„მგლებივით ვართ, ისე მოგვეძალა ზიზღი, ლამის ერთმანეთი  გადავძოვოთ“ - კვირის პალიტრა

„მგლებივით ვართ, ისე მოგვეძალა ზიზღი, ლამის ერთმანეთი  გადავძოვოთ“

„სამშობლოზე ლოცვა თუ არ ვისწავლეთ, ჩვენი­ პატრონი­ არავინაა დედამიწის ზურგზე“

"დავიჯერო, არ გესმით სამშობლოს კვნესა? არ გესმით, როგორ ოხრავს? არ გინახავთ, როგორ რცხვენია სამშობლოს ჩვენ გამო? - მესმის და გულს მიფლითავს ეს კვნესა, ეს ოხვრა და ვარამი. ჩვენ თუ ახლა არ ვიფრთხილეთ, შეცდომა თუ დავუშვით, უკრაინა ჩვენთან მონაგონი იქნება. დღეს ხელისუფლებამაც და ოპოზიციამაც ხანჯლის პირზე უნდა იარონ. გადაგიცდება ფეხი და, ქვეყანას ღუპავ. ყველანი ქვეყნის ინტერესებიდან უნდა გამოვიდეთ და არა საკუთარი და პარტიული", - გვეუბნება პოეტი ტარიელ­ ხარხელაური და აქვე მისი მარად აქტუალური ლექსის სტროფები მახსენდება: "მე შევცვალე მთვარე წუხელ,/დავცქეროდი ნარიან მთას! /სთქვი, მამულო, რა გაწუხებს,/ სთქვი, დავდგები დარიალთან./სთქვი, დიდგორზე დავიქუხებ,/ბებერ კრწანისს ავაღელვებ./სთქვი, მამულო! რა გაწუხებს /და წამოვშლი არაგველებს"...

- რა აწუხებს დღეს მამულს?

- სიყვარულის უქონლობა. ჩვენ ზედაპირულად ვიცით სამშობლო, მისი შინა­არსი არ გვესმის, თორემ ასე გულქვად არ მოვექცეოდით. როცა ამ თემაზე ვსაუბრობ, თვალწინ ვაჟა-ფშაველას სტრიქონები­ ცოცხლდება: "ღმერთო, სამშობლო მიცოცხლე, მძინარეც ამას ვბუბუნებ". სამშობლოზე ლოცვა თუ არ ვისწავლეთ, ჩვენი­ პატრონი­ არავინაა დედამიწის ზურგზე. სამშობლო­ კი არ უნდა გამოგადგეს, ჩვენ უნდა გამოვადგეთ სამშობლოს.

- საქართველო ევროინტეგრაციისთვის ემზადება. რას იტყვით მის პერსპექტივაზე?

- არც ერთი ქვეყნისკენ ყურება არ მსიამოვნებს, არც ევროპისკენ და არც რუსეთისკენ. არც ერთი არ მჭირდება, თუ ჩემი ქვეყანა ასე დაყოფილ-დაქუცმაცებული იქნება. მინდა ის, ვინც ჩემში ხედავს არა თავისი დავალების შემსრულებელს, არამედ მეგობარსა და თანასწორს. მტერიც კი შენი თანასწორი უნდა იყოს. სადღაც ქედმოხრილი რომ შედიხარ იმიტომ, რომ ვიღაცა გიშველის, შენი მშველელი არავინ იქნება.­ შენს თავს ჯერ შენ უნდა უშველო და მერე იყო სხვის იმედზე. თავდახრილი, ლაჩარი და შეშინებული­ არც ევროკავშირში უნდა შეხვიდე და არც არსად. შენ უნდა შეხვიდე ამაყად, როგორც ქართველ კაცს, როგორც ვაჟას, ილიასა და რუსთაველის სამშობლოს ეკადრება.

- "სანამ ერეკლე მეფე მოღალატედ­ არ არის გამოცხადებული, მანამდე ღარიბაშვილი გამოვა და გეტყვის, ომი გინდათ?"... როგორ გაიგეთ ლევან ბერძენიშვილის ეს სიტყვები?

- საქართველოში ასე თუ ფიქრობს ვინმე, როგორც ეს ბატონი ბრძანებს, არ გვქონია კარგად საქმე. რა ჭკუათამყოფელი უნდა იყო, ომი უნდოდეს ვინმეს ისეთ ქვეყანასთან, რომელიც ისე გადაგივლის, არაფერს დატოვებს შენგან. ასეთები რომ იყვნენ, თუნდაც წარსულში, სამშობლოს ასე რომ ხედავდნენ, ამიტომაცაა ამ დღეში რომ ვართ. როგორ შეიძლება ასეთ სახელებს შეეხო?! კაცი 15 წლიდან იბრძოდა სამშობლოსთვის. შენ რაღაც ხომ უნდა გქონდეს ქვეყნისთვის გაკეთებული, ვიღაცას რომ ბრალი დასდო? როგორ შეიძლება ერეკლეზე, დავით აღმაშენებელზე, ასეთ თავდადებულ მეფეებზე მსგავსი ფიქრი გაივლო? არ შეიძლება წინაპართა სახელებს ასე უდიერად მოეპყრო. ამას ხომ ვიღაცის თავის მოსაწონებლად ამბობ? ამით ბატონმა ლევანმა ვიღაცას ასიამოვნა, სამწუხაროდ... გეორგიევსკის ტრაქტატი საერთოდ წაკითხული აქვს? მას შემდეგ, რაც გაკეთდა, ამაში ერეკლე კი არა, ჩვენ ვართ დამნაშავე. ტრაქტატიდან 50 წელი არ იყო გასული, საქართველოს თავად-აზნაურები რუსულად ლაპარაკობდნენ, გვარებიც კი გადაიკეთეს. ამაში ვინ არის დამნაშავე, ერეკლე მეფე? შეიძლება­ ვცდები, მაგრამ მისი ეს ნაბიჯი (გეორგიევსკის ტრაქტატს ვგულისხმობ), ალბათ, ყველაზე სწორი იყო იმ დროისთვის. მან რუსეთს კი არ ჩააბარა საქართველო, ჩვენ თვითონ არ მოვიწადინეთ, ასე არ მომხდარიყო. ჩვენ ხომ გვჩვევია, ოღონდ საჩვენოდ რაღაცა გამოვადნოთ და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ვიღაცას კვერცხები ვუგოროთ.

- ვინაიდან დღეს ბევრი მსჯელობს ამაზე, თქვენი აზრით, ვის უნდა ომი საქართველოში?­

- დღეს ჩვენ შეგვიძლია რომელიმე ქვეყანას ომი მოვუგოთ? ან რატომ უნდა იომო, ვის უნდა ეომო? ის არაა საკმარისი,­ რაც უკრაინაში ხდება? შენს ქვეყანაშიც ხომ დატრიალდა ეს უბედურება და რომელმა ქვეყანამ გიპატრონა? ღმერთმა დაიფაროს რომელიმე ქვეყანა იმისთვის, რაც დღეს უკრაინაში­ ხდება. ყოველი ადამიანის, ყოველი ბავშვის სიკვდილი ნებისმიერ ქვეყანაში ჩემთვის დიდი ტკივილია. ჩვენი ბედი აქ თუ ვერ გადავწყვიტეთ, ამას ვერც უკრაინა გადაგიწყვეტს და ვერც ევროკავშირში გაერთიანება. სანამ ისე არ ვიქნებით,­ რომ "ჩვენი­ თავი ჩვენადვე გვეყუდნოდეს", არაფერი გვიშველის. სხვის იმედზე და სხვის ხელში მაცქერლები არ უნდა ვიყოთ. როცა რუსეთთან ვომობდით, ვიცოდით, რომ შემდეგი სამიზნე უკრაინა იქნებოდა? ან ახლა ვინ იცის, რომ შემდეგი სამიზნე საქართველო იქნება? ერთმანეთისთვის მგლებივით ვართ, ისე მოგვეძალა ზიზღი და სიძულვილი, ლამის გადავძოვოთ ერთმანეთი და ამას დიდი სიამოვნებით ვაკეთებთ. "ენა, მამული, სარწმუნოება" - სამივე გავაფერმკრთალეთ და გავაუბედურეთ.

- როცა ერში აგრესია გროვდება, მერე სადღაც იფეთქებს და გადმოიღვრება. სამოქალაქო ომი ამის მაგალითი იყო...

- სამოქალაქო ომისთვის ჩვენ ბოდიში არ მოგვიხდია სამშობლოსთვის, 9 აპრილს რომ ბავშვები დაიხოცნენ, არც მათთვის მოგვიხდია ბოდიში. ჩვენ რომ სადღაც შეცდომას დავუშვებთ, ერთმანეთს უნდა მივუთითოთ, მაგრამ ამისთვის მზად არა ვართ. მე რომ ვინმეს შეცდომაზე მივუთითო, შეიძლება ჩხუბი და კამათი დამიწყოს, შემიძულოს. არადა, არ შეიძლება არ მივუთითოთ და შეცდომების გასწორებაზე არ ვიფიქროთ.

- რა დაასრულებს ამ რქაგრეხილობას, ორპოლუსიანობასა და "ერთმანეთის ძოვას"?

- რა დაასრულებს და, ისევ ვაჟასთან უნდა მივიდეთ: "განუვითარებელი, გაუზრდელი ხალხი, როგორიც უნდა დემოკრატიული მმართველობა დაარსდეს, მაინც მმართველთა სათამაშო ბურთი და სათლელი დუმა იქნება. საიმედო პოლიტიკური მოქმედებისათვის მხოლოდ მომზადებული, თვალახილებული ხალხია". პრობლემის თავი გაუნათლებლობაშია. განათლება ის კი არ არის, უნივერსიტეტი რომ დაამთავრე და დიპლომები გიდევს სახლში. ეს ინტელექტს კი არ გძენს, ამას ფიქრი სჭირდება, უნდა გქონდეს უნარი, ფიქრი რომ სწორად გამოიყენო. დღეს ჰგონიათ, მე თუ ოპოზიციას ან ხელისუფლებას ვლანძღავ, ამით მათ ვაზიანებ. არა, ჩემს სამშობლოს ვაზიანებ, იმათ კი ვაღიზიანებ. ინტელექტი და განათლება გვჭირდება, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე გონება. ჩემს პაპას წიგნი ხელშიც არ აუღია, მაგრამ იმხელა ინტელექტი და შინაგანი კულტურა ჰქონდა, არასდროს უთქვამს ვინმეზე, ის არ ვარგაო. ყოველთვის ამბობდა, მე არ ვვარგივარ, პირველი დამნაშავე მე ვარ, არა სხვაო. ამ პაპის სკოლა გავიარე და დღეს, როცა რაღაცის შეფასებას ვიწყებ, ჯერ ჩემს თავს ვეკითხები, მე რა გავაკეთე, მე რა გავიღე ჩემი ქვეყნისთვის, ჩემი მეზობლისთვის, ჩემი მეგობრისთვის, თანასოფლელისთვის. თუ მე არა მაქვს გაკეთებული, სხვას რა პირით უნდა მოვთხოვო? გონებას თუ არა, ენას მაინც ხომ უნდა შეეძლოს, რომ დადუმდეს? არა, სანამ გონება წამოეწევა, ენა უკვე ლაპარაკობს.

- ეღირსება ლუხუმს ლაშარის გორზე შადგომა? იმედიანად ხართ?­

- მანამდე ილიამ თქვა, "ბაზალეთისა ტბის ძირას ოქროს აკვანი არისო". ილიასაც ჰქონდა იმედი, რომ ამოვიყვანდით იმ ყრმას. ვაჟასაც ჰქონდა იმედი საქართველოს გამარჯვების. ეს იმედი ნუ მოგვიშალოს ღმერთმა! აუცილებლად უნდა ეღირსოს საქართველოს გაბრწყინება. მაშ, ამის ღირსი არ არის? განა შინდისელი­ ბიჭების გმირობის მაგალითი არ კმარა? არ კმარა მათი მაგალითი, როგორ უნდა გიყვარდეს შენი სამშობლო? რა საოცრება ჩაიდინეს ამ 16-17 წლის პირტიტველა ბიჭებმა, ყველაზე ძვირფასი - სიცოცხლე გაიღეს, არადა, ხომ შეეძლოთ ტყვედ ჩაბარება? არა, ყველაზე მაღლა ღირსება და სამშობლო დააყენეს. ასეთი იყო ჩვენი თიანელი გმირი ზურა იარაჯულიც. ბევრი გვყავდა ასეთი...­ ჟიული შარტავას არ შეეძლო ცოცხალი დარჩენილიყო? მაგრამ მისთვისაც სამშობლო იყო ყველაზე მთავარი. ასე, შენზე წინ უნდა დააყენო სამშობლო, სამშობლო წინ უნდა მიდიოდეს, მერე შენ მისდევდე, მას უნდა მიაცილებდე.ჩემთვის ოპოზიცია და პოზიცია არ არსებობს, არსებობს მთავარი - სამშობლო და ჩვენ ყველანი მისი შემადგენელი ნაწილები ვართ. მას რომ წყლული აქვს, უფრო კი არ უნდა გავაღიზიანოთ, უნდა მოვუშუშოთ. ჩვენ იცით, რას ვგავართ? - იაკობ გოგებაშვილის "ჯიუტი თხების" პოზასა და მდგომარეობაში ვართ, ხიდზე ვდგავართ და ან გადავრჩებით, ან არა... ისევ ჩემი ლექსი­ მახსენდება: "სთქვი, მამულო", რომელიც 70-იან წლებში დაიწერა. ჯერ სადარიალედ უნდა მოვემზადოთ, მუდამ მზად უნდა ვიყოთ, არა გვაქვს ყურწადებისა და მიძინების უფლება. ვიღაცის იმედად არ უნდა ვიყოთ, ჩვენ გამო თავს არავინ მოიკლავს. დავიჯერო, არ გესმით სამშობლოს კვნესა? არ გესმით, როგორ ოხრავს? არ გინახავთ, როგორ რცხვენია სამშობლოს ჩვენ გამო? მესმის და გულს მიფლითავს ეს კვნესა, ეს ოხვრა და ვარამი. ჩვენ თუ ახლა არ ვიფრთხილეთ, შეცდომა თუ დავუშვით, უკრაინა ჩვენთან მონაგონი იქნება. დღეს ხელისუფლებამაც და ოპოზიციამაც ხანჯლის პირზე უნდა იარონ. გადაგიცდება ფეხი და, ქვეყანას ღუპავ. ფიქრი ხომ არ ვიცით და, კამათიც რომ არ ვიცით? ინტელექტი არ გვყოფნის და მერე გადავდივართ ჩხუბზე. როცა ადამიანს გული და გონება არ გმართავს, საშველი არაა. არადა, გულსა და გონებას ერთი კალაპოტი უნდა ჰქონდეს, ერთი მიმართულება. "ენა, მამული, სარწმუნოება" - ეს უნდა იყოს გულში ამოშანთული და გონებაც სულ ამაზე უნდა ფიქრობდეს.