„დღეს კანონი­ მიღებულია, მაგრამ „გაშავებული“ ადამიანები ისევ ახერხებენ თამაშს“ - კვირის პალიტრა

„დღეს კანონი­ მიღებულია, მაგრამ „გაშავებული“ ადამიანები ისევ ახერხებენ თამაშს“

„უნდა დაგვეხმარონ, რომ საბო­ლოოდ დავანებოთ თამაშს თავი... წესები უფრო უნდა გამკაცრდეს და ყველა ხვრელი ამოიქოლოს“

აზარტულ თამაშებში მონაწილეობა აკრძალული აქვთ 25 წლამდე ახალგაზრდებს,­ სახელმწიფო­ შემწეობის­ მიმღებ სოციალურად დაუცველ პირებს­, საჯარო მოხელეებს,­ პირებს, რომლებიც მიმართავენ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს თვითშეზღუდვის მექანიზმის გამოყენების მოთხოვნით, ასევე­ მათ, ვინც მოხვდება ამ სიაში სასამართლოს გადაწყვეტილებით, ან ოჯახის წევრების მოთხოვნით, მაგრამ სიაში შეყვანილმა ადამიანებმა მაინც მოახერხეს თამაშის გზების გამონახვა. ჩვენი რესპონდენტი, 32 წლის ლექსო გ. ერთ-ერთი­ პირველი იყო, ვინც კანონის ამოქმედებისთანავე შემოსავლების სამსახურს მიმართა­ და განრიდების ბაზაში შეყვანა ითხოვა,­ თუმცა, ცდუნებას მაინც ვერ გაუძლო...

- 15 წელი ვთამაშობდი. რომ შევიტყვე, კანონი ამოქმედდა, მაშინვე მივმართე­ შემოსავლების სამსახურს, რომ ე.წ გაშავების შემდეგ თამაში ვერ მომეხერხებინა. ამ წლების განმავლობაში რამდენი მაქვს წაგებული, ამაზე ლაპარაკი არ მინდა - ძალიან დიდ თანხას ეხება საქმე.­ დღეს კანონი­ მიღებულია, მაგრამ "გაშავებული" ადამიანები ისევ ახერხებენ თამაშს. სახლიდან სულ რომ არ გახვიდე, მაინც მოგივა ინფორმაცია,­ სად შეგიძლია მისვლა და თამაში. მოუთმენლად ველოდი კანონის ამოქმედებას და დღეს ძალიან მიხარია, რომ ის არსებობს. კაზინოების აკრძალვაზე ლაპარაკი კვირიკაშვილის პრემიერობის დროს დაიწყო. მაშინ ცხოვრებაში პირველად წავედი­ არჩევნებზე და "ქართულ ოცნებას"­ ხმა მივეცი­. მერე მიივიწყეს ეს დაპირება,­ ალბათ, იმიტომ, რომ ლობისტებსა­ და ბიზნესს ეხება­ საქმე­.

ქალბატონმა თამარ ჯაფარიძემ და მისმა შექმნილმა დედების ორგანიზაციამ დიდი საქმე გააკეთა და ბრძოლამ შედეგი გამო­იღო. როგორც კი დარღვევას ვაწყდები, ვრეკავ­ მასთან და ისიც რეაგირებს...

შემოსავლების სამსახურში დავწერე­ განცხადება და მერე რომ შევამოწმე, ყველგან­ დაბლოკილი იყო ჩემი მონაცემები. ამის შემდეგ ვცადე შესვლა. VIP-მოთამაშე ვიყავი და კარგად მიცნობდნენ. მივედი იმ იმედით, რომ შემიშვებდნენ, მაგრამ დიდ კაზინოებში ჩემი სახელი და გვარი იცოდნენ, მცნობდნენ და არ შემიშვეს. მერე სხვისი სახელით და გვარით შესვლა ვცადე - ზეპირად ვიცი რამდენიმე­ მეგობრის პირადობის ნომერი, მაგრამ არც ასე შემიშვეს, თუმცა იმ კაზინოებში, სადაც გარეგნობით არ მიცნობდნენ, უპრობლემოდ შევედი სხვისი პირადი მონაცემებით. ვეუბნებოდი, პირადობა დამრჩა, ან იუსტიციაში მაქვს შესაცვლელად-მეთქი, ზეპირად ვამბობდი პირად ნომერს, დაბადების­ წელს და მიშვებდნენ. ათი კაზინოდან ცხრამ სურათს არც შეხედა. ორ კაზინოში იყო შემთხვევა, როცა ფოტო ამოაგდო და მკითხეს, ეს შენ ხარო? ვუპასუხე, ადრინდელი­ სურათია-მეთქი და გამატარეს... როგორც ვიცი, კანონით, შესვლისას­ პირადობის მოწმობა უნდა მოითხოვონ, 100-ჯერ რომ გამოხვიდე­ და შეხვიდე, მაინც უნდა მოგთხოვონ, მაგ­რამ ასე არ ხდება. ქალბატონმა თამარმა ამის გამო ატეხა ხმაური და რამდენიმე კაზინო ამ დარღვევისთვის დაჯარიმდა. იყო შემთხვევები, როცა ინფორმაცია მივაწოდეთ შემოსავლების სამსახურს. ის ითხოვდა კაზინოდან ფაქტების­ გამოტანას, მაგრამ ეს ძალიან უხერხული მომენტია და ამას ბევრი­ მოთამაშე არ გააკეთებს, არც იქაური­ დაცვა დაუშვებს ამას, ამიტომ მტკიცებულებების მოპოვება რთულია... ვერ წარმოიდგენთ, რა დონის კამერები და რა ინფორმაცია აქვთ შენზე, ზუსტად იციან, როდის რამდენი მოგაგებინონ და რამდენ დღეში დაბრუნდები უკან...

- ბევრჯერ მოგაგებინეს?

- რა თქმა უნდა. სწორედ ასე დავიწყე თამაში. მანამდე ალაგ-ალაგ ვთამაშობდი. პირველად დიდი თანხა რომ მოვიგე, მხოლოდ 30 ლარით ვიყავი მისული და, წესით, ამ ფულს ვერ უნდა მოეგო ის თანხა, რაც მომცეს. დაბალ "სტავკაზე" ვთამაშობდი. ამ დროს გოგომ "პოდნოსით" მომიტანა 12.500 ლარი და მითხრა, ჯეკპოტი მოიგეო. 19 წლის ვიყავი და გავგიჟდი...

- წამოხვედით თუ იქვე წააგეთ?

- წამოვედი. მაგრამ კარგად იციან, რომ გემრიელად დახარჯავ ჰაერიდან მოტანილ ფულს და ისიც იციან, უკან რომ დაბრუნდები. თან იქ კომფორტს გიქმნიან, ყველაფერი უფასოდ გაქვს: სასმელი, საჭმელი, სიგარეტი, მით უმეტეს - თუ მაღალი სტატუსი გაქვს... გაკვირდებიან, რამდენ ხანში ერთხელ დადიხარ. ბაზებზეც ხელი მიუწვდებათ და იმასაც ხედავენ, სად რა თანხით შეხვედი, წააგე თუ მოიგე - შენი თამაშის მთელი ისტორია წინ უდევთ.

- უკან რამდენ ხანში შებრუნდით?

- მესამე დღეს. აზარტულიც რომ არ იყო, უცებ მოვარდნილი დიდი ფული ადამიანს აგიჟებს. ბავშვი ვიყავი, ვამბობდი, დატრიალდა ჯეკპოტი და მე დამეცა, გამიმართლა-მეთქი. უცებ დავხარჯე ფული - საძმაკაცოში ვალები ჰქონდათ და გავუსტუმრე. მეც მქონდა ვალები და ისიც გავისტუმრე, რაღაცები ვიყიდე, მაგრამ სახლში არ დაეჭვებულან, რადგან 17 წლიდან­ სულ ვმუშაობდი, მერე ჩემი ბიზნესიც მქონდა... ეს არის მთავარი ფანდი - მუქთად მოსული ფული მუშაობის სურვილს გაკარგვინებს და ფიქრობ, რატომ ვიმუშაო მთელი თვე, როცა შემიძლია უშრომელად 100 ლარით შევიდე და 3.000 მოვიგო. ბევრჯერ მოგაგებინებენ და მერე, როცა 500 ლარით შეხვალ იმ იმედით, რომ 5.000-ს მოიგებ, ყველაფერს­ აგებ. ამის შემდეგ სტრესში ხარ, იწყებ ფულზე ჩალიჩს და ისევ უკან ბრუნდები. საბოლოოდ ყველაფერს აგებ...

მე დიდ კაზინოებში დავდიოდი, სადაც ბევრი ცნობილი ადამიანი თამაშობდა. ბევრჯერ მინახავს ბადრი პატარკაციშვილის თამაში. ძალიან აზარტული იყო. ხშირად დადიოდა და VIP-ში თამაშობდა. ბევრი ცნობილი ადამიანი შემხვედრია, რომელიც თამაშის შემდეგ 5 ლარს ითხოვდა, ტაქსის ფულს, რომ სახლამდე მისულიყო. მათი ვინაობის გამხელა საჭირო არ არის, მაგრამ ეს მწარე რეალობაა.

- როდის მივხდით, რომ თამაშისთვის თავი უნდა დაგენებებინათ?

- 3-4 წელი დამჭირდა, რომ სერიოზულ შარში აღმოვჩენილიყავი. აზრზე რომ მოვედი, იმდენი ფული მქონდა წაგებული­ და იმდენი ვალი... ამ დროს ყველას სთხოვ ფულს, თანდათან გემატება ვალები და უკვე იმდენი ფული გჭირდება, ვეღარსად იშოვი.­ ხვდები, რა დღეშიც ხარ და თავის დანებებას ცდილობ, მაგრამ არ გამოგდის.M მე ძალიან გამიმართლა, რომ სულ გვერდით მედგა ჩემი ოჯახი... ბევრჯერ ვცადე თავის დანებება, მერე დიდი ხნით მონასტერშიც წავედი, თუმცა ეს სურვილი თავისით არ მოსულა - იმდენი პრობლემა დამიგროვდა, ტვინს რესტარტი სჭირდებოდა, ვხედავდი, ვეღარ ვქაჩავდი. ამ წლების განმავლობაში ისეთი სამსახურები მაქვს­ დაკარგული, ვერ წარმოიდგენთ! ყველა სამსახურიდან თვითონ წამოვედი, აღარ მყოფნიდა ნერვები, თვიდან თვემდე კონკრეტულ ხელფასზე მემუშავა. ფულის ყადრი დაკარგული მაქვს, თუმცა ახლაც ვმუშაობ.

- მონასტერმა გიშველათ?

- მიშველა, მაგრამ ეს ადვილი არ არის, ძალიან ძლიერი ადამიანი უნდა იყო. ­ სულ ბრძოლა გაქვს, გინდა გამოიქცე და ისევ ამ ჭაობში ჩაეფლო, თუმცა დღედაღამ ლოცვა გეხმარება, თან ფიზიკურად შრომობ და ყურადღება ამაზე გადაგაქვს... მონასტერში შვიდი თვე ვცხოვრობდი, იქიდან დაბრუნებულს ხუთი თვე არ მითამაშია, თუმცა ჭიდილი სულ მქონდა, რადგან ამ დროს დიდ პრობლემას ებრძვი.

ჩემს გარემოცვაში არავინ თამაშობს. ჩემი ძმა ჩემზე პატარაა, დიდი საძმაკაცო მყავს და ჩემი პრობლემების შემხედვარეს თამაშის სურვილი არავის გასჩენია. სახლიდანაც გამომიტანია ნივთები, ტელევიზორიც კი ჩამიბარებია ლომბარდში...

- ამ დროს სახლში რა ხდება?

- ქაოსია, პანიკა... შენ ისევ თამაშობ და ოჯახის წევრებისა და ახლობლების მიერ ისევ იწყება გზების ძებნა, რომ ამას თავი დააღწიო, ისევ ფსიქოლოგებთან სიარული და ა.შ., მაგრამ არც ეს მშველოდა. მისარგებლია პროგრამებითაც, სადაც დიდი თანხა არ იყო გადასახდელი. წამალდამოკიდებულებს საერთოდ არ ახდევინებდნენ­ ფულს, მოთამაშეებს - ნაწილობრივ, ხოლო ვინც სხვა პრობლემებით იყვნენ - სრულად. წამალდამოკიდებული ბევრი მეგობარი მყავს,­ რომლებიც გამოძვრნენ ამ პრობლემიდან. ის უფრო სხეულის­ "ლომკაა", თამაშდამოკიდებულება კი - ტვინის.­ ყველაზე საცოდავია ის, ვისაც ეს ორივე პრობ­ლემა აწუხებს და ასეთი ბევრია. ზოგმა­ წამლის ფული რომ ვერ იშოვა,­ თამაში დაიწყო. ცხოვრებაში წამალი არ გამიკეთებია, თუმცა მსუბუქი ნარკოტიკი მიმიღია. კლუბებშიც დავდივარ, მაგრამ წამალს არ ვეკარები.

- მოგებას გონება სჭირდება თუ ეს მხოლოდ გამართლებაა?

- ტოტალიზატორში გონება და ფეხ­ბურთის ცოდნაა საჭირო და შეიძლება გაგიმართლოს. კაზინოში გონება არაფერ შუაშია, მაგრამ იქ გაჯერებენ, რომ გონებაა მთავარი. "რულეტკა" რომ ტრიალებს, 36 რიცხვიდან ერთი უნდა ჩააგდო და თუ ჩააგდე, გაჯერებენ, ლოგიკურად მიხვედი აქამდეო, მაგრამ ასე არ არის...

- თუ თამაშის დროს ფული გაგითავდათ, მაინც გათამაშებენ?

- დიდი ხნის წინ ქუთაისში პოკერკლუბი გაიხსნა და ვიღაცებს "პოსლეზე" ათამაშებდნენ. ვინმე შავი სამყაროდან დარეკავდა და ეტყოდა, ჩაურთეთ "პოსლეზეო", ოღონდ მერე "თავანი"­ გქონდა მისატანი. რასაც წააგებდი, თუ არ მიიტანდი, გთხოვდნენ. ამას დიდი უბედურებები მოჰყვა. როცა მოთამაშეს ლიმიტი­ არა აქვს, უსასრულოდ წააგებს­. ზოგმა თავი მოიკლა, ზოგი ვიღაცამ ამ გადაუხდელი ფულის გამო მოკლა­ და ასეთი თამაში აიკრძალა... კაზინოში უფულოდ ვერ შეხვალ. როცა ვალი გაქვს დასაბრუნებელი და ფულს ვერ შოულობ, თავის მოკვლაზე ფიქრობ. ჩემ გარშემო ბევრს მოუკლავს თავი...

- ახლა ისევ თამაშობთ?

- ახლა რეაბილიტაციის პროცესში ვარ, მაგრამ არის მომენტები, როცა მიჭირს. ახლა ის მაჩერებს, რომ სიაში შეყვანის შემდეგ თამაშისთვის ჩალიჩი გჭირდება. ამას რომ ვაცნობიერებ, ვჩერდები. ბევრმა არ იცის, რომ ეს კანონი არსებობს და თავისი­ სურვილით შეუძლია თავი "გაიშავოს". ვურჩიე, მისულიყვნენ შემოსავლების სამსახურში, მაგრამ ზოგი უარს ამბობს,­ რადგან "გაჭედილია". როცა იმ მორევში ხარ, ერთადერთი ხსნა თამაში გგონია, ფიქრობ, ახლა რომ იქ დავრეგისტრირდე, შეიძლება ვეღარ ვითამაშოო, არადა, ერთადერთი გზა ფულის შოვნისა ხომ ეს არის! ჰოდა, ჩერდები. გაშავებული ვარ, მაგრამ ამის მიუხედავად ამ სენს ასე იოლად ვერ ვერევი, ეს ძალიან სერიოზული პრობლემაა. დარეგისტრირებიდან სამ კვირაში უპრობლემოდ შევედი სხვისი პირადი მონაცემებით, ამიტომ წესები უფრო უნდა გამკაცრდეს და ყველა ხვრელი ამოიქოლოს. მოიტანეთ ფაქტებიო, რომ ამბობენ, ამ კაზინოების უკან ისეთი სერიოზული ხალხი დგას, შეიძლება­ დიდი პრობლემები შეგიქმნან. ბევრი ლობისტი ჰყავთ. ძალიან საშიში სფეროა. იქ იმხელა ფული ტრიალებს, ყველაფერზე წამსვლელები არიან. ხომ ხედავდით, სპორტსმენები ამ კანონს შეეწინააღმდეგენ, რადგან მათ ფულს ესენი უხდიან. მახსოვს, ოლიმპიურ ჩემპიონებს სააკაშვილმა 3.000-3.000 დოლარი რომ აჩუქა,­ მაშინ ბადრი პატარკაციშვილმა მათ ნახევარი მილიონი დოლარი მისცა. დიდი ფული იყო და ამ ცნობილმა­ სპორტსმენებმა იმ ფულით კაზინო იყიდეს. ახლა ღიად აღარ ჩანან, მაგრამ, სავარაუდოდ, ისევ არიან ამ ბიზნესში... ახლაც კაზინოებში უამრავი­ ადამიანი თამაშობს და მათ დახმარება სჭირდება. მე ხუთი წელია, ვიბრძვი, რომ ამ სენს თავი დავაღწიო, მაგრამ ბოლომდე მაინც ვერ მოვშორდი...

განრიდების სიაში ვარ, მაგრამ თუ მომინდა ბილეთის დადება, დავწერ, მივალ ვაგზლის ტოტალიზატორში ან სხვაგან და ვინც შედის, იმას ვთხოვ, ძმურად, დამიდე­ და გამოიტანე-მეთქი და გამომიტანს. ეს უნდა ისჯებოდეს. ათი დღის წინ ფინალი იყო. უცებ დამიტრიალდა ტვინში, გავედი, შევავსე, დავადებინე ვიღაცას ფსონი და წავაგე. მერე იმ ტიპზე გავბრაზდი, რატომ დამიდო-მეთქი, მაგრამ ხომ შეიძლებოდა, იგივე მე გამეკეთებინა?! ვურჩევ ყველას, ეს არ გააკეთონ. იმ მომენტში თითქოს კეთილ საქმეს აკეთებენ, მაგრამ შეიძლება იმ ბილეთის დადება­ ვიღაცისთვის ბოლო იყოს... ბევრმა თამაშის გამო თავი მოიკლა, მეც ძალიან ახლოს ვიყავი ამასთან, დროზე მომისწრო ამ განრიდებამ. მინდა გახსოვდეთ ყველას: რასაც მოიგებთ,­ იმას აუცილებლად წააგებთ და მეტსაც მიაყოლებთ. მოძღვრები ფსიქოლოგებზე უკეთ მეხმარებიან. უნდა იცოდე, ამხელა პრობლემით ვისთან მიხვიდე, თორემ გამოსავლის პოვნა ძნელია.

- ონლაინკაზინოებში თამაშსაც ახერხებს განრიდებული ადამიანი?

- ონლაინკაზინოები სერიოზული პრო­ბლემაა. უპირველესად ეს უნდა აიკრძა­ლოს და კაზინოებიც სადმე უნდა გადავიდეს­, სხვა ქალაქში. იქ შემსვლელთათვის იმხელა თანხა უნდა დააწესონ, რომ დაბალმა ფენამ შესვლა ვერ შეძლოს. მაგალითად, 5.000 ლარი, ამ ფულს ბევრი ვერ გადაიხდის და თავისთავად დარჩება გარეთ. კაზინოს მფლობელებს უთქვამთ ჩემთვის, შენნაირი 30 კაცი თუ არ შემოვა, ეს სულ არ გვაინტერესებს, გვირჩევნია, დიდი ფულით მოვიდნენო. მართლაც, უნდა ნახოთ, აზერბაიჯანელები, ჩინელები და სხვები ფულით სავსე ჩემოდნებით როგორ მოდიან სათამაშოდ და მიდიან უფულოდ. აზერბაიჯანში თამაში მას შემდეგ აკრძალულია, რაც ალიევის შვილმა დიდი თანხა წააგო.

გავიგე, რომ ვიღაცები თავის მონაცემებს­ ყიდიან იმ ხალხზე, ვინც გაშავებულია. მე ჩემი მონაცემებით საიტზე რომ ვერ შევდი­ვარ, ამ დროს ვიღაც მთავაზობს, მისი მონაცემებით ვითამაშო და ამაში ფული გადა­ვუხადო. ეს დიდი ბოროტებაა და უნდა ისჯებოდეს. უნდა დაგვეხმარონ, რომ საბო­ლოოდ დავანებოთ თამაშს თავი. ახლა, როცა კანონი მიღებულია, სახელმწიფომ უფრო მკაცრად უნდა გააკოტროლოს, რაც ხდება. მოთამაშის ტვინი ისე მუშაობს, ნებისმიერ რამეს მოიფიქრებს და შემოსავლების სამსახურის თანამშრომელს მოატყუებს. საჭიროა ისეთი ხალხი, რომელიც არანაირ დარღვევაზე თვალს არ დახუჭავს.­ ჯარიმა არ არის საკმარისი. იმ ჯარიმას კაზინო მაშინვე გადაიხდის, დარიცხავს 10.000 და 20.000 ლარს, მერე ერთ კაცს "გაწეწავს" და მისგან ამ თანხას ერთ დღეში ამოიღებს.­ ონლაინკაზინოებს თუ აკრძალავენ, სხვა კაზინოების კონტროლი უფრო ადვილი იქნება. 11 წლის ბავშვს, რომელმაც კომპიუტერი კარგად იცის, შეუძლია გატეხოს გვერდები, ითამაშოს და თავი დაიღუპოს, ამიტომ ონლაინკაზინოები უნდა გაუქმდეს, თუმცა, მეეჭვება, ეს მოხდეს - ყველაზე დიდი ფული ახლა მანდ არის. ვინც იმალება და არ უნდა, კაზინოში გამოჩნდეს, ზის სახლში, უჭირავს ტელეფონი, ლეპტოპი, ან ზის საპირფარეშოში და ისე თამაშობს...

ეს დაწყებული ბრძოლა ბოლომდე უნდა მიიყვანონ, რომ საბოლოოდ გადავრჩეთ!