზიარებს დურმიშხან ლაშხი და თავის სადოქტორო ნაშრომში რამდენჯერმე აღნიშნავს, რომ ფოტო, სადაც დავით სარაჯიშვილი "უღელის" წევრებთან არის აღბეჭდილი, გადაღებულია 1875-1876 წლებში და დასკვნის სახით დასძენს, - "დავით სარაჯიშვილი მხოლოდ 1878 წელს გაემგზავრა საფრანგეთში.
ლოგიკურია, რომ 1875-1876 წლებში იგი საფრანგეთში ვერ იქნებოდა". შეიძლება ითქვას, ეს არ არის ლოგიკური, ვინაიდან მოკლევადიანი ვიზიტი სავსებით დასაშვებია. ამასთანავე, ორგანიზაციაში ვხვდებით ისეთ წევრებს, რომლებიც "უღელის" არსებობის პერიოდში მაინცდამაინც ჟენევასა თუ ციურიხში არ იმყოფებოდნენ. მაგალითისთვის საკმარისი იქნება თავად ნიკო ნიკოლაძე, დავით მიქელაძე, პავლე იზმაილოვი და სერგეი მესხი, რომლებიც 1873 წლის ბოლოსა და 1874 წლებში იმყოფებოდნენ პარიზში და ამ უკანასკნელის გამოკლებით, პირველი სამი ერთად გამოსცემდა გაზეთ "დროშას".
საინტერესოა, რომ დურმიშხან ლაშხი თავის დისერტაციაში, დავით გურამიშვილის ერთ მოგონებაზე დაყრდნობით, აღმოჩენის სახით ამბობს, რომ სურათი 1878 წელს არის გადაღებული და შესაბამისად, თავისსავე არგუმენტს აქარწყლებს.1874 წლის აგვისტოში გაიმართა "უღელის" საერთო კონგრესი, რომლის შესახებ დეტალურად საუბრობს ქართველი ხალხოსანი ივანე ჯაბადარი. ის დამსწრე პირთა რაოდენობას 40 კაცით განსაზღვრავს და წევრთა შორის დავითის ბიძაშვილს, ალექსანდრე სარაჯიშვილს ასახელებს, რომელიც, როგორც ირკვევა, სხდომის მდივან-მომხსენებელია. ივანე ჯაბადარის მოგონებაში ვკითხულობთ: "მდივან მომხსენებელი, მგონი, ა. სარაჯევი იყო".
საქართველოში დაბრუნებამიუხედავად იმისა, რომ ბატონყმობა რუსეთში 1861 წელს, ხოლო კავკასიაში 1864 წელს გაუქმდა, გლეხთა მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა და სოციალურ ცხოვრებაში ძველი წყობის გადმონაშთები კვლავ არსებობდა.რუსეთის ცენტრალური ნაწილისგან განსხვავებით, სულ სხვა სიტუაცია იყო საქართველოში, სადაც ბურჟუაზიის კლასი შედარებით ნელა ყალიბდებოდა. ამასთან, ამ კლასის ინდივიდუალური წარმომადგენლები ძირითადად არაქართველები იყვნენ.
ეროვნულად მოაზროვნე ქართული ინტელიგენცია, რომელიც საუკუნის ბოლოს განსაზღვრულ იდეურ მოსაზრებათა გარშემო ჯგუფებად იყო შეკრებილი, პირველ რიგში სწორედ სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების მოგვარებას ცდილობდა. თუმცა, როგორც არჩილ ჯორჯაძე აღნიშნავდა: "იდეალი და მისწრაფება მოღვაწეების თითქოს ერთს წრეში ტრიალებდა, მოღვაწეთა სოციალური მდგომარეობა კი სხვა წრეში იმყოფებოდა". ამ მოცემულობიდან გამომდინარე, დიდი პოპულარობით სარგებლობდნენ მსხვილი მეწარმეები, რომელთაგანაც პოლიტიკურ მოღვაწეებს, რიგი პრობლემების მოსაგვარებლად, საჭირო ფინანსები უნდა მოეპოვებინათ. ასეთ პიროვნებად კი, პირველ რიგში, დავით ზაქარიას ძე სარაჯიშვილი მოიაზრებოდა, რომელიც 1880 წელს, ევროპაში ხანგრძლივი სწავლა-განათლების შემდეგ, საქართველოში ფილოსოფიისა და ქიმიის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხით დაბრუნდა. იმავე წლიდან ის აქტიურად ჩაება ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში. უმაღლესი განათლებით, გამჭრიახი გონებითა და მშრომელი ხასიათით მან საკმაოდ მოკლე ხანში მოახერხა დიდი ქონების დაგროვება, რის გამოც ერთმანეთთან დაპირისპირებული ძალებიც კი ცდილობდნენ მასთან კარგი ურთიერთობის დამყარებას.
1880-იანი წლების ბოლოდან დავით სარაჯიშვილის სახლი ქართული ინტელიგენციის, უპირველესად კი მოწინავე ინტელიგენციის შეკრების ერთ-ერთ მთავარ ადგილად იქცა, სადაც განიხილავდნენ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებსა და პრობლემების გადაჭრის გზებზე მსჯელობდნენ. დავითი და ილიაუპირველესი, ვინც შეიძლება დავითის მეგობრად მოვიხსენიოთ, ილია ჭავჭავაძე გახლავთ. დავითისა და ილიას მეგობრობას საკუთარ მოგონებებში მრავალი პირი აღნიშნავს. არტურ ლაისტი წერდა: "ილიას ცხოვრებაში სარაჯიშვილსაც თვალსაჩინო ადგილი ეჭირა. ყმაწვილობიდანვე მეგობრული განწყობილება ჰქონდათ. დავით სარაჯიშვილი განსაკუთრებული იშვიათი ბუნების კაცი იყო და აკი მეგობრადაც ჰყავდა დიდ-ბუნებოვანი პიროვნება, დაუვიწყარი დიდი ილია.
ილიასთან ერთად დავით სარაჯიშვილს უყვარდა თავის სამშობლო რაღაც საოცარი განსაკუთრებულის გრძნობით". თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ეს მეგობრობა უმთავრესად პიროვნულ სიმპათიებზე იყო დამყარებული, ვინაიდან დავითსა და ილიას სოციალურ-პოლიტიკურ საკითხებზე განსხვავებული მოსაზრებები ჰქონდათ. "ილიასა და დავით სარაჯიშვილს შორის მეგობრული განწყობილება მუდამ სუფევდა. თუმცა ბევრ რამეში ერთმანეთს არ ეთანხმებოდნენ და ხშირადაც დაობდნენ. სარაჯიშვილს, როგორც მრეწველს, თავდაპირველად უნდოდა, რომ ქართველთა შორის ხელოსნობა, მრეწველობა, ვაჭრობა და სოფლის მეურნეობა განვითარებულიყო, რადგან ყველა ეს ძლიერ ნელა მიიწევდა წინ. ხშირად პესიმისტურ გუნებაზე დგებოდა და ქართველთა უარყოფით თვისებებზე მიუთითებდა ხოლმე. ამის გამო ილიასა და დავით სარაჯიშვილს ხშირად კამათი მოსდიოდათ, მაგრამ ეს პაექრობა ყოველთვის მშვიდად მთავრდებოდა", - წერდა არტურ ლაისტი.ამ დავა-კამათების მიუხედავად, ილიას სიტყვას დავითი დიდ პატივს სცემდა და სხვადასხვა პირები სწორედ ილიას შუამავლობით ცდილობდნენ დავითისგან დახმარების მიღებას. 1903 წელს სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიის თბილისის კომიტეტმა გადაწყვიტა, რომ საგურამოში ილიასთან მოსალაპარაკებლად თედო სახოკია, პეტრე ყიფიანი და ვალერიან გუნია გაეგზავნათ. თედო სახოკია თავის მოგონებებში წერს: "თუ ილია მოგვიწონებდა პარტიის განზრახვას, უნდა გვეთხოვნა - ეკისრნა მოლაპარაკებოდა ქართველ შეძლებულთა (სახეზე გვყავდა განსვენებული დავით სარაჯიშვილი), რომ მით მატერიალური დახმარება აღმოეჩინათ პარიზში გამომავალი ორგანოსთვის" (იგულისხმება გაზეთი "საქართველო"). საბოლოოდ, მოლაპარაკება არ შედგა, რადგან არჩილ ჯორჯაძისადმი უარყოფითი დამოკიდებულების გამო ილიამ შუამავლობაზე უარი განაცხადა. დავითი და სოციალისტებიილიასა და დავითს შორის აზრთა სხვადასხვაობას იწვევდა ისიც, რომ დავითი ევროპული, უპირველესად კი სოციალისტური მოძღვრების იდეების ქართულ სინამდვილესთან შეთავსებასა და შემდგომ აქ დანერგვას ცდილობდა. ცხადია, ეს დავითისა და ქართველი სოციალისტების ურთიერთკავშირს განაპირობებდა, მათი გამოკვეთილი ლიდერი ნოე ჟორდანია კი ილია ჭავჭავაძესთან დაპირისპირებული იყო. ალექსანდრე ხახანაშვილი ამასთან დაკავშირებით თავის ერთ-ერთ წერილში საინტერესო ჩანართს აკეთებს: "{დავითი} ბავშვური გატაცებით ადევნებდა თვალს სოციალისტური ლიტერატურის ახალ დინებებს და უფრთხილდებოდა აზრს, რათა შეეთავსებინა ის ქართული ყოფა-ცხოვრების პირობებისთვის. განსაკუთრებულ ინტერესს ის იჩენდა საზოგადოებრივი კლასების ეკონომიკური ბრძოლის შესწავლისთვის, რომელიც გართულებული იყო ეროვნული წარმომავლობის სხვაობათა გამო".
დავითის ინტერესს ევროპული პოლიტიკური მიმდინარეობებისა და ყოველდღიური პოლიტიკური ცხოვრებისადმი მისი ბიბლიოთეკაც ადასტურებს, სადაც "მოიპოვებოდა უმთავრესი თხზულებები გერმანიის ცნობილი ეკონომისტებისა და ისტორიკოსებისა: ზომბარტი, შმოლლერი, მარქსი, ვაგნერი, კაუცკი, ბიუხერი, ენგელსი და სხვა მრავალნი აქ პოულობდნენ ბინასა და მკითხველს. მას მოსდიოდა კაუცკის ჟურნალი "ნოიე ცაიტ" და ვენის პროგრესისტთა ორგანო "ცაიტ". აქვე ელაგა ნიუმანის "ჰილფე", რომელიც იმ დროს დიდ მითქმა-მოთქმას იწვევდა მთელს გერმანიაში", - აღნიშნავდა ნოე ჟორდანია, რომელსაც დავით სარაჯიშვილმა თავისი ბიბლიოთეკის აღწერა ანდო. ილიასგან განსხვავებით, დავით სარაჯიშვილი და ნოე ჟორდანია ზოგ საკითხთან დაკავშირებით ხშირად ერთ აზრს იზიარებდნენ. მაგალითად, 1898 წელს, დავითის სახლში ერთ-ერთი შეკრების დროს, რომელსაც ილია ჭავჭავაძე, ნიკო ნიკოლაძე, ნოე ჟორდანია და სხვა მოღვაწეები ესწრებოდნენ, "დავითმა ბაასი დაიწყო ერთს ჩემს (წერს ნოე ჟორდანია. - ნ.ს.) სტატიაზე ქალაქის მნიშვნელობის შესახებ. - ეს ათი წელიწადია, ამას ვეუბნები ამათ, გააშვირა ხელი ილიასაკენ, მაგრამ არ ესმით...- ახლა დაიწყე შენ ერთი შენებურად, - მოუჭრა ილიამ".
ასეთი ურთიერთობის მიუხედავად, როგორც ჩანს, დავითსა და სოციალ-დემოკრატიულ ფრთას შორის აზრთა სხვადასხვაობამ იჩინა თავი. თავად ნოე ჟორდანია აღნიშნავს, რომ დავითს უსაყვედურია, "მარქსისტებმა დაივიწყეთ მოძღვრების დედა-აზრი, ეკონომი{კ}ა ხომ პოლიტიკის საძირკველია, თქვენ კი ლამის გადაყვეთ პოლიტიკას. ახლა დროა ეკონომი{კ}ურ ორგანიზაციასაც მიაქციოთ ყურადღებაო". ამას დავითისა და ჟორდანიას მეგობრობისთვის ხელი არ შეუშლია.დავითის სოციალ-დემოკრატიულ პარტიასთან გაუცხოების შესახებ თავის სიტყვაში დავით სარაჯიშვილის ცხედართან საინტერესო შენიშვნას აკეთებს ერთ-ერთი წამყვანი სოციალ-დემოკრატი კარლო ჩხეიძე:"
მე აქ არას ვიტყვი იმ ძირითად განსხვავებებზე პრინციპიალურ კითხვებში, რომელიც არსებობდა ჩვენსა და განსვენებულს შორის". კარლო ჩხეიძე "ჩვენში" სოციალ-დემოკრატებს გულისხმობდა, "პრინციპიალურ კითხვებში" კი სწორედ ნოე ჟორდანიას ნახსენებ ეკონომიკურ საკითხს. საინტერესო ცნობას ვხვდებით ჟურნალ "ნიშადურის" 1907 წლის ერთ-ერთ ნომერში, სადაც დაიბეჭდა დავით სარაჯიშვილის ბიძაშვილის, ალექსანდრე ივანეს ძე სარაჯიშვილის პუბლიცისტური წერილი. ცნობისთვის, ალექსანდრე სარაჯიშვილი დაახლოებული იყო სოციალ-ფედერალისტთა პარტიასთან და სოხუმის თვითმმართველობის არჩევნების დროს თედო სახოკიამ და მისმა თანამოაზრეებმა ქალაქისთავის კანდიდატად სწორედ ალექსანდრე წარადგინეს. წერილში საუბარია, რომ ერთ-ერთი ჩინოვნიკი ალექსანდრე სარაჯიშვილთან ჩივის და თავისი სოციალ-დემოკრატი შვილისთვის სტიპენდიის დანიშვნას ითხოვს: "თუ სტუდენტი, ვთქვათ, სარაჯიშვილის სტიპენდიანტია, განა უთუოდ ბურჟუა-ფედერალისტი უნდა იყოს?"
ერთმნიშვნელოვნად გასაგებია დავითის მიკუთვნება ბურჟუობისადმი, თუმცა უფრო საინტერესოა ფედერალისტებისთვის მისი მიკუთვნება. ამ საკითხთან დაკავშირებით საგულისხმო მონაკვეთია შემონახული ექვთიმე თაყაიშვილის მოგონებებში, რომელიც დავითის კეთილგანწყობილ ურთიერთობაზე მიანიშნებს თედო სახოკიასადმი: "ერთხელ ფული დამჭირდა (ფულის უქონლობას ხშირად განვიცდიდი). მივადექი ოლღას ქუჩაზე დავით სარაჯიშვილის კანტორას, რომელიც შენობის მეორე სართულზე იყო მოთავსებული. კაბინეტის კარი შევაღე, დავითი მაგიდასთან იჯდა, ესაუბრებოდა ვალერიან გუნიასა და ვასო აბაშიძეს. მე დიდხანს არ დავრჩენილვარ, ყველას დავემშვიდობე და კაბინეტიდან გამოვედი, მაგრამ დავითი თან გამომყვა და მითხრა: - თედო, ხომ არ გიჭირს რამე? მომერიდა, არაფერი მითქვამს, მაგრამ მან ჩემი თხოვნის გარეშე ჯიბიდან ასი მანეთი ამოიღო და ჩუმად მომცა. რამდენიმე თვის შემდეგ ფული მივუტანე და დავუბრუნე, მაგრამ დავითმა არ აიღო და დასძინა: როცა გავღარიბდები და ფული შემომაკლდება, ჩემი ასი მანეთი მაშინ მომიტანეო".
დავითი და ბოლშევიკებისოციალისტ-ფედერალისტებსა და სოციალ-დემოკრატებთან ურთიერთობისგან განსხვავებით, სრულიად სხვა დამოკიდებულება იყო ბოლშევიკებსა (სოციალ-კომუნისტებს) და დავითს შორის. ნიკო ცხვედაძის რეკომენდაციით (რომელსაც თავის მხრივ სილიბისტრო ჯიბლაძემ სთხოვა), დავით სარაჯიშვილმა თავის ქარხანაში ბოლშევიკ მიხა ცხაკაიას დააწყებინა მუშაობა, რაც შემდეგ სანანებლად გაუხდა. "შეუდგა მიხა ცხაკაია დ. სარაჯიშვილის ქარხანაში მუშაობას. პირველი დღე თავისი ახალი თანამდებობის გაცნობას მოანდომა და ამ დღემ მშვიდობიანად ჩაიარა. მშვიდობიანადვე გაიარა მეორე დღემაც. თითქოს ებევრა მიხას დროის დაკარგვა. მიხას არ ახსოვდა ოდესმე ასე "უსაქმოდ" მჯდარიყო, ე.ი. არ ექადაგნა ახალი მიმართულების - სოციალიზმ-კომუნიზმის აზრები, მდაბიო ხალხი არ ეზიარებინა ახალ მიმართულების მოძღვრებას...
მესამე დღეს განზე გადასდო კალამი და საანგარიშო, დასვენების დროს ჩაუჯდა მუშებს და პირდაპირ შეუდგა საქმეს. დაიწყო პოლიტიკური ეკონომიის პოპულარიზაციიდან; განსაკუთრებით აუხსნა ზედმეტი ღირებულება, ანუ წყარო კაპიტალისტის გამდიდრებისა. უთხრა ისიც, რომ ეს ქარხანა თქვენის სისხლითა და ოფლითაა აშენებული, თქვენ რომ არა, სარაჯიშვილს არაფერი ექნებოდაო... სამართლით ამ ქარხნის პატრონი თქვენ უნდა იყვნეთ და არა თქვენი სისხლის მწოველი სარაჯიშვილიო!" მუშების ნაწილს ეს მოძღვრება ჭკუაში ჩაუჯდა, ნაწილმა კი მომხდარი დავით სარაჯიშვილს აცნობა, "დავით სარაჯიშვილმა ეს რომ მოისმინა, გადაწყვიტა, დაუყოვნებლივ მოეშორებინა ქარხნისთვის ეს შეცდომით შემოთესილი ელემენტი". საბოლოოდ, ამ ამბავმა უსკანდალოდ ჩაიარა, თუმცა ე.წ. ბოლშევიკთა ფრთა საგაზეთო სტატიებით ყველანაირად ცდილობდა დავით სარაჯიშვილის დისკრედიტაციას.
ჩვენს ოჯახში შემორჩა ცნობა, რომელიც ცოტათი ადრეულ პერიოდს ეკუთვნის. სარაჯიშვილის ქარხანაში მუშაობა დაუწყია ფილიპე მახარაძეს, რომელმაც დაახლოებით იგივე სცადა, რაც შემდგომში მიხა ცხაკაიამ, თუმცა მუშებმა ფილიპე სცემეს და ქარხნიდან ისე გაისტუმრეს. მახარაძისგან განსხვავებით, მიხა ცხაკაია ცემას გადაურჩა და ქარხანა უვნებელმა დატოვა.როგორც აღინიშნა, დავით სარაჯიშვილის წინააღმდეგ ბრძოლას გაზეთებიდანაც ცდილობდნენ. მაგალითად, 1909 წელს, გაზეთ "ჩანგში" დაიბეჭდა ვინმე ბოგანოს (რომლის ფსევდონიმის გაშიფვრაც არ ხერხდება, თუმცა სავარაუდოა, რომ ისიც ბოლშევიკურ ფრთას მიეკუთვნება) სტატია, რომელშიც დავით სარაჯიშვილი გამოყვანილია სასტიკ მეპატრონედ: "უნდა აღვნიშნოთ, რომ მუშებში ჯერ ბევრში დარჩენილა გულუბრყვილობა. ჩვენ როდესაც ვამბობდით, რომ ასე მოხდებაო, ზოგი მუშები შემდეგს ამბობდენ: დ. ზ. სარაჯიშვილი კეთილი კაცია, ის ჩვენი მამაა, ის მაგას არ გვიზამსო, მაგრამ ახლა კი დარწმუნდნენ, რომ ისიც სხვებსავით ხაზეინია, ამხანაგობაში ყველაზე მეტი ხმა მას ქონდა და შეძლო კიდეც საქმის კარგათ წაყვანა, მაგრამ 12 თიბათვეს ის საზღვარგარეთ წავიდა და მისი ბრძანებაც აღასრულეს. ამ უტყუარმა საბუთმა ეხლა დაარწმუნა ის ურწმუნოები, რომელნიც მას მამას უწოდებენ". გაზეთის შემდეგ ნომერში რედაქცია ბოგანოს მიერ გამოქვეყნებული ცრუ ცნობებისთვის ბოდიშს იხდის. საკითხის კვლევისას გამოიკვეთა ახალი მასალები, რომლებიც კარგად აჩვენებენ, როგორ ცდილობდნენ ბოლშევიკები დავით სარაჯიშვილის დისკრედიტებას მისი გარდაცვალების შემდეგაც კი. მაგალითისთვის მოვიყვანთ ერთ-ერთ მათგანს. რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის 1912 წლის იანვრის კონფერენციაზე ეროვნებით სომეხი ბოლშევიკი სურენ სპანდარიანი, კავკასიის რეგიონული კომიტეტის შესახებ მოხსენების დროს, მენშევიკებთან ერთად, განსვენებულ დავით ზაქარიას ძესაც (გარდაიცვალა 1911 წლის 20 ივნისს) აკრიტიკებს: "
...შემდეგ გარდაიცვალა ორი მილიონერი: მანთაშევი და სარაჯევი, ნავთობმრეწველი და მეარყე. დუმაში ესდეკებმა {სარაჯიშვილს} პატივი მიაგეს ფეხზე წამოდგომით, გააგზავნეს გვირგვინი, დაესწრნენ დასაფლავებას და წარმოთქვეს სიტყვები. ხალხის მასების ალკოჰოლით მწამლავის სიკვდილი რეგიონულმა კომიტეტმა "ეროვნულ გლოვად" გამოაცხადა. "აუნაზღაურებელ დანაკარგზე" ქართულ ნაციონალისტურ ორგანოებს ამხანაგ კასტროვისგან (ნოე ჟორდანიას ფსევდონიმი. - ნ.ს.) სტატიები და ტელეგრამები მიეყარა... რეგიონული კომიტეტის მოღვაწეობით დ.ზ. სარაჯევი, რომელმაც თავისი მილიონები ხალხის სიმთვრალით მოიპოვა, კეთილისმყოფელად და "დიდებულ სოციალისტ რეფორმატორად" იქნა აღიარებული და იმისთვის, რომ მან მოსამსახურეებსა და მუშებს, რომლებმაც ათეული წლები მისთვის მოწამლულ გარემოში მილიონები გამოიმუშავეს, 100 ათასი მანეთი უწყალობა"...ბოლშევიკებს დავითის სახელის "დევნა" საქართველოში არც კომუნისტური მმართველობის დამყარების შემდეგ შეუწყვეტიათ. 1939 წლის 20 ნოემბერს, თბილისის საბჭომ გასცა დოკუმენტი ადამ ფორაქიშვილისადმი (დავითის მეუღლის, ეკატერინე ფორაქიშვილის ძმა), რომელშიც წერია:
"პანთეონისთვის გამოყოფილ ნაკვეთზე უნდა დაკრძალული იქნან ის პირნი, რომელთა მოღვაწეობაც ლიტერატურის, მეცნიერების და ხელოვნების დარგში ცნობილია. დ. სარაჯიშვილი და მისი მეუღლე კი, რადგანაც არ ეკუთვნიან აღნიშნულ კატეგორიას, პანთეონის ნაკვეთზე დატოვებულთა სიაში არ არიან. ამიტომ, გევალებათ, დ. სარაჯიშვილის და მისი მეუღლის ნეშტი გადაიტანოთ სხვა სასაფლაოზე 10 დღის ვადაში. პანთეონის დირექტორი ივ. ენიკოლოფაშვილი"
ნიკოლოზ სარაჯიშვილი, მედეა გვინჩიძე უახლესი ისტორიის ცენტრი