"ლევანი ეულად არ დატოვეს და ახლა ჩემ წინააღმდეგ დაიწყეს კამპანია" - კვირის პალიტრა

"ლევანი ეულად არ დატოვეს და ახლა ჩემ წინააღმდეგ დაიწყეს კამპანია"

„გეორგიევსკის ტრაქტატითა და იმ პოლიტიკით, ერეკლე მეორემ სუვერენიტეტი გაასხვისა“

"უკაცრავად, მაგრამ ამდენ ტყუილში დავიღალეთ, რა. სანამ ერეკლე მეფე მოღალატედ არ არის გამოცხადებული, მანამდე­ ირაკლი ღარიბაშვილი გამოვა და ომი გინდათო? ნუ, ერეკლემაც მაგ თქვა, რა, აბა, ომი გინდათო, კაცო. მეომარი კაცი იყო, 80 ომი მოიგო, ხოდა, მე მეკითხებოდა,­ ომი გინდაო? მე არ მინდოდა ომი, არავის­ გვინდოდა ომი, მაგრამ რომ ჩააბარა მთელი საქართველო, როცა მარტო კახეთს აკონტ­როლებდა, ვინ მისცა მაგის უფლება?­ ხომ დაუწერა საკუთარმა შვილთაშვილმა, ვინ მოგცა ნებაო" - თქვა ფილოლოგმა და პოლიტიკოსმა ლევან ბერძენიშვილმა­ Youtube­-არხზე და ერეკლე მეფის მოღალატედ გამოცხადება მოითხოვა... ვინ დგას იმ პეტიციის უკან, რომლითაც­ ლევან­ ბერძენიშვილისთვის ლექციების კითხვის ჩამორთმევას ითხოვენ, რესპუბლიკური პარტიის ლიდერი დავით ბერძენიშვილი გვესაუბრება.

- ამ პეტიციის უკან ზუსტად ვიცი დგას ბიძინა ივანიშვილი, თუმცა ვასიკო მაღლაფერიძემ წამოიწყო - ჩხრიკა-ჩხრიკა და ლევან ბერძენიშვილის ერთი ფრაზა ამოქექა, სადაც მწვავედ აკრიტიკებს "ოცნების" საგარეო პოლიტიკას და იქვე თქვა, ერეკლე მოღალატედ გამოვაცხადოთ, რომელმაც ქვეყანა სხვას ჩააბარა და ირაკლი ღარიბაშვილი ომზე აპელირებას შეწყვეტსო­. როგორც ჩანს, მაღლაფერიძემ ბევრი იწვალა, რომ ლევან ბერძენიშვილისგან მტრის ხატი შეექმნა. ის ცნობილი ტიპია, ინტელექტუალია, სტუდენტებს უყვართ და ამიტომ გადაწყვიტა მის წინააღმდეგ გალაშქრება. ბიძინა ივანიშვილს ნერვებს უშლიდა, მაშინაც კი, როცა არ იცნობდა.

- ხშირად ეკამათებოდა ივანიშვილს?

- არა, მაგრამ ბიძინას ჰქონდა პრეტენზია, რომ ქართულ პოლიტიკაში მთავარი ინტელექტუალი თვითონ ყოფილიყო,­ ლევანის სახით კი ადგილი დაკავებული დახვდა. ბიძინას ხშირად მე ვეკამათებოდი, ამიტომ ძმებ ბერძენიშვილებში განაწილებული­ ჰქონდა ნეგატიური განწყობა - პოლიტიკურად მე არ ვუყვარდი, განათლებით­ - ლევანი. ივანიშვილის ურთიერთობა ხალხთან განისაზღვრება ფორმულით: "ვინც ჩემი ქვეშევრდომი არ არის, არის მტერი". მაღლაფერიძეს ლევანთან ამდენწლიანი ნაცნობობა აკავშირებს და შეიძლება ჰქონდა დისკომფორტი, რომ ეს შეესრულებინა, მაგრამ მაინც მას დაავალეს, კეთილდღეობა უფრო მნიშვნელ­ოვანი აღმოჩნდა...

- სტუდენტები ხომ დიდი ძალაა, რომლის მართვაც არ არის მარტივი, ჰქონდათ ამაზე გათვლა?

- არ გამოვრიცხავ, რომ ეს პეტიცია მთლად ბიძინას იდეა არ ყოფილიყო. შეიძლება იმან ისროლა და წვრილფეხობა­ გამოვიდა ინიციატივით. სწორედ ამიტომ არ აწერენ ხელს პეტიციას მეტ-ნაკლებად ცნობილი ადამიანები. ეს ამბავი შემოგდებულია შუაშისტებისთვის, რომლებსაც არ უყვართ მიშა, მაგრამ ბიძინაც არ უყვართ. ანკესია­ გადმოგდებული, ნახეთ, ხალხნო, ლევან ბერძენიშვილი ჩვენს ეროვნულ სიწმინდეს შეეხოო, მაგრამ ეს ანკესი ხელისუფლებისთვის კონტრპროდუქტიული აღმ­ოჩნდა. პრაქტიკულად, ახლა არც ერთი შუაშისტი­ არ არის დარჩენილი - ზვიადისტებიც კი ამბობენ, ლევანი არ გვიყვარს, მაგრამ მისთვის ლექციების აკრძალვას არ ვეთანხმებითო. ეს პეტიცია რომ არ წამოეწყოთ, შუაშისტებში წარმატება ექნებოდათ.

- რაში აწყობს ბიძინა ივანიშვილს ძმები­ ბერძენიშვილების გაჩუმება?

- ვერც გააჩუმებს, მაგრამ ძმები ბერძენიშვილების ავტორიტეტის შელახვა სასარგებლო იქნებოდა - როგორც ჩანს, მას გულზე მოხვდა ჩვენი კრიტიკა ქვეყნის საგარეო მიმართულების შესახებ. ვფიქრობთ­, "ოცნებას" კვალიფიციურად ვამხელთ ევრ­ოპული და ატლანტიკური გზიდან გადახვევის ძალიან სერიოზულ მცდელობაში. პოლიტიკური ვექტორი ორია: თუ არა ხარ დასავლეთისკენ, ჩრდილოეთისკენ მიდიხარ, იმიტომ, რომ ჩვენ სამხრეთი და აღმოსავლეთი არა გვაქვს, ზურგით ვდგავართ.

ლევანი ეულად არ დატოვეს და ახლა ჩემს წინააღმდეგ დაიწყეს კამპანია. "იმედის" ჟურნალისტები დასდევენ პოლიტიკოსებს, დათო ბერძენიშვილმა თქვა, საქართველოს არ ეკუთვნის ევროკავშირის კანდიდატობაო. ამ დროს ბერძენიშვილმა თქვა არაერთ ტელეეთერში, რომ ჩვენ, ისევე, როგორც ბალკანეთის ქვეყნებს, მაგალითად, მოლდოვას, კრიტერიუმებით არ გვეკუთვნის, მაგრამ პოლიტიკური კონიუნქტურის გათვალისწინებით დასავლეთი უფრო ფართოდ გვიღებს კარს.

- და მაინც, რას ფიქრობთ ერეკლე მეორის მოღვაწეობაზე, ეთანხმებით თქვენს ძმას?

- დიპლომით ვარ ისტორიკოსი და გეტყვით ჩემს აზრს, რომელიც ეყრდნობა­ ქართული ისტორიის მამის, ივანე ჯავახიშვილის 1919 წელს გამოცემულ ნაშრომს ერეკლე მეორესა და გეორგიევსკის ტრაქტატზე. წერს, არაფერი კარგი მაგ ტრაქტატსა და რუსეთზე ორიენტაციას არ მოუტანიაო.

- მაგრამ მაშინ ერეკლეს სხვა არჩევანი­ არ ჰქონდა, ოსმალეთისა და სპარსელების პირისპირ მარტო იყო დარჩენილი.

- გეორგიევსკის ტრაქტატითა და იმ პოლიტიკით, მან სუვერენიტეტი გაასხვისა. აღა-მაჰმად-ხანი ირანში­ რომ გახელისუფლდა, ერეკლეს შემოუთვალა, მორჩი რუსეთთან თამაშს, ვიყოთ ისეთივე მეგობრული, როგორიც ვიყავითო. სხვათა შორის, ჭრილობების დიდი ნაწილი ერეკლეს ირანისთვის ბრძოლებში ჰქონდა მიღებული.

- ოსმალეთისგან მომდინარე საფრთხეზე რას იტყვით?

- ირანი უფრო ახლოს იყო ქართლთან­, ვიდრე ოსმალეთი. ერეკლეს გამოცდილება არ ჰქონდა, ტოტლებენმა ხომ მიატოვა?!­ ამიტომ ვამბობ, შეცდომა დაუშვა-მეთქი. ევროპაში გზავნიდა ელჩებს, თუმცა ჩვენთვის ვერ მოიცალა ევროპამ და ელჩები გზაში ეკარგებოდა. რუსეთმა იმდენი ქნა, აღა-მაჰმად-ხანს მისცა საშუალება, რომ თბილისი მოესპო. მაშინ გიორგი XII წერდა, შეიერთე მთელი სამეფო, ოღონდ მე და ჩემს მემკვიდრეებს მმართველობა დაგვიტოვე და კიდევ ჯამაგირი დაგვინიშნეო. პირველი ყველაზე მკაფიო და მკაცრი შეფასება ნიკოლოზ ბარათაშვილმა გამოთქვა "ბედი ქართლისაში". ჩემთვის მთავარი კრიტერიუმი ის არის, რომ არავის აქვს უფლება გაასხვისოს ქვეყნის სუვერენიტეტი და თქვას, აღარ მინდა ფერი რუკაზეო.

- არ ფიქრობთ, რომ რუსეთი საქართველოს ტრაქტატის მიუხედავად დაიპყრობდა?

- შეიძლება... შემოიჭრა, სოლომონ I ებრძოდა კიდეც, მაგრამ რუსეთს ტრაქტატი არ დასჭირვებია, ისე დაიპყრო იმერეთი­. ჩვენთვის ვინ სჯობია, ერეკლე II თუ სოლომონ II, რომელიც ებრძოდა?! გეორგიევსკის ტრაქტატი ჩემი თაობისთვის კატასტროფული, ბნელი თარიღია, იმიტომ, რომ 1983 წელს მაშინ ცეკას მდივანმა ედუარდ შევარდნაძემ გეორგიევსკის ტრაქტატის გაფორმების ორასი წლის იუბილე აღნიშნა ანუ ჩვენი დაპყრობის, დამცირების... ჩემი უახლოესი ადამიანები, ჯგუფელები, მეტწილად გოგონები, ამას ეწინააღმდეგებოდნენ, შევარდნაძესაც შეხვდნენ. ჯონი ლაშქარაშვილი ამის გამო დააპატიმრეს და პოლიტპატიმარი იყო. მე მანამდე დამაკავეს, კა-გე-ბეში ვიყავი...

- ეს გასაგებია და მოღალატედ უნდა გამოცხადდეს?

- მოღალატედ გამოცხადებას არ ვემხრობი, უბრალოდ, ვამბობ, რომ მოუვიდა შეცდომა, რომელიც დანაშაულზე მეტია. თუმცა კატეგორიულად შევეწინააღმდეგები ერეკლეს ქებას და საამისოდ უამრავი არგუმენტი მაქვს, განსხვავებით კლავიატურის ლომებისგან, რომლებიც შეკვეთას ასრულებენ ან ანკესზე წამოგებული არიან. მაშინ არც ირანს და არც ოსმალეთს საქართველოსთვის არ ეცალათ. ირანში დიდი არეულობა იყო, 90-იანი წლების დასაწყისამდე ირანი აქეთ ვერ იყურებოდა. ოსმალეთს რუსეთთან ჰქონდა ომები, კახეთამდე კი არა, სოლომონსაც ვერ აკონტროლებდა.

არავითარი მნიშვნელობა არა აქვს ამ დისკუსიას ერეკლეზე დღევანდელ პოლიტიკურ კონიუნქტურასთან. ირაკლი კობახიძე ხომ ისეთებს ლაპარაკობს, ლევანს რომ რაღაც დააბრალო, რა გასაკვირია. აგერ ვიოლა ფონ კრამონზე, რომელიც წლებია დეპუტატია და იმ დროიდან საქართველოზეა გადაყოლილი, ასევე პოტიგაზე, კობახიძე გამოდის და ლაპარაკობს. ევროპარლამენტარები იმდენად გაბრაზებული არიან, არ ვიცი, იბრძოლებენ კი საქართველოსთვის ძველებური შემართებით.

- როგორ ფიქრობთ, მიიღებს საქართველო კანდიდატის სტატუსს?

- მაქვს ძალიან დიდი სურვილი, მოლოდინიც, თან ვფიქრობ, რომ გვაქვს მაღალი შანსი მიგვიღონ კანდიდატად პირობებით. ჩვენ და მოლდოვას ერთმანეთს, ალბათ, ძალიან არ დაგვაშორებენ. თუ ეს სურვილი და მოლოდინიც გაცუდდა, არ მიგვიღეს, ტექსტი გამზადებული აქვთ, იტყვიან, აგერ ლევანის, დათოს და "ნაცების" ბრალი ხომ არის და არისო. მოკლედ, თუ არ მოგვცეს კანდიდატობა, მე ვიქნები მათ შორის, ვინც თვითონაც გავა ქუჩაში და სხვებსაც მოვუწოდებ, პროტესტი დაიწყოს, ოღონდ პარლამენტიდან გამოდით ამ დეგენერატობის გარეშე-მეთქი. პარლამენტშიც უნდა შეუვარდეს ოპოზიცია. ნებისმიერ პოლიტიკური ტიპის დაპირისპირებაში არ უნდა დაიხიოს უკან. უნდა შევაზანზაროთ ეს ხელისუფლება. ამასობაში უკრაინელების გამარჯვება წამოგვეწევა, უკრაინაში დასავლეთის გამარჯვება კი ნიშნავს რუსეთის მინგრევას და პრაქტიკულად 99%-იანი ალბათობით ბიძინას მარცხსაც.