„არის საშიშროება, რომ ევროსკეპტიკოსებმა თავი წამოყონ“ - კვირის პალიტრა

„არის საშიშროება, რომ ევროსკეპტიკოსებმა თავი წამოყონ“

რა შეიძლება გახდეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის მინიჭების საკითხში­ საქართველოსთვის დამაბრკოლებელი, რო­ნდელის ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი კახა გოგოლაშვილი­ გვესაუბრება:

- ძნელია წინასწარმეტყველება, ევროკავშირის წევრი ქვეყნები რას გადაწყვეტენ. თუმცა ზოგიერთი განცხადებიდან და ირიბი ინფორმაციიდან გამომდინარე, შეიძლება ეჭვქვეშ დავაყენოთ ის ვერსია, რომ 23-24 ივნისს გადაწყვეტენ კანდიდატის სტატუსის მონიჭებას საქართველოსთვის, მოლდოვისა და უკრაინისთვის. არ არის გამორიცხული, ვადამ გადაიწიოს, ამ სამიტზე არ განიხილონ. ისიც შეიძლება უკრაინასა და მოლდოვას მისცენ და საქართველოს უთხრან, მნიშვნელოვანი საკითხები ჯერ კიდევ გადასაწყვეტი გაქვთო. ეს, ალბათ, უპირველესად სასამართლო ხელისუფლებას შეეხება. კანდიდატის სტატუსი რომც მოგვანიჭონ, მაინც მოგვთხოვენ ჩავარდნების გამოსწორებას, სასამართლო ხელისუფლების მიუკერძოებლობას, დამოუკიდებლობას. ასევე იქნება პოლარიზაციისა და მედიის თავისუფლების საკითხი. ალბათ, მოითხოვენ ისეთი საკანონმდებლო გარანტიების შექმნას, რომ მედიას ვეღარავინ შეუტიოს როგორც შარშან, 5 ივლისს.

- საქართველო­ უკრაინასა და მოლდოვაზე წინ იყო. პოზ­იციების ასეთი ცვლილება რამ განაპირობა? არის საფრთხე, უარი გვითხრან ან ჩვენი საკითხი "გაყინონ"?

- რა თქმა უნდა. მოლდოვასა და უკრაინასაც ბევრი რამ აქვთ გამოსასწორებელი, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რომ უკრაინაში ომია და საერთოდ, ეს პროცესი დაიწყო იმის გამო, რომ უკრაინას ევროპის მხარდაჭერა სჭირდება. ამიტომაც შეიძლება პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილება მიიღონ, რაც მიზანშეწონილი იქნება უკრაინაში არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით. რაც შეეხება მოლდოვას, მოლდოვა და უკრაინა მეზობლები არიან და მოლდოვასაც ემუქრება საფრთხე რუსეთისგან. გარდა ამისა, მოლდოვა და რუმინეთი პრაქტიკულად ერთი ერია და ორი სახელმწიფო აქვთ. რუმინეთი ყველაფერს იღონებს, თავდებადაც დაუდგება მოლდოვას, რომ რეფორმებს სწრაფად გაატარებს. ამასთან, მოლდოვას მთავრობა პროევროპულია და ამანაც შეიძლება გადაწყვიტოს საკითხი ქვეყნის სასარგებლოდ. უკრაინაზე ორი აზრი არ არსებობს - ის ახლა მთელი ევროპის ნაცვლად ომობს და მისცემენ კანდიდატის სტატუსს, მიუხედავად იმისა, რომ მასაც ბევრი პრობლემა და ჩამორჩენა აქვს. მაგალითად, ანტიკორუფციული­ პოლიტიკა არა აქვს საკმარისად ეფექტური. ეს სერიოზული პრობლემაა მოლდოვისთვისაც. თუმცა მოლდოვამ დაიწყო კორუფციასთან აქტიური ბრძოლა, დააკავა ყოფილი პრეზიდენტი და, ალბათ, სხვა კორუმპირებულ ოლიგარქებსა და ბიზნესმენებსაც მოსთხოვს პასუხს... საქართველოს სასამართლო სისტემას ხშირად და სამართლიანად აკრიტიკებენ. თუნდაც ნიკა გვარამიასთვის პატიმრობის შეფარდების ძალიან საეჭვო გადაწყვეტილება კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ სასამართლო დამოუკიდებელი არ არის. ხომ ნახეთ, აშშ-ის საელჩოსაც როგორი რეაგირება ჰქონდა. ამის გამო შეიძლება ჩვენი საკითხი გადაიდოს. უარს არ გვეტყვიან, მაგრამ, ალბათ, ჯერ გადაწყვეტილებას არ მიიღებენ.

- ხელისუფლება ამბობს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებაში­ ვერ ჩაერევიან, მაგრამ­ ის, რომ სწორედ ახლა მიიღო სასამართლომ­ ეს გადაწყვეტილება,­ გაჩნდა ეჭვი, რომ ეს მიზანმიმართულად გაკეთდა, რათა შეფერხდეს­ საქართველოსთვის სტატუსის მონიჭების საკითხი. საფუძვლიანად მიგაჩნიათ ეს ვარაუდები?

- ჩვენ რომ ვცხოვრობდეთ მაგალითად, შვეიცარიაში ან საფრანგეთში, ალბათ, დავიჯერებდით, რომ სასამართლოს არ შეეძლო ერთი თვე მოეცადა. თავად გადაწყვეტილებაც საეჭვოა - პრობლემა ეს არის. ვერ დავიჯერებთ, რომ სასამართლომ ხელისუფლების საწინააღმდეგოდ და ქვეყნისთვის ასეთ გადამწყვეტ მომენტში უცბად მოინდომა ამ საქმის დასრულება. ამიტომაც ჩნდება ეჭვი, რატომ მიიღეს ახლა ასეთი გადაწყვეტილება და რაც მთავარია, ხელისუფლებას მართლა სურს თუ არა კანდიდატის სტატუსი მივიღოთ.

- ხელისუფლებამაც დაიწყო კამპანია ოპოზიციის წინააღმდეგ. თითქოს მათ ბრიუსელიდან შეატყობინეს, რომ ოპოზიცია ევროკავშირს ეუბნება, არ მისცეს­ საქართველოს სტატუსი...

- ეს არის კარგი მაგალითი იმისა, თუ როგორ ხდება სხვადასხვა ფაქტის ინტერპრეტაცია და შემდეგ მოსახლეობისთვის მიწოდება ისე, რომ მისთვის იყოს მომგებიანი. ამ განცხადებებიდან შეიძლება გამოიტანო ერთი აზრი - იმას, რომ ოპოზიცია ბრიუსელში ან ევროკავშირის წევრ ქვეყნებში აკრიტიკებს ხელისუფლებას და სააშკარაოზე გამოაქვს დარღვევები, რა თქმა უნდა, აქვს ირიბი კავშირი სტატუსის მონიჭებასთან, მაგრამ მე ვერ დავიჯერებ, რომ რომელიმე ოპოზი­ციური ძალა ამბობს, ახლა არ მოგვცეთ­ კანდიდატის სტატუსი, თორემ ჩვენი მთავრობა ამას თავად მიიწერსო. დიახ, ხელისუფლებას მწვავედ აკრიტიკებენ და ეს, რა თქმა უნდა, კანდიდატის სტატუსის მონიჭებაზე უარყოფით გავლენას მოახდენს, მაგრამ ოპოზიციას ვერ დაუშლი ხელისუფლების გაკრიტიკებას იმიტომ, რომ ევროკავშირისგან სტატუსს ველოდებით. ასეთი ინტერპრეტაციებით ხელისუფლება ოპოზიციას არ აძლევს უფლებას მთავრობაზე უარყოფითი­ აზრი გამოთქვას ბრიუსელში. გამოდის, ოპოზიციის საქმიანობა კანდიდატის სტატუსის მონიჭების მოლოდინის მძევალია, ეს კი დემოკრატიას არ შეესაბამება. ევროკავშირში არ არიან ისეთი­ სულელები, რომ ოპოზიციამ უთხრას, არ მოგვცეთ კანდიდატის სტატუსიო და ამის გამო არ მოგვცენ. ჩვენთან არის საელჩოები, წარმომადგენლობები, ხომ ხვდებიან ელჩებს­ და ყოველთვის შეუძლია ხელისუფლებას ნებისმიერი კრიტიკის თავისი არგუმენტებით გაქარწყლება. თუ კანდიდატის სტატუსი არ მოგვანიჭეს, ხელისუფლება თავს ვერ გაიმართლებს იმით, რომ ოპოზიციამ ყველაფერი გააკეთა, რათა სტატუსი არ მოეცათო.

- თუ სტატუსი არ მოგვანიჭეს, ეს ხალხის განწყობას, ალბათ, შეცვლის. ხომ შეიძლება ეს პრორუსულმა ძალებმა გამოიყენონ?

- ცხადია, საშიშროება არის, რომ ევროსკეპტიკოსებმა თავი წამოყონ და ნიშნის მოგებით დაიწყონ საუბარი... ბოსნია-ჰერცეგოვინა უკვე შვიდი წელია ელოდება­ ევროკავშირისგან პასუხს კანდიდატის სტატუსის მონიჭებაზე, მაგრამ ამის გამო ქვეყანას უარი არ უთქვამს, უბრალოდ, მთავრობამ ვერ მოახერხა იმ პრობლემების გადაჭრა, რომლებიც მინიშნებული იყო ევროკომისიის დასკვნაში. იმის შიშით, რომ ეს ხალხის განწყობას შეცვლის, ევროკავშირი აზრს არ შეიცვლის. ჩვენთან ყველა პოლიტიკურმა ძალამ თუ ვერ მოახერხა მოსახლეობის დარწმუნება, გამოდის, მართლაც მზად არა ვართ...

რუსა მაჩაიძე