"საინტერესოა, ეს ოდესმე მაყურებელს უგრძნია?" - კვირის პალიტრა

"საინტერესოა, ეს ოდესმე მაყურებელს უგრძნია?"

ქუთაისში მომხდარი რეალური ამბავი რეჟისორ ლუკა ბერაძისთვის მოკლემეტრაჟიანი ფილმის შთაგონების წყარო გახდა. "ბოდიში დაგვიანებისთვის" - ეს არის ფილმი საზოგადოების მანკიერ მხარეებზე, გულგრილობაზე, დაუდევრობაზე, სისასტიკეზე... ახლახან სალონიკში გამართულ მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალზე ჯანო იზორიამ "საუკეთესო მხარდამჭერი მსახიობის" ჯილდო მიიღო.

- ჯანო, გილოცავ ამ წარმატებას!

- დიდი მადლობა! დიდი მადლობა რეჟისორს ნდობისთვის! სანამ ამ ფილმზე მუშაობას დავიწყებდი, რეჟისორ გიორგი თავართქილაძესთან მოკლემეტრაჟიან ფილმში "ცუდი ხალხი" ვითამაშე. ძალიან წარმატებული აღმოჩნდა. კანადაში გამართულ ფესტივალზე არაერთი პრიზი ავიღეთ. გადაღებებს რეჟისორი ლუკა ბერაძე ესწრებოდა. შემდეგ მან გადაწყვიტა ფილმის გადაღება, რომლის თანაპროდიუსერი გიორგი თავართქილაძე იყო. ლუკა მიცნობდა, ხედავდა, როგორ ვთამაშობდი. სამზადისს რომ შეუდგა, მისგან შემოთავაზება მივიღე, ძალიან გამიხარდა. კეკლუცობა არ მიყვარს, გულწრფელი ადამიანი ვარ, წარმატების ციცქნა ნაპერწკალიც კი მახარებს და მაბედნიერებს. ზოგიერთს უხერხულ მდგომარეობაშიც კი ჩავუგდივარ, წარმატება რომ მიმილოცია, უთქვამს, - კარგი, ახლა, ეს რა არისო?! - მე მოგილოცე და შენ როგორც გინდა, ისე მიიღე-მეთქი, - მიპასუხია.

მოკლედ, ლუკას წინადადებას სიამოვნებით დავთანხმდი. ეს ფილმი მცირე ბიუჯეტით უნდა გადაგვეღო. ახალგაზრდა, ნიჭიერ ადამიანებს აქვთ კარგი იდეები, განსხვავებული ხედვა, მაგრამ ფინანსურად ყოველთვის პრობლემა ექმნებათ, ფილმები ნაწილობრივ ფინანსდება, მაგრამ გამოყოფილი თანხა ბევრი რამისთვის საკმარისი არ არის.

- ფილმი სად გადაიღეთ?

- გადაღება თბილისში, ერთ-ერთ ბინაში გვქონდა. იყო შემთხვევა, როცა დღე და ღამე შეუსვენებლადაც კი გვიმუშავია. ძალიან შრომატევადი საქმე იყო. მახსოვს, შემოთავაზება რომ მივიღე, გრძელი თმა მქონდა, მაგრამ როლისთვის საჭირო იყო და შევიჭერი.

- ფილმი რაზეა?

- როგორც რეჟისორმა თქვა, ერთ-ერთ ქალაქში მომხდარი "სასწრაფოს" დაგვიანების ფაქტი და ამ ამბავს მოყოლილი უსიამოვნება მისი შთაგონების წყაროდ იქცა. ფილმი არის ჩვენს ნაკლოვანებებზე, ადამიანების გულგრილობაზე, დაუდევრობაზე. არამართებულია საზოგადოების ქმედებაც. ისეთი ფილმია, დაგაფიქრებს. "ბოდიში დაგვიანებისთვის" სხვა ფესტივალებზეც იყო ნაჩვენები და არაერთი პრიზი აქვს მიღებული. იმ ფილმს, რომელშიც ვთამაშობ, ყოველთვის ჩემებურად ვუყურებ.

- შენებურად - ანუ როგორ?

- კინოთეატრში თუ ვარ, სავარძელში ჩავწვები და რაღაცნაირად გვერდით, კისერმოგრეხილი ვუყურებ (იცინის). ჩემი ფილმის ბედი ყოველთვის მადარდებს და მაინტერესებს, მაგრამ ამჯერად ისე მოხდა, არც ვიცოდი, სალონიკის ფესტივალზე თუ უჩვენებდნენ. ერთ დღეს ლუკა მირეკავს. ტელეფონზე მისგან ზარი რომ შემოდის, გონებაში ორ-სამ ვარიანტს წარმოვიდგენ: ახალ პროექტს იწყებს ან ფილმთან დაკავშირებით რაღაც ხდება, ან ფილმი წარდგენილია ფესტივალზე და მეტყვის, - თუ შეძლებ, უნდა წაგიყვანოო (ეს ბოლო ვარიანტი ძალიან მაწყობდა). ლუკამ მომიკითხა და მეუბნება, მინდა მოგილოცო, სალონიკში პრიზი ავიღეთ, შენ აიღე პრიზიო... - და აღარ მესმის, რას ლაპარაკობს. - ფილმმა აიღო? რა კარგია-მეთქი. ფილმის წარმატება ხომ მთელი შემოქმედებითი ჯგუფის წარმატებაა. - არა, პრიზი შენ აიღეო!.. ჩემი მეუღლე შინ იყო, ხელით ვანიშნე, მოდი-მეთქი, - რა ხდება, ლუკა, რა? ვითომ მანამდე ვერ გავიგე. ლუკამ იგივე გაიმეორა. მეუღლეს ვუთხარი, შენც ასე გაიგე-მეთქი? რა თქმა უნდა, ძალიან გამიხარდა. ჩემს პატარა თებეს ეძინა, არ გამიღვიძებია, მაგრამ მძინარი მაგრად ჩავკოცნე. შემდეგ ლუკამ ფესტივალის გვერდის ფოტო გამომიგზავნა. რაც გასახარია და კარგია, რატომ არ უნდა გამიხარდეს?! ეს სიხარული სხვას რატომ არ უნდა გავუზიარო?! როცა ადამიანები ჩემს სიხარულს იზიარებენ, ეს ჩემთვის უდიდესი სტიმულია, ადრენალინია, მოტივაციის მომცემია. ჩემი დოპინგია ერთი სიტყვა - "გილოცავ!" სხვათა შორის, ეს ამბავი რომ მოხდა, მეორე საღამოს ილია ასიტაშვილის ფილმმა "მზადება" თურქეთში გამართულ საერთაშორისო სტუდენტურ კინოფესტივალზე, საპატიო ჯილდო მიიღო. ფილმში მე, ია სუხიტაშვილი და სანდრო თვარაძე ვთამაშობთ; სანდრო "ჩვენი შვილია". მოკლედ, ეს ამბები ერთმანეთს დაემთხვა. მეუღლეს ვეუბნებოდი, კინოს დღეები მაქვს-მეთქი.

- გისურვებ, წინ უფრო დიდი სიხარული და წარმატება გქონდეს! შენი თაობის მსახიობებიდან ერთ-ერთი ყველაზე რეალიზებული და შემდგარი ხარ პროფესიაში. თამაშობ თეატრში, მუდმივად გიღებენ ფილმებში, არაერთი ჯილდო და პრიზი გაქვს მოპოვებული. ოდესმე პროფესიული ამპარტავნობა მოგრევია?

- არა, თამამად შემიძლია ვთქვა. საინტერესოა, ეს ოდესმე მაყურებელს უგრძნია?.. ალბათ უმრავლესობა ამ შეკითხვას იმ პასუხს გასცემს, რომელიც მე გამახარებს. საკუთარი თავი ამპარტავნობაში თუ გამოიჭირე, უნდა იცოდე, ეს განცდა ძალიან დაგხევს უკან - დაგაჯერებს, რომ მაგარი ხარ და ყველაფერი იქ დამთავრდება. გვირილასა და ვარდს ერთმანეთისგან კარგად ვარჩევ, მათ შორის სხვაობა ვიცი, თუმცა ისიც ვიცი, რომ ორივე თავისებურად კარგია. როცა წინ სხვა მწვერვალებისკენ სვლას მისურვებენ, მიხარია, მაგრამ სიხარულთან ერთად შიშიც მაქვს. ეს უნდა მოვახერხო, მოხერხება კი ბევრი ფაქტორის გამო ძალიან რთულია.

- როგორ ფიქრობ, შენი წარმატების საიდუმლო რაშია?

- არ ვიცი. ფიქრით, გონებით, ინტუიციით სულ მოლოდინში ვარ და მზად იმისთვის, რომ ბოლომდე დავიხარჯო. გულწრფელი, ალალი, საქმეში თავით გადაშვებული, დაუზარელი გახლავართ.

- როდესაც ახალ შემოთავაზებას იღებ, ახალ როლზე მუშაობას იწყებ...

- ...(მაწყვეტინებს) ამ დროს ჩემში შიშია, სპორტული შიში.

- როგორ ახერხებ იყო შთამბეჭდავი, ითამაშო ამდენი ერთმანეთისგან განსხვავებული როლი, არც ერთი პერსონაჟი არ ჰგავდეს მეორეს, არ ჰგავდე ჯანოს, არავის...

- მადლობა ამ სიტყვებისთვის! სპორტული შიში ვახსენე (ესეც გამოცდილი მაქვს ცხოვრებაში), მაგრამ ეს შიში არ მაფუჭებს, საკუთარ თავზე კონტროლს არ მაკარგვინებს. შიში მეხმარება, რომ როლზე კონცენტრირება მოვახდინო. თეატრსა და კინოში თამაში - ორივე ურთულესია, მაგრამ დღეს სპექტაკლში ჩემს როლს რამე თუ დავაკელი, შანსი მაქვს, ხვალ გამოვასწორო, ამ დროს კინოში რა გინდა გააკეთო?.. გადაიღე და დამთავრდა.

- რეჟისორები ხშირად გთავაზობენ ისეთ როლებს, რომლებიც შენს შინაგან მდგომარეობას, ემოციას ეხმიანება?

- ყოველთვის ვამბობ, კინოში ჯერ ჩემი როლი არ მითამაშია. იმ სცენარით, რომ წაიკითხავ და გაიფიქრებ, ჩემზეა დაწერილიო! იქ უნდა იყოს სიყვარულიც, მარცხიც, გამარჯვებაც, მონატრებაც, ომიც... ახლა ანაკლიაში, ენგურის პირას ვარ, აქედან სულ რამდენიმე კილომეტრში არის ჩემი სოფელი, ჩემი სახლი, გელაპარაკები და ამ სივრცეს გავყურებ, ამ ადგილზე ყოველთვის საოცარი შეგრძნებები მეუფლება. ინტერვიუს რომ დავასრულებთ, ვიცი ადგილი, სადაც ჩამოვჯდები და... ჰო, როლებზე ვლაპარაკობდით. გამორჩეულად მახსოვს გიორგი ოვაშვილის "გაღმა ნაპირი", სადაც ერთ ეპიზოდში თედოსთან ერთად ვთამაშობ. ის გარემო ჩემთვის ძალიან ნაცნობი იყო.

- ისეთი როლი თუ შემოუთავაზებიათ, რომელზეც უარი შეგნებულად გითქვამს?

- არასდროს. მსგავსი რამ არც თეატრში მომხდარა და არც ფილმში.

- რომელი პერსონაჟი მეტად გიზიდავს - შენგან რადიკალურად განსხვავებული თუ რომელიც გგავს?

- რომელიც გგავს, უფრო რთული სათამაშოა, სულ დანის პირზე უნდა იარო, მაგრამ ყველა როლში შეგიძლია, საკუთარი ნაწილი აღმოაჩინო. ანგელოზი ადამიანი ხომ არ არსებობს. რთულია სახასიათო როლების თამაში. კომედიაში არასდროს მითამაშია და მაინტერესებს. სხვათა შორის, ესეც ძალიან რთული და საფრთხილო ამბავია.

- ამჯერად თუ გაქვს რომელიმე ახალი პროექტიდან შემოთავაზება?

- ქართული კინოს მოყვარულები უნდა დაელოდონ რუსუდან ჭყონიას ფილმს "ვენეცია", რომელიც სრულმეტრაჟიანია და პრემიერა წელს იქნება, საფესტივალო ცხოვრებას დაიწყებს. ამ ფილმში ბევრი კარგი მსახიობი თამაშობს. გიორგი თავართქილაძის ფილმზე "ამაღლება" გადაღებები უკვე დავასრულეთ. მოკლემეტრაჟიანია და იმედი მაქვს, წარმატებული იქნება. გიორგი ქობალიას ფილმი "იხვებზე ნადირობა" 2 დღეში, ფოთში გადავიღეთ. იქ მეგრულად ვლაპარაკობ. 23 მაისს არის აფხაზეთობა. ამ დღეს სოხუმის თეატრის დასი ახალ თეატრში, დიმა ჯაიანის სახელობის სცენაზე, კონსტანტინე გამსახურდიას "მთვარის მოტაცებას" ვთამაშობთ. მინდა, სრულიად სამყაროს მშვიდობა და კეთილდღეობა ვუსურვო!

თამუნა კვინიკაძე

ჟურნალი "გზა"