"ადამიანების უტიფრობას და შეუგნებლობას წონასწორობიდან ჩემი გამოყვანა შეუძლია" - კვირის პალიტრა

"ადამიანების უტიფრობას და შეუგნებლობას წონასწორობიდან ჩემი გამოყვანა შეუძლია"

"როცა ვიღაცის საყვარელი ხარ, როცა ვიღაცის ოჯახს ანგრევ, შეუძლებელია, ეს მაყურებელმა დადებითად მიიღოს, თუმცა ამას აქვს მეორე მხარეც, რომელიც ალბათ სერიალში გაიშლება", - ამბობს მსახიობი გიორგი ჯიქია. როგორ მიიღო კერესა (სერიალი "სიყვარულს მიღმა") მაყურებელმა, რას ფიქრობს თავად პერსონაჟზე, რით არის მისთვის ეს როლი საინტერესო, რას მიიჩნევს თავის ყველაზე დიდ სისუსტედ და რა დაეხმარა საკუთარი თავის უკეთ შეცნობაში? - ამ ყველაფერს მის მიერ დასრულებული წინადადებებიდან შეიტყობთ.

- დაბადების თარიღი...

- ...1983 წლის 29 ივლისი.

- ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...

- ...ექიმი ან მსახიობი. ორივე პროფესია კვლევასთან არის დაკავშირებული, ერთი - სხეულის, მეორე სულის მდგომარეობის კვლევაა. უფრო მოგვიანებით ფსიქოლოგობასაც ვფიქრობდი, მაგრამ საბოლოოდ მაინც მსახიობის პროფესია ავირჩიე. ეს საქმე ისეთივე საინტერესო აღმოჩნდა, როგორც წარმომედგინა. პროფესიული არჩევნის გამო სინანული არასდროს მქონია, დაკვირვებით კი საკუთარ თავს ხშირად დავკვირვებივარ, გადამიმოწმებია: იმას, რასაც ვემსახურები, სწორად ვაკეთებ? საინტერესო პროფესია ავირჩიე.

- ჩემზე ამბობენ...

- ...რომ ვარ მეგობრული, ერთგული და ზარმაცი. სამივე შემთხვევაში მართალს ამბობენ.

- ჩემი სავიზიტო ბარათია...

- ...ჯიქო. ყველა ჯიქოს მეძახის, გვარიდან გამომდინარე, მაგრამ ზოგს სახელი ჰგონია.

- ცხოვრებას თავიდან რომ ვიწყებდე...

- ...ალბათ ზოგიერთ საკითხზე მეტად დავფიქრდებოდი, ვეცდებოდი, ბევრ რამეზე მეთქვა სიტყვა "არა". ამ შემთხვევაში მხოლოდ პროფესიას არ ვგულისხმობ. დღეს ნამდვილად არ ვიცი, როგორ რეალობაში ვიქნებოდი, თავის დროზე ეს რომ მომეხერხებინა, მაგრამ ვიცი, ჩემს თავთან უფრო კარგად ვიქნებოდი.

- ჩემი პირველი წარმატება იყო...

- ...თეატრალურში ჩაბარება. შემდეგი წარმატება იყო იმ დღეს, როცა ავთო ვარსიმაშვილმა თავისუფალ თეატრში მიმიღო. ბევრი პატარ-პატარა წარმატება მქონდა, ალბათ ყოველი პრემიერა და კარგად გაკეთებული როლი წარმატებაა. როცა რეზულტატი დგება, მერე ადვილია გადახედო, ეს მართლა რეალური წარმატებაა თუ შექმნილი ამინდი?

- ჩემს წარმატებაში ყველაზე დიდი წვლილი...

- ...პირველ რიგში, მიმიძღვის თავად მე, შემდეგ - ჩემს მეუღლეს, დედაჩემს და მეგობრებს.

- სერიალში "სიყვარულს მიღმა"...

- ...თამაში უფრო და უფრო საინტერესო ხდება. იმ შემოქმედებით ჯგუფთან, რომელიც ამ პროექტზე მუშაობს, წარსულშიც არაერთხელ მითანამშრომლია. პირველი იყო "შუა ქალაქში". სერიალისთვის "სიყვარულს მიღმა", მსახიობების შერჩევა რომ დაიწყეს, დამირეკეს, რამდენიმე როლზე ვიყავი მოაზრებული. კასტინგი გავიარე და ბოლოს კერესას როლზე დამამტკიცეს.

- კერესას როლი...

- ...საინტერესო სათამაშოა. მსახიობს რაც უფრო ძლიერი კონფლიქტი, წინააღმდეგობა ექმნება პერსონაჟთან, გარე სამყაროსთან, რაც უფრო რთულია ეს დაპირისპირება, როლი მით უფრო საინტერესოა.

- მაყურებელმა პერსონაჟი მიიღო...

- ...ცუდად.

- მსახიობის პერსონაჟთან გაიგივებას...

- ...მაყურებელი ხშირად ახდენს. კომენტარებს არ ვკითხულობ, მაგრამ მეუბნებიან, რომ კერესასთან მაიგივებენ. ბუნებრივია ის, რომ კერესა მაყურებელმა ცუდად მიიღო. ჩემი პერსონაჟის ქცევები სწორი არ არის. როცა ვიღაცის საყვარელი ხარ, როცა ვიღაცის ოჯახს ანგრევ, შეუძლებელია, ეს დადებითად მიიღონ, თუმცა ამას აქვს მეორე მხარეც, რომელიც ალბათ სერიალში გაიშლება. ამქვეყნად ყველა ადამიანს ხომ თავისი სიმართლე აქვს.

- მეუღლის შეფასებით..

- ...ყველაზე კრიტიკული მაყურებლები დედა და მეუღლე არიან, ჩემი მეუღლე გახლავთ ბაიკო მესხიშვილი. პროფესიით მსახიობია, ახლა აღარ თამაშობს, ისინი ყველაზე კარგად მიცნობენ; ყველაზე კარგად იციან, სად ვარ ბუნებრივი და მეტი რომელ ეპიზოდზე უნდა მემუშავა.

- ბედნიერი ვარ, რომ...

- ...ორი შვილი მყავს, ბიჭი 9 წლის არის, გოგონა - 5-ის.

- ყოველთვის მაქვს სურვილი...

- ...გავაკეთო იმაზე მეტი, ვიდრე ვაკეთებ.

- თვისება, რომელიც ჩემში ყველაზე მეტად მომწონს...

- ...ვაი (ფიქრობს)! ალბათ მიმტევებლობა.

- თვისება, რომელიც არ მომწონს და ვცდილობ გამოვასწორო...

- ...არის შემთხვევები, როცა საჭიროა ვიყო კატეგორიული და ვერ ვარ. ზოგჯერ ასეც ხდება, მდგომარეობა თუ თვისება, რომელსაც შენს სისუსტეს არქმევ, შესაძლოა, რაღაც მომენტში, შენი ძლიერი მხარეც კი აღმოჩნდეს, შეიძლება მოხდეს პირიქითაც, ასე რომ, ყველაფერი დროსა და სიტუაციაზეა დამოკიდებული.

- დაშვებულ შეცდომებს...

- ვცდილობ, აღარ დავუშვა, რაღაცები ვისწავლო, თუმცა იგივე შეცდომაც არაერთხელ დამიშვია.

- საკუთარ შეცდომებზე ვისწავლე...

- ...ალბათ უფრო ზუსტი იქნება თუ ვიტყვი, რომ საკუთარ შეცდომებზე საკუთარი თავი უკეთ გავიცანი.

- პატიება შემიძლია, თუ...

- ...იმ ადამიანმა თავისი დანაშაული მართლა გააცნობიერა. პატიება შემიძლია იქამდე, სანამ ის ადამიანი იმავე შეცდომას არ დაუშვებს. თუ დაუშვებს, გამოდის, რომ პატიებას აზრი არ აქვს.

- თავად პატიების თხოვნა...

- ...არასდროს მიჭირს.

- როცა მომავალზე ვფიქრობ...

- ...გააჩნია დღის რა მონაკვეთია, ხან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, ხან პესიმიზმი შემომიტევს, მელანქოლიური ბუნება მაქვს, სულ ბრძოლაში ვარ.

- ვიბნევი...

- ...ხშირად. მაბნევს ადამიანების შეუგნებლობა, სიხისტე.

- ამ წუთში ძალიან მინდა...…

- ...საზღვარგარეთ ოჯახთან ერთად ვისვენებდე.

- ქვეყანა, სადაც მოგზაურობის სურვილი დღემდე ვერ ავიხდინე...

- ...იტალიაა. რომში წავიდოდი, ვატიკანს დავათვალიერებდი.

- ჩემი ჰობია...

- ...ხატვა, მუსიკის წერა, მოკლემეტრაჟიანი ფილმების გადაღება. ჩემს მუსიკას სპექტაკლებში ხშირად იყენებენ. თავისუფალ დროს ვხატავ და ეს განტვირთვის საუკეთესო საშუალებაა. მაშინ, როცა ემოცია ფურცელზე გადამაქვს, გარე სამყაროს მთლიანად ვეთიშები.

- ...წონასწორობიდან ჩემი გამოყვანა შეუძლია...…

- ...ადამიანების უტიფრობას და შეუგნებლობას. მართალი რომ არ არის, ელაპარაკები და კარგად ხვდება, რასაც ეუბნები, მაგრამ რომ არ "ტყდება".

- მეზარება...

- ...დილით ადგომა. 2 საათის განმავლობაში ყველაფრის გაკეთება მეზარება, მერე "ვიქოქები".

- სიყვარული ეს...

- ...რთული ასახსნელია. სიყვარულია, როცა სხვის კეთილდღეობაზე ფიქრობ. სიყვარულში არ არის "მე მჭირდება", "მე მინდა", "მე ვიგრძნო თავი კომფორტულად"... პირიქითაა: სიყვარული გაცემაა, გაღებაა, უკან არაფერს უნდა ელოდო.

- პირველად რომ შემიყვარდა...…

- ...ბაღში დავდიოდი, მივედი იმ გოგოსთან და ვუთხარი, ცოლად გამომყევი-მეთქი. მან მითხრა, ვერ გამოგყვები, შენზე მაღალი ვარო. ეს უარი ჩვეულებრივად მივიღე, შევუთანხმდი: კარგი, მაშინ ერთმანეთი გვიყვარდეს-მეთქი.

- ჩემი და ჩემი მეუღლის სიყვარულის ამბავი...

- ...სცენიდან არ დაწყებულა. ჩვენ ვმეგობრობდით, მერე ცოტა ხანი გვქონდა შეხვედრები და მალე ვიქორწინეთ. ჩვენს ურთიერთობაში არ არის სიგიჟეები, უპირატესობას სიმშვიდეს ვანიჭებ. მირჩევნია საქმით დავუმტკიცო, რომ მიყვარს, ვიდრე "მიყვარხარ" ვუთხრა.

- მაკვირვებს...

- ...ის, რომ ადამიანები ერთმანეთს აღარ ვუსმენთ. მაკვირვებს, რომ ჩვენ შორის ურთიერთობები გაცივდა. ამ შემთხვევაში საკუთარ თავსაც ვგულისხმობ, თითქოს ეს სიცივეც დრომ მოიტანა.

- ყოველთვის კარგ ხასიათზე მაყენებს...

- ...მუსიკა. კლასიკიდან დაწყებული, რეპით დამთავრებული, ყველა ჟანრის მუსიკას ვუსმენ. არიან ავტორები, რომლებიც კარგ ხასიათზე მაყენებენ.

- ვრისკავ...

- ...იშვიათად. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებამდე მიყვარს კარგად დაფიქრება. ფრთხილი მეტად ვარ, ვიდრე - გაბედული.

- ჩემი ყველაზე დიდი სისუსტეა...

- ...ის, რომ ცხოვრებაში რაღაცები ვერ გავბედე. ჩემი ყველაზე დიდი სისუსტე არის ბევრი ფიქრი. ზოგჯერ გადაწყვეტილება სპონტანურადაც უნდა მიიღო, დღეს სხვა ტემპია, ნაბიჯი პირდაპირ უნდა გადადგა, ბევრი ფიქრი საჭირო აღარ არის.

- ვამაყობ...

- ...იმით, რომ ძალიან კარგი მეგობრები მყავს და ვცდილობ, მიუხედავად ყველაფრისა, მიუხედავად პატარა შეცდომებისა, ამ ურთიერთობებს მოვუფრთხილდე.

- როცა საჯაროდ მაქებენ...

- ...ვიბნევი და მრცხვენია. სულ მგონია, რომ ის, რასაც მეუბნებიან, გადაჭარბებულია.

- შიში მაქვს...

- ...საყვარელი ადამიანების დაკარგვის. მირჩევნია, მათზე წინ მე წავიდე, ამაზეც არაერთხელ მიფიქრია.

- ხშირად მსაყვედურობენ...

- ...იმის გამო, რომ ტელეფონს არ ვპასუხობ და ცოტათი ზარმაცი ვარ.

- ვიტყუები, როცა...

- ...სიმართლე ვიღაცას აზარალებს, როცა ტყუილი "წამალია".

- თავისუფლება...

- ...საკუთარი თავის წვრთნაა. თავისუფლება საკუთარ სურვილებსა და ვნებებზე მაღლა დადგომაა და არც ერთ შემთხვევაში - "რასაც მინდა იმას გავაკეთებ".

- როცა მარტო ვარ...

- ...ვფიქრობ, ვხატავ, ვკითხულობ, მუსიკას ვუსმენ.

- ძალიან ბევრი ფული რომ მქონდეს...

- ...დავეხმარებოდი ადამიანებს, ბავშვთა სახლს გავაკეთებდი, ამაზე მეტი ფული თუ მექნებოდა, კინოსტუდიას დავაარსებდი და ფილმებს გადავიღებდი.

- მენატრება...

- ...ბავშვობა. ხშირად ვიხსენებ პერიოდს, როცა პატარძეულში ბებიასა და პაპასთან ჩავდიოდი, იქ მყავდა მეგობარი, რომელიც დედაჩემის ბიძაშვილი იყო და ჩემზე 3 წლით უფროსი, ერთად ვიზრდებოდით. მასთან ყოფნა, რაღაცების აღმოჩენები, ცხოვრების შესწავლის მომენტები, მაშინდ

ელი განცდები ხშირად მენატრება. სამწუხაროდ, დღეს ის ცოცხალი აღარ მყავს.

- როდესაც დაძაბული პერიოდი მაქვს...

- ...ამ დროს ხსნას ხან საკუთარ თავშივე ვპოულობ, ხან - მეგობართან საუბრისას. მდგომარეობიდან გამოსვლის ერთი რეცეპტი არ მაქვს.

- დაბოლოს, გეტყვით...

- ...ვეცადოთ ვიყო ბედნიერები, გავთავისუფლდეთ ნეგატივისგან, ვიცხოვროთ ჩვენი და არა სხვისი ცხოვრებით, ვიყოთ გულწრფელები. საკუთარი თავის შესწავლა ყველაზე საინტერესოა!

თამუნა კვინიკაძე

ჟურნალი "გზა"