"დღემდე არ ვიცი, შევარდნაძემ კაბინეტში შეგნებულად დატოვა თენგიზ აბულაძის პირადი წერილი თუ დარჩა?.." - რა უცნობ ამბავს ჰყვება ჯუმბერ პატიაშვილი საუკუნის ფილმზე - კვირის პალიტრა

"დღემდე არ ვიცი, შევარდნაძემ კაბინეტში შეგნებულად დატოვა თენგიზ აბულაძის პირადი წერილი თუ დარჩა?.." - რა უცნობ ამბავს ჰყვება ჯუმბერ პატიაშვილი საუკუნის ფილმზე

"...მის მიმართ პატივისცემა და აღიარება კრემლშიც გაიზარდა და საქართველოს ცენტრალური კომიტეტის წარდგინებით, გორბაჩოვმა ქართველი რეჟისორი საბჭოთა კავშირის დეპუტატთა ასკაციან სიაში პირველ ნომრად ჩასვა. მანამდე კი, რჩეულ საბჭოთა დეპუტაციასთან ერთად, ამერიკაში გორბაჩოვისა და რეიგანის ისტორიულ შეხვედრასაც დაესწრო"... - ეს სიტყვები ჯუმბერ პატიაშვილის წიგნიდანაა - "ოცდასამი წლის შემდეგ"...

როდესაც ჯუმბერ პატიაშვილს ინტერვიუს ჩასაწერად დავუკავშირდით, გვითხრა: "თენგიზ აბულაძის ფილმ "მონანიებაზე" ჩემს წიგნში მიწერია, თუ როგორ გადაარჩინა იგი მიხეილ გორბაჩოვმა... ჩვენი რეჟისორები წელიწადში 14 ფილმს იღებდნენ. მახსოვს რეზო ესაძემ გადაიღო ფილმი ლენინგრადში და მას წინააღმდეგობა მოჰყვა, მაგრამ ბოლოს მაინც გამოვიდა საკავშირო ეკრანებზე... როგორ შეიძლებოდა რეზო ესაძის ნიჭიერება არ დაგვეფასებინა?!"

ამონარიდი წიგნიდან "ოცდასამი წლის შემდეგ"

"...მისაღებ ოთახამდე დაცვის სამსახურმა მიმაცილა.

აპარატის თანამშრომლებს მივესალმე, მოკრძალებული მილოცვები მივიღე და სამუშაო კაბინეტის კარი შევაღე.

კაბინეტში სრული სიცარიელე დამხვდა.

ცარიელი წიგნის კარადები, ცარიელი კედლები, ცარიელი საწერი მაგიდა, რომელზეც მხოლოდ ტელეფონის აპარატები და კალმისტრები ეწყო.

საწერ მაგიდას მივუჯექი და უჯრები გამოვაღე. ყველა ცარიელი დამხვდა, ერთის გარდა... თაბახის ფურცლების შეკვრაში ხელნაწერი წერილი ვნახე.

ადრესატი ედუარდ შევარდნაძე იყო, ავტორი - თენგიზ აბულაძე.

დღემდე არ მაქვს პასუხი, შევარდნაძემ კაბინეტში შეგნებულად დატოვა თენგიზ აბულაძის პირადი წერილი თუ - დარჩა. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს წერილი არა მხოლოდ ინფორმაციულს, არამედ - სიმბოლურ დატვირთვასაც ატარებდა.

რამდენჯერმე წავიკითხე და დავხიე.

მძიმე იყო, წასაკითხადაც და გასააზრებლადაც.

ყველაფერი ერთმანეთში აირია... გეგა კობახიძე, რომელსაც თავდაპირველად იღებდნენ ამ ფილმში... თვითმფრინავის გატაცება... "მონანიების" გარშემო ატეხილი აჟიოტაჟი... აკრძალული ფილმისადმი საზოგადოების დიდი ინტერესი... ათასი ჭორი, ტყუილი თუ მართალი...

წერილი კატეგორიული, შეუვალი ტონით იყო დაწერილი.

თენგიზ აბულაძე შევარდნაძეს "მონანიების" ცენზურაში ადანაშაულებდა, საყვედურნარევი ტონით ახსენებდა, რომ "მონანიების" გადაღების ნება დართო, წაახალისა, სახელმწიფო დაფინანსებაც გამოუყო, მაგრამ უკვე გადაღებული, გადამზადებული ფილმი დაიბლოკა და მაყურებლამდე მისივე ბრძანებით ვეღარ მივიდა.

ასეთი შინაარსის წერილს ნამდვილად არ ველოდი, შევარდნაძეს თენგიზთან კარგი, შეიძლება ითქვას, მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა. "მონანიების " გადაღებაც მისი მმართველობის წლებში დაიწყო და დასრულდა.

იმ დროისთვის "მონანიება" უკვე ნანახი მქონდა. როგორც კი ფილმი წარმოებაში ჩასაშვებად მზად იყო, კინოსტუდიაში მიგვიწვიეს ფილმის სანახავად. ბუნებრივია, ჩვენებას შევარდნაძეც დაესწრო.

მაშინ ამბობდნენ, რომ ჩვენების შემდეგ შევარდნაძემ აბულაძეს შენიშვნა მისცა და ფილმიდან რამდენიმე კადრის ამოღება მოსთხოვა, მაგრამ რეჟისორმა არც ერთი მათგანი არ გაითვალისწინა და ფილმი უცვლელად დატოვა. სავარაუდოდ, ფილმის დაბლოკვის მიზეზიც ეს გახდა.

შედგა თუ არა მაშინდელი ცენტრალური კომიტეტის მდივანსა და კინორეჟისორს შორის მსგავსი საუბარი, ჩემთვის უცნობია. ფაქტია, იმ დღეს კინოსტუდიაში მიწვეული ცენტრალური კომიტეტის წარმომადგენლების თანდასწრებით შევარდნაძეს აბულაძისთვის არანაირი შენიშვნა არ მიუცია.

ამ ამბამდე რამდენიმე წლით ადრე მე და თენგიზი ოჯახებით ერთად ვისვენებდით ლიკანში. მახსოვს, მითხრა, რომ ახალ ფილმს იღებდა, სახელწოდებით - "ხონთქარი". ფილმის შინაარსი და დეტალები არ დაუზუსტებია. მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ მაშინ თენგიზ აბულაძე ჩემთან სწორედ "მონანიებაზე" საუბრობდა.

ასე იყო თუ ისე, "მონანიება" უკვე გადაღებული და, ამავდროულად, აკრძალული ფილმი გახლდათ.

მე კი ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივნობის პირველი სამუშაო დღე მქონდა და იგი აბულაძის მიერ შევარდნაძისთვის მიწერილი წერილის წაკითხვითა და "მონანიებაზე" ფიქრით დაიწყო.

ცხადი იყო, წერილის დახევა ფიქრისგან ვერ გამათავისუფლებდა...

უშიშროების კომიტეტის ინფორმაციით, "მონანიება" ცენტრალურ კომიტეტთან არსებულ მართვის ინსტიტუტში არალეგალური გზებით მრავლდებოდა, საიდანაც შავ ბაზარზე ხვდებოდა და სოლიდურ თანხად იყიდებოდა. იმხანად ვიდეოაპარატურა იშვიათი ხილი გახლდათ, შავ ბაზარზე გაყიდული ფილმი ოჯახებში ხვდებოდა, ოჯახებშივე ეწყობოდა ერთგვარი კინო-თეატრები და ფილმის ჩვენებაცა და განხილვაც მალულად, კუსტარულ პირობებში ხდებოდა.

გაცხადდა ისიც, რომ გარკვეული რაოდენობის ეგზემპლარები ევროპაში არალეგალური გზებით გასატანად მზადდებოდა.

უშიშროების კომიტეტის მიერ მოპოვებულ უტყუარ მტკიცებულებებს ჩვენი მხრიდან შესაბამისი რეაქცია მოჰყვა. თანამდებობიდან გავათავისუფლეთ მართვის ინსტიტუტის დირექტორი და მეცნიერების და ტექნიკის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე. დაკავებით არავინ დაგვიკავებია, თუმცა ეს საერთო სურათს არ ცვლიდა. აჟიოტაჟი უკვე ქვეყნის ფარგლებს გასცდა. უცხოური პრესაც კი "მონანიებაზე" წერდა, ჩვენს საზოგადოებაში კი ფილმისადმი ინტერესი არ ცხრებოდა.

...ფილმი ყველასათვის მოულოდნელად გავიდა საქართველოს ტელევიზიით. გადაწყვეტილება ერთპიროვნულად, კრემლთან შეუთანხმებლად მივიღე და მხოლოდ ამის შემდეგ გავემგზავრე მოსკოვში, სადაც მნიშვნელოვან საკითხთან ერთად "მონანიების" შემდგომი ბედიც უნდა გამერკვია.

გამგზავრებამდე ცოტა ხნით ადრე თენგიზ აბულაძისგან წერილი მივიღე. ის ცდილობდა, დავერწმუნებინე, რომ თანამდებობიდან გათავისუფლებული პირები უდანაშაულოები იყვნენ და ფილმი მისი თხოვნით, თანაც დიდი რაოდენობით კი არა, მხოლოდ რამდენიმე ერთეულ ეგზემპლარად გაამრავლეს. რასაკვირველია, თენგიზმაც კარგად იცოდა და, მით უფრო, მე ინფორმირებული ვიყავი, რომ ეს სინამდვილეს არ შეესაბამებოდა. რეჟისორი სხვების დაცვას საკუთარი თავის დადანაშაულების ხარჯზე ცდილობდა და ბუნებრივია, ამ წერილს, გარდა იმისა, რომ თენგიზის ავტორიტეტი გაზარდა, ჩემში და ჩემი მხრიდან, არანაირი ნეგატიური რეაგირება არ მოჰყოლია.

მოგვიანებით, როცა მოსკოვში ჩავედი და გორბაჩოვს შევხვდი, აღმოჩნდა, რომ მას "მონანიება" უკვე ნანახი ჰქონდა. გორბაჩოვს განსაკუთრებით უყვარდა ქართული კინო. ყოველწლიურად თოთხმეტ ერთეულ ფილმს უშვებდა საქართველოს კინოსტუდია და გორბაჩოვი თითქმის არც ერთი მათგანის მიმართ არ რჩებოდა გულგრილი.

როდესაც სიტყვა "მონანიებაზე" ფილმის საკავშირო ეკრანზე გაშვებასა და ლეგალიზება-ტირაჟირებაზე ჩამოვუგდე, მითხრა, რომ გადაწყვეტილებას ამ საკითხზე ლიგაჩოვისგან შევიტყობდი.

მალევე შევხვდი ლიგაჩოვსაც. იგი სტალინელი გახლდათ და ვიდრე კონკრეტულ პასუხს მეტყოდა, საყვედურნარევი ტონით მითხრა, - ვის-ვის და ქართველებს მსგავსი შინაარსის ფილმი ნამდვილად არ უნდა გადაგეღოთო. ეს გულწრფელი გულისტკივილი იყო, ყოველგვარ დირექტივასა და ცენზურას მოკლებული.

რაც შეეხება "მონანიებას", მასზე ყოველგვარი ცენზი მოიხსნა, საკავშირო მასშტაბით ჩვენება და 500 ეგზემპლარად გამრავლება გადაწყდა.

მადლობის მეტი რა მეთქმოდა, გახარებულმა დავტოვე კრემლის შენობა და მაშინვე თენგიზ აბულაძეს დავუკავშირდი, რომელიც იმხანად მოსკოვში იმყოფებოდა.

ჩემდა გასაკვირად, თენგიზს არც ჩემი სიხარული გაუზიარებია და არც აღფრთოვანება და მადლიერება გამოუხატავს. პირიქით, უკმაყოფილოც დარჩა, - 500 ეგზემპლარი ცოტაა იმისთვის, რომ ფილმს პირველი კატეგორია მიენიჭოს: 2000 ეგზემპლარია საჭიროო, - მითხრა.

ამ საკითხში ნამდვილად არ ვიყავი კომპეტენტური, არც კატეგორიების და განსაზღვრული ციფრის შესახებ ვიცოდი რამე, მაგრამ ერთი რამ ცხადი იყო: მე, როგორც ცენტრალური კომიტეტს მდივანმა, დადებითი პასუხი მივიღე კრემლისგან "მონანიებაზე" ცენზურა მოიხსნა, მისი ჩვენება საკავშირო მასშტაბით გაიმართა და ამითაც კმაყოფილი ვიყავი.

ფილმის ჩვენებამ მართლაც ანშლაგით ჩაიარა და ყოველგვარი რეკორდი მოხსნა მოსკოვსა და ლენინგრადში. "მონანიებას" სერიოზული წარმატება და აღიარება ხვდა კანის ფესტივალზეც, თუმცა საბჭოთა კავშირის პერიფერიებში დიდი პოპულარობისთვის არ მიუღწევია.

სხვათა შორის, რაც უნდა პარადოქსულად ჟღერდეს, ანტისაბჭოთა განწყობის ფილმის მიუხედავად, აბულაძე კრემლისთვის მიუღებელ პერსონად და რეჟისორად არ ქცეულა. პირიქით, მის მიმართ პატივისცემა და აღიარება კრემლშიც გაიზარდა და საქართველოს ცენტრალური კომიტეტის წარდგინებით, გორბაჩოვმა ქართველი რეჟისორი საბჭოთა კავშირის დეპუტატთა ასკაციან სიაში პირველ ნომრად ჩასვა. მანამდე კი რჩეულ საბჭოთა დეპუტაციასთან ერთად, ამერიკაში გორბაჩოვისა და რეიგანის ისტორიულ შეხვედრასაც დაესწრო.

მოგვიანებით, ამ შეხვედრის შესახებ რეჟისორმა ვრცელი ინტერვიუ მისცა ქართულ პრესას. მას გორბაჩოვისა და რეიგანის შეხვედრაზე დააგვიანდა, თუმცა ამის გამო გორბაჩოვის გულისწყრომა არ დაუმსახურებია. პირიქით, გორბაჩოვმა იგი თბილად მოიკითხა და უთხრა: გადაეცით ჯუმბერ ილიჩს, რომ ყველაფერი კარგად იქნება...

თენგიზმა ეს დანაბარები პირადად გადმომცა. რაც შეეხება გორბაჩოვს, კეთილგანწყობის დაფიქსირების გარდა ჰქონდა თუ არა სხვა ქვეტექსტი, როცა "მონანიების" რეჟისორს ჩემთან ამ ფრაზას აბარებდა, ვერ გეტყვით.

ფაქტია, იმ წლებში ჯერ კიდევ იყო იმის შესაძლებლობა, რომ ყველაფერი მართლაც კარგად ყოფილიყო.

(სპეციალურად საიტისთვის)