"თუ კანდიდატის სტატუსს მივიღებთ, „ოცნება“ ძალაუფლებას გაიმყარებს, ამიტომაც იბრძვის ოპოზიცია, რომ სტატუსი ვერ მივიღოთ “ - კვირის პალიტრა

"თუ კანდიდატის სტატუსს მივიღებთ, „ოცნება“ ძალაუფლებას გაიმყარებს, ამიტომაც იბრძვის ოპოზიცია, რომ სტატუსი ვერ მივიღოთ “

ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს მომენტში, როცა 27 ქვეყანა მსჯელობს, უნდა მიიღოს­ თუ არა საქართველომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, საქართველოში ხელისუფლება და ოპოზიცია ერთმანეთს ისევ ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებში ადანაშაულებენ. მმართველი გუნდის ლიდერების აზრით, ოპოზიციონერი ლიდერები ევროკავშირის წევრ ქვეყნებ­ში ჩადიან და ლიდერებს არწმუნებენ, თითქოს საქართველო შავი ხვრელია, რუსეთისთვის სანქციების შემსუბუქებას ცდილობს. თავის მხრივ, ოპოზიციონერები ირწმუნებიან, რომ ხელისუფლება რეფორმების რეალურად გატარებაზე უარითა და დემოკრატიული ინსტიტუციების განვითარების შეფერხებით ევროპული ოჯახისკენ მიმავალ გზას კეტავს. ვის შეიძლება არ აძლევდეს ხელს ქვეყნის ევროინტეგრაცია, ამ საკითხზე ანალიტიკოსი და ფსიქოლოგი რამაზ საყვარელიძე გვესაუბრება:

- ის, რომ დღეს საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭება დგას დღის წესრიგში, ჩვენი დამსახურება არ არის. არათუ ჩვენი და მოლდოვის, უკრაინის საკითხიც არ დადგებოდა დღის წესრიგში, რომ არა რუსული აგრესია. ევროპისთვის ახლა მთავარი პოსტსაბჭოთა­ ქვეყნებში შესაძლო რუსული აგრესიაა და ამ პრობლემის გადა­წყვეტის ერთადერთ გზად მიჩნეულია ევროსტრუქტურებში ამ ქვეყნების გაერთიანება.

- ე..ი. პოლიტიკურ გადაწყვეტილებას უნდა ველოდოთ, სავარაუდოდ, იქნება დათქმებიც.

- დიახ, უთუოდ იქნება და ამ დათქმებში იქნება ისეთი საკითხები, რომელთა­ მოგვარება ევროპის დახმარებით იქნება შესაძლებელი. ერთ-ერთი ასეთი საკითხი სასამართლოა. გაცილებით მძიმე პრობლემები­ აქვს უკრაინას, მაგრამ ევროკავშირი ვერ ეტყვის უკრაინას, ჯერ მოაგვარე შენი პრობლემები და მერე მოგანიჭებ სტატუსსო­. პირიქით, ყველაფერს გააკეთებს, რომ მიწასთან გასწორებული ქვეყანა თავიდან ააშე­ნონ. გამოდის, ამჯერად ევროკავშირში გაწევრება ჯილდო კი არ იქნება კარგი ქცევისთვის, არამედ დახმარება. სხვათა შორის, ევროპის ზოგიერთ წამყვან ქვეყანაში, მაგალითად, საფრანგეთში, საუბარია, რომ საქართველო და უკრაინა შიდაპრობლემების გათვალისწინებით 20-30 წლის განმავლობაში ვერ გაწევრდებიან ევროკავშირში. არადა, ამ ქვეყნის პოზიცია ძალიან მნიშვნელოვანია. ბევრი რამ არის დამოკიდებული იმაზე, რას გადაწყვეტენ ევროპელები - სტატუსის მინიჭება იყოს ჯილდო თუ ბერკეტი. ამას გარდა, გასათვალისწინებელია ისიც, თუ რა საფრთხეებს შეიცავს­ ევროპისთვის ასეთი ტიპის გაფართოება.

ჩვენ ვაკვირდებოდით ევროპის თავდაჯერებულ შეტევას რუსეთზე, რომლის დირი­ჟორი ამერიკა იყო. ვაშინგტონს გაცხადე­ბული ჰქონდა, რომ უკრაინას უჭერდა მხარს და კონფლიქტს რუსეთის დასასუსტებლად გამოიყენებდა. ამ ამბავში სწორედ ამერიკამ აიყოლია ევროპის ქვეყნები. ახლა ბევრი რამ იმაზეა დამოკიდებული, რამდენად მყარი იქნება ამერიკის პოზიცია. შეიძლება უკრაინაში ბევრს არ მოსწონს, მაგრამ დღეს უკვე ზელენსკი ამბობს, რომ რუსეთთან დიალოგია საჭირო. თუ რუსეთთან დიალოგი მისაღები გახდა და მოსკოვმა თავისი მიზნების გაფორმებას მიაღწია, ეს ნიშნავს, რომ ამერიკული გეგმა რუსეთის დაჩოქების შესახებ ვერ შესრულდება და დასავლეთის ქვეყნებს ისღა დარჩებათ საფიქრალი, როგორმე მოხსნან ემბარგო რუსეთს და თავისუფლად მიიღონ ის ენერგომატარებლები და სხვა სიკეთეები,­ ურომლისობაც ევროპის მოქალაქეებს ურთულებს ცხოვრებას. საბოლოოდ ყველაფერი აშშ-ზეა დამოკიდებული, დაჰყაბულდებიან თუ არა ევროპელი ლიდერები ჩვენს მიღებას თავიანთ ოჯახში.

- მაშინ ქართული პოლიტიკური სპექტრის ურთიერთბრალდებები რით აიხსნება?

- ახლა ყველა მათგანი დივიდენდის მიღებას ცდილობს - თუ მივიღებთ კანდიდატის სტატუსს, საკუთარ წარმატებად გაასაღებენ, თუ ვერ მივიღებთ, ყველაფერში­ ოპონენტს დაადანაშაულებენ.

- ოპოზიციის მიზანი რა შეიძლება იყოს, როცა დასავლელ პარტნიორებს ასეთ მნიშვნელოვან მომენტში ქვეყნის პრობლემების შესახებ ზოგჯერ სუბიექტურ, ზოგჯერაც ობიექტურ ცნობებს აწვდიან?

- პასუხის გასაცემად პრემიერ ღარიბაშვილს დავესესხები - იქნებ მათ ტვინშია რაიმე პრობლემა?! ქართველებს ერთი ასეთი ტრადიცია გვაქვს - ოჯახის პრობლემებზე მეზობლებსა და ნაცნობ-მეგობრებში არ ვსაუბრობთ, უზნეობად მიგვაჩნია. პოლიტიკაშიც ასეა, ქვეყნის პრობლემების გარეთ გატანა მართებული არ არის. მოსმენილი მაქვს რუსი ჟურნალისტების ინტერვიუ გიორგი მარგველაშვილთან, რომელიც უკრაინა-საქართველოს ურთიერთობას შეეხებოდა. მაშინ უკრაინაში ომი ახალი დაწყებული იყო. რუსებმა მარგველაშვილს შიდა პოლიტიკაზეც ჰკითხეს და მან ოსტატურად აარიდა თავი პასუხს... აი, ეს არის სწორი მიდგომა. თუ კანდიდატის სტატუსს მივიღებთ, "ოცნება" ძალაუფლებას უფრო გაიმყარებს. ამიტომაც იბრძვის ოპოზიცია, რომ სტატუსი ვერ მივიღოთ. ტყუილად ირჯებიან, რომც არ მოგვცენ, ხეირს მაინც ვერ ნახავენ, სანამ ოპოზიციის მთავარ ძალად "ნაცმოძრაობა" იქნება.

- სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ ოპოზიცია მმართველი გუნდის გაფუჭებული საქმეების გამოსწორებას ცდილობს.

- საქართველო არც უსუფაშვილია, არც ღარიბაშვილი და არც სამადაშვილი. ჩვენ საქართველოს კრიტიკასა და კონკრეტული პირების, თუნდაც ივანიშვილის კრიტიკის მოსმენისას სხვადასხვა რეაქცია გვაქვს. შესაბამისად, არც ვიოლა ფონ კრამონი, დეივიდ კრამერი, ფოტიგა ან იან კელია­ დასავლეთი. სხვათა შორის, ოპოზიციას ძალიანაც მოსწონს, როცა დასავლეთი ჩვენს ხელისუფლებას აკრიტიკებს, საპასუხო კრიტიკა კი დაუშვებლად მიაჩნიათ.

- ოპოზიცია ამბობს, რომ პრემიერის ფრაზები­ "უკრაინა დაისაჯა", "სანქციები არ მუშაობს" ანტიდასავლურია და ცუდ კვალს ტოვებს დასავლეთთან ურთიერთობაში.

- კი, მაგრამ ღარიბაშვილის სხვა განცხადებებიც მოგვისმენია. ის რუსეთს პრინციპულად აკრიტიკებს, უკრაინას ხაზგასმით უჭერს მხარს და საუბრობს ევროპულ ღირებულებებზე. ადამიანებს გვჩვევია პოზიციების შეცვლა, მაგრამ როცა პრემიერი ხარ, კაბინეტში შესაბამის სპეციალისტებთან ერთად კარგად უნდა დაამუშაო, ჩამოაყალიბო აზრი და ისე გააკეთო განცხადება. ღარიბაშვილს ნამდვილად აქვს ასეთი პრობლემა, პირზე რაც მოადგება, იმას ამბობს.

- თქვენი აზრით, ღარიბაშვილი დამოუკიდებლად მოქმედებს?

- მე ერთი რიტორიკული კითხვა მაქვს­ იმ ვერსიის ავტორებთან, რომლებიც ამბობენ, რომ ღარიბაშვილი ივანიშვილის აზრებს ახმოვანებს, რომ ივანიშვილი რუსეთის კაცია. 2010 წლამდე, როცა ივანიშვილი სააკაშვილს უჭერდა მხარს და მის ხელისუფლებას აფინანსებდა, მაშინ არ იყო პრორუსი, კარგი კაცი იყო და ახლა გახდა ცუდი და პრორუსი?!

ხათუნა ბახტურიძე