გენერალ კუტეპოვის გატაცება - კვირის პალიტრა

გენერალ კუტეპოვის გატაცება

საბჭოთა სუკ-ის სპეცოპერაციები ნათლად წარმოგვიდგენენ ბოლშევიკურ სისტემას. ამ სპეცოპერაციებიდან აღსანიშნავია რუსული თეთრი ემიგრაციის ერთ-ერთი ლიდერის, ალექსანდრ კუტეპოვის გატაცება პარიზში, 1930 წელს.

ვინ იყო გენერალი კუტეპოვი

ალექსანდრ პავლოვიჩ კუტეპოვი (1882-1930) ტიპური რუსი სამხედრო პირი გახლდათ. დაიბადა აზნაურის ოჯახში. მონაწილეობდა სამ ომში - რუსეთ-იაპონიის, პირველი მსოფლიო და რუსეთის სამოქალაქო ომებში. თანამედროვენი მას ახასიათებენ როგორც შესანიშნავ ორგანიზატორსა და ნიჭიერ, ფიზიკურად ძლიერ მეთაურს. კუტეპოვი არაჩვეულებრივად მამაცი იყო. "ნამდვილი ლომგული" - ასე ამბობდნენ მასზე.

alexander-p-kutepov-3-1653584100.jpg
გენერალი ალექსანდრ კუტეპოვი

კუტეპოვს რუსეთი ვერ წარმოედგინა მეფის გარეშე. ის აცხადებდა, რომ ცნება "თვითმპყრობლობა" რუსულ ეროვნულ ხასიათშია. მოგვიანებით, უკვე 1919 წელს, თეთრი არმიის გენერალ ანტონ დენიკინთან საუბრისას კუტეპოვმა განაცხადა:

- რუსს მონარქიის ან ანარქიის პირობებში შეუძლია ცხოვრება. მე ქაოსს ისევ მონარქია მირჩევნია!

- ბოლშევიკებმა მეფობა მოსპეს! - შეედავა დენიკინი.

- მალე მეფობა აღდგება! შესაძლოა შეიცვალოს სახელი, მაგრამ თავად პირის კულტი დარჩება!

- ეს როგორ? - ვერ მიხვდა დენიკინი.

- ხალხი ბოლშევიკების ბელადებს გააღმერთებს, თანაც უფრო მეტად, ვიდრე ნიკოლოზ მეორეს.

- გამოდის, ლენინი რუსეთის ახალი მეფეა?

- სამწუხაროდ, ასეა, - კუტეპოვი ჩაფიქრდა, - ჯერ ლენინი იმეფებს. როცა მოკვდება, მას სხვა ბოლშევიკი ლიდერები შეცვლიან, ტროცკი, ზინოვიევი, კამენევი და სხვები.

- გამოდის, ჩვენი საქმე იმარჯვებს? - დენიკინმა დამცინავად გაიღიმა, - მოკვდა მეფე, გაუმარჯოს მეფეს!

- ნამდვილი რუსეთის აღმშენებლობა მხოლოდ მირონცხებულ ხელმწიფეს შეუძლია, - მიუგო კუტეპოვმა, - ბოლშევიკების ბატონობას შეუძლია მოიტანოს მხოლოდ ზნეობრივი დეგრადაცია, მექრთამეობა, ადამიანის გახრწნა! ამიტომაც ვარ ბოლშევიკების წინააღმდეგი.

იდგა 1919 წელი.

ორი გენერლის კონკურენცია

სამოქალაქო ომში კუტეპოვი ისევე მამაცურად იბრძოდა, როგორც რუსეთ-იაპონიის ან პირველ მსოფლიო ომებში, მაგრამ მხოლოდ სიმამაცეზე დაყრდნობით ვერ გაიმარჯვებ. რუსი ხალხი თეთრებს მხარს არ უჭერდა. დენიკინი, კუტეპოვი, ვრანგელი თუ სხვები დამარცხდნენ და იძულებული გახდნენ, ემიგრაციაში გადახვეწილიყვნენ.

კუტეპოვი მარცხს არ შეჰგუებია. გენერალ პიოტრ ვრანგელთან ერთად მან შექმნა რუსეთის საერთო-სამხედრო კავშირი, თეთრი ემიგრაციის ორგანიზაცია (როვს). კუტეპოვმა შეძლო დამარცხებისგან გატეხილი, არაქათგამოცლილი თეთრების ნაწილებში დისციპლინის შენარჩუნება. როვს-იც რეალურ ძალად ჩამოყალიბდა და საბჭოთა ტერიტორიაზე ბოევიკების შეგზავნა დაიწყო. რაც უფრო ძლიერდება ორგანიზაცია, მით უფრო აშკარად იკვეთება მასში შიდა ბრძოლის პრობლემებიც. ამ მხრივ როვს-ი გამონაკლისი არ ყოფილა. გენერალი კუტეპოვი ვრანგელს დაუპირისპირდა.

განსწავლული სამხედრო, ამასთან უაღრესად ინტელიგენტი და განათლებული ვრანგელი ცდილობდა, კუტეპოვი გემბანიდან გადაეგდო, რადგან ალექსანდრ პავლოვიჩი უკვე მის მეტოქედ ჩამოყალიბდა.

ჩეკისტების ანკესზე

1922 წელს ჩეკისტებმა სახელგანთქმული ოპერაცია "ტრესტი" წამოიწყეს. მთელი თეთრი ემიგრაცია საკენკს წამოეგო. გამონაკლისი არც კუტეპოვი იყო.

- მას გულწრფელად სჯეროდა "ტრესტის", რადგან სურდა დაჯერება, - წერს ლეონიდ მლეჩინი, საბჭოთა და რუსი ჟურნალისტი და მწერალი.

მალე კუტეპოვის ბრძანებით რუსეთში მისი ნათესავი თეთრი ემიგრანტი და ყოფილი ოფიცერი მარია ზახარჩენკო გადაისროლეს. მას თან ახლდა ქმარი გიორგი რადკევიჩი. ორივენი "ტრესტს" დაუკავშირდნენ. მალე კუტეპოვმა საზეიმოდ გამოაცხადა:

- გავედით ძლიერ იატაკქვეშა სტრუქტურაზე, რომელიც რუსეთში მოქმედებს. ბოლშევიკების დღეებიც დათვლილია!

ვრანგელი არ დაეთანხმა.

- ალექსანდრ პავლოვიჩ, ხომ არ გეჩვენებათ, რომ "ტრესტი" გპუ-ს მისტიფიკაციაა? პროვოკაცია მზადდება. ფრთხილად!

კუტეპოვს არაფრის გაგონება არ სურდა. მას "ტრესტისა" მაშინაც კი სჯეროდა, როცა ჩეკისტებმა ჯერ ბოლშევიკების ალტერნატივად მიჩნეული ბორის სავინკოვი, შემდეგ დიდი ინგლისელი მზვერავი სიდნეი რეილი შეიპყრეს. გენერალი ბრძოლას განაგრძობდა და მთავარ იმედს "ტრესტზე" ამყარებდა.

რატომ სურდათ კუტეპოვის შეპყრობა

1340096862-zaharchenko1-1653584100.jpg
მარია ზახარჩენკო

1927 წელს საზღვარგარეთ გაიქცა "ტრესტის" ერთ-ერთი ლიდერი, სინამდვილეში კი გპუ-ს (სახელმწიფო პოლიტიკური სამმართველო 1922-1923 წწ.) აგენტი ედუარდ ოპერპუნტი (1895-1927). პრესკონფერენციაზე ის დაწვრილებით მოყვა "ტრესტის" ნამდვილი არსის შესახებ. ამრიგად, საიდუმლოებას ფარდა აეხადა. გენერალმა კუტეპოვმაც ბრძანა, რომ საბჭოთა რუსეთის წინააღმდეგ ტერორი გაეძლიერებინათ. დაიწყო რუსეთში ბოევიკების ინტენსიური გადასროლა.

თავზე ხელაღებულ, კარგად მომზადებულ მცირერიცხოვან ბოევიკებს დივერსიების განხორციელება შეეძლოთ, მაგრამ უზარმაზარი სახელმწიფო მანქანის წინააღმდეგ უძლური იყვნენ. ტერორმა საბჭოთა დიქტატურა პირიქით გააძლიერა. სტალინმა თავისი უმთავრესი მოწინააღმდეგე ლევ ტროცკი დაამარცხა, შემდეგ სამხედრო ოპოზიცია (მიხაილ ფრუნზე, გრიგორი კოტოვსკი) მოიშორა, გრიგორი ზონოვიევსა და ლევ კამენევსაც გაუსწორდა. ქვეყანაში იოსებ სტალინის დიქტატურა დამყარდა. იდგა 1927 წელი.

* * *

ფელიქს ძერჟინსკის სიკვდილის შემდეგ საიდუმლო პოლიციას სათავეში ჩაუდგა მისი პირველი მოადგილე ვიაჩესლავ მენჟინსკი. მალე ის პირადად სტალინმა გამოიძახა.

- ვიაჩესლავ რუდოლფოვიჩ, - სტალინი წამით გაჩუმდა, - ცოტა ხნის წინ ტერაქტების სერიამ რუსეთი შეაზანზარა. რა ხდება?

- ყველა ტერორისტი გაუვნებლებულია, - სწრაფად მიუგო მენჟინსკიმ.

- გასაგებია, მაგრამ ვისი ორგანიზებულია ტერაქტები?

- როვს-ის ერთ-ერთი ლიდერის, გენერალ კუტეპოვის.

- მგონი დადგა დრო, გენერალმა თავისი ქმედებებისთვის პასუხი აგოს, - სტალინმა ავის მომასწავებლად გაიღიმა, - ასეა არა, ვიაჩესლავ რუდოლფოვიჩ?

როვს-ის სათავეში

"ტრესტის" მხილებამ კუტეპოვი ურთულეს სიტუაციაში ჩააყენა. ვრანგელი მას საჯაროდ უყვიროდა:

- წამოეგეთ გპუ-ს სატყუარას, როგორც უკანასკნელი ბალღი! თქვენნაირებისთვის როვს-ში ადგილი არ არის!

- გეთანხმებით! - მშვიდად მიუგო კუტეპოვმა.

- და რას აპირებთ ახლა? - იკითხა ვრანგელმა.

- მუშაობის არ მეშინია! - კუტეპოვი წამით გაჩუმდა, - სადმე სახელოსნოში შავ მუშად დავდგები. კარგად ბრძანდებოდეთ!

ამ სიტყვებზე ქუსლი ქუსლს შემოჰკრა, მხედრული სალამი მისცა და გავიდა.

მალე ემიგრაციას ახალ ამბავი მოედო. გენერალი ვრანგელი მოულოდნელად გარდაიცვალა. არსებობდა ეჭვი, რომ ის ჩეკისტებმა მოწამლეს, თუმცა დამამტკიცებელი საბუთები არავის ჰქონდა. კუტეპოვს, როგორც გამოცდილ სამხედროს, როვს-ში კვლავ უხმეს.

- ალექსანდრ პავლოვიჩ, მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ გაუძღვეთ როვს-ს!

- თანახმა ვარ! - მტკიცედ მიუგო გენერალმა.

- და რას აპირებთ ახლა?

- ბრძოლის გაგრძელებას.

- როგორ, ალექსანდრ პავლოვიჩ? ორგანიზაციას ფული არ აქვს. "ტრესტთან" დაკავშირებული სკანდალის შემდეგ როვს-ი საბოლოოდ დისკრედიტებულია!

- ბრძოლა შეიძლება. ბრძოლა აუცილებელია. ბრძოლა საჭიროა ყოველგვარ, მათ შორის უიმედო პირობებშიც კი, _ კუტეპოვი წამით გაჩუმდა, - გასაგებია?!

ფინანსური სატყუარა

ჩეკისტები გენერალ კუტეპოვის გატაცებას ამზადებდნენ. რაკი გენერალი ფარ-ხმლის დაყრას არ აპირებდა, ის უნდა დასჯილიყო. ასეთი იყო სტალინის დირექტივა.

- მინდა, ეს კუტეპოვი აქ, ამ კაბინეტში, ჩემს პირდაპირ იჯდეს! - თქვა სტალინმა, - მე მას ფინჯანი ყავის თანხლებით გავესაუბრები.

ოპერაცია კუტეპოვის წინააღმდეგ გულდასმით და დიდხანს მზადდებოდა. მას თავად გპუ-ს კონტრსადაზვერვო განყოფილების უფროსის მოადგილე სერგეი პუზიცკი ხელმძღვანელობდა. მას ყოფილი ესერი იაკოვ სერებრიანსკი ეხმარებოდა. ეს უკანასკნელი ოდესღაც ანტისაბჭოელი იყო. 1920 წელს სერებრიანსკი ჩეკისტებმა დააპატიმრეს. ისიც ბოლშევიკების სამსახურში ჩადგა და ჩეკისტებს მიეყიდა.

petr-vrangel-1-1653584101.jpg
გენერალი პიოტრ ვრანგელი

"მინდა, გენერალი კუტეპოვი აქ, ამ კაბინეტში ჩემ პირდაპირ იჯდეს" - ასე თქვა სტალინმა და ჩეკისტებიც დიქტატორის სურვილის დაკმაყოფილებას გულმოდგინედ ცდილობდნენ. ჯგუფი, რომელსაც კუტეპოვი უნდა მოეტაცა, საგულდაგულოდ შეირჩა. მასში ჩეკისტების გარდა, საფრანგეთის კომპარტიის აქტივისტებიც შეიყვანეს. ფრანგი კომუნისტები წითელი მოსკოვის დავალებებს ხალისით ასრულებდნენ.

ოპერაცია გულმოდგინედ მზადდებოდა. ჩეკისტებმა კუტეპოვის უახლოეს გარემოცვაში შეაღწიეს. შეისწავლეს მისი მთელი დღის განაწესი, ჩვევები თუ გენერლის ყოველი ნაბიჯი. დეტალურად იცოდნენ, რომელ ქალებთან ეძინა, როგორი იყო ლოგინში, როგორ პიჯაკებს იცვამდა ან ამა თუ იმ მომენტში როგორ გამოიყურებოდა.

მალე გპუ-ს აგენტები კუტეპოვთან პირად კონტაქტზე გავიდნენ. ჩეკისტებს ამაში თავიანთი აგენტი და თეთრი ემიგრანტი გენერალი პაველ დიაკონოვი დაეხმარა. სწორედ მან განუცხადა კუტეპოვს, რომ მისი ერთი ნაცნობი მზად არის, როვს-ს დიდძალი თანხა გადასცეს. კუტეპოვმა ყურები ცქვიტა. ფული ორგანიზაციას მართლაც ძალიან სჭირდებოდა. გენერალიც უცნობთან შეხვედრას დათანხმდა.

გენერალ კუტეპოვის გარშემო წრე საბოლოოდ შეიკრა.

გატაცება, რომელიც არ შედგა

სუკ-ი წლების განმავლობაში უარყოფდა გენერალ კუტეპოვის გატაცებაში მონაწილეობას. მხოლოდ"პერესტროიკის" დროს ითქვა, რომ კუტეპოვი სწორედ სუკ-მა მოიტაცა. ამავე დროს, თავად გატაცების დეტალების შესახებ არაერთი ვერსია გავრცელდა. ჩვენი აზრით, ყველაზე დამაჯერებელია რუსი ისტორიკოსების, ალექსანდრ კოლპაკიდისა და დმიტრი პროხოროვის ვერსია, რომელიც გადმოცემულია მათ წიგნში "სუკი, საბჭოთა დაზვერვის სპეცოპერაციები". როგორც კოლპაკიდი, ისე პროხოროვი მჭიდროდ თანამშრომლობდნენ ფსბ-სთან (რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახური) და ხელი მიუწვდებოდათ საიდუმლო არქივებზე. ამიტომაც არის მათი ვერსია ყველაზე დამაჯერებელი.

ამრიგად, კუტეპოვი შეხვედრაზე წავიდა. როგორც ჩანს, გენერალს გული ცუდს უგრძნობდა, რადგანაც მაგიდაზე წერილი დატოვა: მივდივარ ერთ პიროვნებასთან შესახვედრად.

მამაკაცები შეხვედრაზე ზუსტად გამოცხადდნენ. ერთ-ერთი ის პირი იყო, ვისაც რეკომენდაცია გაუწია დიაკონოვმა. ერთმანეთს გულთბილად ჩამოართვეს ხელი. ახლომახლო რამდენიმე პოლიციელი იდგა. კუტეპოვს აზრადაც არ მოსდიოდა, რომ ესენი იყვნენ პოლიციელებად გადაცმული ფრანგი კომუნისტები, რომლებიც გპუ-ისთვის მუშაობდნენ.

- მობრძანდით, ალექსანდრ პავლოვიჩ!

კუტეპოვმა მადლობა გადაუხადა და მანქანაში ჩაჯდა. ჩეკისტები გვერდიგვერდ მიუსხდნენ. წამიც და მანქანა დაიძრა.

თავდაპირველად კუტეპოვს თავი მშვიდად ეჭირა. ფრიად მეგობრულად მუსაიფობდნენ. გენერალი მხოლოდ მაშინ შეშფოთდა, როცა მანქანა, რომელმაც კურსი პარიზის ცენტრისკენ ეჭირა, მოულოდნელად შემობრუნდა და გარეუბნისკენ გაემართა.

serebrianski-1653584101.jpg
კუტეპოვის გატაცების ოპერაციას ხელმძღვანელობდა სერგეი პუზიცკი, გპუ-ს კონტრსადაზვერვო განყოფილების უფროსის მოადგილე

- საით მივდივართ? - შეეკითხა გენერალი.

- წყნარად, ალექსანდრ პავლოვიჩ! - მიუგო ერთ-ერთმა ჩეკისტმა, - თამაში დამთავრებულია! თქვენ დაპატიმრებული ხართ!

პასუხად კუტეპოვმა მთელი ძალით გასცხო მას სახეში. ჩეკისტმა ამოიკვნესა, თავი უკან გადაუვარდა, ცხვირიდან სისხლი წასკდა.

- შენი დედა!..

რამდენიმე წყვილი ხელი გენერალს სწვდა. კუტეპოვმა უკანასკნელი ძალა მოიკრიფა და ერთ-ერთს მთელი ძალით წაუჭირა ყელში ხელები.

- მიშველეთ! - აღმოხდა ჩეკისტს, - დამახრჩო ამ წყეულმა!

მისმა ამხანაგმა გენერალს თავში რევოლვერის ტარი ჩასცხო. კუტეპოვმა ამო­იკ­ვნესა, მანქანის საჯდომზე მიესვენა. ჩე­კისტები უმალ დააცხრნენ, აიძულეს, თა­ვი დაეხარა, სახეზე კი ქლოროფორმიანი ცხვი­რსახოცი ააფარეს.

- მორჩა ნაგავი...

სიხარული ნაადრევი გამოდგა. გენერალმა ძალა მოიკრიბა, ქლოროფორმიანი ცხვირსახოცი ჩამოიგლიჯა და წელში გას­წორდა. ჩეკისტები მის დაკავებას შეეცადნენ. კუტეპოვმა ერთ-ერთს კვლავ გაარტყა. ჩეკისტი ტკივილისგან აბღავლდა:

- ვაი დედა! კბილები აღარ მაქვს!

მეორემ კუტეპოვს თავში რევოლვერის ტარი ჩასცხო. გონდაკარგულ გენერალს სახეზე ისევ ქლოროფორმიანი ცხვირსახოცი ააფარეს.

კუტეპოვი მარსელში ჩაიყვანეს. აქ საბჭოთა ხომალდი იცდიდა. ფრანგ პოლიციელებს კუტეპოვზე უთხრეს, რომ ის ეკიპაჟის ერთ-ერთი წევრია, ზედმეტი დალია და სიარული არ შეუძლია.

- ჩვენც გემზე უნდა ავიყვანოთ.

პოლიციელმა გაიცინა და ხელი ჩაიქნია:

- ოჰ, ეს რუსები! სმა ხომ მათი ეროვნული უბედურებაა!

უგონო მდგომარეობაში მყოფ კუტეპოვს ხელი ჩაჭიდეს და გემზე აიყვანეს.

ცოტა ხანში გემი დაიძრა.

rian-archive-142949-lubyanka-square-in-moscow-2-1653584101.jpg
ფელიქს ძერჟინსკის ძეგლი საბჭოთა უშიშროების ცენტრალური შენობის წინ მოსკოვში 1958 წელს დაიდგა. 1991 წელს მოხდა მისი დემონტაჟი. ბოლო რამდენიმე წელიწადია, რუსეთში აქტიურად მოითხოვენ მოედანზე ძერჟინსკის ძეგლის დაბრუნებას. ის 1992 წლიდან დგას მოსკოვის სკულპტურის მუზეუმში ღია ცის ქვეშ, სხვა საბჭოთა ხელმძღვანელების აღებულ ძეგლებთან ერთად

* * *

იაკოვ სერებრიანსკიმ ცხვირსახოცი ამოიღო და ოფლიანი შუბლი მოიწმინდა. მორჩა, ყველაფერი დასრულდა. ახლა უკვე საბჭოთა ტერიტორიულ წყლებში არიან. ცოტაც და გემი ნოვოროსიისკის პორტში შევა.

- დახედე ერთი, როგორ გრძნობს თავს კუტეპოვი, - სერგეი პუზიცკიმ ფეხი ფეხზე გადაიდო, - მთელი გზა ეძინა.

სერებრიანსკიმ გაიცინა. ტრიუმში ჩახედა და შეხტა.

- სასწრაფოდ ექიმი! მგონი მკვდარია!

უხმეს ექიმს. მან გენერალს გულის მასაჟი გაუკეთა. ყველაფერი ამაო იყო. კუტეპოვი აღარ სუნთქავდა.

* * *

1934 წელს მოკლეს სერგეი კიროვი. სტალინმა ეს ფაქტი გამოიყენა და სსრკ-ში დაიწყო "დიდი ტერორის" მეორე ტალღა. ამ დროს მთელი ძერჟინსკისეული გვარდია განადგურდა. შინსახკომის ჯურღმულებში დასრულდა იმათი გზა, ვინც "რკინის ფელიქსთან" ერთად საფუძველი ჩაუყარა საბჭოთა საიდუმლო პოლიციას.

სერგეი პუზიცკი 1937 წელს დახვრიტეს. აღსანიშნავია იაკოვ სერებრიანსკის ბედი. ის პირველად 1938 წელს დააპატიმრეს. სერებრიანსკი თავად "სმერშის" მომავალმა შეფმა ვიქტორ აბაკუმოვმა დაკითხა. სერებრიანსკი თავდაპირველად თავის მართლებას შეეცადა. მაშინ იგი აწამეს. ამის შემდეგ მან აღიარა არარსებული დანაშაული, ანუ ანტისაბჭოთა შეთქმულებაში მონაწილეობა. სსრკ-გერმანიის ომის დაწყებასთან ერთად სერებრიანსკი გაათავისუფლეს. ის კვლავ უშიშროებას დაუბრუნდა, შემდეგ კი თადარიგში გავიდა (1946 წელი). 1953 წლის მაისში სერებრიანსკი უშიშროებაში კვლავ აღადგინეს, თუმცა ეს ხანმოკლე აღმოჩნდა. ლავრენტი ბერიას დაცემის შემდეგ ის დააპატიმრეს. გარდაიცვალა ბუტირკის ციხეში. ამბობენ, რომ გული გაუსკდა.

ასეთი იყო გენერალ კუტეპოვის გატაცების ოპერაციის დასასრული.

ნიკა თევზაძე

ისტორიის დოქტორი