„დასავლეთისთვის არ არსებობს მიზეზი, რის გამოც უარყოფითი პასუხი გაგვცენ“ - კვირის პალიტრა

„დასავლეთისთვის არ არსებობს მიზეზი, რის გამოც უარყოფითი პასუხი გაგვცენ“

"ხელისუფლება და ოპოზიცია ერთმანეთს ქვეყნის მტრობასა და პუტინის თანამოაზრეობას აბრალებენ. ასე, ბრალდებებში გადის დრო და საგნობრივს არაფერს ვაკეთებთ. მალე დადგება ისტორიული მომენტი, ევროპელები გამოგვიცხადებენ გადაწყვეტილებას, მოგვცემენ თუ არა ევროპულ ოჯახში შესვლის შანსს, ჩვენ კი ისევ უსაგნოდ ვდაობთ", - ამბობს პარტია "გირჩის" ლიდერი ვახტანგ­ მეგრელიშვილი.­ ვის მხარეს ხედავს სიმართლეს პარლამენტარი, ვისი სჯერა ან ვინ მიაჩნია ქვეყნის მტრად, ამას მასთან საუბრისას შევიტყობთ:

- საჯარო ინფორმაციის მიხედვით, ჩვენი 30-წლიანი დამოუკიდებლობის განმავლობაში ახალი არაფერი მომხდარა. ვერც ვერაფერს შევცვლით ფუნდამენტურად ამ რამდენიმე კვირის განმავლობაში, სანამ ევროკავშირიდან პასუხს მივიღებთ წევრობის სტატუსის შესახებ. ერთადერთი,­ რაც შეგვიძლია გავაკეთოთ, პოლიტიკური დაპირისპირების შეწყვეტაა. ნახეთ, ამ დაპირისპირების შინაარსი რა არის - იმაზე­ კი არ ვკამათობთ, როგორი პოლიტიკა უნდა გვქონდეს სომხეთთან ან აზერბაიჯანთან, არა, ჩვენი კამათისა და შუაზე­ გახლეჩის მიზეზი ერთმანეთთან პრეტენზიებია, რაც იმხელა რეგისტრშია აყვანილი, რომ ქვეყნის ღალატს უტოლდება. რუსეთთან თანამშრომლობა, მტრის ინტერესების გატარება, პუტინის დავალებების შესრულება - აი, ასეთ ბრალდებებს უყენებენ ქართველი პოლიტიკოსები ერთმანეთს უკვე საერთაშორისო პოლიტიკურ არენაზე. წარმოიდგინეთ, ევროკავშირმა უნდა განიხილოს ისეთი ქვეყნის მიღება საკუთარ ოჯახში, სადაც პოლიტიკოსები ერთმანეთზე ამბობენ, რომ მტერთან არიან გარიგებული. არადა, ტყუილია. ყველასთვის გასაგებია, რომ ეს არის შიდადაპირისპირება და არანაირი პრორუსი ძალები საქართველოში არ არსებობენ...

- რა განცდა გეუფლებათ კოლეგების ურთიერთბრალდებების მოსმენისას, რომელი პოლიტიკური ჯგუფის გჯერათ?

- სიმართლე გითხრათ, არც ერთის არ მჯერა და საერთოდაც, არასერიოზულობის განცდა მრჩება. როცა ჩვენს ჯგუფს­ კონკრეტული საკითხის გარკვევა აინტერესებს ან მუშაობა გვინდა, ყოველთვის პრობლემას ვაწყდებით, იმიტომ, რომ აი, ასეთ სიგიჟეებზეა საუბარი. ამ ადამიანებს ჩვენ ეკრანების მიღმა, საკანონმდებლო ორგანოს კორიდორებში ან სხვა სიტუაციებში ვხვდებით და ვხედავთ მათ ბუნებრივ მდგომარეობას. მათი საჯარო განცხადებები და პოზიციონირება არ შეესაბამება მათ ყოველდღიურ ურთიერთობას. ეს ყველაფერი მიქმნის შთაბეჭდილებას, რომ თამაშთან გვაქვს საქმე. გამოდის, ჩვენი პოლიტიკური ძალები წლების განმავლობაში­ თვალთმაქცობენ. ხომ იცით, "მამლუქში" რომ არის, არც ერთი იყო ვენეციელი და არც მეორე ფრანგი,­ ორივე ბედკრული საქართველოს შვილები არიანო, ისეა. არც "ქართული ოცნებაა" პუტინის მოთამაშე და არც "ნაციონალური მოძრაობა", ორივე ხელისუფლებისთვის იბრძვის. ვიწროპოლიტიკური მიზნებისთვის მზად არიან ერთმანეთს ნებისმიერი იარლიყი მიაკერონ და ამომრჩეველი დაარწმუნონ, რომ მისი ოპონენტი ცუდია, ცუდის ალტერნატივა კი თავადაა. თავად რატომ არის კარგი, არავინ ამბობს. ეს არის ჩვენი ყველაზე დიდი პრობლემაც და გამოწვევაც. ჩვენი მთელი პოლიტიკური კაპიტალი სიძულვილში გვაქვს ჩადებული. ბოლო დროს ხშირად ისმის მოწოდებები, ერთად წავიდეთ ბრიუსელში­ და ევროპელებს ერთიანობა დავანახოთო. ესეც ხომ თამაშია. თუ მართლა ამას გააკეთებენ, მაშინ მთელი მათი ნარატივი დაინგრევა - ბრიუსელში არ ამბობდნენ ერთმანეთზე, რუსეთის კაციაო?!

- გამოსავალს სად ხედავთ და ამ ორომტრიალში პრეზიდენტ ზურაბიშვილის როლი როგორ წარმოგიდგენიათ, მის შეცვლილ რიტორიკაზე რას იტყვით?

- ყველაფრის მიუხედავად მგონია, რომ ბურთი ოპოზიციის მოედანზეა, ახლა მთავარია თამაში ვისწავლოთ. ჯერ ჩვენ უნდა ჩამოვყალიბდეთ, ვინ ვართ და ამ ისტორიულ მომენტში რაში შეგვიძლია ერთმანეთთან თანამშრომლობა. ერთი ისეთი საკითხი მაინც ხომ უნდა გამოვნახოთ, რაც ჩვენს განსხვავებულ პოზიციებს გვერდზე გადაგვადებინებს და თანამშრომლობის საშუალებას მოგვცემს. ჩემი აზრით, თანამშრომლობის ასეთ ფორმატში­ გადასვლა ოპოზიციისთვის ახლა მთავარი ამოცანაა.

- თქვენი აზრით, რა გადაწყვეტილებას მიიღებს დასავლეთი?

- მე ოპტიმისტი ვარ და მგონია, თუ რაიმე განსაკუთრებული არ მოხდება,­ ევროკავშირი სამივე ქვეყანაზე პოლიტიკურ გადაწყვეტილებას მიიღებს­ და გავხდებით ასპირანტი ქვეყნები. შეიძლება­ არსებობს მიზეზები, რის გამოც ეს არ მოხდეს, მაგრამ ვერ დავიჯერებ, რომ რაკი გუშინ რაღაც რეფორმა ვერ გავატარეთ, ხვალ ამის გამო უარი გვითხრან. პრობლემები რომ გვაქვს ჩვენც ვიცით. შეიძლება რაღაც ისეთი ხდება, რაც ჩვენ არ ვიცით, მაგრამ რაც საჯაროა, იმის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, დასავლეთისთვის არ არსებობს მიზეზი, რის გამოც უარყოფითი პასუხი გაგვცენ.

- ზოგიერთი ოპოზიციონერი ლიდერი შიშობს, რომ თუ ახლა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს მივიღებთ, მმართველი გუნდის პოზიცია კიდევ უფრო გაძლიერდება.

- ეს ხომ ბუნებრივია. რატომ უნდა გვეგონოს, რომ პოლიტიკური ჯგუფი დივიდენდებს არ დაიწერს, თუ მისი ხელისუფლებაში ყოფნის დროს რაღაც ისეთი­ მოხდება, რაც მოსახლეობის 80%-ს ძალიან სურს? დიახ, ნამდვილად ასე იქნება, მაგრამ თავად ამბავი იმდენად მნიშვნელოვანია, რომ მისი დახურდავება ვიწროპოლიტიკური ინტერესებისთვის არ ღირს.

- სხვა ოპოზიციონერებიც ასე ფიქრობენ?

- არც მე მინდა სხვაგვარად ვიფიქრო და არც მათ მოუციათ საბაბი. ვერსია,­ რომელსაც ხელისუფლება ავრცელებს, კიდევ ერთი ინსტრუმენტია შიდადაპირისპირების საქმეში. არ არსებობს კონკრეტული ფაქტი, არგუმენტი იმისა, რომ ოპოზიციაში ვინმეს არ სურდეს ასეთი მნიშვნელოვანი შანსის გამოყენება. პოლიტიკოსები ჭორების გავრცელებაზე რომ არიან გადასული, ესეც ერთ-ერთი მიზეზია, რომ ევროპული პოლიტიკა არა გვაქვს.

ხათუნა ბახტურიძე