რა წვლილი მიუძღვით ბაგრატიონებს ნიჟნი-ნოვგოროდის გუბერნიის განვითარებაში - გიორგი ბაგრატიონ-გრუზინსკის ლეგენდებად ქცეული ისტორიები - კვირის პალიტრა

რა წვლილი მიუძღვით ბაგრატიონებს ნიჟნი-ნოვგოროდის გუბერნიის განვითარებაში - გიორგი ბაგრატიონ-გრუზინსკის ლეგენდებად ქცეული ისტორიები

ჭეშმარიტად შეუცნობელია გზანი უფლისანი. ადამიანისთვის უცნობია, როგორ განკარგავს ამქვეყნიურ ცხოვრებას "მისი უდიდებულესობა შემთხვევა" და სად მიჰყავს ბედისწერას. რთული პოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე, ბაგრატიონების სამეფო დინასტიის წარმომადგენლებს სამშობლოს დატოვება მოუხდათ, მზიური საქართველოდან შორეულ ჩრდილოეთში, რუსეთის ნიჟნი-ნოვგოროდის გუბერნიაში დასახლდნენ და სამუდამოდ დაუკავშირეს საკუთარი ბედ-იღბალი ამ მხარის ისტორიას.

XX საუკუნის მიწურულს რუსეთის ერთ-ერთმა უძველესმა ქალაქმა ნიჟნი-ნოვგოროდმა (ყოფილი გორკი) ისტორიული სახელი დაიბრუნა. 2021 წელს ქალაქის დაარსებიდან 800 წელიწადი შესრულდა. მისი მდებარეობითა და სილამაზით აღფრთოვანებული ცნობილი რუსი მხატვარი ილია რეპინი მას "რუსეთის აღმოსავლეთით მეფურად აღმართულ დიდებულ ქალაქად" მოიხსენიებს. მოსახლეობაში გაიღვიძა ინტერესმა რეგიონის წარსულისა და ისტორიისადმი. დაიწყეს ნიჟნი-ნოვგოროდისა და მთლიანად რეგიონის ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის შესწავლა, კრებენ მხარის ისტორიასთან დაკავშირებულ ლეგენდებს, იკვლევენ ლიტერატურულ, ეპისტოლარულ და საარქივო წყაროებს.

კვლევა-ძიების შედეგად, რევოლუციური მოვლენების ნანგრევებიდან იკვეთება რეგიონის რეალური ისტორიის ცალკეული ფრაგმენტები, იმ ადამიანთა დავიწყებული სახელები, ვინც დიდი წვლილი შეიტანა მხარის ისტორიაში. ისტორიკოსების, მხარის მკვლევართა და მეცნიერთა შრომის შედეგად გამოვლინდა ქართული სამეფო დინასტიის, ბაგრატიონების მნიშვნელოვანი როლი ნიჟნი-ნოვგოროდის გუბერნიის, კერძოდ, ლისკოვოს ისტორიულ-კულტურულ განვითარებაში. განსაკუთრებული ადგილი ლისკოვოს ისტორიაში არაორდინარულ, ლეგენდარულ პიროვნებას, გიორგი ალექსანდრეს ძე გრუზინსკის (ბაგრატიონ-მუხრანელი) უკავია. ,,უცნობია, როგორ წარიმართებოდა ლისკოვოს ისტორია, რომ არ ყოფილიყო თავადი გიორგი გრუზინსკი", - წერდნენ ქალაქის ისტორიკოსები.

გუბერნიის მდიდარი და მნიშვნელოვანი სავაჭრო ცენტრი სოფელი ლისკოვო (ამჟამად ლისკოვოს მუნიციპალური რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი) XVIII საუკუნეში ქართული სამეფო დინასტიის წარმომადგენლებს, ბაგრატიონებს გადაეცათ მფლობელობაში. ნიჟნი-ნოვგოროდის ოლქის სხვა ქალაქებისგან განსხვავებით, არქიტექტურული თვალსაზრისით ლისკოვოს მნიშვნელოვანი ცვლილებები არ განუცდია.

nijni-novgorodi-2-1653580280.jpg
ნიჟნი-ნოვგოროდის თანამედროვე ხედი

ლისკოვოს მთავარი საკულტო შენობა, ფერისცვალების ტაძარი იმპერატორ პეტრე I-ის ეპოქის გამორჩეული არქიტექტურული ძეგლია. ის 1711 წელს აშენდა სოფლის დანგრეული ესპანური ეკლესიის ადგილას ქართველი მეფის, არჩილ II-ისა (1647-1713) და მისი შვილის, ბატონიშვილ ალექსანდრე არჩილის ძის (1674-1711) მიერ. გიორგი გრუზინსკიმ ეკლესიის შენობა განაახლა, გააფართოვა და თანამედროვე იერი შესძინა. ტრადიციული, ნაციონალური ფორმის ჰარმონიულმა შერწყმამ თანამედროვე კონსტრუქციებთან, ფანჯრების და კარების ელეგანტურმა დეკორირებამ შექმნა იდუმალების განცდა და ტაძარს საკრალურობა და მიმზიდველობა შემატა. სამწუხაროდ, რევოლუციის შემდეგ, ეს ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი და მნიშვნელოვანი ტაძარი დაიხურა, მის გვერდით მდებარე ქართველი თავადის საცხოვრებელი სახლი გაიძარცვა და თითქმის განადგურდა. რევოლუციური მოვლენების შედეგად დაიკარგა თავად გიორგი გრუზინსკის საფლავი და დავიწყებას მიეცა მისი საქმეებიც. თუმცა, დრომ შემოინახა მასთან და მის ოჯახთან დაკავშირებული ლეგენდები, ზეპირი გადმოცემები, რეალური და მისტიკური ისტორიები. მოძიებული ლიტერატურული, საარქივო და ეპისტოლარული მასალის საფუძველზე ნათელი გახდა თავად გიორგი გრუზინსკის ფასდაუდებელი ღვაწლი ლისკოვოს აღმშენებლობაში. ქალაქის ადმინისტრაციამ მიზნობრივი პროგრამის, `კულტურული მემკვიდრეობის დაცვის~ შესაბამისად დაიწყო ძეგლების, ტაძრებისა და ისტორიული ღირებულების მქონე შენობების რესტავრაცია. ეძებდნენ გიორგი ბაგრატიონის სამარხს, თუმცა უშედეგოდ და მიიჩნიეს, რომ თავადის განსასვენებელი სამუდამოდ დაიკარგა. მოგვიანებით, სრულიად მოულოდნელად, ფერისცვალების ტაძრის სარესტავრაციო სამუშაოების მიმდინარეობისას, ბაგრატიონების საოჯახო სამარხი აღმოაჩინეს.

* * *

ლისკოვოს საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით (ის 600 წლის წინ, 1410 წელს პირველად მოიხსენიეს მატიანეში), ფერისცვალების ტაძრის რესტავრაცია დასასრულს უახლოვდებოდა. ქალაქის მოსახლეობა ინტერესით ადევნებდა თვალს რესტავრაციას და ძეგლის გახსნას ელოდა. ყველას გასაოცრად, სარემონტო სამუშაოები მოულოდნელად შეწყდა. ქალაქში გავრცელდა შემაშფოთებელი ხმები ძეგლის რესტავრაციისას მომხდარი მისტიკური მოვლენების შესახებ. მუშამ, რომელიც შიდა სამღებრო სამუშაოს ასრულებდა, უარი თქვა საქმის გაგრძელებაზე. მღებავმა ქალმა რესტავრატორებს აუხსნა, რომ ღამის კოშმარულ სიზმრებში მას გამუდმებით ეცხადებოდა დიდებული გარეგნობის მოხუცი, რომელიც გასაოცარი დაჟინებით მოითხოვდა შეეწყვიტა მუშაობა და საფლავის წაბილწვა. სიზმრებით გატანჯულმა ქალმა საქმის გაგრძელება ვერ შეძლო.

gruzinskiiga-1653580280.jpg
გიორგი ალექსანდრეს ძე გრუზინსკი (ბაგრატიონ-მუხრანელი)

დაინტერესებულმა ქალაქის ხელისუფლებამ გადაწყვიტა, ძეგლი დამატებით გამოეკვლია. რესტავრატორებმა ზედმიწევნით გადაამოწმეს ყველა კუთხე, გადააბრუნეს იატაკის ფილები და მოულოდნელად აღმოაჩინეს ბაგრატიონების დაკარგული საოჯახო სამარხი, სადაც დაკრძალული არიან თავადი გიორგი ალექსანდრეს ძე გრუზინსკი, მისი მეუღლე ვარვარა ნიკოლაის ასული ბახმეტიევა, თავადი გიორგის დედა დარია ალექსანდრეს ასული მენშიკოვა, დარია (დარეჯან) ტრუბეცკაია - დეკაბრისტების ლიდერის, სერგეი ტრუბეცკოის დედა და სხვა. ლოგიკურია, რომ ბაგრატიონების საძვალე ფერისცვალების ტაძარში უნდა ყოფილიყო, რომელიც ბაგრატიონების აშენებულია და გიორგი ბაგრატიონის სახლთან ახლოს მდებარეობდა. უცნაურია, რომ აქამდე არავის მოსვლია აზრად, ბაგრატიონების საგვარეულო სამარხი ტაძარში მოეძებნათ. დაუოკებელი განწყობის და ძლიერი ნების მქონე ლეგენდარული თავადი გიორგი გრუზინსკი ზეციური სამყაროდან წინ აღუდგა მისი პატივისა და ღირსების შელახვას და საგანგაშო გზავნილი გადასცა ამ სამყაროს ბინადრებს. დიდი ხნის გარდაცვლილი თავადი გიორგი გრუზინსკი წარსულიდან სიზმრებში მოევლინა მღებავ ქალს და მიუთითა სამარხის ზუსტი მდებარეობა.

პირველი ბაგრატიონ-გრუზინსკები

გიორგი ალექსანდრეს ძე გრუზინსკი (ბაგრატიონ-მუხრანელი) იყო ქართველი მეფის, ვახტანგ VI-ის (1675-1737) შვილთაშვილი, ბატონიშვილ ბაქარის შვილიშვილი. ვახტანგ VI გარკვეული პერიოდი ირანის შაჰის ტყვეობაში იმყოფებოდა. მამის ირანში ყოფნის დროს (1716-1719 წწ.), მეფის ძე ბაქარი იყო ქართლის ფაქტობრივი მმართველი. სპარსეთიდან ვახტანგ VI-ის დაბრუნების შემდეგ, ბაქარი მამასთან ერთად, 1722 წლამდე მართავდა საქართველოს, სანამ სპარსეთის შაჰი კახეთის მეფე კონსტანტინეს გადასცემდა ქართლს. თითქმის ორ წელიწადს მამა-შვილი დაკარგული ტახტის დაბრუნებას ცდილობდა. წარუმატებელი ბრძოლის შემდეგ იძულებული გახდნენ, დაეტოვებინათ საქართველო და რუსეთის მფარველობა მიეღოთ, დასახლდნენ მოსკოვში ქართველთა კოლონიაში (სლობოდაში). ბაგრატიონებს, ქართული სამეფო დინასტიის წარმომადგენლებს, რომლებიც მოსკოვის გარეუბანში, სოფელ ვსეხსვიატსკოეში (ახლანდელ მოსკოვის მეტრო "აეროპორტთან") დაფუძნდნენ, ასევე უბოძეს ნიჟეგოროდის გუბერნიის მდიდარი სოფელი ლისკოვო. ის 1686 წელს მფლობელობაში გადაეცა ქართველ მეფე არჩილ II-სა (შაჰ-ნავაზი) და მის შვილს, ალექსანდრე არჩილის ძეს. ვინაიდან მათ მემკვიდრე არ დარჩენიათ, სოფელი საიმპერატორო მფლობელობას დაუბრუნდა. 1724 წელს კი პეტრე I-მა ბაგრატიონების მემკვიდრეობაში არსებული სოფელი ლისკოვო ვახტანგ VI-ის შვილს, ბაქარ ბაგრატიონ-მუხრანელს (1699-1750 წწ.) გადასცა.

ბაქარი რუსეთში სამხედრო სამსახურში შევიდა, მიაღწია გენერალ-ლეიტენანტის წოდებას და დაინიშნა მოსკოვისა და მოსკოვის ოლქის საარტილერიო სამსახურის უფროსად. ის რუსეთის მთავრობის დავალებით წარმატებით ეწეოდა დიპლომატიურ საქმიანობასაც კავკასიაში. ეს მისია ფიზიკურად და სულიერად აახლოებდა მას საქართველოსთან და სამშობლოში დაბრუნების იმედს აძლევდა. ემიგრაციაში ყოფნისას ბაქარს არ მოშორებია ფიქრი სამშობლოს ბედზე. საკუთარ სახლში, სოფელ ვსეხსვიატსკოეში, ქართული საეკლესიო წიგნების დასაბეჭდად მან ტიპოგრაფიაც აღადგინა. უფლისწულმა ქართულ ენაზე თარგმნა და დაბეჭდა "ბაქარის ბიბლიის" სახელწოდებით ცნობილი, ბიბლიის სრული ვერსია. 1749 წელს ბაქარმა თავისი ინიციატივით დატოვა სახელმწიფო სამსახური და ოჯახთან ერთად საქართველოში დასაბრუნებლად ემზადებოდა, მაგრამ მის ოცნებას განხორციელება არ ეწერა. მეფის ძე ავად გახდა და 1750 წელს, თებერვლის დასაწყისში გარდაიცვალა. დაასაფლავეს დონის მონასტრის მირქმის ეკლესიაში, იქვეა დასაფლავებული მისი მეუღლე, ანა ბაგრატიონი (არაგვის ერისთავის გიორგის ასული). ბაქარს ჰყავდა ხუთი შვილი, ორი ვაჟი: ალექსანდრე და ლევანი და სამი ქალიშვილი, რომელთაგან ცოცხალი მხოლოდ ორი გადარჩა- ელისაბედი და მარიამი. ბაქარის ანდერძით, მისი მემკვიდრეები გახდნენ მეუღლე ანა და ვაჟები - ალექსანდრე და ლევანი, რომელიც ახალგაზრდა, 24 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ალექსანდრე - ბრძოლა ქართლისთვის

ბაქარის უფროსი ვაჟი, ალექსანდრე გრუზინსკი, დაიბადა მოსკოვში, სწავლობდა მოსკოვის უნივერსიტეტის გიმნაზიაში, შემდეგ შევიდა იზმაილოვის პოლკის ლეიბ-გვარდიაში და მომავალი სამხედრო სამსახურს დაუკავშირა. მამის გარდაცვალების შემდეგ განაგრძო რუსეთში ქართული ემიგრაციის მეთაურობა. მას კარგი ურთიერთობა ჰქონდა რუსეთის საიმპერატორო სახლთან. დადიოდა ხმები, რომ ალექსანდრე ახლოს იყო იმპერატრიცა ელიზავეტა პეტროვნასთან (1709-1762) და რომ მათ საერთო ქალიშვილიც ჰყავდათ (ვარვარა მირონოვნა ნაზარიევა). ცნობილია, რომ მისი ძე გიორგი ჩადიოდა ვარვარას სანახავად სოფელში და ქალის გარდაცვალების შემდეგ სწორედ ის იყო დაკრძალვის ცერემონიის მთავარი ორგანიზატორი. იმპერატრიცა ელიზავეტა პეტროვნას სიკვდილის შემდეგ, პეტრე III-ის მხარდაჭერის გამო, ალექსანდრე გრუზინსკიმ ეკატერინე II-ის უკმაყოფილება გამოიწვია. ალექსანდრე ქართლის სამეფო ტახტის მემკვიდრედ მიიჩნევდა თავს და ვერ ურიგდებოდა ქართლში ერეკლე II-ის მეფობას. ბაქარის გარდაცვალების შემდეგ მან საქართველოში წასასვლელად და ქართლის სამეფო ტახტის დასაბრუნებლად დაიწყო მზადება, თუმცა, რუსეთის უნებართვოდ დატოვება და საქართველოში წამოსვლა შეუძლებელი იყო. მას ეკატერინე II-ის ბრძანებით სამხედრო წოდება ჩამოართვეს და მხოლოდ ამის შემდეგ მისცეს გამგზავრების უფლება. მისი ეს გარჯა უშედეგო აღმოჩნდა. სოლომონ I-ის მიწვევით, ის გარკვეული დროის განმავლობაში იმერეთში იმყოფებოდა. აჯანყების მოწყობის მცდელობის შემდეგ, ერეკლე II-მ რუსეთის მთავრობას მიმართა დახმარებისთვის. ალექსანდრე დაღესტანში შეიპყრეს, სმოლენსკში გადაასახლეს პოლიციის მკაცრი ზედამხედველობის ქვეშ და მიმოწერა აუკრძალეს. თავადი სრულ იზოლაციაში მოექცა. ალექსანდრე ბატონიშვილი 1791 წელს, დაახლოებით, 66-68 წლის ასაკში გარდაიცვალა. დაკრძალულია სმოლენსკში.

mefe-archili-1653580279.jpg
მეფე არჩილ II

ალექსანდრე დაქორწინებული იყო რუსეთის უგანათლებულესი თავადის ქალიშვილზე, დარია ალექსანდროვნა მენშიკოვაზე, პეტრე I-თან დაახლოებული პირის, გენერალ მენშიკოვის შვილიშვილზე. მათ შეეძინათ ხუთი შვილი: სამი ვაჟი - გიორგი, ალექსანდრე, ივანე (გარდაიცვალა ბავშვობაში) და ორი ქალიშვილი - ანა, თავად გოლიცინის მეუღლე, და დარია (დარეჯანი) - თავად ტრუბეცკოის მეუღლე.

ანა იყო სანქტ-პეტერბურგის ერთ-ერთი ულამაზესი ქალბატონი, სათნო, ჭკვიანი, ფრიად განათლებული, დახვეწილი გემოვნებით, კეთილშობილი, გამოირჩეოდა სტუმართმოყვარეობით. თავის მდიდრულ სახლში ხშირად მართავდა წვეულებებს, საზოგადოებაში სარგებლობდა დიდი პატივისცემით. მეგობრობდა ცნობილ ადამიანებთან. მისი სახლი ღია იყო ქართული ემიგრაციის წარმომადგენლებისთვის. გოლიცინების სასახლეში გაატარა უკანასკნელი დღეები ბოროდინოს გმირმა პეტრე ბაგრატიონმა. თავდაპირველად, იქვე იყო დაკრძალულიც. თავადიშვილი ანა გარდაიცვალა სმოლენსკში. არსებული ცნობებით, დაკრძალულია ლისკოვოს ფერისცვალების ტაძარში, მაგრამ მისი სახელი არ იძებნება ლისკოვოს საოჯახო საძვალის სიაში.

მეორე ქალიშვილი, დარია (დარეჯან) გრუზინსკაია, რომელიც დაქორწინებული იყო თავად პეტრე ტრუბეცკოიზე, ადრე გარდაიცვალა. მათი ვაჟი, სერგეი პეტრეს ძე ტრუბეცკოი, დეკაბრისტების ლიდერი იყო და ციმბირში გადაასახლეს. სერგეი ტრუბეცკოი დაქორწინებული იყო ფრანგი ემიგრანტის ქალიშვილზე, ეკატერინა ლაველზე, რომელიც ციმბირში გადასახლებაში გაჰყვა მეუღლეს. ცნობილია, რომ მას თვით იმპერატორი ნიკოლოზ I და მისი მეუღლე ურჩევდნენ, უარი ეთქვა ქმრისთვის გადასახლებაში გაყოლაზე, მაგრამ მან გადაწყვეტილება არ შეცვალა. ბოლოს, იმპერატრიცამაც მოუწონა არჩევანი და დასძინა, რომ თავადაც ასე მოიქცეოდა. ეკატერინა ლაველი მთელი ცხოვრება მეუღლის ერთგული და თავდადებული მეგობარი იყო. გადასახლებაში დიდი მოლოდინის შემდეგ, მათ შეეძინათ შვილები. ეკატერინე ტრუბეცკაია ამნისტიამდე გარდაიცვალა, დასაფლავებულია ირკუტსკის ზნამენსკის მონასტერში. ამნისტიის შემდეგ, გამომგზავრებამდე, სერგეი ტრუბეცკოი მივიდა მონასტერში საყვარელ მეუღლესთან გამოსათხოვებლად და მადლობა გადაუხადა ერთგულებისა და თავგანწირვისთვის. მეუღლის საფლავთან დაჩოქილი, რამდენიმე საათის განმავლობაში განუწყვეტლივ ტიროდა და მათი კავშირის მარადიულობას აღუთქვამდა. სერგეიმ იცოდა, რომ იქ აღარასდროს დაბრუნდებოდა და ის უხილავი ძაფი, რომელიც მათ აკავშირებდათ, სამუდამოდ წყდებოდა...

4130650-large-1653580279.jpg
ყველაწმინდის ტაძარი ვსეხსვიასტკოეში. აგებულია 1733-1736 წლებში დარეჯან არჩილის ასულის ინიციატივით

"ჩემი გენეალოგია - საქართველოს ისტორიაა"

ამ სტატიის მთავარი გმირი, ლეგენდარული პიროვნება გიორგი ალექსანდრეს ძე გრუზინსკი დაიბადა მოსკოვში, 1762 წლის 2 ნოემბერს, ბავშვობა გაატარა მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში. მისი აღზრდა ითავეს ფრიად განათლებულმა და ღრმად მორწმუნე ქალბატონებმა - ბებიამ, თავად ბაქარის მეუღლემ ანა გიორგის ასულმა არაგვის ერისთავმა და მამიდამ - თავად ოდოევსკის მეუღლემ ელისაბედმა. გიორგიმ ბრწყინვალე საოჯახო განათლება მიიღო, ფლობდა ქართულ, რუსულ, ფრანგულ, გერმანულ, ინგლისურ და იტალიურ ენებს. ჰქონდა მიღებული ცოდნა არქიტექტურის, ისტორიის, გეოგრაფიის, მათემატიკის, ფიზიკის დარგში. მოგვიანებით დაინტერესდა ფორტიფიკაციითა და არტილერიით.

ექვსი წლის ასაკში, როგორც არისტოკრატიულ საზოგადოებაში იყო მიღებული, ეკატერინე II-ის ბრძანებით, გიორგი გრუზინსკი სანქტ-პეტერბურგის ქვეითთა პოლკში ჩაირიცხა, სადაც მას რეალურად არც უმსახურია, მაგრამ წლების განმავლობაში ჩინები ემატებოდა და 1772 წელს უკვე ლეიტენანტიც გახდა. 1778 წელს მაიორის წოდებით გიორგი თადარიგში გავიდა და მოსკოვის გარეუბანში, ბაგრატიონების მამულში, სოფელ ვსეხსვიატსკოეში დასახლდა, რომელიც მამის გარდაცვალების შემდეგ მისი საკუთრება გახდა. ენერგიული ახალგაზრდა ვსეხსვიატსკოეში გადასვლისთანავე შეუდგა საზაფხულო სასახლის მშენებლობას, რომლის გარშემოც გააშენა შესანიშნავი ბაღი ეგზოტიკური მცენარეებით. თანამედროვე ინგლისური პარკის გასაშენებლად ევროპიდან მოიწვია დიზაინერები. "ბაღი გაყოფილი იყო ტერასებად, სასახლიდან გზა მდინარე ტარაკანოვკაზე ეშვებოდა, რომელზეც ხელოვნური კუნძული იყო შექმნილი. აქ წარჩინებული სტუმრები მდინარეზე გონდოლებით სეირნობდნენ, ერთობოდნენ, ტკბებოდნენ ბოშების სიმღერებით და დაუვიწყარ დროს ატარებდნენ". თავადის ესთეტიკურ გემოვნებასა და ორგანიზატორულ ნიჭს დიდად აფასებდნენ საზოგადოებაში.

სანქტ-პეტერბურგის გზატკეცილის მშენებლობის გამო იდილია დაირღვა და სოფლის მყუდრო ცხოვრება მთლიანად შეიცვალა. განადგურდა ზამთრისა და ზაფხულის სასახლეები, რომლებიც მშენებლობის ზოლში მოექცა, გაჩნდა მრავალი პატარა აგარაკი, რის შედეგადაც ეს ადგილი ქალაქთან დაკავშირებულ ხმაურიან სივრცედ იქცა.

გიორგი ალექსანდრეს ძემ დატოვა ვსეხსვიატსკოე და ლისკოვოში, ბაგრატიონების საგვარეულო მამულში გაემგზავრა, სადაც სიცოცხლის ყველაზე დიდი ნაწილი გაატარა. დასახლებისთანავე, თავადმა ცნობილ არქიტექტორ რასტრელის პროექტით ახალი სასახლე ააშენა მიმდებარე პარკით, შადრევნებითა და ქანდაკებებით. სამწუხაროდ, ეს დიდებული სასახლე ორ ეკლესიასა და პატარა შენობასთან ერთად, ძლიერი ხანძრის შედეგად მალევე დაიწვა. გიორგი არ დანებდა და ხანძრის შემდეგ ახალი სასახლე ააშენა, რომელიც სამი სახლის, დამხმარე სათავსების, ქვის საწყობებისა და რამდენიმე სამეურნეო ნაგებობისგან შედგებოდა. თავადის მამული ლისკოვოში გარშემორტყმული იყო პავილიონებით, ორანჟერეებით, რომლებიც ჰარმონიულად ეხამებოდა გარემოს. ამჟამად, მამულიდან მხოლოდ ფლიგელია დარჩენილი, რომლის სარესტავრაციო სამუშაოები დასასრულს უახლოვდება.

გიორგი გრუზინსკი რუსეთის ერთ-ერთი მსხვილი მემამულე იყო, ნიჟნი-ნოვგოროდის გუბერნიაში მას მაკარიევოს, ბალახონისა და სემიონოვკის მამულები ეკუთვნოდა. თავადის მამულის მოპირდაპირედ, მის მიწაზე მდებარეობდა ცნობილი მაკარიევოს ბაზრობა, ამიტომ ის აქ თავს სრულუფლებიან მეპატრონედ გრძნობდა.

"ბაზრობის გახსნის დღეს თავადი მოოქრული კარეტით, დაწალიკებით შებმული 12 ცხენით მოდიოდა, რაც დიდებული სანახაობა იყო. მას "ვოლგისა და ლისკოვოს მეფესაც" უწოდებდნენ. თავად გიორგი გრუზინსკის მისვლამდე არ იწყებდნენ საეკლესიო მსახურებას და ყველა, დაწყებული არქიმანდრიტით, დამთავრებული ჩინოვნიკებითა და გუბერნიის მეთაურებით, მას ელოდა~. თანამედროვეთა მოგონებებით, მასში ჭეშმარიტად იყო რაღაც მეფური. მისი დამოუკიდებლობა, დაუმორჩილებლობა, სიმამაცე და თავნებობა ერთდროულად შურსა და აღტაცებას იწვევდა. მას საკუთარი წარმოდგენა ჰქონდა თავადურ ღირსებაზე, ამაყობდა საკუთარი წარმომავლობით. როდესაც ამის შესახებ ეკითხებოდნენ, ამაყად პასუხობდა, რომ დავითის 39-ე თაობის შთამომავალია, მისი დიდი პაპა საქართველოს მეფე იყო და დასძენდა: `ჩემი გენეალოგია - საქართველოს ისტორიაა, უფრო ადრეული ინფორმაციისთვის კი, წაიკითხეთ ბიბლია".

9vkwbom5d3sckckgkwc00wgk0-1653580279.jpg
მაკარიევოს მონასტერი

ლისკოვოში მან თავად-აზნაურთა საკრებულოს არჩევნებში მიიღო მონაწილეობა და მაკარიევოს მაზრის დეპუტატი გახდა. თავადი ავტორიტეტით სარგებლობდა ნიჟნი-ნოვგოროდის გუბერნიის თავად-აზნაურთა წრეში. აფასებდნენ ლიდერის უნარებს, ორგანიზატორულ ნიჭს, პიროვნულ თვისებებს, სოფლის კეთილდღეობაში შეტანილ წვლილს, სიმტკიცესა და შეუპოვრობას მიზნის მისაღწევად. სწორედ ამ თვისებებიდან გამომდინარე, ქართველი თავადი 1795 წელს ნიჟეგოროდის გუბერნიის თავად-აზნაურთა წინამძღოლად აირჩიეს. 1798 წელს კი - შემდეგი ვადითაც. ამ თანამდებობაზე მან 21 წელიწადს დაყო.

თავადი საკუთარი კანონებითა და წესებით ცხოვრობდა, აქტიურად მონაწილეობდა გლეხთა, ვაჭართა და მიწათმფლობელთა შორის წამოჭრილი სადავო საკითხების მოგვარებაში. არ ერიდებოდა მუშტების მოშველიებასაც საკუთარი სიმართლის დასამტკიცებლად. გლეხებს მისი გადაწყვეტილება სამართლიანად და მისაღებად მიაჩნდათ, მოდავე მხარეები ხშირად შუამავლად ირჩევდნენ. მფარველობდა გაქცეულ გლეხებს და საკუთარ მამულში ასაქმებდა, რაც ადგილობრივი მიწის მესაკუთრეების აღშფოთებასა და უკმაყოფილებას იწვევდა.

თვითნებობითა და თავშეუკავებლობით მან ბევრი მტერი და არაკეთილმოსურნე გაიჩინა, რომლებიც სხვადასხვა ჭორს უვრცელებდნენ და უსაფუძვლოდ ცილსაც სწამებდნენ. ამაყი თავადი არ ცნობდა ადგილობრივ წესებსა და გუბერნატორის უფლებამოსილებას. ინფორმაცია უმართავი და თვითნება თავადის შესახებ ნიჟნი-ნოვგოროდში მყოფი იმპერატორ პავლე I-ის ყურსაც მისწვდა. მან ვიცე-გუბერნატორს გიორგი გრუზინსკის თავად-აზნაურთა წინამძღოლის თანამდებობიდან გადაყენება დაავალა. ამავე დროს, თავადი სასამართლოში უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებითაც დაიბარეს, მაგრამ არ გამოცხადდა. უცნობია, რამდენად შეესაბამებოდა ეს ბრალდებები სიმართლეს. თავადი არ დაელოდა გამამტყუნებელი განაჩენის აღსრულებას და შექმნა საიდუმლოებით მოცული, მისტიკური ისტორია. მან შეაფასა სიტუაცია და გაუჩინარდა. ექსცენტრული თავადი გიორგი გრუზინსკი ასე ადვილად არ დანებდა. მოქრთამული ჩინოვნიკების დახმარებით, საკუთარი გარდაცვალების ინსცენირება გაითამაშა და დიდებული დაკრძალვაც მოაწყო. მისი ორგანიზებული მდიდრული გამოსათხოვარი ცერემონია დიდხანს დარჩა ადგილობრივი მოსახლეობის მეხსიერებაში და ჩვენამდე ლეგენდების სახითაც მოაღწია.

opits-makarevskaia-iarmarka-xix-opits-georg-emanuel-1653580280.jpg
მაკარიევოს ბაზრობა, XIX ს. (გეორგ ოპიცი)

სამ წელიწადს თავადი გარდაცვლილად ითვლებოდა, "მკვდრეთით აღდგა" მხოლოდ 1801 წელს, იმპერატორ ალექსანდრე I-ის ტახტზე ასვლისას, რომელმაც გაიგო რა მისი უჩვეულო ისტორია, სიმპათიით განიმსჭვალა, მოუხსნა ბრალდება, კამერჰერის წოდება უბოძა და გუბერნიის სასამართლოს მრჩევლად დანიშნა. თავადის მოწინააღმდეგეებს და დაპირისპირებულ პირებს დიდხანს არ მოუწიათ მისი გასამართლებით მინიჭებული სიხარულის განცდით ცხოვრებამ. გადმოცემით, თავადმა მადლობის ნიშნად, ალექსანდრე I-ის იმპერატორად კურთხევისას (როგორც ნიჟნი-ნოვგოროდის თავად-აზნაურთა საზოგადოების დეპუტატმა), მართლმადიდებელ იმპერატორს საჩუქრად ქართული ქრისტიანული რელიკვია - წმინდა ნინოს ჯვარი მიართვა, რომელიც ლისკოვოში, თავად გრუზინსკის ოჯახში ინახებოდა (სხვა ცნობების მიხედვით, ფერისცვალების ტაძარში, სადაც სხვა მნიშვნელოვანი ქართული მართლმადიდებლური რელიკვიებიც იყო დაცული. წმინდა ნინოს თმით შეკრული ვაზის ჯვარი 1749 წელს დაცვისა და გადარჩენის მიზნით, გორისა და სამთავროს მიტროპოლიტმა რომანოზმა (ერისთავმა) ქართველი მეფის ძეს, ბაქარს გადასცა მოსკოვში. ასე მოხვდა ჯვარი რუსეთში. წმინდა ნინოს ჯვარი სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში, საქართველოს ძველ დედაქალაქ მცხეთაში იყო დაბრძანებული 458 წლამდე (სხვა ვერსიით 541 წლამდე). ქრისტიანობის დევნის დროს, დაცვის მიზნით, ჯვარი სომხეთში გაგზავნეს. საქართველოში ჯვარი XIII საუკუნეში დაბრუნდა.

იმპერატორმა ალექსანდრე I-მა თავადს მადლობა გადაუხადა ასეთი ღირებული საჩუქრისთვის და ბრძანა, ჯვარი საქართველოში დაებრუნებინათ. 1802 წლიდან ის თბილისში, სიონის საკათედრო ტაძარში ინახება.

(დასასრული მომდევნო ნომერში)

მედეა აბაშიძე ისტორიის დოქტორი

იხილეთ დასასრული - გიორგი ბაგრატიონ-გრუზინსკის ლეგენდებად ქცეული ისტორიები