"ბებიები იძაბებიან - ვაიმე, საძინებელში რატომ გაიყვანაო?" - კვირის პალიტრა

"ბებიები იძაბებიან - ვაიმე, საძინებელში რატომ გაიყვანაო?"

როგორი მამაკაცები არ მოსწონს თამთა ხმალაძეს?

თამთა ხმალაძე სერიალში - "სიყვარულს მიღმა" ლაკოს როლს ასრულებს. უმშვენიერესი გოგონა, რომელიც მამაკაცის კეთილგანწყობით ბოროტად სარგებლობს, მსახიობისგან რადიკალურად განსხვავდება, თუმცა პერსონაჟსა და მსახიობს რაღაც საერთოც აქვთ...

- სერიალში ჩვეულებრივ, კასტინგის საშუალებით მოვხვდი: კასტინგის მენეჯერმა მომწერა. სერიალის სიუჟეტი მოკლედ მიამბო... ამბავი როგორ ვითარდება, ბოლომდე მეც არ ვიცი, რადგან სცენარი თანდათან იწერება. შემოთავაზებაზე ბევრი არ მიფიქრია - დავთანხმდი.

- პროფესიით მსახიობი ხართ?

- სამსახიობო ფაკულტეტი დავამთავრე, მაგრამ შემდეგ სწავლა პიარის მიმართულებით გავაგრძელე. წელს მაგისტრატურაზე სწავლას ვამთავრებ.

- სამსახიობო გამოცდილება გქონდათ თუ ლაკოს როლი თქვენთვის პირველია?

- "ჩემი ცოლის დაქალებში" რამდენიმე სერიაში ვთამაშობდი - რაგნარას შეყვარებული "ვიყავი". სხვა განსაკუთრებული არაფერი ყოფილა.

- სერიალში - "სიყვარულს მიღმა" ლაკოს როლი თქვენთვის საინტერესოა?

- საინტერესოა, თუმცა მერჩივნა, ცოტათი სხვა ტიპის როლი შემესრულებინა, რადგან სულ ისეთი პერსონაჟების განსახიერება მიწევს, რომლებიც "ხაზგასმულად" ლამაზი გოგონები არიან, ბიჭებს მოეწონებათ... ლაკო საინტერესო პერსონაჟია, რადგან ჩემგან რადიკალურად განსხვავებულია. არა, გარკვეულწილად, მგავს - სულ ფორმაშია, მოწესრიგებულია, ცდილობს, კარგად გამოიყურებოდეს, მაგრამ ხასიათითა და ქცევებით ჩემგან სასწაულებრივად განსხვავდება. მგონი, სხვების კეთილგანწყობა ისე ბოროტად არასოდეს გამომიყენებია, როგორც ლაკო იქცევა. ხასიათიც და ქცევებიც ჩემგან რადიკალურად განსხვავებული აქვს.

- "ჩემი ცოლის დაქალებში", თქვენს პერსონაჟთან დაკავშირებით, სასიყვარულო სამკუთხედი შეიკრა, იყო ინტრიგები... აქაც მსგავს სიუჟეტს უნდა ველოდოთ?

- კი, რაღაც ინტრიგა აქაც იქნება. ეს ნელ-ნელა გამოჩნდება და სასიყვარულო სამკუთხედი შეიკვრება.

- როგორი მძღოლი ხართ?

- მგონი - საკმაოდ კარგი, მაგრამ პატარ-პატარა შეცდომები მომდის, თუმცა როგორც ჩემი პერსონაჟი იქცევა, რეალურ ცხოვრებაში, ისე არ ვიქცევი - თუ სხვის ავტომობილს ვაზიანებ, თავად ვაკეთებ ხოლმე. არ ყოფილა შემთხვევა, გავქცეულიყავი (იცინის)... საერთოდ, შეიძლება ითქვას, რომ ავტომობილით სიარული ჩემი ჰობია, ასევე - ცეკვაც. ძალიან მინდა, ავტორბოლა პროფესიონალურ დონეზე ვისწავლო. მგონი, იმ სტერეოტიპს, რომ თითქოს ქალები ცუდი მძღოლები არიან, ვარღვევ.

- პატრული არ გაჯარიმებთ?

- მგონი, შემთხვევების 70% ისე სრულდება, რომ ჯარიმის გარეშე მიშვებენ.

- ეს თქვენი მომხიბვლელობის დამსახურებაა თუ?..

- არ ვიცი. შეიძლება, ასე ზრდილობიანი მიმართვის გამო ხდება. ხანდახან მცნობენ "ტიკტოკიდან" ან სერიალიდან.

- "ტიკტოკზე" აქტიურობთ?

- აპლიკაცია გადმოვწერე, რადგან რაღაც მანქანის ტრენდული ვიდეო ვნახე და მისი გადაღება მინდოდა. ზუსტად იმ პერიოდში, ავტომობილი გამიფუჭდა. ისე მოხდა, რომ მანქანა არ მყავდა, რათა "ტიკტოკისთვის" ის ვიდეო გადამეღო, რაც მსურდა, მაგრამ აპლიკაცია შემრჩა. სხვა ვიდეოების გადაღება დავიწყე, ძალიან გავერთე... "ტიკტოკზე" დიდად აქტიური არ ვარ, რომ "გამომწერებს" ვაგროვებდე, მაგრამ ხანდახან ვერთობი, ვიდეოებს ვაქვეყნებ... პატრულის თანამშრომლებს ხშირად უთქვამთ, - "ტიკტოკზე" გნახე, ავტომობილით სწრაფად დადიხარ, ნელა იარეო...

- ავტომობილთან დაკავშირებული შემთხვევების დროს, თქვენთან დაახლოება უცდიათ, როგორც სერიალში, თქვენი პერსონაჟის შემთხვევაში მოხდა?

- ჰო, მსგავსი შემთხვევები ყოფილა, მაგრამ ისეთი განვითარება არ მოჰყოლია, როგორიც სერიალშია...

- ცოტა რამ თქვენი მეორე ჰობის - ცეკვის შესახებაც გვითხარით...

- წინათ "სუხიშვილებში" დავდიოდი. როცა თეატრალურ უნივერსიტეტში ჩავაბარე, ცეკვას თავი დავანებე, მაგრამ ისე ძლიერ მიყვარს, რომ თეა დარჩიასთან, სტუდიაში ახლაც მივდივარ ხოლმე...

- სამსახიობო სფეროში რატომ არ აქტიურობდით? "პიარის" სფერო რატომ აირჩიეთ?

- თეატრი ძალიან მიყვარს, მაგრამ თეატრის მსახიობობა ჩემი მიზანი არ ყოფილა - უფრო მეტად მინდოდა, სერიალებში ან ფილმებში მეთამაშა. თეატრალურ უნივერსიტეტში სწავლა რომ დავასრულე, სხვადასხვა სასწავლო კურსი (სხვადასხვა მიმართულებით) გავიარე. მაშინვე ვიცოდი, რომ სხვა, მეორე პროფესიის არჩევა მინდოდა. ამ თემაზე ვფიქრობდი და საბოლოოდ ჩამოვყალიბდი, რომ პიარი ამერჩია, რადგან კომუნიკაციებმა ძალიან დამაინტერესა... ამ პროფესიამ ჩემი იმედები გაამართლა. როგორც აღვნიშნე, მაგისტრატურაში სწავლას ვასრულებ. ერთ-ერთ კომპანიაში უკვე პრაქტიკების გავლა დავიწყე...

- თამთა, გარეგნობაზე ზრუნვას რამდენ დროს უთმობთ?

- საკმაოდ ბევრს. ვგულისხმობ სწორ კვებას, ვარჯიშს... თავის მოვლა მიყვარს, მაგრამ პლასტიკური ქირურგიისთვის ჯერჯერობით არ მიმიმართავს. ვცდილობ, ბუნებრიობა რაც შეიძლება დიდხანს შევინარჩუნო. სალონებში სიარული, თავის მოვლა მიყვარს, მაგრამ - ნორმის ფარგლებში.

- თქვენი პერსონაჟის ჩაცმის სტილი თქვენთვისაც დამახასიათებელია?

- ლაკოს ჩაცმულობა იმისკენაა მიმართული, რომ ზოგადად, გამომწვევი იყოს, ყურადღება მიიქციოს... ვერ ვიტყვი, მისგან რადიკალურად განსხვავებული სტილი მაქვს-მეთქი - გრძელი კაბები დიდად მეც არ მიყვარს, მაგრამ ვცდილობ, ჩემი ჩაცმულობა ძალიან გამომწვევი არ იყოს. მოკლედ, ლაკო უფრო გამომწვევია, ვიდრე მე. ის სულ მაღალქუსლიანი ფეხსაცმელებით დადის, მე კი ძირითადად, დაბალძირიანები მაცვია...

- თაყვანისმცემლები თქვენ მიმართ ყურადღებას როგორ გამოხატავენ?

- მგონი, ყურადღების გამოხატვა ყველანაირად უცდიათ, მაგალითად - საჩუქრებით... ალბათ - ისე, როგორც ყველა გოგოს მიმართ გამოხატავენ.

- თავად თქვენს ყურადღებას როგორი მამაკაცები იქცევენ?

- მოდი, ჩემს ყურადღებას ვინ არ იქცევენ, იმას გეტყვით: მექალთანე და არასერიოზული ბიჭები არ მომწონს. ალბათ, უპირველეს ყოვლისა, ერთგული და სერიოზული ადამიანი უნდა იყოს, რომ მომეწონოს.

- რეალურ ცხოვრებაში, თუნდაც - მოზარდობისას, ბიჭებს თქვენ გამო უჩხუბიათ?

- კი, სამწუხაროდ. დეტალებს არ მოვყვები, მაგრამ გარჩევები, გაუგებრობები ყოფილა... მაგალითად, ჩემი ბავშვობის მეგობარი ბიჭი შეწუხებული ჰყავდათ. რატომღაც, სულ ჩემი შეყვარებული ეგონათ...

- თამთა, კიდევ როგორი როლის შესრულება იქნებოდა თქვენთვის საინტერესო?

- ალბათ, განსხვავებული ტიპის, არაპრანჭია გოგოსი.

- თქვენი მთავარი გულშემატკივარი ვინ არის?

- ალბათ, მთელი ოჯახი. გარშემო მყოფები მეკითხებიან ხოლმე, - ცოტათი თამამი როლის შესრულებას მამა ხომ არ გიშლისო? არა, არ მიშლის, პირიქით - გვერდში მიდგას. ის სტერეოტიპული მამა არ არის, რომ რაღაცები დამიშალოს. მაგალითად, ხანდახან ისეთ სცენაში ვმონაწილეობ, რომ ბებიები იძაბებიან, - ვაიმე, საძინებელში რატომ გაიყვანა? შემდეგ სერიაში რა იქნებაო (იღიმის)?!. მამა ასეთი არ არის...

- ამ ტიპის სერიალი, რომელშიც მონაწილეობთ, როგორც მაყურებლისთვის, თქვენთვის საინტერესოა?

- ჩემი მონაწილეობით გადაღებულ ეპიზოდებს იშვიათად ვუყურებ, რადგან საერთოდ, ეკრანზე საკუთარი თავის ყურება ძალიან მიჭირს. ალბათ, კმაყოფილი ვერასოდეს იქნები ადამიანი... სერიალს ვუყურებ, მომწონს. მსახიობები, გადამღები ჯგუფი ძალიან კარგია! თითოეული მათგანი ისეთ გარემოს ქმნის, რომ შეუძლებელია, იქ ყოფნა არ გესიამოვნოს, შენი საქმე ვერ გააკეთო... ყველა ცდილობს, საუკეთესო პროდუქტი "დადოს". მგონია, რომ ასეთი ქართული სერიალი (დრამა) ძალიან საინტერესოა. თან, თუ გავითვალისწინებთ, რომ ბოლო დროს სერიალები ბევრ ფილმს ჯობია, ვფიქრობ, კარგი ნამუშევარი გამოგვივა.

- თქვენი მომავალი რა სფეროში გესახებათ?

- გადაღებებში მონაწილეობას სიამოვნებით დავთანხმდები, თუმცა ალბათ, ეს სფერო ჰობის დონეზე მექნება. ისე, ვაპირებ, რომ პიარის მიმართულებას "გავყვე"...

ეთო ყორღანაშვილი

ჟურნალი "გზა"