"კრემლში თვითგადარჩენის ინსტინქტი კარგად აქვთ განვითარებული და თვითმკვლელობაზე არ წავლენ“ - კვირის პალიტრა

"კრემლში თვითგადარჩენის ინსტინქტი კარგად აქვთ განვითარებული და თვითმკვლელობაზე არ წავლენ“

ვის სასარგებლოდ მუშაობს დრო და რამ შეიძ­ლება რუსეთ-უკრაინის ომში გარდატეხა შეიტანოს, ამის შესახებ საგარეო პოლიტიკის საბჭოს უფროსი მკვლევარი გიორგი კობერიძე გვესაუბრება:

- რუსებმა ომის პირველი ფაზის დასრულების შემდგომ ტაქტიკა შეცვალეს და შეეცადნენ უფრო ორგანიზებულად­, აუჩ­ქა­რებლად ემოქმედათ, რათა ზურგში­ საწვავი, საკვები, საბრძოლო მასალა დასწეოდათ. მიაჩნიათ, რომ მსოფ­ლიო დაიღლება,­ ყურადღებას­ მოადუნებს­ და რუსეთს უკრაინაში უფრო თავისუფლად მოქმედების შესაძლებლობა მიეცემა... თუმცა ეს უკრაინელების წისქვილზეც ასხამს წყალს - მათ მობილიზაციისთვის დრო სჭირდებათ... დრო რუსეთის სასარგებლოდ ვერ იმუშავებს - ელიტური ნაწილის მებრძოლთა უმეტესობა პირველივე­ ფაზაში დაიღუპა. პროფესიონალი სამხედროები თითქმის აღარ ჰყავს და მოსახლეობის იმ მასას იყენებს, რომლის გაწირვა არც ენანება. რუსეთმა უკრაინაზე იერიში მიიტანა­ სამხედროების საუკეთესო ნაწილებით, მათ შორის იყო ჩრდილოკავკასიელთა ე.წ. ელიტური რაზმები, ხარკოვისა და კიევის დასაკ­ავებლად ეს ნაწილები გადავიდნენ, მაგრამ უმრავლესობა დაიხოცა. ეს რუსებისთვის პირველი შოკი იყო... ახლა კრემლს მოუწევს ისინი გაგზა­ვნოს ომში, ვისაც მინიმალური სამხედრო გამოცდილება, ორკვირიანი მომზადება აქვთ. ასეთი­ მებრძოლებით შეტევებზე გადასვლა და ზარალის მიყენება შესაძლებელია, მაგრამ უკრაინელების შეიარაღებასა და სულისკვეთებას­ თუ გავითვალისწინებთ, ომის მოგება შეუძლებელია. ამასთან, რაც მეტია "ხორცის მასა" მით დიდია მათი აღჭურვისა და გამოკვების საჭიროება. ფრონტზე მასის უზრუნველყოფა რუსეთისთვის ბევრად რთული­ იქნება, ვიდრე პროფესიონალი სამხედროების. ე.წ. ლუგანსკისა და დონეცკის სეპარატისტული ძალების აღჭურვა და გამოკვებაც უჭირთ და ამას აღიარებენ კიდეც, ბევრი რამ გვაკლია, ფაქტობრივად, კრიზისი გვაქვსო.

უკვე ხშირად ამბობენ, ახლა ომის ბედი რომელიმე მხარის გამოფიტვაზეა დამოკიდებულიო, და უკრაინა ცდილობს კიდეც რუსეთის რესურსების გამოფიტვას და ეს ხდება ნებისმიერი პუნქტის აღებისას. ლიმანი იქნება თუ პოპასნაია, სადაც მცირედი­ წინსვლა აქვს, რუსეთს უწევს გეგმით გათვლილ ადამიანურ დანაკარგზე სამ-ოთხჯერ მეტი გაწიროს. მათგან განსხვავებით უკრაინელები ცდილობენ თავიანთი­ სამხედროების სიცოცხლე შეინარჩუნონ - როდესაც ხვდებიან, რომ ამა თუ იმ ქალა­ქის დაცვას დიდი დანაკარგი მოჰყვება, მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის შემდგომ ტაქტიკურ უკან დახევას იწყებენ.

- ეს არის "სტრატეგიული სიღრმე"?

- დიახ, უკრაინას აქვს ამის ფუფუნება. მას შეუძლია სტრატეგიული უკან დახევა ისე, რომ ფრონტის ხაზი არ ჩამოიშალოს. ლიმანს რუსები 23 დღეს უტევდნენ,­ რაც 20-ათასკაციანი ქალაქისთვის ძალზე­ დიდი დროა. უკრაინელებმა დაიხიეს უკან, მაგრამ ეს იყო რაციონალური ნაბიჯი - ქალაქის შენარჩუნება შეიძლებოდა დიდი სამხედრო მსხვერპლის ფასად, რაც არ უღირდათ...

- უკრაინის არაერთმა ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ რამდენიმე პოზიციაზე მძიმე ვითარებაა და საჭიროა მეტი იარაღი.

- რუსული არტილერია მხოლოდ უკრაინის კი არა, რუსეთის ტერიტორიიდან­, ბელგოროდიდანაც მუშაობს, რაც საქმეს ართულებს, თუმცა რუსეთს არა აქვს იმის რესურსი, რომ მთელი დონეცკის რაიონი დაიკავოს, რადგან ისეთი დიდი ქალაქები, როგორიც არის სლავიანსკი და კრამატორსკი, ძალიან კარგად არის გამაგრებული. უკრაინას იარაღი ნამდვილად სჭირდება. რაც შეეხება სკეპტიკურ განწყობებს, არესტოვიჩს შენიშვნაც კი მისცეს, რადგან მეტისმეტად კარგი პროგნოზი დასავლეთიდან იარაღისა და სხვა სახის დახმარების­ შემოსვლას აფერხებსო, მაგრამ ომია და შესაძლოა მეტი წუწუნი მეტ დახმარებას უდრიდეს. ამასთან, შემცირდა ვიდეოები ფრონტიდან, რაც ნიშნავს, რომ დასავლეთში­ არ ჩათვალონ, რუსების­ ჯარს ანადგურებენ, ყველაფერი კარგად არისო. დასავლეთს ჰყავს ძლიერი სადაზვერვო სამსახურები და უკრაინელი პოლიტიკოსების განცხადებების იმედზე არ არიან, მაგრამ დემოკრატიულ სამყაროში მხოლოდ პოლიტიკოსების გადაწყვეტილებები და დაზვერვის ინფორმაცია საკმარისი არ არის, უკრაინის დახმარებას ხალხი უნდა უჭერდეს მხარს. ევროპელმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, რას მოხმარდეს მათი ჯიბიდან­ გადახდილი თანხა. თუნდაც ხელისუფლებებს არ ჰქონდეთ სურვილი უკრაინის დახმარებისა, ხალხის მოთხოვნით იძულებული იქნებიან დაეხმარონ. ესაა ფუნდამენტური სხვაობა დემოკრატიასა და არადემოკრატიებს შორის. არსებული ცნობებით, გერმანია და საფრანგეთი რუსეთისთვის დაწესებული ეკონომიკური სანქციების აქტიური მომხრე არ არიან და "ცივი ომის" დროინდელი მიდგომა აქვთ, მაგრამ ორივე დემოკრატიული ქვეყანაა და მოსახლეობის მოთხოვნაა მხარი დაუჭირონ უკრაინას.

- აზოვსტალელებს რა ბედი ელით?

- აზოვსტალელების ჩაბარების ფირის­ ნახვა ძალიან მძიმე იყო. რუსებმა ლამის­ ყველა მათგანის გვარ-სახელი იცოდნენ. რუსეთისთვის მთავარია პროპაგანდით გაბრუებული ელექტორატის განწყობა, მაგრამ რუსების დანაშაულებს ამ ომში ვერაფერი შენიღბავს. ამიტომ ნაკლებად სავარაუდოა აზოვსტალელებს გაუსწორდნენ,­ თუნდაც იმიტომ, რომ რუსეთს ისინი სჭირდება ან უკრაინის დასაშანტაჟებლად, ან "ძვირფას ტყვეებზე" გასაცვლელად. რუსეთისთვის სამხედროების სიცოცხლე დიდად არ ფასობს, მაგრამ ძალიან ძვირფასია ავიაპილოტები, რაც თითქმის აღარ ჰყავს. ომის შედეგებმა აჩვენა, რომ პოლკოვნიკებსა­ და პენსიაში გასულ პილოტებს იყენებს. სამხედრო პრაქტიკის თანახმად კი ტყვეთა­ გაცვლისას ერთ პილოტს ას ქვეითში ცვლიან. უკრაინას ბევრი რუსი პილოტი ჰყავს ტყვედ, ასევე პატიმრობაშია პუტინის "ნათლიმამად" წოდებული ვიქტორ მედვედჩუკი. ასე რომ, როდესაც აზოვსტალელებზეა ლაპარაკი, უკრაინული ჯარისა და საზოგადოდ, ქვეყნის დემორალიზება ის იქნებოდა, თუ ვნახავდით რუსების მიერ გავრცელებულ ვიდეოფირს, რომელზეც ქარხანაში დახოცილი აზოველები იქნებოდნენ ასახული...

რუსეთი ახლა დასუსტებულია და უფრო ძლიერი ქვეყნისკენ ვეღარ გაიწევს. მაგალითად, მისი მეზობელი ფინეთი იმდენად ძლიერი სახელმწიფოა, რომ საკმარისია­ რუსეთმა მის წინააღმდეგ ნაბიჯი გადადგას და პეტერბურგსაც დაკარგავს. ფინეთის შეიარაღებულ ძალებს "ჩრდილოეთის ლომს" უწოდებენ, რადგან ძლიერი შეტევითი პოტენციალი აქვს, ხუთმილიონიან ქვეყანას ორ კვირაში მილიონიანი ნატოს სტანდარტების დონეზე გაწვრთნილი სამხედროს გამოყვანა შეუძლია. არ მიმაჩნია, რომ კრემლში ძლიერი სტრატეგები არიან, მაგრამ თვითგადარჩენის ინსტინქტი კარგად აქვთ განვითარებული და თვითმკვლელობაზე არ წავლენ, მაგრამ ისეთ სახელმწიფოებს, როგორიც არიან მოლდოვა, საქართველო ან თუნდაც ბელარუსი, რომლის ანექსია რუსეთს დიდი ხანია სურს, ნამდვილად ემუქრება საფრთხე.­ ამიტომ ახლა ჩვენი ბედი უკრაინაში წყდება.