საქართველოს ისტორიული გზა ევროპისკენ - კვირის პალიტრა

საქართველოს ისტორიული გზა ევროპისკენ

დიდი ხნის წინ სულხან-საბამ რომ ევროპის კარზე დააკაკუნა, იმ კარის გაღებას 21-ე საუკუნეშიც ველით. როგორია ევროპისკენ მიმავალი ქართული გზა და ვიმსახურებთ თუ არა დიდი ევროპული ოჯახის წევრობას? გვესაუბრება ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის პროფესორი ვახტანგ გურული.

- ქართული სახელმწიფოებრიობის დასაბამიდანვე, უფრო ზუსტად, ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შემდეგ, საქართველო ბუნებრივად მიისწრაფოდა ევროპისკენ. აბა, მაზდეანური­ სამყაროსაკენ ხომ არ წავიდოდა, ან - ისლამურისკენ. ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება იყო დიდი სტრატეგიული არჩევანი. ამ პერიოდისთვის - IV-V საუკუნეებს ვგულისხმობ - პოლიტიკურადაც, კულტურულადაც ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეა მაშინდელი მართლმადიდებლური სამყაროს ცენტრი ბიზანტია, თუმცა ბიზანტიას თავისი უჭირდა და ვახტანგ გორგასალს ვერ დაეხმარა. ვერც მერე დაეხმარნენ ჩვენს მეფეებს, მაგრამ ვახტანგ მეფის ანდერძი იყო, ნუ დააგდებთ ბერძენთა გზასო. შემდგომშიც ბევრი რამ ცუდი მოხდა ბიზანტიის აღმოსავ­ლური პოლიტიკის გამო, მაგრამ ბიზანტია და ევროპა გაიგივებული არ ყოფილა­. აქ ლაპარაკია ქრისტიანულ სამყაროზე.

- რა მოხდა, როცა ქრისტიანული ეკლესია­ მართლმადიდებლურად და კათოლიკურად გაიყო?

- ისლამური სამყაროს საშიშროების გაქრობა, განსაკუთრებით - 1453 წელს ბიზანტიის დაცემის შემდეგ, ისევ და ისევ კათოლიკურ ევროპაზე იყო დამოკიდებული. ან ისლამურ ზღვას უნდა ჩაეყლაპე, ან ევროპას გადაერჩინე, თუმცა ეს სულაც არ ნიშნავდა თეოლოგიური თვალსაზრისით კათოლიკობის წინაშე კომპრომისს...

მე-18 საუკუნის 10-იან წლებში ძალიან გაუჭირდა ქართლის მეფეს, ვახტანგს. ის ჯერ მეფეც არ იყო, ჯანიშინი იყო 1703 წლიდან, მაგრამ მას ტახტზე ასვლის პირობად წაუყენეს ისლამის მიღება. მიიღო, მაგრამ რამდენიმე წელი არ გამოუშვეს ირანიდან, რადგან ეჭვობდნენ, რომ მის მიერ ისლამის მიღება ფორმალური იყო. ვახტანგმა იქვე გააბა კავშირი რუსეთის წარმომადგენლებთან, მაგრამ რუსეთმა ის ვერ გამოიხსნა. ამ დროს ჩნდება იდეა, რომ სულხან-საბა წავიდეს ევროპაში. ევროპა მაშინ არის რომის პაპი - კათოლიკური სამყაროს წინამძღოლი და საფრანგეთის მეფე... გერმანია და იტალია, როგორც ერთიანი სახელმწიფოები, მაშინ არ არსებობდა, იყო ორი ფიგურა: რომის­ პაპი და საფრანგეთის მეფე, მაგრამ რადგან­ ჩვენ სრულ იზოლაციაში ვიყავით, ვახტანგ მეექვსეს არ შეიძლებოდა ეს სცოდნოდა. ამ დროს სულხან-საბა მიდის და დახმარებას ითხოვს ირანის წინააღმდეგ... ამ დროს საფრანგეთის მეფე ლუი მეთოთხმეტე და ევროპის სხვა პოლიტიკოსები­ ირანს აძლიერებენ ფინანსურად, სამხედრო სპეციალისტებით, იარაღსაც კი აწვდიან... ევროპის მისწრაფებაა, ოსმალეთი, რომელმაც ერთ პერიოდში ვენამდეც კი მიაღწია, ევროპაში დასუსტდეს და ირან-ოსმალეთის ომის გამო აზიაში დაბრუნდეს... ამიტომ საფრანგეთის მეფისა და რომის პაპისათვის ირანის წინააღმდეგ დახმარების თხოვნა უშედეგო იყო. გარდა ამისა, ისინი­ ირანის შაჰზე გავლენას ვერ მოახდენდნენ, რომ მას ვახტანგისათვის ეშველა. შემდეგ მოდის უკვე თეიმურაზ მეორის - ერეკლეს­ მამისა და თვითონ ერეკლე მეორის ეპოქა, რომლებიც ტახტზე ავიდნენ 1744 წელს: თეიმურაზი - ქართლში, ერეკლე­ - კახეთში.­ ორივე მეფეს 35 წლის განმავლობაში პროირანული ორიენტაცია აქვს, რადგან ვერც რუსეთი და, მით უმეტეს, ვერც ევროპა სამხრეთ კავკასიაში ვერ აქტიურობენ. 1768 წლის შემდეგ, როდესაც რუსეთ­-ოსმალეთის ომი დაიწყო, სოლომონ I­ და ერეკლე II იძულებული გახდნენ გამოეხატათ თავიანთი პოზიცია. ­ოსმალეთის მხარეს ყოფნაც და ნეიტრალიტეტიც რუსეთისთვის მიუღებელი იყო, ამიტომ რუსეთს უნდა მიმხრობოდნენ - თუ რუსეთი შემოვიდოდა სამხრეთ კავკასიაში და ქართლ-კახეთის სამეფოსა­ და იმერეთს პროირანული და პროოსმალური ორიენტაციის ქვეყნებად მიიჩნევდა, ქვას ქვაზე არ დატოვებდა.

მიუხედავად იმისა, რომ სოლომონ პირველი და ერეკლე მეორე ირჩევენ პრორუსულ ორიენტაციას, ერეკლე ევროპაზე უარს არ ამბობს. მას, რუსეთისაგან ფარულად მიმოწერა აქვს ავსტრიის იმპერატორთან. სხვათა შორის, 1783 წელს გეორგიევსკის ტრაქტატის დადების­ შემდეგაც გააგრძელა ერეკლემ ეს ურთიერთობა, მაგრამ რუსეთის რეზიდენტურამ გაიგო­ და ეკატერინეს აცნობეს... ამასობაში ავსტრიას გაუჭირდა, ოსმალეთთან საომარ მდგომარეობაში მყოფს დასჭირდა რუსეთის­ დახმარება და ერეკლესთან მთელი მიმოწერა ავსტრიის იმპერატორმა ეკატერინე მეორეს გაუგზავნა. ეკატერინემ ერეკლეს არაფერი აგრძნობინა, მაგრამ ცხადი იყო, რომ ის ქართველ მეფეს არ ენდობოდა, არამხოლოდ იმიტომ, რომ ავსტრიასთან მიმოწერა­ ჰქონდა, ის მას ირანული ორიენტაციის მეფედ თვლიდა. როდესაც გეორგიევსკის ტრაქტატი მზადდებოდა, ქართლ-კახეთის მხრიდან პროექტი ერეკლემ გაამზადა, რუსეთის მხრიდან კი დიდი ნაწილი ეკატერინემ უკარნახა თავის მდივანს, ალექსანდრეს. ავსტრიასთან საქართველოს ურთიერთობა რუსეთისთვის­ ისეთი მიუღებელი­ იყო, რომ იქ ბევრ მუხლს შორის ერთ-ერთი ასეთია: მეფეებს (ერეკლესა და სოლომონს) აუხსენით, რომ გაწყვიტონ კავშირი ავსტრიის იმპერატორთან, წერილიც კი არ მისწერონო. ეს ისეთი მოთხოვნა იყო, რომელიც, მიწასთან ასწორებს სუვერენულ ქვეყანას, თუმცა ბოლოს ეკატერინემ ეს მუხლები ტრაქტატში აღარ შეიტანა. ეკატერინეს ერთი მნიშვნელოვანი ფრაზაც არის ტრაქტატში: მეფეებს უთხარით, ნუ ეცდებიან ჩვენ წინააღმდეგ სხვა ქვეყნების გამოყენებას (ირანისა­ და ოსმალეთის), მათთან ყველაფერი მოგვარებუ­ლი­ გვაქვსო. ასე რომ, ერეკლეს ევროპული­ ორიენტაცია რუსეთმა, ფაქტობრივად, ჩაკლა. როდესაც გეორგიევსკის ტრაქტატის რატიფიკაცია მოხდა, ერეკლე მიხვდა, რომ ყველაფერი სასიკეთოდ ვერ გვარდებოდა და პეტერბურგში ვიზიტით წასვლა ითხოვა, მაგრამ უარი უთხრეს, თუ გინდა, შვილები და შვილიშვილები გამოგზავნეო. ერეკლე პეტერბურგში არც კი მიიღეს, როგორც მეფე, რადგან ეს ირანსა და ოსმალეთს გააღიზიანებდა. გეორგიევსკის ტრაქტატის შემდეგ ევროპული­ ორიენტაცია თანდათან სუსტდება, მე-19 საუკუნეში კი, როდესაც რუსეთმა ჯერ ქართლ-კახეთის, მერე კი იმერეთის სამეფო დაიპყრო, ევროპასთან კავშირი წყდება. პირველად ევროპა პოლიტიკურ აზროვნებაში ჩნდება 1832 წლის შეთქმულების დროს. მანამდე, 1804 თუ 1812 წლებში, აჯანყებებისას, ქართველებს ირანისა და ოსმალეთის­ დახმარების იმედი ჰქონდათ, მაგრამ ის თაობა, ვინც 1832 წლის შეთქმულებაში მონაწილეობდა, მიხვდა, რომ ირანი და ოსმალეთი მრავალგზის დაამარცხა და გააძევა კავკასიიდან რუსეთმა და ისინი დამხმარე ვერ იქნებოდნენ... შემდომ ილია ჭავჭავაძისათვის, ნიკო ნიკოლაძისათვის, რა თქმა უნდა, ევროპული ორიენტაცია და ევროპის ამბები მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ მაშინ ამაზე წერა და ლაპარაკი არ შეიძლებოდა...

- საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში რა ხდება?

- 1918-21 წლებსა და მის წინა პერიოდშიც საქართველოში ყალიბდება გერმანოფილობა. გაჩნდა მოსაზრება, თუ გერმანია­ რუსეთს დაამარცხებს, ჩვენ გვეშველება. ასე შეიქმნა 1914 წელს საქართველოს "დამოუკიდებლობის კომიტეტი" გერმანოფილური ორგანიზაცია, თუმცა გერმანია ომში დამარცხდა და ამ კომიტეტმაც საქმე ბოლომდე ვერ მიიყვანა. რაც შეხება საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას, ეს იყო ევროპული ორიენტაციის ქვეყანა. პოლიტიკოსებმა იცოდნენ, რომ რუსეთის კონსტიტუ­ციის გადმოტანა საქართველოში დამღუპველი იქნებოდა, ამიტომ ორი წელი მზადდებოდა და 1921 წელს დამტკიცდა. საბოლოოდ, პარიზის კონფერენციაზე­ გაირკვა, რომ მსოფლიოში გავლენის სფეროები გადანაწილდა და ევროპამ სამხრეთ კავკასია რუსეთს დაუთმო. ამით ევროპული­ ორიენტაციაც დამთავრდა. ერთადერთი საერთაშორისო ორგანიზაცია იყო "ერთა ლიგა". 1920 წლის 14 დეკემბერს უკვე ფორმალურად დადასტურდა, რომ ევროპა საქართველოს არ დაიცავდა - "ერთა ლიგაში" მიღებაზე­ უარი გვითხრეს, რითაც საბჭოთა რუსეთს სამხრეთ კავკასიაში მწვანე­ შუქი აენთო. შედეგი იყო 1921 წლის თებერვლის და შემდგომი მოვლენებიც...

ევროპული ორიენტაცია საქართველოში­ სსრკ-ს დანგრევამდე ცოცხლდება - ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას ევროპულ ორიენტაციაში ეჭვი არასდროს ეპარებოდათ, მეოცე­ საუკუნის 80-იანი წლების­ შუა ხანებიდან კი ეს განწყ­ობა საჯარო ხდება.­ ისიც უნდა ითქვას: სსრკ-ს დაშლას შეიძლებოდა მსოფლიოსთვის დიდი პრობლემები მოეტანა, ერებს შორის დაწყებულიყო­ ომები ტერიტორიებისა და წიაღისეულისათვის, ამიტომ ევროამერიკულმა სამყარომ მოახერხა და ისე დაასუსტა სსრკ, ის, ფაქტობრივად, წინააღმდეგობის გარეშე გარდაიცვალა. მისი დაშლის შემდეგ საქართველო და სსრკ-ში შემავალი ბევრი რესპუბლიკა გაერთიანებული ერების ორგანიზაციაშიც მიიღეს...