"ყველაფერს ვაკეთებთ, ვიცავთ ანტირუსულ სანქციებს" - რას ჰყვება ქართველი ელჩი შვედურ გამოცემასთან? - კვირის პალიტრა

"ყველაფერს ვაკეთებთ, ვიცავთ ანტირუსულ სანქციებს" - რას ჰყვება ქართველი ელჩი შვედურ გამოცემასთან?

შვედეთის უდიდესი ყოველდღიური გაზეთის „აფტონბლადეტის“ (Аftonbladet) 28 მაისის ნომერში გამოქვეყნებულია ინტერვიუ საქართველოს ელჩთან სათაურით „ჩვენ შეიძლება რუსეთის მორიგი მსხვერპლი გავხდეთ“, რომელშიც ქართველი დიპლომატი შვედ ჟურნალისტს ემილ ფორსბერგს, რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, საქართველოს წინაშე მდგარ გამოწვევებზე და საფრთხეებზე ესაუბრება.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

„უკრაინაში რუსეთის ჯარების შეჭრა და ომი მეზობელ ქვეყნებში მღელვარებას და შეშფოთებას იწვევს. მოსკოვის თავდასხმის შემდეგი ობიექტი შეიძლება საქართველოც გახდეს.

„ჩვენ მზად ვართ თავი დავიცვათ“, - განაცხადა საქართველოს ელჩმა ირაკლი ხუცურაულმა „აფტონბლადეტთან“ საუბარში.

14 წლის წინ საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტა. ეს ნაბიჯი თბილისმა მაშინ გადადგა, როცა რვადღიანი ბლიცკრიგის შემდეგ რუსეთმა საქართველოს სეპარატისტული რეგიონები - აფხაზეთი და „სამხრეთ ოსეთი“ თავის კონტროლქვეშ მოაქცია.

როცა შვედეთში საქართველოს ელჩი ირაკლი ხუცურაული წარსულს იხსენებს, იგი ამბობს, რომ უკრაინის დღევანდელი სიტუაცია ბევრად ჰგავს 14 წლის წინანდელ საქართველოში მომხდარ მოვლენებს.

„ჩვენც იმავენაირი რთული პრობლემები გვქონდა, როგორიც ახლა უკრაინელ ძმებს აქვთ. ჩვენ ვიცით, თუ რა უდიდესი ტრაგედიაა მათთვის“, - აცხადებს ელჩი „აფტონბლადეტთან“ ინტერვიუში, - „ჩვენ რუსეთთან სამი ომი გვაქვს გადახდილი, კარგად ვიცნობთ რუსებს და მათ მენტალიტეტს“.

photo-1653814728.jpg

საქართველოს ევროკავშირისა და ნატოს წევრობა სურს

ირაკლი ხუცურაულის თქმით, უკრაინაში რუსეთის არმიის შეჭრის შემდეგ საქართველოშიც ეჭვები გაჩნდა - ვაითუ, რუსეთის ჯარი ისევ შეტევაზე გადმოვიდეს და თავს დაგვესხასო.

დღეს მართლაც არსებობს აგრესიის საშიშროება: რუსეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქვეყნის დედაქალაქიდან - თბილისიდან სულ რაღაც 40-იოდ კილომეტრის მოშორებით არიან დისლოცირებულნი. ჯერჯერობით, იქ სიმშვიდეა, მაგრამ თუ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ მიმართულ ომში წარმატებას მიაღწევს, მოსკოვს შეუძლია ყოველ მეზობელ და ახლომდებარე სახელმწიფოში შეიჭრას, ვთქვათ, საქართველოში და მოლდოვაში.

ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით. საქართველომ უკვე წარადგინა განაცხადი ევროკავშირში მიღებისათვის, ქართველებს ნატოში გაწევრების სურვილიც აქვთ.

„ჩვენ მზად ვართ ჩვენი ქვეყნის დაცვისათვის. ყველაფერს ვაკეთებთ ომის თავიდან ასაცილებლად და გვსურს, რაც შეიძლება სწრაფად გავხდეთ ევროკავშირისა და ნატოს წევრი. ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში ვართ ევროპული ფასეულობების ერთგულნი. ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრირება ჩვენთვის ძალზე მნიშვნელოვანია“, - ამბობს ქართველი დიპლომატი.

ბრალდებები რუსეთის მხარდაჭერაში

როცა რუსეთის არმია უკრაინაში შეიჭრა, [ვოლოდიმირ ზელენსკის გარემოცვამ] საქართველოს მთავრობა ვლადიმერ პუტინისადმი დათმობებში დაადანაშაულა. გავრცელდა ცნობები, რომ საქართველოში პროუკრაინულად განწყობილი მომიტინგეები და საპროტესტო აქციის მონაწილეები დააპატიმრეს. ასევე რუსეთის მხარდაჭერის გამოხატვად ჩაითვალა ის, რომ თბილისი არ შეუერთდა დასავლეთის მიერ დაწესებულ ანტირუსულ სანქციებს. არის ეჭვი, რომ ამ ყველაფერში რუსეთის ხელი ჩანს.

„ჩვენ პატარა სახელმწიფო ვართ, რუსეთი კი მსოფლიოში უდიდეს ქვეყანას წარმოადგენს. ყველაფერს ვაკეთებთ რაც კი ჩვენს შესაძლებლობებშია, ვიცავთ [დასავლეთის მიერ წინა წლებში] შემოღებულ ანტირუსულ სანქციებს... თუმცა მე პირადად არ ვთვლი, რომ ომის თავიდან ასაცილებლად ეს საკმარისია“, - აცხადებს ელჩი.

წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ