„რუსეთმა ბუჩა აფხაზეთში მოაწყო“
3 თვეზე მეტია უკრაინა რუსეთის მასობრივ თავდასხმებს უდიდესი ადამიანური და მატერიალური დანაკარგის ფასად მედგრად იგერიებს. ამ ხნის განმავლობაში ქართველებთან ერთად, უკრაინელებიც იხსენებენ 90-იანი წლების აფხაზეთის ომს, სადაც საერთო მტერს ქართველების მხარდამხარ ებრძოდნენ. სისასტიკე, რომელსაც რუსეთის არმია მშვიდობიანი მოსახლეობის დემორალიზებისთვის სჩადის, უმძიმესია მოსასმენად, გასააზრებლად, თუმცა აფხაზეთიდან დევნილებისგანაც მოისმენთ, რომ ოცდაათი წლის წინ ბუჩა რუსებმა და მის მიერ მხარდაჭერილმა სეპარატისტებმა, ჩრდილო კავკასიიდან ჩამოსულმა მოხალისეებმა აფხაზეთში მოაწყვეს. წელიწადზე მეტი დროის განმავლობაში, მათ ასიათასობით კაცი მოსპეს ფიზიკურად და მორალურად, მაგრამ ერთ-ერთი მძიმედ გასახსენებელია ქართველებით დასახლებული სოფელ ახალდაბის მცხოვრებთა გმირობის ამბავი, რომლებიც სოხუმის დაცემამდე 5 დღის განმავლობაში ერთი ნაალაფარი ტანკითა და მიზერული ტყვიაწამლით უმკლავდებოდნენ რუსული შეიარაღებით აღჭურვილ მტერს.ოჩამჩირის რაიონის სოფელ ახალდაბაში დაახლოებით 2 200 კაცი ცხოვრობდა. უმეტესობა იქ 30-იანი წლების მიწურულს ლეჩხუმიდან, რაჭიდან და სამეგრელოდან ჩაასახლეს. ომამდე მშვიდობიანად ცხოვრობდნენ, ახლა სოფელი აღარ არსებობს... "ჩემმა ოჯახმა და თანასოფლელებმა ერთი სიგიჟე გააკეთეს - პირველ დღესვე შეეძლოთ ოჯახის წევრების გახიზვნა, მაგრამ თქვეს, ცოლ-შვილი რომ გავიყვანოთ, შესაძლოა აქაურობა უფრო იოლად დავთმოთ, ჩვენ კი უკან არ უნდა დავიხიოთო და ბავშვები და მოხუცებიც არ გაუყვანიათ. სექტემბერში, როდესაც აფხაზებმა იქაურობა აიღეს, ტყვეობას ის მცირე ნაწილი გადაურჩა, ვინც კინდღში საცალფეხო ბილიკებით გააღწია, დანარჩენები, დიდიან-პატარიანად, ტყვედ აიყვანეს, რომელთა უმრავლესობა დახვრიტეს", - იხსენებს ახალდაბელი პედაგოგი ლია გიორბელიძე.
- ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების დარღვევის შემდეგ ახალდაბა ალყაში მოაქციეს, კოდორისა და ტამიშისკენ გზა გადაკეტეს და მებრძოლები თუ მშვიდობიანი მოსახლეობა კბილებამდე შეიარაღებული მოწინააღმდეგის პირისპირ აღმოვჩნდით. სამი დღის განმავლობაში მძიმე ტექნიკიდან გვესროდნენ, შემდეგ კი ჭურვები დაგვიშინეს. მამაკაცებმა ბავშვები და ქალები ისეთი სახლებში გადაგვანაწილეს, რომელთაც პირველ და მეორე სართულებს შორის ბეტონი ჰქონდა დასხმული, დაბომბვისას შედარებით დაცულები რომ ვყოფილიყავით. ასეთი სულ სამი სახლი აღმოჩნდა. ერთ სახლში სამასამდე ქალი და ბავშვი, მათ შორის დაჭრილი მებრძოლებიც იყვნენ შეფარებული. ეს სახლი ახვლედიანს ეკუთვნოდა, სოფლის შემოსასვლელში, სკოლის პირდაპირ იდგა. ძალიან დიდი სარდაფი ჰქონდა და უამრავი ადამიანი დაიტია... სხვები იქვე ახლოს, თუთისანების სახლს შევეფარეთ. 19 სექტემბერს ახალდაბა რომ აიღეს, მტერი სწორედ ამ გზით შემოვიდა სოფელში, მხოლოდ აფხაზები კი არა, სომხები, ჩეჩნები, კაზაკებიც იყვნენ. სახლის სარდაფში შეფარებული ადამიანები მალევე იპოვეს. ასობით ქალი და ბავშვი ტყვედ აიყვანეს. ჩვენ არაფერი ვიცოდით. თუმცა რამდენიმემ გამოქცევა შეძლო, ერთმა ჩვენთან მოირბინა, სოფელი აიღეს, თავს უნდა უშველოთო. მამაჩემი ასეულის მეთაური იყო. ეს იცოდნენ და ცოცხალს არავინ დაგვტოვებდა. ვიცოდით, რომ სოფლის გარშემო ბიჭები იყვნენ განლაგებული, მამაჩემი და ოცდახუთი ბიჭი - სოფლის ბოლოში. კინდღისკენ გავიქეცით მე, ჩემი რძალი, დედა და ორი მცირეწლოვანი ძმისშვილი. ბებია ლოგინად იყო ჩავარდნილი და მამიდაჩემმა ვერ დატოვა.

ხალხი ოჯახის წევრებს ვერ პოულობდა, არც იცოდნენ როგორ ეძებნათ. ახალდაბიდან კინდღამდე რვა კილომეტრი ფეხით ვიარეთ. სოფლის ცენტრში მიკროფონი მომცეს და მთხოვეს, დაკარგულების გვარები გამომეცხადებინა, იქნებ იქ მყოფთაგან ვინმეს რამე სცოდნოდა. ზოგმა იპოვა ოჯახის წევრი, ბევრმა სამუდამოდ დაკარგა. კინდღში დაგვხვდნენ მამაჩემი და მისი თანამებრძოლები, მათ მოკლე გზა, ვიწრო ბილიკები კარგად იცოდნენ და ჩვენზე სწრაფად ჩასულან. ერთი ღამე კინდღში ბუნკერში დავიმალეთ. მეორე დღეს იმედი გვქონდა, რომ ენგურიდან დახმარება წამოვიდოდა და ფრონტზე სიტუაცია ჩვენს სასარგებლოდ შეიცვლებოდა. ჩემი უმცროსი ძმა და მამაჩემი არ წამოვიდნენ, ქართველების ხელახალი შეტევა იქნება და აქ უნდა ვიყოთო, თუმცა არავითარი შეტევა არ დაწყებულა... მშვიდობიანი მოსახლეობის პარალელურად, მებრძოლებიც გამოდიოდნენ. სანაპიროს უკრაინული ბარჟა მოადგა და ფოთამდე გაგვიყვანეს. შემდეგ გავიგეთ, რომ მხოლოდ იმ დღეს, 19 სექტემბერს, 76 კაცი მოუკლავთ. ჩვენს მეზობლად მეშველიანები ცხოვრობდნენ, ოჯახის დიასახლისს მეუღლე თვალწინ მოუკლეს. კიდევ ერთს, ფეხში დაჭრილ ახალგაზრდა კაცს, გვარად უგულავას, რომელსაც სამხედრო ფორმა ეცვა, 33 ტყვია დაახალეს.
- ბებიას და მამიდას რა ბედი ეწიათ?
- სწორედ მათ გვიამბეს იქაური მეზობლების ამბები. მამიდამ გაჭირვებით წაიყვანა ბებია და ერთად დაიმალნენ. მას შემდეგ, რაც სოფელი აიღეს, სამი-ოთხი დღის შემდეგ ძალა გამოელიათ, მოხუცი და ავადმყოფი ქალი როდემდე უნდა ჰყოლოდა ქუჩაში და ხელებაწეული გამოსულან. მამიდას უთქვამს, ეს დედაჩემია, სიარული არ შეუძლია, ვერ დავტოვე და თუ დაგვხოცავთ, ერთად დაგვხოცეთო. მათთან ერთად სხვა ქალებიც გამოსულან, უმეტესობა მოხუცი ყოფილა. აფხაზების მეთაური ჩვენი სოფლის ყოფილი საბჭოს თავმჯდომარე აღმოჩნდა. ბებია და მამიდა უცვნია, ისიც იცოდა, რომ მამაჩემი ასეულის მეთაური იყო და იბრძოდა, მაგრამ მაინც დაინდო. შემდეგ მამიდა გვიყვებოდა, სულ ველოდი, რომ ჩემი ძმის ამბავს იტყოდა, მაგრამ არ გამცა, არ მიღალატაო. ქუჩები ცხედრებით არის სავსე და თქვენი მკვდრები დამარხეთო, უთქვამს. იხსენებდა, ხუთი ქალი გავედით სოფელში და ჯოჯოხეთი დაგვხვდაო. ცხედრების უმეტესობა ისე იყო გაფუჭებული, ცნობა შეუძლებელი იყო, მხოლოდ ეზოსა და სახლის მიხედვით ვარჩევდით მეზობლებსო. დაუხვრეტიათ ჩვენი მეზობლები, რომლებთანაც ერთი ღობე გვყოფდა. მათი შვილი იბრძოდა და სახლში რომ შევარდნილან, სამხედრო ფორმა უპოვიათ, ამიტომ მისი დედ-მამა მაშინვე დაუხოცავთ, სახლს კი ცეცხლი წაუკიდეს. მამიდა ჰყვებოდა, მათი ჭირისუფალი როგორმე რომ მენუგეშებინა, ცხედრების ნაწილები გამოვიტანე, საფლავი რომ ჰქონოდათო. ასე დადიოდა ეზო-ეზო ხუთი ქალი და თაკარა მზეზე ჩვენი სოფლის მიცვალებულებს მარხავდა. ლამის შიშველი ხელებით თხრიდნენ მიწას. მაშინ უნახავს ტყვედ ჩავარდნილი ჩვენი მებრძოლი ბიჭები, სოფლის გზაზე ჩაუტარებიათ და უკან დაბრუნებული აღარც უნახავთ. ერთ-ერთს, ბეჟან დამენიას, დედა აფხაზი ჰყავდა, ლიუბა აგრბა, მაგრამ ქართულ სოფელში იყო გაზრდილი, ერთი სიტყვა აფხაზური არ იცოდა. როდესაც დედამისი მუხლებში ჩავარდნია, ჩემი შვილია, თავად აფხაზი ვარო, ბიჭს მიუბრუნდნენ თურმე, აბა, რამე გვითხარი აფხაზურადო, რას ეტყოდა, გამარჯობაც კი არ იცოდა. მაშინვე დაუცხრილავთ, შემდეგ კი ტანკი გადაუტარებიათ. დედას უნახავს ასფალტზე გაკრული შვილი. ჩვენი სოფლის ტრაგედია, ქვეყნის კი არა, დედამიწის უბედურებას იტევს, ისეთი ჯოჯოხეთი დაატრიალეს. რომელი ერთი გავიხსენო. შემაძრწუნებელია ერთი ახალგაზრდა ქალის ამბავი, რომელსაც ჯოჯოხეთი გამოატარეს. მისი ოჯახის წევრები, მათ შორის, მცირეწლოვანი ბავშვი, დაბომბვას შეეწირნენ. როდესაც აფხაზები მძიმე ტექნიკით სოფელში შემოდიოდნენ, ხმაურზე სტრესისგან დაბნეულა და ქუჩაში გამოსულა. ტანკზე შემომსხდარ აფხაზებსა და მათ სადისტ თანამებრძოლს რომ დაუნახავთ, გადმოცვენილან და დაუჭერიათ. რამდენიმე მათგანმა მხეცურად იძალადა, შემდეგ კი ავტომატის კონდახებით ლამის სიკვდილამდე უცემიათ. საბრალოს ნეკნები, მაჯები, სახის ძვლები ერთიანად დამსხვრეული ჰქონდა. შოკისგან იმდენად გაბრუებულა, ტკივილს ვეღარც გრძნობდა თურმე. ცემის შემდეგ თმით უთრევიათ, მერე კი ფეხით ჯავშანტრანსპორტიორზე გამოუბამთ და ისე უთრევიათ. ასე იყო, გაილეშებოდნენ და მერე ადამიანების სადისტური ტანჯვა-წამებით ერთობოდნენ. არ ვიცი, როგორ შეძლო, მაგრამ ქალს გონება არ დაუკარგავს. ცენტრთან შეუნიშნავს, როგორ შემოუხვია ტრაქტორმა, რომელსაც წინ ძარა ჰქონდა და ცხედრებით ყოფილა დატვირთული. აფხაზებს ისიც მკვდარი ეგონათ და უთქვამთ, ესეც დავაგდოთ ძარაზეო. მოკლედ, ცხედრებით დატვირთული ტრაქტორი, ახალდაბის მეზობლად სოფელ ათარა-აბხაზიაში შეუყვანიათ. მოგვიანებით გვიამბო, უკვე ბნელდებოდა, მაგრამ დავინახე, უზარმაზარი ორმო ჰქონდათ ამოთხრილი ცხედრების ჩასაყრელად და ყველანი ორმოში ჩაგვყარესო. ერთ-ერთს უთქვამს, მაინც ღამდება, ბარემ სხვებიც მოვიტანოთ და შემდეგ მიწა ერთიანად მივაყაროთო. ეს დამტვრეულ-ნაწამები ქალი ცოცხლად დამარხვას გადაურჩა. როგორღაც ვიპოვე ძალა და ორმოდან ამოვფორთხდი. არაადამიანური ტკივილისა და შიშისგან, სხეულს ვეღარ ვგრძნობდი. რაღაც მანძილი ფორთხვით ვიარე, მერე კი ვიღაცის სახლში შუქი დავინახე, იმისკენ გავფორთხდი და როგორც შემეძლო ვეძახდი, ვევედრებოდი, დამეხმარეთ-მეთქი. მისდა ბედად სახლის პატრონი მარტოხელა მოხუცი აფხაზი ქალი ყოფილა. შინ შეუყვანია, ბალახეულის ნაყენი დაულევინებია ტკივილის დასაყუჩებლად, ჭრილობებიც დაუმუშავებია, თან აფრთხილებდა, არ იყვირო, მოითმინე, თორემ მხოლოდ აფხაზები კი არა, ჩეჩნები, სომხები, რუსები და კაზაკები დადიან შემოვლაზე და სახლებს ჩხრეკენო. თურმე ამბობდნენ, ახლა ჩვენ ვართ აქაურობის ბატონ-პატრონიო.
საწყალმა ქალმა გვიამბო, რამდენიმე დღის შემდეგ ნაფლეთი ჭრილობების გამო ცოცხლად გახრწნა დავიწყე, მკბენარები დამესია, სიკვდილს ვნატრობდი და მოხუცს ვეხვეწებოდი, მომკალი-მეთქი, მაგრამ არ მასვენებდა, მატლებს მაცლიდა და ჩემს მკურნალობას ჯიუტად განაგრძობდაო. რამდენიმე თვის წვალების შემდეგ მაინც დააყენა ფეხზე. მალავდა, ლუკმას უყოფდა, უვლიდა, სიკვდილის უფლება არ მისცა. ბოლოს კი მანქანაში ჩაუსვამს და ღამით ენგურის ხიდამდე მიუყვანია. ასეთ ნაწამებს, რა თქმა უნდა, ჯანმრთელობა შეერყა, პარკინსონის დაავადება აქვს. მაშინ 30-ისაც არ იყო, მაგრამ 60 წლისას ჰგავდა, მეტყველება, სიარული, ჭამაც კი უჭირდა. ვერ იძინებდა.
- თქვენი ოჯახის წევრებმა როგორ გამოაღწიეს?
- მამიდა და ბებია ორი თვე იყვნენ იქ, საჭმელს გვამზადებინებდნენ, მაგრამ შედარებით ადამიანურად გვექცეოდნენო. სოხუმის აღების შემდეგ უფრო დამშვიდდნენ, სისასტიკე შეწყვიტეს და სხვებსაც მოუწოდებდნენ სიმშვიდისკენო. შემოდგომა იყო და სოფელში სურსათის მეტი რა იქნებოდა - ქათმები ჰყავდა ხალხს, საქონელი, ბოსტნები და ყანები ჰქონდათ. ორი თვის შემდეგ აფხაზებს უთქვამთ, თუ გინდათ დარჩით, თუ არადა, ავტობუსი მოვა და ენგურამდე მიგიყვანთო. წამოვიდნენ. ბებია გარდაიცვალა, მამიდაჩემი კი, რომელმაც ის ჯოჯოხეთური დღეები გამოიარა, ცოცხალია. ახალდაბელებს ამ თემაზე საუბარი არ გვიყვარს, რადგან ძნელია გადალახო ის სტრესი, რაც მაშინ ჩვენმა ხალხმა გამოიარა. ტყვე 10 წლის ზემოთ ბავშვებს აუპატიურებდნენ დედების თვალწინ, ქალებზე ქმრების თვალწინ ძალადობდნენ. ჩემი მეზობელი, ლოგინად ჩავარდნილი 86 წლის კაცი, გვარად ხაინდრავა, ნაჯახით აკუწეს. იგივე ბედი ეწია სხვა მეზობლებს, ჯოხაძეს, ძიძავებს, ჯერ დახოცეს და შემდეგ მათ სახლებს ცეცხლი წაუკიდეს.
30 წლის შემდეგ, როდესაც ვუყურებთ, რა საშინელება ტრიალებს უკრაინის მიწაზე, ბუჩაში, ირპენში, იზმირში, მარიუპოლში, ეს ყველაფერი ჩემს სოფელში, ახალდაბაში იყო. რუსეთი არ შეცვლილა, ისევ ისეთ ბოროტებას ანთხევს. მაშინ უკრაინელების ბარჟამ უამრავი ახალდაბელი სიკვდილს გადაარჩინა. მაშინ ინტერნეტი და სოცქსელები არ იყო, მაგრამ ჩვენი კაცებისგან ვიგებდით, უკრაინელები გვეხმარებიანო. ბედის ირონიაა, რომ ახლა იმ სკოლაში, სადაც ჩემი შვილები დადიან, 270-ზე მეტი უკრაინელი ბავშვიც სწავლობს.
- მაშინ საქართველოს რომ ჰქონოდა შესაძლებლობა, აფხაზეთის ტრაგედიაზე მსოფლიოსთვის მოეყოლა, რამეს შეცვლიდა?
- ბევრ რამეს შეცვლიდა. ის თანადგომა, რაც უკრაინას აქვს, ძალიან მნიშვნელოვანია. რუსეთის ნამდვილი სახე მსოფლიომ დაინახა და იმედია, ამას შედეგიც ექნება. მაშინ, 90-იან წლებში, ფოტოაპარატი რამდენიმე კაცს ჰქონდა და რაც შემოგვრჩა, ძირითადად უცხოელების გადაღებულია. ზოგმა ქართველმა ტყვემ ძალა იპოვა და დღიურები დაწერა, როგორც დოკუმენტური მასალა ჯოჯოხეთიდან.
ჩემი მეუღლე გალიდან იყო. მაზლი და დედამთილი ახლაც იქ ცხოვრობენ. 2012 წელს მეც ვიყავი გადასული, ოჩამჩირეც ვნახე და სოხუმიც. ეს იყო საიქიოში მოგზაურობა. ოჩამჩირეში ყველაფერი გაჩერებული, დამწვარი და გაპარტახებულია. მხოლოდ ერთი ქუჩა იყო გაკეთებული, სოხუმისკენ მიმავალი. ცენტრში ქართველების დამწვარი სახლების ნახვამ შემძრა. რამდენიმე ქუჩის გარდა, არც სოხუმი იყო უკეთეს დღეში. ეს აღარ იყო ჩემი აფხაზეთი.