რამდენიმე უნიკალური ეფემერა ბიბლიოზეუმიდან
ნაწილი II
ქაქუცა ჩოლოყაშვილის მემორიალი სპეციალურად ჟურნალ "ისტორიანისთვის"
(დასასრული.დასაწყისი იხ. "ისტორიანი" #121)
ქაქუცა ჩოლოყაშვილთან დაკავშირებული და ჩემს ბიბლიოზეუმში დაცული კიდევ ერთი ეფემერა წარმოადგენს უჯრედებიანი რვეულის ფურცლის ნახევზე მის მიერ დაწერილ პატარა ტექსტს:
"დავიდ!
ვიყავით შენთან და სადარბაზოთ ქლბატონ (პა)პავასთან დავიდ მხეიძე და მე ქ. ჩოლოყაშვილი 26 / V 26".
როგორც ჩანს, "დავიდი" სტუმრებს შინ არ დახვედრია და მათაც ეს ნაჩქარევი ბარათი დაუტოვეს. ბარათი რომ ნაჩქარევია, თუნდაც იმით დასტურდება, რომ სიტყვაში "ქალბატონი" გამორჩენილია ასო "ა", ხოლო სიტყვაში "პაპავასთან" პირველი "პა" შემდგომ არის მიწერილი უკვე სხვა ხელით. ალბათ თამარ პაპავამ მიაწერა, როცა ამ ეფემერის შენახვა გადაწყვიტა, როგორც ძვირფასი რელიკვიისა. ნაჩქარეობის შედეგი უნდა იყოს ისიც, რომ ტექსტს სავარაუდოდ, ერთი სიტყვა აკლია: `წავედით~.
ამის გათვალისწინებით, ბარათის ძირითადი ტექსტი ასეთ სახეს მიიღებს:
"ვიყავით შენთან და წავედით სადარბაზოთ ქალბატონ პაპავასთან".
ამ ეფემერაში ამა თუ იმ ფორმით ნახსენებია ოთხი პიროვნება - სამი მამაკაცი, სამივე - ჩოხოსანი და ერთიც ქალი:
ქალბატონი პაპავა სხვა არავინ შეიძლება იყოს, თუ არა თამარ პაპავა - ცნობილი წიგნების ცნობილი ავტორი, საქართველოს პირველი პარლამენტის წევრის, გამოჩენილი მწერლისა და პოლიტიკური მოღვაწის აკაკი პაპავას მეუღლე, ტურფა და მზია პაპავა-ჭეიშვილების დედა, არგენტინის ქართული სათვისტომოს ერთ-ერთი ხელმძღვანელი, ქართული ემიგრაციის თვალსაჩინო მოღვაწე;
დავით მხეიძე - ყოფილი ოფიცერია, 1924 წლის აჯანყების ხელმძღვანელი სამეგრელოში, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრი; ისტორიას შემორჩა მისი მოხსენება სამეგრელოში აჯანყების შესახებ, რომელიც მან საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტს წარუდგინა პარიზში 1925 წლის თებერვალში;
ბარათის ავტორი - ქაქუცა ჩოლოყაშვილი - საქართველოს ეროვნული გმირია, რუსეთისა და საქართველოს არმიათა ყოფილი პოლკოვნიკი, 1924 წლის აჯანყების ერთ-ერთი ლიდერი, შეფიცულთა რაზმის ხელმძღვანელი;
ბარათის ადრესატია "დავიდი", რომელიც მზია პაპავა-ჭეიშვილის თქმით, ვინც გადმომცა ეს ეფემერა, დავით, იგივე დათა ვაჩნაძე უნდა იყოს - იმხანად უკვე ემიგრაციაში მყოფი რუსეთის არმიის ყოფილი პოლკოვნიკი, თავის დროზე საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრი, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის მთავარი კომიტეტისა და პრეზიდიუმის წევრი, პარტიის თავმჯდომარის მოადგილე, საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის მონაწილე, ედპ-ის ბაზაზე შექმნილი მიწის მესაკუთრეთა ეროვნული პარტიის დამფუძნებელი და ერთ-ერთი ლიდერი, გაერთიანებული დემოკრატიული პარტიის მთავარი კომიტეტის წევრი, სომხეთთან ომის მონაწილე. პირველი მსოფლიო ომის წლებში დავით ვაჩნაძე იყო საქართველოს განთავისუფლების კომიტეტის თბილისის ორგანიზაციის წევრი და ხელმძღვანელობდა გერმანული წყალქვეშა ნავებით საქართველოში შემოტანილი იარაღის მიღება-დაბინავების პროცესს, რისთვისაც განთავისუფლების კომიტეტმა იგი თამარ მეფის ორდენით დააჯილდოვა. უკვე ემიგრაციაში მყოფი აქტიურად მონაწილეობდა კავკასიის განმათავისუფლებელი კომიტეტის, ქართველ მხედართა დარაზმულობისა და სხვა ემიგრანტული პოლიტიკური თუ კულტურული ორგანიზაციების საქმიანობაში.
დავით ვაჩნაძეს ჯერ კიდევ საქართველოში ახლო მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა ქაქუცა ჩოლოყაშვილთან და ეს ურთიერთობა ემიგრაციაშიც გაგრძელდა.
ამიტომაც არ არის უჩვეულო, რომ 1926 წლის 26 მაისს, სანამ ქაქუცა ჩოლოყაშვილი და დავით მხეიძე ამ დღის აღსანიშნავად პაპავებთან სადარბაზოდ წავიდოდნენ, დავით ვაჩნაძესაც გაუარეს, მაგრამ, როგორც ჩანს, ის უკვე წასული დახვდათ, ალბათ - იმავე დარბაზობაზე. აკაკი პაპავას ძმა, ბარნაბ პაპავა "კარუტოს" - ჭიათურის მანგანუმის ექსპორტიორი ერთ-ერთი გერმანული საზოგადოების ხელმძღვანელი იყო. აკაკი პაპავა თავის დროზე სწორედ მოულოდნელად გარდაცვლილი ძმის კომერციული საქმეების გადმოსაბარებლად და მოსაგვარებლად წავიდა გერმანიაში და `კარუტოდან~ მიღებული დივიდენდების წყალობით პაპავების ოჯახი, რომელიც 1949 წლამდე გერმანიაში ცხოვრობდა, ერთ-ერთი ყველაზე შეძლებული გახდა ქართულ ემიგრაციაში. ამიტომაც იყო, რომ ქართული ემიგრაციის მრავალი წარმომადგენელი პაპავების სტუმართმოყვარე ოჯახში ხშირად იყრიდა თავს. მით უმეტეს, ისეთ დღესასწაულზე, როგორიც 26 მაისი იყო.
რაკი სა-26-მაისოდ პაპავებთან დარბაზობა იყო გამართული, ბუნებრივია, იქ ქაქუცა ჩოლოყაშვილსა და დავით მხეიძესთან ერთად დავით ვაჩნაძეც იქნებოდა მიწვეული, რომელსაც არათუ გერმანიაში, მერეც, როცა პაპავები უკვე არგენტინაში გადასახლდნენ, ძალზე თბილი ურთიერთობა ჰქონდა მათთან.
ამის დასტურია ორი სხვა ეფემერა - დავით ვაჩნაძის წერილები მიუნხენიდან ბუენოს-აირესში გაგზავნილი 1951 წლის 5 მარტსა და 1958 წლის 31 აგვისტოს.
აი, ერთი ფრაგმენტი პირველი წერილიდან:
"მეტად ვწუხვარ რომ ამ თქვენი ნაშრომის პირველი წიგნი, სხვათა შორის მშვენივრად გამოცემულ-მოკაზმული, ბერლინის 22 ნოემ. 1943 წ. დაბომბვის ღამეს ცეცხლმა შთანთქა. "თვალის ჩინსავით" ვინახავდი სხვა რჩეულ ქართველთა ნაწერებთან ერთად, მაგრამ იმ ჯოჯოხეთურ ღამეს, მხოლოთ სასწაულით, მარტო ჩემი ცოდვილი თავი გადავარჩინე. ამ მე-2 თქვენმა წიგნმა კვლავ აღმიძრა ღრმა სასიამოვნო მოგონებანი პირველ წიგნში მოთხრობილ ქართველ ქალთა დაუვიწყარ ღვაწლისა და მსხვერპლისა გაღებული მშობელი ქართველი ერის კეთილშობილობის და კეთილდღეობის დასაცავად... იმედია თქვენი მადლიანი კალამი კვლავ გამოგვინახავს ქართველ ქალთა დიდ სახეებს ჩასმულთ კვლავ ოქროს ჩარჩოში...
გულითადი სალამით და მოკითხვით თქვენი დ. ვაჩნაძე"
საინტერესოა დავით ვაჩნაძის მეორე წერილიც, რომელშიც იგი დაბადების 70-ე წლისთავს ულოცავს თამარ პაპავას:
"ჩვენო განთქმულო მწერალო ღრმად პატივცემულო ქალბატონო თამარ!
გავიგე თქვენი 70 წლის შესრულების თარიღი სწორედ იმ დღეს, როცა ჩემს არქივში წავაწყდი ჩემი ნათესავის ანეტა მაჩაბლის-ერისთავისას (ბიძაჩემ მიხეილ მაჩაბლის ცოლის, მარინე ფრანზონის დედის და ცნობილი მწერალ ქალის მ. ერისთავ-ხოშტარიას დის) წერილს, 1941 წ. სტოკგოლმიდან გამოგზავნილს, რომელშიაც იწერებოდა:
"შენ რომ წიგნი გამომიგზავნე თამარ პაპავას შედგენილი, წავიკითხე და გამაოცა: ეს წიგნი სწორეთ განძია ჩვენი ისტორიისა. დიდება ჩვენ წინაპართა ქალებს და უმეტესი დიდება ქ. თამარ პაპავას, რომ აგრე შესანიშნავი შრომა გაუწევია და ნიჭიერადაც აუწერია წარსული გმირული ხანა და ცხოვრება ჩვენი ქართველ ქალებისა. ეხლა ამ წიგნის წაკითხვის შემდეგ ვიგრძენ სიამაყე, რომელიც აქამდინ შეუგნებელი იყო ჩემთვის... დიდი მადლობელი ვარ რომ ამისთანა მშვენიერი წიგნი გამომიგზავნე...
13-III-1941 წ. შენი მოხუცი ძალოა ანეტა მაჩაბლისა. სტოკგოლმი".
ანეტა მაჩაბელი გარდაიცვალა რომში ომის დაბოლოვების წელს ღრმად მოხუცებული და ეს თქვენი წიგნი "დიდი სახეები პატარა ჩარჩოებში" სახარებასავით ჰქონდა შენახული.
ეს გამოძახილი ძველი თაობის განათლებულ ქართველ მანდილოსნისა ახლა მიუმატეთ თქვენ ნაშრომთა საქებ მდიდარ სარეცენზიო კოლექციას... და ჩემგანაც მიიღეთ გულითადი მოლოცვა თქვენი 70 წლის შესრულებისა გამო და გისურვებთ თქვენი შესანიშნავ ახალ ნაშრომებით კიდევ მრავალ წელს გაამდიდროთ ქართველ ხალხის კულტურული ცხოვრება.
მარად თქვენი პატივისმცემელი დავით ვაჩნაძე"
ძალზე საინტერესოა, როგორ წერს დავით ვაჩნაძე თავის სახელს ლათინური ასოებით ამ წერილის კონვერტზე, რომელიც თავისთავად კიდევ ერთი ეფემერაა: david
სხვასთან არავისთან მე ამ სახელის ასეთი დაწერილობა არ მახსენდება.
სახალისო ამბავია: ქაქუცა ქართულად ორივე შემთხვევაში "დავიდ"-ს წერს, ეს კი ლათინურად - david!-ს.
დავით ვაჩნაძის არც ერთი ამ წერილთაგანი დღემდე გამოქვეყნებული არ ყოფილა.
მეორე წერილში ერთი უნებური ლაფსუსია. დავითის ძალუა ანეტა მაჩაბელი-ერისთავისა კი არა, ერისთავი-მაჩაბლისა იყო, რაც იმავე წერილში თავად ანეტას ხელმოწერითაც დასტურდება.
ამ უზუსტობას თუ არ ჩავთვლით, ორივე წერილი უაღრესად გამართულად არის დაწერილი, სიტყვაც კი არ არის გადასწორებული. ჩანს, რომ ავტორს, წერის ნიჭსა და უნართან ერთად, გვარიანი გამოცდილებაც აქვს. სწორედ ამ წერილების დახვეწილი სტილი, გამართული ორთოგრაფია და პუნქტუაცია მაფიქრებინებს, რომ ქაქუცა ჩოლოყაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი ზემოთ ნახსენები იმ ნაბეჭდი ფურცლის (იხ. "ისტორიანი", #121) ერთ-ერთი სავარაუდო ავტორი დავით ვაჩნაძე შეიძლება ყოფილიყო. ჩემს ვარაუდს ამაგრებდა ის ფაქტიც, რომ იგი ჯერ კიდევ 1909 წლიდან ეწეოდა პუბლიცისტურ საქმიანობას, იბეჭდებოდა "დავით კახელისა" და "ეკალის" ფსევდონიმებით. გარდა ამისა, 1912 წელს თანამოაზრეებთან ერთად დააარსა 1910-იანი წლების ქართული პრესის ორი გამორჩეული გამოცემა - ეროვნულ-დემოკრატიული მიმართულების ჟურნალი "კლდე" და ამავე მიმართულების გაზეთი "საქართველო". ამისკენ გვიბიძგებდა ვიკტორ ნოზაძის ერთი დღემდე გამოუქვეყნებელი წერილის ფრაგმენტიც, სადაც იგი წერს, რომ დავით ვაჩნაძეს გამოსაცემი ჰქონია თავისი ნაწერები და დახმარება მისთვის უთხოვია.
სამხრეთ ამერიკიდან ევროპაში ახალდაბრუნებული ვიკტორ ნოზაძე 1960 წლის 12 დეკემბერს აკაკი და თამარ პაპავებს მადრიდიდან სხვათა შორის სწერს:
"წამოსვლისას მომაძახე ნავთსადგურში, ორმოცი წლის თავზე უნდა გამოვცეო წიგნი, მაგრამ რა წიგნი, ეს აღარ გითქვამს. დავით საღირაშვილი და დათა ვაჩნაძე უკვე მოელიან ჩემგან მათი ნაღვაწის აწყობას, და მე კი ჯერ სტამბაც არა მაქვს".
თუმცა, ეს მსჯელობა ახლა უკვე ნაკლებად არის კავშირში იმ ტექსტთან, რადგან, როგორც გაირკვა, იმ ტექსტის ავტორი არა დავით ვაჩნაძე, არამედ შალვა ამირეჯიბია, საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის არანაკლებ, თუ უფრო მეტად არა, სახელოვანი მოღვაწე.
რაკი თავის წერილებში დავით ვაჩნაძემ თამარ პაპავას წიგნებზე ჩამოაგდო სიტყვა, აქ შეიძლებოდა გაგვეხსენებინა თამარ პაპავას მშვენიერი მოგონება ქაქუცა ჩოლოყაშვილზე, თუ რა ხშირად ხვდებოდნენ ისინი ერთმანეთს ახალგაზრდობისას კახეთში - თელავი იქნებოდა ეს, ალავერდი თუ შუამთა; როგორ გამოიცეკვა ქაქუცამ თამარი თბილისში, ქართული კლუბის დარბაზში, როცა იქ ევროპის სახელმწიფოების მიერ საქართველოს დამოუკიდებლობის ცნობას ზეიმობდნენ, მაგრამ რაკი ეს მოგონება თამარ პაპავას წიგნშია დაბეჭდილი, ხოლო წიგნი თავისთავად ეფემერა არ არის, ამაზე აქ სიტყვას აღარ გავაგრძელებ.
ჩვენთვის უცნობია, როგორ აღნიშნეს 1926 წლის 26 მაისი პაპავებმა და მათმა სტუმრებმა გერმანიაში, რადგან ჯერჯერობით არავითარი ინფორმაცია ამის შესახებ არ არის გამოვლენილი. არაფერი წერია იმ დღის შესახებ თამარ პაპავას ჯერ გამოუქვეყნებელ მოგონებებშიც. ერთადერთი დღემდე არსებული წყარო იმდღევანდელი დარბაზობის შესახებ ქაქუცა ჩოლოყაშვილის ხელით დაწერილი ეს ნაჩქარევი ბარათია. მაგრამ ეს ეფემერა უფრო სხვა მხრივ არის ღირსშესანიშნავი:
ეს ერთ-ერთი უძველესია ქაქუცა ჩოლოყაშვილის შემორჩენილ ავტოგრაფთაგან. ერთ-ერთი უძველესი, მაგრამ არა ყველაზე ძველი.
ქაქუცა ჩოლოყაშვილის უძველესი ავტოგრაფი აღმოაჩინა და შეისწავლა პროფესორმა გოჩა საითიძემ. მან ავტოგრაფი თავისი გამოკვლევითურთ გამოაქვეყნა ჟურნალ "ისტორიანის" 2011 წლის ივლისის ნომერში. გარდა ამისა, თავის სტატიაში გოჩა საითიძემ თავი მოუყარა ქაქუცა ჩოლოყაშვილის შესახებ მანამდე უცნობ სხვა მასალასაც. მან ჯერ კიდევ ამ პუბლიკაციამდე იცოდა ქაქუცას ამ მეორე ავტოგრაფის არსებობაც, მისი ასლიც ხელთ ჰქონდა - ჩვენ მაშინ ერთად ვმუშაობდით ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში და გოჩა საითიძე კარგად იცნობდა თამარ და აკაკი პაპავების არქივს, რომლის ერთი ნაწილი უკვე იქ იყო დაბინავებული. და როცა მისი სტატიის გაცნობის შემდეგ ვუთხარი, კარგი იქნებოდა, ბარემ ეს ავტოგრაფიც გამოგექვეყნებინა-მეთქი, გაიკვირვა, როგორ შემეძლო მაგ ავტოგრაფის გამოქვეყნება, შენია, შენი მიკვლეული, შენი ჩამოტანილიო! მისგან სულაც არ გამკვირვებია ეს შესაშური მეცნიერული კეთილსინდისიერება, თუმცა, ჩემთვის რომ ეთქვა და გამოექვეყნებინა, საწინააღმდეგო არაფერი მექნებოდა.
ასეა თუ ისე, ეს ავტოგრაფი დღემდე გამოუქვეყნებელი იყო და "ისტორიანში" ის პირველად ქვეყნდება, თუ, რა თქმა უნდა, 2008 წლის იმ გამოფენას არ ჩავთვლით, სადაც სხვა ეფემერებთან ერთად ესეც იყო წარმოდგენილი.
უცნობი ავტოგრაფი და მისი პირველი პუბლიკაცია სხვაა, მაგრამ სამეცნიერო საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი ქაქუცა ჩოლოყაშვილის ხელნაწერი ბარათები ალექსანდრე კარგარეთელისადმი. ერთ-ერთ ამ წერილიდან აღებული ქაქუცას ავტოგრაფი 2008 წელს მისადმი მიძღვნილ საქართველოს საფოსტო მარკაზე დაუტანიათ მის ავტორებს კ. ვაშაკიძესა და ლ. ლეჟავას.
სწორედ ქაქუცა ჩოლოყაშვილისადმი მიძღვნილი მარკებით მინდა დავამთავრო ეს ჩემი ეფემერული ოპუსი:
საფოსტო მარკა თავისთავად ეფემერა არ არის, პირიქით - თითოეული მათგანი მკაცრად არის კატალოგიზებული ეროვნულ თუ საერთაშორისო საფოსტო და ფილატელისტურ კატალოგებში; თითოეული მათგანის არსებობა განსაზღვრული და დადასტურებულია შესაბამისი ქვეყნის საფოსტო ადმინისტრაციათა სათანადო ოფიციალური დოკუმენტებით; ზუსტად არის ცნობილი მათი ყველა პარამეტრი - საკუთრივ მარკისა თუ კბილანების ზომები, ქაღალდისა და ბეჭდვის ტიპი, ტირაჟი და, რაც მთავარია, მიმოქცევაში გამოსვლის დღე.
მაგრამ არსებობს ეფემერული მარკებიც, რომელთა უკან არ დგას არანაირი საფოსტო ადმინისტრაცია, რომლებიც კერძო ინიციატივის შედეგია და არ გააჩნიათ საფოსტო მარკების მთავარი ფუნქცია - არ წარმოადგენენ სახელმწიფო საგადასახადო ნიშნებს. ასეთ ეფემერულ მარკებს, რომლებსაც ხშირად ვინიეტებსაც უწოდებენ, მარკისა მხოლოდ კომემორატიული ან ესთეტიკური ფუნქცია და ფორმა აქვთ - ზომებსა და კბილანებს ვგულისხმობ - და კიდევ, წებო მეორე მხარეს. ისინი, კონვერტებზე დაკრულნი, რაღაც სიმბოლურ, სამახსოვრო ან მემორიალურ დატვირთვას ატარებენ და ერთგვარ კოდირებულ ინფორმაციას თუ ემოციას შეიცავენ როგორც გამგზავნისთვის, ისე ადრესატისთვის.
ჩემს ბიბლიოზეუმში არაერთი ასეთი ეფემერული მარკაა დაცული და ორ მათგანზე სწორედ ქაქუცა ჩოლოყაშვილია აღბეჭდილი. ასე რომ, 2008 წელს გამოშვებული საქართველოს მარკა თუმცა პირველი საფოსტო მარკაა ქაქუცა ჩოლოყაშვილის გამოსახულებით, მაგრამ არა ამ თემატიკის პირველი მარკა საერთოდ. ქაქუცა ჩოლოყაშვილისადმი მიძღვნილი პირველი მარკები აკაკი პაპავამ ჯერ კიდევ გერმანიაში ყოფნისას დააბეჭდვინა სხვა მრავალ ამგვარ ეფემერასთან ერთად. ჩემთვის ქაქუცა ჩოლოყაშვილის გამოსახულებიანი ორი ასეთი მარკაა ცნობილი. ისინი სხვადასხვა ზომისაა - 28×23 და 30×23. კბილანების ზომა - არათანაბარი. დაბეჭდილია ფოტოქაღალდზე და გუმირებულია. დიზაინში გამოყენებულია ქაქუცა ჩოლოყაშვილის ერთი და იგივე, ოფიციალურ საფოსტო მარკაზე თუ ეფემერებში არაერთგზის გამოყენებული საკმაოდ ცნობილი ფოტო, სხვადასხვაგვარად კადრირებული. ორივე მათგანი შავ-თეთრია. ერთ მარკას აქვს შავი ჩარჩო, მეორეს - არა. მარკები დაბეჭდილი უნდა იყოს 1930-იან წლებში. ამ მარკებს აკაკი პაპავა მის მიერ გაგზავნილი წერილების კონვერტებზე აკრავდა ხოლმე სავალდებულო საფოსტო მარკებთან ერთად. სამწუხაროდ, კონვერტზე დაკრულ პაპავასეულ მარკას ჯერჯერობით ვერ მივაკვლიე, თუმცა იმედი მაქვს, ასეთი კონვერტი აუცილებლად აღმოჩნდება რომელიმე ემიგრანტულ არქივში. იქნებ ერთი ასეთი კონვერტი მეც მოვიხელთო როგორღაც. ხოლო ქაქუცასადმი მიძღვნილი ეს ორი მარკაც, ამ ოპუსში დამოწმებული სხვა ეფემერების მსგავსად, პირველად ქვეყნდება.
პაატა ნაცვლიშვილი