სასტუმროები XIX საუკუნის ბოლოსა და XX საუკუნის დასაწყისში - კვირის პალიტრა

სასტუმროები XIX საუკუნის ბოლოსა და XX საუკუნის დასაწყისში

რატომ უთხრეს უარი ბათუმის სასტუმროში მიღებაზე ეგნატე ნინოშვილს

თბილისში მდებარე ძველი სასტუმროების შესახებ საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი, მაგრამ ძალიან ცოტამ თუ იცის, რამდენად გამორჩეული სასტუმროები იყო ბათუმში XIX საუკუნის ბოლოსა და XX საუკუნის დასაწყისში. ამ სასტუმროებს ბათუმის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის სახელმწიფო მუზეუმის ისტორიის მიმართულების ხელმძღვანელი რუსუდან კობრავა გვაცნობს.

- 1877-1878 წლების რუსეთ-თურქეთის ომის შემდეგ ბათუმი რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შევიდა, რის შემდეგაც სწრაფი ტემპით წარიმართა ქალაქის ეკონომიკური და სამრეწველო ზრდა-განვითარება. 1883 წელს გაიყვანეს სამტრედია-ბათუმის სარკინიგზო ხაზი, რომლის საშუალებით ბაქოს ნავთობს გზა გაეხსნა ევროპისკენ. საერთაშორისო მნიშვნელობა შეიძინა ბათუმის პორტმა თავისი ტვირთბრუნვით. პორტი გახლდათ მოსახლეობის გამდიდრებისა და ქალაქის ინტენსიური ზრდის წყარო. მოხერხებულმა ბუნებრივმა ყურემ, მოგებიანმა გეოგრაფიულმა მდებარეობამ მთელი ამიერკავკასიის შესასვლელთან, უმოკლესმა ტრანზიტმა სპარსეთსა და შუა აზიაში ბათუმის პორტს მტკიცე რეპუტაცია შეუქმნა. ბათუმის გავლით გადიოდა მსოფლიო ბაზრებზე ნავთობი, რომელიც შეადგენდა მთელი ექსპორტის 80%-ს, ასევე მარგანეცი და სხვა ნედლეული. ქალაქში არაჩვეულებრივი სისწრაფით იზრდებოდა საზღვარგარეთის მსხვილი ფირმების ქარხნების რიცხვი, უმთავრესად ეს იყო ნავთობის გასაგზავნი ტარის (ცისტერნების) დამამზადებელი საწარმოები. მოსახლეობის რაოდენობა სწრაფად იმატებდა და 1878 წლის 3 ათასიდან 1882 წლისთვის 8 670 კაცამდე გაიზარდა. 1890 წლის აღწერით ქალაქში უკვე ირიცხებოდა 18 113 კაცი, 1897 წელს - 28 156, 1907 წელს კი 33 543.

1888 წლის 1 ოქტომბერს ბათუმში შემოღებულ იქნა სამოქალაქო მდგომარეობა, მას ქალაქის სტატუსი მიენიჭა. ახალმა საზოგადოებრივმა თვითმმართველობამ საქმიანობა მიმართა ქალაქის გაფართოებისკენ, ცხოვრების სანიტარული პირობების გაუმჯობესებასა და მორთვა-გალამაზებისკენ. რამდენიმე წლის განმავლობაში პორტიდან შემოსული სახსრები თითქმის მთლიანად ხმარდებოდა ქალაქის კეთილმოწყობას. დაიწყო საზოგადოებრივი და სასწავლო დაწესებულებების აგება, საავადმყოფოების, ელექტროსადგურისა და ქალაქის განათების მოწყობა, ჭაობების ამოშრობა, წყალგაყვანილობის გაყვანა, ქუჩების გამწვანება. ყოველივე ეს გაკეთდა ბათუმის და უფრო სწორად მისი პორტის აყვავების პერიოდში.

ბათუმის წყნარ ყურეში შემოდიოდნენ როგორც საშინაო, ისე საზღვარგარეთ ნაოსნობის გემები და ჩერდებოდნენ პრაქტიკულად ქალაქის ცენტრში მდებარე ნავმისადგომებთან. რუსული სავაჭრო და სანაოსნო საზოგადოებების გარდა, ბათუმში ევროპული ქვეყნების საზოგადოებაც ბევრი იყო, რომლებიც ხელს უწყობდნენ სწრაფ საფოსტო ოპერაციებს მსოფლიოს პორტებს შორის. ესენი იყვნენ რუსეთ-დუნაის ორგანიზაცია, ფრანგული სანაოსნო ორგანიზაცია "პაკე", "მესსაჟერი-მარიტიმი", გერმანული და ავსტრიული "ლოიდა", იტალიის ნაციონალური საზოგადოება და სხვა. სანაპიროზევე მდებარეობდა საბაჟო, საპორტო სამმართველო, საზღვაო სანაოსნოს კანტორა და საწყობები, სამხედრო გუბერნატორის კანცელარია. გემების ნავმისადგომიდან ყურისკენ ერთი მხრივ და რკინიგზის სადგურიდან მეორე მხრივ, იწყებოდა ქალაქის საუკეთესო კვარტალები საუკეთესო ქუჩებით. ამ ცენტრალურ ქუჩებზე მდებარეობდა ქალაქის პრესტიჟული სასტუმროები. სამწუხაროდ, ბათუმში არ იყო სპეციალური პანსიონები ავადმყოფთათვის და მათი არარსებობა წარმოადგენდა საქალაქო მოწყობის სუსტ მხარეს. საკვირველი ის იყო, რომ კერძო პირები დიდი გაუფრთხილებლობით მიაქირავებდნენ თავიანთ ბინებს დროებით ჩამოსულებს.

საბინაო საკითხი ბათუმში მწვავედ იდგა. კარგი ბინები დასწრებაზე იყო და ხელიდან ხელში გადადიოდა. შესაბამისად, ძვირიც ღირდა.

01-sastumroebi-belviu-da-orientali-1653582885.jpg
სასტუმროები "ბელ-ვიუ" და "ორიენტალი"

სასტუმროებში საუკეთესო ნომრების ფასი 2 მანეთზე ნაკლები არ იყო, თუმცა არც სეზონურად ძვირდებოდა. ყველა საუკეთესო სასტუმროსთან ფუნქციონირებდა რესტორანი. უნდა აღინიშნოს, რომ ბათუმში ცხოვრება არ ყოფილა ძვირი კავკასიისა და ყირიმის სხვა კურორტებთან შედარებით. მაღაზიებში ყველაფერი იშოვებოდა და არც პროდუქტების ფასები იყო მაღალი. თუმცა ძვირი იყო ბაკალეა და განსაკუთრებით მანუფაქტურული საქონელი, ფეხსაცმელი, ავეჯი, რადგან ყველაფერი ეს შემოჰქონდათ.

სწორად დაგეგმილი ქუჩები გამწვანებული სუბტროპიკული მცენარეებით, სამთავრობო, საზოგადოებრივი და კერძო დაწესებულებების ლამაზი შენობები, ელექტრონის ფანრები, მოასფალტებული გზები და ტროტუარები - ყოველივე ეს ბათუმს აძლევდა ევროპული ქალაქის იერს. მაგრამ ამ საუკეთესო ქუჩების - ბულვარის, სმეკალოვის, მარინსკი პროსპექტის, დონდუკოვ-კორსაკოვის, შეპელიოვის, ზღვის ქუჩების რიგში იყო ღარიბი და უსუფთაო აზიური კვარტლები ძველი სახლებით. ეს კვარტლები ვიწრო და ბნელი მოსახვევებით სანაპიროს აკავშირებდა თურქულ ბაზართან, ქალაქის სიამაყესთან. მოსახლეობის ჭარბ ნაწილს შეადგენდნენ ქართველები (ძირითადად გურულები და აჭარლები), შემდეგ მოდიოდნენ სომხები, ბერძნები, თურქები, სპარსელები, ებრაელები. გარეუბნებში ცხოვრობდნენ ქურთები. იყვნენ ჩამოსახლებული აფხაზები და ზანგების რამდენიმე ოჯახი. მცირეოდენ რუს მოსახლეობას წარმოადგენდნენ სამხედროები, სანაპიროზე მიწის ნაკვეთების მფლობელები, ჩინოვნიკები, რომლებიც მსახურობდნენ რუსულ სანაოსნო ორგანიზაციებში. ხელოსნები, დურგლები, მღებავები, მოახლეები. ბათუმში იყო სხვადასხვა ევროპული და აზიური სახელმწიფოს 15 საკონსულო. ქალაქი დაყოფილი იყო 4 საპოლიციო უბნად, რომლებიც ატარებდნენ ძველ თურქულ სახელებს: აზიზიე, ახმედიე, ნურიე და მუფთიე. ამათგან განსაკუთრებით გამოირჩეოდა პირველი ორი, ქალაქის სავაჭრო ნაწილი უამრავი წვრილი სავაჭრო დუქნით. აქ სახლების პირველი სართულები ეკავა მაღაზიებსა და დუქნებს. ამ სავაჭრო ნაწილის უპირატესობა ის გახლდათ, რომ იგი გადაჭიმული იყო სანაპიროზე, სადაც ყველაზე მეტად შესამჩნევად სცემდა საქალაქო ცხოვრების პულსი.

სანაპიროზე მიმოსვლა არ წყდებოდა არც დღისით და არც ღამით. აქ მოდიოდნენ ადგილობრივი მკვიდრი ქართველი მუსლიმანები, რომლებიც ევროპული გემოვნების მაღაზიებს თავს არიდებდნენ. აქ შეხვდებოდით აღმოსავლელ ქალებს, რომლებიც თავიდან ფეხებამდე შემოსილი იყვნენ მუქი ფერის ბალახონებითა და ჩადრებით. პირდაპირ ტროტუარებზე გაეხსნათ მრავალრიცხოვანი საყავეები, სადაც ათეულობით ეროვნების ადამიანთა ნახვა შეიძლებოდა, განსაკუთრებით თურქებისა და ბერძნების, რომლებიც სვამდნენ ყავას ან ნარდს თამაშობდნენ. სანაპიროზე შეხვდებოდით რუსული და სხვა ქვეყნების გემების მეზღვაურებს, რომლებიც ბათუმში მსოფლიოს ყველა კუთხიდან ჩამოდიოდნენ. სანაპიროს ნაწილი ეკავა ნავებს მეთევზეებით, რომლებიც აქვე ვაჭრობდნენ. თურქულ ბაზარში განლაგებულ ასობით სავაჭრო დუქანში იყიდებოდა ყველაფერი, რასაც იცვამდა და რითაც იკვებებოდა ადგილობრივი მკვიდრნი. აგრეთვე ისიც, რაც შეიძლება ნაპირზე ჩამოსულ მეზღვაურს მოეთხოვა. მრავლად იყო სპილენძის ჭურჭლის დამამზადებელი და საიუველირო დუქნები, სადაც აღმოსავლური სტილის სამკაულები იყიდებოდა. ყაბალახებისა და ბამბის საბნების დუქნები მაყურებლების თვალწინ ამზადებდნენ ნივთებს. აქვე ნახავდით ლამაზ თურქულ სკივრებსა და მკვეთრი ფერებით შეღებილ აკვნებს, ადგილობრივ ფეხსაცმელს - წუღებს, ტანსაცმელს, რუსულ მანუფაქტურულ ნაწარმს, შუა აზიურ ნოხებს, ფარდაგებს, აბრეშუმს, თუნუქის ნაწარმს და სხვა. ქალაქის ეს ძველი თურქული ნაწილი იყო ადგილობრივთა ყველაზე საყვარელი ადგილი.

batumo-lagorio-orenburgi-2-1653582886.jpg
"ბათუმი", 1881 წ.(ლევ ლაგორიო)

- გვიამბეთ სასტუმროებზე.

- ბათუმის ხალხმრავალ, ხმაურიან ადგილებში იყო განთავსებული საუკეთესო სასტუმროები "ბელ-ვიუ", ორიენტალი", "ფრანცია", ლონდონი", ევროპა", "იმპერიალი", "ნეაპოლი" და სხვები, რომლებიც ყოველთვის გადატვირთული იყო სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული სტუმრებით. თითქმის ყველა სასტუმრო აშენდა ეკონომიკური აღმავლობის პერიოდში, XIX საუკუნის 80-90-იან წლებში.

ქალაქის სავიზიტო ბარათს წარმოადგენდა სანაპიროზე მდებარე სასტუმროები "ბელ-ვიუ" და "ორიენტალი", რომლებიც მოიცავდნენ მთელ კვარტალს (და გადიოდა 4 ქუჩაზე ლორის მელიქოვის (ამჟამად ნოე ჟორდანიას), სომხის შესახვევის, ელიავასა და ქუთაისის ქუჩაზე.

სასტუმრო "ბელ-ვიუ" წყაროების მიხედვით ეკუთვნოდა კურტ-ოღლის, ხოლო შემდეგ ჩილინგარიანს. სასტუმროს ჰქონდა ზღვისა და ქალაქის გარეუბნების საუკეთესო ხედი. ნომერი ღირდა 1 მანეთი. იყო განუმეორებელი სისუფთავე და სიხალვათე.

სასტუმრო "ორიენტალიც" იყო პირველი კლასის. სასტუმროს ჰქონდა მშრალი და ნათელი ნომრები, რომლებიც ღირდა 1 მანეთი და უფრო ძვირი. ფუნქციონირებდა პირველი კლასის რესტორანი, ზღვისა და მტკნარი წყლის აბაზანა. ჰქონდა ელექტრონული განათება. იყო ჟურნალები და გაზეთები ადგილობრივ, რუსულ და საზღვარგარეთულ ენებზე, იყო ტელეფონი, ჰყავდა თარჯიმანი. შენობა იყო კურტ-ოღლის, სასტუმროს მფლობელი კი იყო ე.ს. ბერძენიშვილი. უცხოელი სტუმრების გარდა, სასტუმრო "ორიენტალმა" 1918 წლის მაისში ბათუმის კონფერენციის მონაწილე ამიერკავკასიის 45-კაციან დელეგაციას უმასპინძლა. 1922 წელს ორივე სასტუმრო მუნიციპალიზაციას დაექვემდებარა და საბჭოთა პერიოდში შენობებში აჭარის შინაგან საქმეთა სამმართველო იყო განთავსებული. 2006 წელს შენობა აუქციონის წესით ინვესტორმა შეიძინა. 2018-2019 წლებში აქ სასტუმრო ღოომს Hotels-ი აშენდა.

სანაპიროზე მდებარეობდა სასტუმრო "ნეაპოლიც", რომელიც სანაპიროს, ქუთაისის და თათრის (ამჟამად იაკობ გოგებაშვილის 22, ქუთაისის 2, ხულოს 2) ქუჩებზე იყო განთავსებული.

სასტუმრო ეკუთვნოდათ მემლი ზადე სანდასა და საბლე ეფენდის. 1922 წ. მოხდა შენობის ნაციონალიზაცია და ის საცხოვრებელ ფართად გადაკეთდა. შენობის პირველ სართულზე 1948 წ. გაიხსნა ბავშვთა სამხატვრო სკოლა, რომლის დირექტორად წლების განმავლობაში მუშაობდა აჭარის დამსახურებული მხატვარი შოთა ზამთარაძე. სასწავლებელი ამჟამადაც მოქმედია. შენობაზე განთავსებული მემორიალური დაფები გვამცნობენ, რომ ამ სახლში 1905-1908 წწ. ცხოვრობდა პოლონელი მხატვარი ზიგმუნდ ვალიშევსკი, ხოლო 1950-1979 წწ. - აჭარის დამსახურებული მხატვარი გრაჩ სეჩენიანი...

- ყველაზე მეტი სასტუმრო ბათუმის რომელ ნაწილში მდებარეობდა?

- მიხეილის (ახლანდელი ზვიად გამსახურდიას) ქუჩაზე, რომელიც ხალხმრავალი სავაჭრო ქუჩა იყო. იმ პერიოდისთვის საუკეთესოდ მიიჩნევდნენ „ფრანციას", რომელიც მდებარეობდა მიხეილისა და სვიატოპოლკ-მირსკის ქუჩების კვეთაზე (ახლანდელი გამსახურდიას 6, მელაშვილის 10) - ქალაქის სავაჭრო და სამრეწველო ორგანიზაციების, სამთავრობო დაწესებულებების, ნავმისადგომის, ზღვისპირა ბულვარის ახლოს. სასტუმროში იყო სრული კომფორტი. ნომრების ფასი იწყებოდა 1 მანეთიდან. სასტუმროს ჰქონდა ტელეფონი, აბაზანა და რესტორანი საუკეთესო ევროპული და აზიური კერძებით. ჰყავდა თარჯიმანი და კომისიონერი. მესაკუთრე იყო ბახმეტიევი, ხოლო ე.წ. შემნახველი - რ. კახიანი. სასტუმროს შენობის მე-2 სართული ეკავა, პირველ სართულზე კი განთავსებული იყო კახიანის თამბაქოს მაღაზია, სადაც იყიდებოდა სხვადასხვა ფირმის თამბაქოს ფაბრიკების სიგარეტები და პაპიროსები, ასევე საგალანტერიო საქონელი. აქვე იყო გახსნილი ნ. გურსკაიას სტამბაც, სადაც იბეჭდებოდა ბათუმისა და მისი შემოგარენის გზამკვლევი. 1922 წელს შენობა მუნიციპალიზაციას დაექვემდებარა. საბჭოთა პერიოდში პირველ სართულზე რესტორანი "ბათუმი" იყო გახსნილი.

02-saxli-gogebasvilis-q-1653582885.N 22-Si yofili sastumro neapoli.jpg
სახლი გოგებაშვილის ქუჩა N22-ში, ყოფილი სასტუმრო "ნეაპოლი"

ძველ ბათუმში, მიხეილისა და ოკლობჟინსკის (ახლანდელი გამსახურდიას 13, კოსტავას 5) ქუჩების კვეთაზე სანაოსნოების ნავმისადგომებთან ახლოს და მრავალრიცხოვანი სავაჭრო ობიექტების ცენტრში განთავსებული იყო სასტუმრო "ლონდონი", აღჭურვილი სრული კომფორტით. აქ იყო რესტორანი ევროპული და აზიური სამზარეულოთი, სადაც კერძებს გამოცდილი კულინარები ამზადებდნენ. სასტუმროს ჰქონდა შესანიშნავი ბაღი "ვერანდა". ნომრები ღირდა 75 კაპიკიდან 3 მანეთამდე. სასტუმროს მესაკუთრეები იყვნენ კეჭეყმაძე, ღლონტი და ბიუკლი ზადე. ხოლო შემნახველები - დ. გუგუშვილი და ვ. გაბელია. 1922 წელს შენობა მუნიციპალიზაციას დაექვემდებარა და აქ "ბათუმმრეწვაჭრობის" კანტორა განათავსეს, რომელიც XX საუკუნის 90-იან წლებამდე მოქმედებდა. შემდეგ შენობა გასხვისდა და 2012 წლის 26 ივლისს ყოფილი სასტუმრო "ლონდონის" ტერიტორიაზე ახალი ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს მშენებლობას ჩაეყარა საფუძველი, რომლის მშენებლობისთვის 10 მლნ დოლარის ინვესტიცია ჩადო აზერბაიჯანულმა კომპანიამ. ბათუმის მერიისა და ნახიჭევანის მხარის შეთანხმებით, სასტუმრო `ლონდონი~ უნდა აღდგენილიყო პირვანდელი სახით. მართლაც, 2014 წლის 14 მაისს აქ ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო გაიხსნა. სასტუმრო მოიცავს 65 ნომერს, ორ საკონფერენციო დარბაზს, გამაჯანსაღებელ სპაცენტრს. გამოირჩევა კეთილმოწყობითა და შთამბეჭდავი არქიტექტურით. ნომრების ფასი 100-დან 250 დოლარამდეა.

პირველი კლასის სასტუმრო "ევროპა" მდებარეობდა ქალაქის ცენტრში 3 ქუჩაზე - ლორის მელიქოვის, ქუთაისისა და სავაჭრო (ახლანდელი ჟორდანიას 5, ქუთაისის 9 და ელიავას 1), სავაჭრო კანტორების, სანაოსნოების, ნავმისადგომებისა და მთავარი მაღაზიების ახლოს. სასტუმროს ჰქონდა მშრალი და ნათელი ოთახები ზღვისა და ქალაქის შემოგარენის ხედით. ყველა ოთახში იყო ელექტრონული განათება. ფასები მერყეობდა 75 კაპიკიდან 5 მანეთამდე დღე-ღამეში. შენობა იყო კუცურის, ხოლო შემნახველი იყო ნ. სიხარულიძე. ამ სასტუმროში ბათუმში ყოფნის დროს 1883-1886 წლებში ცხოვრობდა დიდი ქართველი მწერალი ალექსანდრე ყაზბეგი. 1922 წელს შენობა მუნიციპალიზაციას დაექვემდებარა და საცხოვრებელ ფართად გადაკეთდა.

ასევე პირველი კლასის სასტუმრო იყო "იმპერიალი", რომელიც მდებარეობდა ქალაქის ცენტრში ქუთაისის, ოკლობჟინ­სკისა და ლორის მელიქოვის ქუჩებზე (ახლანდელი ქუთაისის 8, კოსტავას 5, ჟორდანიას 6) მდებარე ტაიროვის სახლის მეორე სართულზე. სასტუმროს ჰქონდა სუფთა და მოხერხებული ოთახები ელექტროგანათებით, აბაზანა, ბუფეტი და რესტორანი ევროპული და აზიური კერძებით, ადგილობრივი, კახური და რეგიონული ღვინით, ლუდით. 2-3 იჯრისგან შემდგარი სადილი ღირდა 60-80 კაპიკი. სასტუმროში იყო საბანკეტო დარბაზი, ბიბლიოთეკა და პიანინო. სასტუმროს შემნახველი იყო არშაკ მუშეღოვი. 1916 წლის იანვარში რუსეთის ქალაქთა კავშირმა "იმპერიალის" შენობაში გახსნა 50-საწოლიანი საავადმყოფო, რომელიც წლის ბოლომდე ფუნქციონირებდა. 1918-1921 წლებში სასტუმროს ერქვა "ნოე". ამ პერიოდში აქ რამდენიმე დღით ცხოვრობდა პოეტი სერგეი ესენინი. 1922 წლის მუნიციპალიზაციის შემდეგ შენობა მრავალფუნქციური გახდა.

სასტუმრო "პეტერბურგსკაია" მდებარეობდა დონდუკოვ-კორსაკოვისა და სკობელევის (ახლანდელი კონსტანტინე გამსახურდიას 20 და იმნაძის 2) ქუჩების კვეთაზე მარინსკი პროსპექტის, ბულვარისა და კომერციული ცენტრის ახლოს. ნომრები ღირდა 75 კაპიკიდან დღე-ღამეში. სასტუმროს ჰქონდა ტელეფონი, აბაზანა. ყველა ნომერი იყო ნათელი, მაღალი ჭერით, კომფორტული, სუფთა. ჰქონდა პირველი კლასის რესტორანი საუკეთესო ფირმების საზღვარგარეთული სასმელებით. რესტორანთან იყო ფრებერის ფირმის სამი ბილიარდი. სასტუმროს შემნახველი იყო ათანასე თავდიშვილი, ხოლო შენობა ეკუთვნოდა ვიტუშინსკის. ამჟამად შენობას მრავალფუნქციური დანიშნულება აქვს.

სასტუმრო "სევერნი პოლუსი" მდებარეობდა შეპელიოვისა და ვლადიკავკაზის ქუჩების კუთხეში (ახლანდელი ვაჟა-ფშაველას 35, ფარნავაზ მეფის 74). სასტუმროს მეპატრონე იყო ეკატერინე მავროპულო. შენობა იყო ორსართულიანი 17 ოთახით. I სართულზე განთავსებული იყო აფთიაქი. 1922 წელს შენობა მუნიციპალიზაციას დაექვემდებარა და საცხოვრებლად გადაკეთდა.

sastumro-francia-1880-ani-wlebis-dasawyissi-e1634116548388-1653582886.jpg
სასტუმრო "ფრანცია"

XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე ხულოს ქ.N#8-ში მდებარეობდა სასტუმრო "მოსკვა". ამ სასტუმროში 1894 წლის გაზაფხულზე რამდენიმე დღე ცხოვრობდა გამოჩენილი ქართველი მწერალი ეგნატე ნინოშვილი, როცა იგი უკვე მძიმედ იყო ავად. თავად მწერალი ასე აღწერდა ბათუმში ჩამოსვლას: `20 მარტს, როგორც იყო, გამოვემგზავრე ბათუმისაკენ. ვესტუმრე ბათუმს, მაგრამ ვაი ამ სტუმრობას! სახლები ბლომად არის ბათუმშიო, რომ გვეგონა, სულ მთელ ბათუმში ოთხი აღმოჩნდა ცალკე გასაქირავებელი, ისიც ჩვენი გემოვნების არა, მაგრამ გაიგეს თუ არა, რომ მე ავადმყოფი ვარ, უარი თქვეს. მივმართეთ "გასტინიცას". ღამე იყო, რომ მივედით და მიგვიღეს, მაგრამ მეორე დღეს, როცა მიტკლისფრად თეთრს ჩემს "სახე-სკელეტს"შეხედეს, გამოგვხედეს: მიბრძანდით, ავადმყოფს ნომერს ვერ მივაქირავებთო, რადგან სხვა პასაჟირები დაგვიფრთხებაო. რაღა გვექნა, მოვიცადეთ დაღამებამდის (ვითომდა კარგად ვერ დაგვინახავენ სახესო) და დაღამებულში შევატყუეთ თავი ერთ სასტუმროს პატრონს". სასტუმრო "მოსკვას" ერთ პატარა ოთახში მოათავსეს სასიკვდილო სარეცელს მიჯაჭვუ­ლი სახელოვანი მწერალი. მან აქ რამდენიმე დღე დაყო. ოთახს პატარა სარკმელი ჰქონდა. შიგ იდგა ერთი საწოლი, პატარა მაგიდა, სკამი და ლამპა. ოთახი ნესტიანი იყო. საჭმელ-სასმელი მეგობრებს მოჰქონდათ. ბათუმის ჰავამ უარყოფითად იმოქმედა ავადმყოფზე. მისი ჯანმრთელობა თანდათან უარესდებოდა. ეგნატემ მშობლიურ სოფელში დაბრუნება ითხოვა და 1894 წლის 30 აპრილს გარდაიცვალა მშობლიურ სახლში. ამჟამად ამ სახლს, სადაც ბათუმში ყოფნისას ბოლო დღეები გაატარა ეგნატე ნინოშვილმა, აქვს მემორიალური დაფა წარწერით: `ამ სახლში 1894 წლის მარტში ცხოვრობდა ქართული ლიტერატურას კლასიკოსი ეგნატე ნინოშვილი"

სასტუმრო "დვორცოვოე" მდებარეობდა თბილისისა და სკობელევის (ახლანდელი ბარათაშვილის 25, იმნაძის 6) მდებარე შენობაში. ეკუთვნოდა ტერ-ოგანოვს. 1922 წელს განხორციელდა შენობის ნაციონალიზაცია და იგი მრავალფუნქციური დანიშნულების გახდა.

სასტუმრო "არმენია" მდებარეობდა მიხაილოვისა და ოკლობჟინსკის (ახლანდელი გამსახურდიას და კოსტავას 12) ეკუთვნოდა გევორქიანს.

სასტუმრო "თეატრალური" მდებარეობდა თეატრალურის ჩიხში, ცირკის უკან. ეკუთვნოდა ნეიმანს.

სასტუმროებთან ერთად ქალაქში იყო ე.წ. მებლირებული ნომრები - ავეჯიანი ოთახები, რომლებიც ასევე კარგად ქირავდებოდა. ასეთი იყო "ბორჯომი" პირველი კლასის ნომრებით. მდებარეობდა მიხაილოვის (ახლანდელი გამსახურდიას) ქუჩა #34-ში. შემნახველი იყო ს. ტერტერიანი. აქ იყო გარემონტებული, მშრალი და სუფთა ნომრები, რომელთა ფასი მერყეობდა 50 კაპიკიდან 2 მანეთამდე.

09-saxli-xulos-q-1653582886. N 8-Si yofili sastumro maskva.jpg
სახლი ხულოს ქუჩა N8-ში, ყოფილი სასტუმრო"მოსკვა"

"გერმანია" ავეჯიანი ნომრებით - მდებარეობდა კათოლიკეს (ახლანდელი გორგასლის) ქუჩაზე, ბეჟანიძის სახლში.

"კომერციული" - მდებარეობდა კომაროვის (ახლანდელი დიმიტრი თავდადებულის) ქუჩაზე, იანოვსკის სახლში.

"თბილისი" - მდებარეობდა ერისთავის (ახლანდელი მაზნიაშვილის) ქუჩაზე საბაევის სახლში, შემნახველი იყო დიასამიძე.

"იალტა" - განთავსებული იყო სვიატოპოლკ-მირსკის (ახლანდელი აჰმედ მელაშვილის) ქუჩაზე ჰაჯი ეფენდის სახლში.

ამდენად, XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე ბათუმში სასტუმროების ფართო ქსელი იყო. ეკონომიკური აღმავლობის პირობებში სასტუმროებზე დიდი მოთხოვნილება გაჩნდა, რადგან ქალაქში აუარებელი ხალხი ირეოდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.

მანანა გაბრიჭიძე