"ახლა იმდენად ვიწროა ბეწვის ხიდი, რომ ხელისუფლებისთვის თითის თვალში ტაკების დრო არ არის“ - კვირის პალიტრა

"ახლა იმდენად ვიწროა ბეწვის ხიდი, რომ ხელისუფლებისთვის თითის თვალში ტაკების დრო არ არის“

ევროპული გზის ერთგულების დასადასტურებლად საქართველომ გადამწყვეტი­ ნაბიჯები უნდა გადადგას. საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის, თინა ხიდაშელის შეფასე­ბით, გამოიყენებს თუ არა ქვეყანა ამ ისტორიულ შანსს, ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული.

- ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, მიმაჩნია, რომ დადებით პასუხს მივი­ღებთ. დიდი იმედი მაქვს, რომ ევროკავშირის სამივე სახელმწიფოს, საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას, ევროპა­ კარს გაუხსნის­ და კანდიდატი ქვეყნის სტატუსს მიანიჭებს. ამის შემდეგ კი ბურთი­ უკვე ჩვენს მოედანზე იქნება, გავართმევთ თავს თუ არა პროცესს, რომელიც კანდიდატობიდან ევროკავშირის წევრობამდე უნდა გავიაროთ. ახლა არავითარი მნიშვნელობა არა აქვს, ეს შანსი უკრაინაში ომის გამო გაჩენილი ახალი საფრთხეებისთვის მოგვეცა თუ დავიმსახურეთ. 2021 წლისგან განსხვავებით დღეს ვითარება­ სულ სხვაა - მაშინ ევროკავშირი­ საქართველოს, უკრაინასა­ და მოლდოვასაც პროცედურულად განგვიხილავდა, უნდა შეგვესრულებინა უამრავი­ მოთხოვნა, ახლა კი რუსული აგრესიიდან გამომდინარე ეს მეორეხარისხოვანი­ გახდა. ოკუპანტი რუსეთის უკრაინაში დატრიალებული ტრაგედიის შემდეგ ნატოსა და ევროკავშირში დაინახეს, რომ რადიკალური­ გადაწყვეტილებების დროა და დღეს სწორედ ამის მოლოდინში ვართ. ახლა საკითხი ასე დგას - მზად არის თუ არა ევროკავშირი ამ სამ ქვეყანაზე პასუხისმგებლობა აიღოს.

არაერთი სამიტის, მნიშვნელოვანი შეხვედრისა და ევროკავშირის გადაწყვეტილების მიღების წინ, ნაცვლად იმისა, ამ ინიციატივების რეალი­ზებით ვიყოთ დაკავებული, საქართველოს ყველა მეგობარს მტერსა და კრიმინალს ვეძახით. ამ ისტორიული­ მნიშვნელობის ამოცანის შესრულებას დიდი ეროვნული კონსენსუსი სჭირდება. სხვაგვარად არაფერი გამოვა, ევროკავშირში ცალ-ცალკე არავინ მიგვიღებს. ყველამ ერთად, საქართველოდან ჩვენ, ჩვენმა მეგობრებმა დასავლეთის დედაქალაქებში, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა არ დავუშვათ ასოცირებული ტრიოს ხმების გაყოფა და საქართველოს თამაშგარე მდგომარეობაში დატოვება. ჩვენი ხელისუფლება არ ვარგა, მაგრამ ამის გამო ქვეყანა არ უნდა დაისაჯოს ისე, რომლის შედეგიც დიდი სიჩქარით უფრო დიდი და ხანგრძლივი სიბნელისკენ წაიყვანს ქვეყანას. საქართველოს ხელისუფლება ნამდვილად არ ვარგა, ისევე როგორც მოლდოვაში არ ვარგოდა კომუნისტების დროს, ან როცა იანუკოვიჩი­ მართავდა უკრაინას. ჩვენი ქვეყნის ხალხები კი არა, დიდი და ძველი დემოკრატიული ტრადიციის მქონე სახელმწიფოები უშვებენ შეცდომას. ამას წინათ, ფრანგებმა ლამის ლეპენი აირჩიეს, რომ არაფერი ვთქვათ უნგრეთზე, სადაც უკვე მერამდენედ მოვიდა ორბანი. ხანდახან ასეც ხდება, მაგრამ ახლა იმდენად ვიწროა ბეწვის ხიდი, რომ ხელისუფლებისთვის თითის თვალში ტაკების დროც კი არ არის. მაინც არაფერი გამოვა, ვერაფერს გაიგებს, არც შეიმჩნევს. ამიტომ ქვეყნის გადარჩენის ერთადერთი შანსი ხელიდან არ უნდა გავუშვათ. თუ გავუშვით, კიდევ დიდხანს მოგვიწევს ჩრდილოვანი მმართველობის მოთმენა, ავტორიტარიზმი, რომლისგანაც გათავისუფლებას ვცდილობთ, გაძლიერდება.

- დასავლელი პარტნიორებისგან ხშირად გვესმის, რომ რუსეთი უკრაინაში დამარცხდება.

- სხვა გზა არ არის, რუსეთის დამარცხება ცივილიზაციის გადარჩენის აუცილებელი წინა პირობაა. ევროკავშირის გადაწყვეტილების არ იყოს, ესეც წმინდა­ პოლიტიკური არჩევანის საკითხია, თან ფსონი,­ რომელსაც დასავლეთი, აშშ, კანადა, იაპონია, მთელი ცივილიზებული სამყარო ამ ომში ჩამოვიდა, იმდენად დიდია, რომ უკრაინა ვერ დამარცხდება. რისკები იმდენად გაიზარდა სანქციების, სხვადასხვა ქვეყნის მხარდაჭერის გამო, რომ თუ რუსეთმა გაიმარჯვა, ეს უკრაინაზე კი არა, მთელ მსოფლიოზე გამარჯვება იქნება, ამას კი არავინ დაუშვებს­. რუსეთის ბედი გადაწყვეტილია, ის განწირულია, მთავარია, როდის დასრულდება და რამდენი ადამიანის სიცოცხლეს შეიწირავს ეს სასტიკი ომი.

- ახლა, როცა საქართველოს საერთაშო­რისო ინტეგრაციისთვის ახალი გზა ეხსნება,­ არის საფრთხე, რუსეთმა ამისთვის დაგვსაჯოს?

- რუსეთს თავდასხმისთვის მიზეზი არ სჭირდება. არ ვიზიარებ მოსაზრებას, თითქოს საზღვართან კიდევ ერთი მტრის გამოჩენის ჩაშლას შეეცდება და ამით უკრაინაში მარცხს დააბალანსებს, თუნდაც იმიტომ, რომ ქართველებისა და მოლდოველებისგან განსხვავებით, უკრაინასა და უკრაინელებს რუსები სხვაგვარად აღიქვამენ. შესაბამისად, უკრაინაში საომარ მოქმედებებს სამამულო ომად აფასებენ, უკრაინის ტერიტორიას რუსეთის სივრცედ და სისტემად აღიქვამენ. ამიტომ ახლა კიდევ ერთი შეცდომაც რომ დაუშვან და საქართველოსკენ გამოიწიონ, ვერანაირი წარმატებული ოპერაცია ვერ უშველით. ეს კარგად იციან. ამიტომაც არის, რომ უკრაინაში თავდაუზოგავად იბრძვიან, დამარცხების შედეგს აცნობიერებენ და მასირებულ, მასშტაბურ შეტევაზე არიან გადასული. რუსეთს არც აქვს ახალი ფრონტის გახსნის თავი. ბევრი რამ მოვისმინეთ, თითქოს დაქირავებული მეომრები ჩამოჰყავთ სირიიდან, აფრიკიდან, რომ იბრძვიან "ვაგნერელები" და სხვა "უძლეველი" ან სულაც მითური მეომრები, რომლებიც მუსრს გაავლებენ უკრაინელებს. ასეთი ცნობები რუსული პროპაგანდის ნაწილია, ზოგი მართალი, ზოგიც ტყუილი, მაგრამ ასეთი ინფორმაცია მიანიშნებს, რომ რუსეთის შეიარაღებულ ძალებს დიდი პრობლემა აქვთ.

- სტრატეგიული პარტნიორები მუდმივად მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას ყველაფერი გააკეთოს უკრაინის მხარდასაჭერად. რას არ აკეთებს ხელისუფლება სწორად?

- იმას, რის გამოც არ გვეპატიჟებიან მნიშვნელოვან შეხვედრებზე, არ ვჩანვართ სხვა უამრავ შეხვედრასა და სტრატეგიულ დიალოგზე. უამრავი მოწოდება მოვისმინეთ, თუნდაც ბლინკენის მოწოდებაზე საქართველოს პასუხი მაინც უნდა იყოს მეტად მკაფიო... საქართველოს ხმა უნდა ისმოდეს ყველგან და მუდმივად, ოღონდ ინტერპრეტაციის შესაძლებლობის გარეშე. იმიტომ, რომ ახლა საქართველოში ომი არ არის, მაგრამ სხვა მხრივ ზუსტად იმავე მდგომარეობაში ვართ როგორშიც უკრაინაა და ღმერთმა დაგვიფაროს, ხვალ რამე რომ მოხდეს, პარტნიორები უფრო მეტად­ გვჭირდება, ვიდრე ამჟამად უკრაინას.