როგორ გეგმავდნენ ბოლშევიკების დამარცხებას ქართველი პატრიოტები ასი წლის წინ:  ნოე რამიშვილის უცნობი  წერილები - კვირის პალიტრა

როგორ გეგმავდნენ ბოლშევიკების დამარცხებას ქართველი პატრიოტები ასი წლის წინ:  ნოე რამიშვილის უცნობი  წერილები

ეროვნული დამოუკიდებლობის მიღწევას საქართველოს პატრიოტთა მრავალი თაობა შეეწირა. მტერი სხვადასხვა მხრიდან გვიტევდა და ყოველთვის ჩვენზე მრავალრიცხოვანი იყო, თუმცა მათ წინააღმდეგ ღია და ფარული ბრძოლა არ შეწყვეტილა. დღეს გავეცნობით ნოე რამიშვილის უცნობ წერილებს, რომლებიც 1924 წელსაა გამოგზავნილი და დავინახავთ, თუ როგორ ცდილობდნენ ქართველი პატრიოტები ასი წლის წინ „აგვისტოს აჯანყების“ მომზადებას და საქართველოში ბოლშევიკური რეჟიმის დამარცხებას.

2015 წელს ქართველმა ემიგრანტმა ტიერი ბერიშვილმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას გადასცა თავისი მშობლების: ცნობილი ქართველი ემიგრანტის მამია ბერიშვილის და დედის, ქრისტინე ბერიშვილი-ლეკრეკის არქივი. არქივში დაცულია 1300-მდე საბიბლიოთეკო ერთეული: წიგნები, წერილები, დოკუმენტები და ფოტოები. არქივში წარმოდგენილია დოკუმენტები საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918-1921 წწ.), ქართული პოლიტიკური ემიგრაციის, 1924 წლის აჯანყების, საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტიის საზღვარგარეთული ბიუროსა და ლევილის ქართული მამულის შესახებ. ტიერი ბერიშვილის მიერ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის გადაცემული არქივი, მართლაც რომ განძია საქართველოს ისტორიის, განსაკუთრებით კი ქართული ემიგრაციის, მკვლევართათვის.

ჩემს ხელთაა ასამდე საარქივო დოკუმენტი ამ კოლექციიდან, რომელთა შესწავლის შემდეგ ბევრი მოვლენა და მომხდარი ფაქტი ახალი კუთხით წარმოჩინდება. ბოლშევიკების წინააღმდეგ ქართული ემიგრაციის ბრძოლა უმთავრესად სამი ფორმით სწარმოებდა: შეიარაღებული აჯანყების მომზადება; საქართველოში ემიგრანტების ფარული შემოგზავნა და სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების არალეგალურად მომუშავე ჯგუფების მიერ სამხედრო-პოლიტიკური და ეკონომიკური ინფორმაციის მოპოვება და საზღვარგარეთ გადაგზავნა.

საბჭოთა რეჟიმის წინააღმდეგ ქართული ემიგრაციის ფარულ ბრძოლას 1921-1930 წლებში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის პირველი თავმჯდომარე, შემდგომში კი შინაგან საქმეთა მინისტრი, ნოე რამიშვილი ხელმძღვანელობდა. ამჟამად მკითხველს ნოე რამიშვილის მიერ საქართველოში გამოგზავნილი რამდენიმე დაშიფრული წერილის შინაარსს გავაცნობ, რომლებიც 1924 წლის აგვისტოს აჯანყების მომზადებას ასახავს. დედნები ინახება თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში “მამია და ქრისტინე ბერიშვილების კოლექციაში”. მკითხველს შევახსენებ, რომ ცნობილი ქართველი ემიგრანტი მამია ბერიშვილი ნოე რამიშვილის დის შვილი იყო. ის გასული საუკუნის 70-80 წლებში ემიგრაციის საარქივო კომისიის ერთ-ერთი წევრი გახლდათ და ბევრ საიდუმლო დოკუმენტზე მიუწვდებოდა ხელი. ალბათ ამით უნდა აიხსნას, რომ ნ. რამიშვილის პოლიტიკური შინაარსის (და არა პირადი) წერილები ქართული ემიგრაციის არქივის ფონდებში კი არა, არამედ მამია ბერიშვილის ხელში აღმოჩნდა და შემდეგ, დიდი დაგვიანებით, დაბრუნდა საქართველოში. საინტერესოა, რომ ემიგრაციაში ათწლეულების მანძილზე სერიოზული პიროვნული დაპირისპირება არსებობდა ნოე რამიშვილის ვაჟს, აკაკისა და მის ალალ მამიდაშვილ, მამია ბერიშვილს შორის.

ა. რამიშვილი ბრალად სდებდა მ. ბერიშვილს ნოე რამიშვილის კუთვნილი ასამდე საიდუმლო საარქივო დოკუმენტის მითვისებას. აღნიშნული საკითხი ძალზედ მნიშვნელოვანია, სცდება მხოლოდ ნათესავებს შორის კონფლიქტს და საქართველოს უახლესი ისტორიის ძალზე ბევრ მტკივნეულ და დღემდე იდუმალებით მოცულ საკითხს ეხება, ამიტომ მას მოგვიანებით, სხვა პუბლიკაციაში დავუბრუნდები.

ნ. რამიშვილის წერილების უნიკალურობა და განსაკუთრებული მნიშვნელობა ისაა, რომ ეს დოკუმენტები 1924 წლის აჯანყების ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორის ხელითაა (უნდა ავღნიშნოთ, რომ ხშირად ძალზე ძნელად გასარჩევი კალიგრაფიით) დაწერილი და მის, როგორც პოლიტიკურ ასევ პიროვნულ პორტრეტს ახალ შტრიხებს სძენს.

ემიგრაციიდან გამოგზავნილი წერილების ქრონოლოგიური თანმიმდევრობა ამგვარია (ავტორის სტილი დაცული – ბ.ა.):

1. “პარიზი, 4 თებერვალი 1924 წ. საქართველოს ელჩს სტამბოლში და სოციალდემ. პარტიის ცეკას წარმომადგენელს ამხ. ოსმანს”. ხუთ გვერდზე;

2. “დამოუკიდებელ კომიტეტს. 10/III 1924”. ერთ გვერდზე;

3. “საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტს. 29/III 1924”. ორ გვერდზე;

4. “დამკომს, ასლი ცეკას. 17/IV 1924”. ორ გვერდზე;

5. წერილი სამხედრო ცენტრს. 8/5 1924. ორ გვერდზე;

6. “კომიტეტს საქართველოში. 20/VII 1924”. სამ გვერდზე.

7. “”სოციალდემოკრატიის ცეკას. 20/VII 1924”. სამ გვერდზე.

წერილებში დასახელებული პირები ხშირად ფსევდონიმებითაა მოხსენიებული. მიზეზიც გასაგებია: გამჟღავნების შემთხვევაში ფარულად მოქმედი ქართველი პატრიოტების (რომლებიც ძირიათადად ორი პარტიის: სოციალ-დემოკრატიულისა და ეროვნულ-დემოკრატიულის წევრები იყვნენ) ბედი გადაწყვეტილი იყო და მათ დახვრეტა ან ციმბირში მრავალწლიანი გადასახლება ელოდათ. ამიტომ საქართველოდან წერილების გაგზავნისას (ისევე, როგორც ემიგრაციიდან გამოგზავნისას) ცდილობდნენ გამოეყენებინათ ფსევდონიმები ან მეტსახელები (მაგ. “ქეთინო” სოციალ-დემოკრატიული პარტიის ცნობილი წევრისა და ემიგრანტის, მამაკაცის მეტსახელი იყო) და ციფრების კომბინაცია (მაგ. “3,4,9/0, 12” და ა.შ.).

დავუბრუნდეთ ნოე რამიშვილის წერილებს. ამ კორესპონდენციებიდან განსაკუთრებით მნიშვნელოვანი პირველია, რომელიც 1924 წლის 4 თებრვლით თარიღდება. ეს ფაქტობრივად სადირექტივო გზავნილია “სტამბოლის კომიტეტისა” და დამკომისათვის. ქვემოთ მკითხველს ამ, გაკრული ხელით ნაწერი და ძალზე ძნელად წასაკითხი წერილიდან რამდენიმე ამონარიდს გავაცნობ (ავტორის სტილი უცვლელია – ბ.ა.). უნდა ვაღიარო, რომ ტექსტში ზოგიერთი სიტყვის გარჩევა შეუძლებელი აღმოჩნდა და მათ წერტილებით აღვნიშნავ.

“პარიზი, 4 თებერვალი. 1924 წელი.

საქართველოს ელჩს სტამბოლში და სოც-დემ. პარტიის ცეკას წარმომადგენელს ამხ. ოსმანს.

მივიღეთ ლუარსაბის ორი წერილი. დატუსაღებულთა მდგომარეობის შესამსუბუქებლად და მათი ტანჯვაწამების ფართო წრეებისთვის გასაცნობათ ... ყოველივე ზომებს მივიღებთ. ბოლშევიკებმა აქ შექმნეს ჯაშუშთა ძლიერი ორგანიზაცია და კოლონიიდან ყველაფერს იგებენ. ...აქედან მოდიან ნდობით აღჭურვილი პირები: ბენია, ვალიკო, გრიგოლი, ბიქტორი და მე. საჭიროა თქვენ ახლავე მოაწყოთ ჩვენი გადაყვანის საქმე. ეს ისე კარგად უნდა მოეწყოს, რომ ყოველივე ხიფათი აშორებულ იქნეს. შეიძლება ზოგიერთი ჩვენგანი დროებით საზღვართან შეჩერდეს, მაგრამ ეს მოხდება იმ მიზნით, რომ აქაურ ვითარებას არ მოვწყდეთ, თან ეს რასაკვირველია მხოლოდ ცოტახნით მოხდება. ოსმანი და ეს ამხანაგები ერთად მოილაპარაკებენ და საქმეებსა და შთაბეჭდილებებს ერთი მეორეს გაუზიარებენ.

მაშ ჩვენი გეგმა შემდეგია: არის ზოგიერთი ფორმულა მთავრობისა და ბიუროს პრეზიდიუმისა. მისი საბოლოო ჩამოსხმა წასულ ამხანაგების საქმე იქნება ცეკასა და დამკომთან შეთანხმებით. ასეთ პირობებში ჩვენ ზედმეტათ მივიჩნიეთ ამხ. ოსმანის აქეთ გამომგზავრება. პირიქით ამხ. ლუარსაბის სურვილის თანახმათ ჩვენ დავადგინეთ გამზადებულ ამხანაგების წამოსვლა დავაჩქაროთ და ამ მხრივ ყოველივე ზომა მიღებულია.

შეიძლება ამხ. ოსმანს აქვს ისეთი დავალება, რომელიც უთუოთ აქვე უნდა გადმოგცეს, ამ შემთხვევაში მობრძანდეს მარსელში და იქ შევხვდებით მე და ევგენი. მანამ ემზადეთ, ხოლო არ აჰყვეთ ბოლშევიკების პროვოკაციას. რასაკვირველის ჩვენი ამხანაგები დაუყოვნებლივ გამოვლენ თუ სადმე რუსეთშივე იფეთქა ან ოსმალეთი შეება რუსეთს . მაგრამ ასეთი..... ამბავი ნაკლებ მოსალოდნელია იმ სამი-ოთხი კვირის განმავლობაში, რაც საჭირო იქნება აქედან წამოსულთა თუნდაც პირველი პარტიის ჩასასვლელათ საქართველოში. ვფიქრობ, ახლა ჩვენი აზრი საკმაოთ ნათელია. მაშ ვემზადოთ გამარჯვებისთვის! მეგობრული სალმით და გამარჯვების სრული იმედით. ნ. რამიშვილი”.

ქემალისტების გამარჯვების შემდეგ თურქეთსა და ბოლშევიკებს შორის 1921 წლის 16 მარტს გაფორმდა ხელშეკრულება, რის შემდეგაც თურქეთის ახალმა ხელისუფლებამ საქართველოს ოფიციალური და ფარულად არსებული ორგანიზაციების შევიწროება დაიწყო. ამის გამო საქართველოს საელჩოს თანამშრომელთა უმრავლესობამ თანდათანობით პარიზს მიაშურა. სტამბოლში დარჩნენ: იოსებ გოგოლაშვილი (საკონსულოს ხელმძღვანელი) და კონსტანტინე გვარჯალაძე. 1921–1924 წლებში სტამბოლში საქართველოს მთავრობის რწმუნებული ანუ წარმომადგენელი (ოფიციალურად ელჩის სტატუსი არ გააჩნდა) კ. გვარჯალაძე გახლდათ და სწორედ კ. გვარჯალაძის ფსევდონიმი უნდა იყოს “ოსმანი” და წერილიც მისთვის იყო განკუთვნილი. რაც შეეხება “ლუარსაბს”, ჩვენი აზრით ეს უნდა იყოს საქართველოში ფარულად მოქმედი “დამკომის” რომელიმე წევრის ფსევდონიმი, რომლის დადგენა ჯერ-ჯერობით ვერ მოხერხდა. უნდა ვიფიქროთ, “ლუარსაბი” თავის წერილებში დაწვრილებით აღწერდა საქართველოში 1922-1924 წლებში ბოლშევიკების მიერ დაპატიმრებული ქართველი პატრიოტების გაუსაძლის მდგომარეობას. ნ. რამიშვილი აიმედებს “ოსმანს”, რომ ამ ფაქტებს დასავლეთის ქვეყნების ფართო საზოგადოებას გააცნობს.

ნოე რამიშვილის წერილიდან კარგად ჩანს ის აზრთა სხვადასხვაობა, რაც საქართველოში სამხედრო აჯანყების მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით არსებობდა, როგორც ემიგრაციაში, ასევე საქართველოში. ნ. რამიშვილი ადასტურებს, რომ აჯანყების საკითხი სოციალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერების ძალზე ვიწრო წრეში (უპირველესად: ნ. ჟორდანია, ნ. რამიშვილი და ე. გეგეჭკორი) იქნა განხილული და დადასტურებული. ამის მიზეზს ნ. რამიშვილი ამგვარად ხსნის: “ბოლშევიკებმა აქ შექმნეს ჯაშუშთა ძლიერი ორგანიზაცია და კოლონიიდან ყველაფერს იგებენ”.

ბოლშევიკების აგენტები მხოლოდ პარიზში არ აქტიურობდნენ, ისინი მრავლად იყვნენ: სტამბოლში, ბერლინში, ლონდონში, რომში, ვარშავაში და ა.შ. ანუ ყველგან სადაც კი ქართული ემიგრაციის კოლონიები არსებობდა.

წერილში ნ. რამიშვილი ასახელებს იმ პირებს, რომლებიც პარიზიდან უნდა გამგზავრებულიყვნენ (შემდეგ საქართველოში ფარულად ჩასასვლელად): ბენია ჩხიკვიშვილი, ვალიკო ჯუღელი, გრიგოლ ცინცაბაძე, ვიქტორ ცენტერაძე და თავად ნოე რამიშვილი.

22-1653644827.jpg
გრიგოლ ცინცაბაძე, ვასილ ნოდია, ბენია ჩხიკვიშვილი, ვალიკო ჯუღელი და ვიქტორ ცენტერაძე. ათენში, საქართველოში არალეგალურად დაბრუნებამდე.1924 წ.

ბუნებრივია შემდეგი კითხვა: ისეთ გამოცდილი კონსპირატორი, როგორიც ნ. რამიშვილი იყო, რატომ ასახელებდა პირდაპირ ვინაობას და არა ფსევდონიმებს? უნდა ვივარაუდოთ, რომ ის დარწმუნებული იყო: წერილი მტერს არ ჩაუვარდებოდა ხელში. თუმცა ამგვარი რისკი გამართლებული ნამდვილად არ იყო, რადგანაც ბოლშევიკებს სტამბოლში ქართულ წარმომადგენლობაში მრავლად ჰყავდათ აგენტები.

თავის წერილში ნ. რამიშვილი აღნიშნავს იმ საინტერესო გარემოებასაც, რომ შესაძლებელი იყო აჯანყების თარიღის გადაწევა: “თუ გამოირკვა, რომ მომზადება საკმაო არ არის, შეიძლება დაგვჭირდეს საქმის გადადება, არა და მოქმედება ხელათ გაჩაღდება”.

მართლაც აჯანყების თარიღი რამდენჯერმე შეიცვალა. 1924 წლის აგვისტოს აჯანყების დამარცხების ერთ-ერთ მიზეზად სამხედრო მოქმედებების დაწყების თარიღის რამდენჯერმე გადაწევაც სახელდება. უნდა აღინიშნოს, რომ თარიღის შეცვლამ უარყოფითად იმოქმედა აჯანყებულთა ბრძოლისუნარიანობაზე, განსაკუთრებით კი ქაქუცა ჩოლოყაშვილის “შეფიცულთა რაზმის” მებრძოლებზე, რომლებიც სურსათ-სანოვაგეს მოკლებულნი თვეების მანძილზე ტყეებში იმალებოდნენ.

ნ. რამიშვილი “ოსმანისადმი” გაგზავნილ წერილში ერთ საგულისხმო დათქმასაც აკეთებს: ” შეიძლება ზოგიერთი ჩვენგანი დროებით საზღვართან შეჩერდეს, მაგრამ ეს მოხდება იმ მიზნით, რომ აქაურ ვითარებას არ მოვწყდეთ, თან ეს რასაკვირველია მხოლოდ ცოტახნით მოხდება”.

მართლაც, 1924 წლის აგვისტოს აჯანყების დროს თავად ნ. რამიშვილი სტამბოლში (ან თურქეთ-საბჭოთა კავშირის საზღვართან) დარჩა და აჯანყებაში უშუალო მონაწილეობა არ მიუღია. მაშინაც და შემდეგაც ბევრი ემიგრანტი და რეემიგრანტი (მაგ. შალვა მაღლაკელიძე) ნ. რამიშვილის ამ გადაწყვეტილებას ღალატის ტოლფასად თვლიდა. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ნოე რამიშვილი საქართველოში შემოსვლისთანავე ბოლშევიკების ხელში აღმოჩნდებოდა და ბენია ჩხიკვიშვილისა და ვალიკო ჯუღელის ბედს გაიზიარებდა. შემდეგ საიდუმლო წერილებში ჩანს, რომ ნ. რამიშვილს ჩავარდნის საფრთხე ნათლად ჰქონდა გააზრებული.

(პირველი ნაწილის დასასრული)