მცხეთასთან მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული 5 ადამიანი სამ სხვადასხვა კლინიკაში გადაიყვანეს - კვირის პალიტრა

მცხეთასთან მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული 5 ადამიანი სამ სხვადასხვა კლინიკაში გადაიყვანეს

მცხეთასთან მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული 5 ადამიანი სასწრაფო დახმარების ავტომობილებით სამ სხვადასხვა კლინიკაში გადაიყვანეს. ერთ-ერთი მათგანი, ახალგაზრდა მამაკაცი კლინიკა „ვივამედშია“ მოთავსებული, რომელსაც ამ დროისთვის ოპერაცია უტარდება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ კლინიკა „ვივამედის“ კლინიკურმა დირექტორმა ზურაბ ჩხაიძემ განუცხადა, დაშავებული მამაკაცი სასწრაფო-სამედიცინო ბრიგადამ მათთან სხეულის მრავლობითი დაზიანებებით შეიყვანა.

„მამაკაცს დაზიანებები აღენიშნება გულ-მკერდის და მუცლის არეში, ასევე აქვს შინაგანი სისხლდენა. ამ დროისთვის ის საოპერაციოშია“, - განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ.

რაც შეეხება ავარიის დროს დაშავებულ კიდევ 4 პირს, ისინი მცხეთის სამედიცინო ცენტრში და მცხეთის „ჯეო ჰოსპიტალში“ არიან მოთავსებული.

შეგახსენებთ, რომ მცხეთასთან მომხდარ ავარიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 5 ადამიანი კი დაშავდა.

მიკროავტობუსი, რომელშიც რამდენიმე მგზავრი იმყოფებოდა, ჯებირს შეეჯახა, რის შემდეგაც ცეცხლი გაუჩნდა.