„ხომ უნდა დავფიქრდეთ, რაში ვდებთ ფულს?“ - კვირის პალიტრა

„ხომ უნდა დავფიქრდეთ, რაში ვდებთ ფულს?“

რამდენიმე კვირაა, საქართველოში STEPN-ის აპლიკაცია განსაკუთრებით პოპულარული გახდა. ამ აპლიკაციით ადამიანები თანხის გამომუშავებას ცდილობენ. ალბათ, შეგიმჩნევიათ კიდეც ქუჩაში მორბენალი­ თუ არა, ჩქარი ნაბიჯით მოსიარულე ადამიანები. ისინი იმ იმედით დარბიან, რომ ციფრულ ფულს გამოიმუშავებენ. სქემა ასეთია: STEPN-ის წევრი რომ გახდე, აუცილებელია მობილურ ტელეფონში გადმოიწერო აპლიკაცია, მერე შეიძინო ვირტუალური ბოტასი, რომლის თავდაპირველი ღირებულება 1.000 დოლარი იყო, თუმცა პოპულარობასთან ერთად 2.000-მდე გაიზარდა. ბოტასები ოთხი კატეგორიისაა: მოსიარულე, მოძუნძულე, მორბენალი და თრეინერი. ყველა ბოტასს ოთხი ტიპის მონაცემი აქვს: იღბალი, ეფექტურობა, კომფორტი და გამძლეობა. სხვადასხვა ბოტასი სხვადასხვა დატვირთვას მოითხოვს,­ შესაბამისად, შემოსავალიც სხვადასხვაგვარია. ბოტასის შეძენის შემდეგ იწყება თამაში და ყოველ 6 საათში ვირტუალური ბოტასის მომხმარებელს ენერგია ერიცხება, რაც 3-4 წუთის გადაადგილების ტოლფასია. როგორც კი ენერგიას დახარჯავ, ანგარიშზე მონეტები გერიცხება. რამდენს გადაგიხდიან, ეს ფეხსაცმლის ტიპსა და მონაცემებზეა დამოკიდებული. ამის შემდეგ შესაძლებელია, ეს მონეტები სხვა კრიპტოვალუტაში გადაცვალო, მერე კი მის განაღდებას დოლარშიც შეძლებ. რაც ძლიერია ვირტუალური ბოტასის­ მონაცემი, მით მეტი კრიპტოვალუტის გამომუშავებას ახერხებ, თუმცა ისიც უნდა იცოდე, რომ გამომუშავებული კრიპტოვალუტა შეიძლება­ ჩამოგაჭრან და გითხრან, რომ თქვენი ბოტასი­ ამდენ სიარულ-ძუნძულ-სირბილში გაცვდა და მისი შეკეთებაა საჭირო, ან თუ მეტი ფულის შოვნის სურვილი გაგიჩნდათ, შესაძლოა, ამ ბოტასის მონაცემების გაუმჯობესება შემოგთავაზონ და ამაშიც დაგახარჯინონ გამომუშავებული კრიპტოვალუტა. ორ ბოტასს თუ იყიდით, შეგიძლიათ შეაჯვაროთ და მეტი კრიპტოვალუტა გამოიმუშაოთ. ორი ფეხსაცმლის შეჯვარებით შეგიძლიათ შექმნათ მესამე, ოღონდ ამასაც ციფრული ფული უნდა დაახარჯოთ... Mმოკლედ, აპლიკაციის შემქმნელების ფანტაზია შორს მიდის - უამრავ გზას სთავაზობენ მოქალაქეებს და მაქსიმალურად ცდილობენ მათ ჩართვას ამ სქემაში... ხალხსაც გაუჩნდა იოლად ფულის შოვნის სურვილი და უამრავი ქართველი ჩაერთო. როგორც ექსპერტები ამბობენ, ქართველები პირველ ადგილზე არიან გაწევრების რიცხვით. მეორე ადგილზე ჩინეთია. საქმის მცოდნე ადამიანები ამბობენ, რომ ეს ჩვეულებრივი პირამიდაა და ყველაფერი ასეთი მარტივი არ არის, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. საზოგადოებას აფრთხილებენ, რომ შესაძლოა ამ ბოტასში ჩადებული ფული უცებ დაკარგონ და დაზარალებული აღმოჩნდნენ. ისიც უნდა აღვნიშნოთ­, რომ თქვენი­ ნავაჭრის 6%-ს კომპანია იტოვებს. როგორც "ფორბსი" წერს, კომპანიამ 26 მილიონი დოლარის მოგება უკვე ნახა, არადა აპლიკაციის შექმნის იდეა 2021 წლის აგვისტოში გაჩნდა და დეკემბერში ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდა.

ახლა ამ აპლიკაციას მსოფლიოში თვეში 2 მილიონზე მეტი მომხმარებელი­ ჰყავს.­ შემქმნელები ამბობენ, რომ აპლიკაციას ფუნქციები დაემატება - შეძლებთ ბოტასის გაქირავებას, სპორტულ შეჯიბრებებში მონაწილეობას და ა.შ. რადგან ეს თამაში საქართველოშიც პოპულარული გახდა, გამოჩნდნენ ადამიანებიც, რომლებიც მომხმარებლებს ბოტასის სწორად შერჩევაში დახმარებას, მეტიც - მათ მაგივრად სირბილსაც კი სთავაზობენ. ერთმა კომპანიამ ამისთვის შექმნა ახალი სერვისი - ბოტასი თქვენია, ირბენენ ისინი. რა თქმა უნდა, ამ მომსახურებაში ბოტასის პატრონს ფულის გადახდა მოუწევს. "გვინდოდა წაგვეხალისებინა ადამიანები, მეტი ევარჯიშათ და ფორმა შეენარჩუნებინათ," - ამბობს აპლიკაციის შემქმნელი. ექსპერტები ირწმუნებიან, რომ ეს კარგად შეფუთული თაღლითური პირამიდაა და როცა ამოიწურება თამაშში მონაწილეთა­ რაოდენობა, თამაშის ფასიც დაიკლებს და ხალხი დაზარალდება. მართალია, მოთამაშეები, რომლებმაც თამაშის დასაწყისში იყიდეს ვირტუალური ბოტასი, მოახერხებენ გადახდილი თანხის ანაზღაურებას და შესაძლოა მოგებაც ნახონ, მაგრამ დაზარალდებიან ისინი, ვინც ბოლოს შეუერთდებიან თამაშს, რადგან მკვეთრად დაეცემა­ კრიპტოვალუტის ფასი, რომლის გამომუშავება მხოლოდ ახალი ხალხის ჩართვით შეიძლება.

"მე არ ვფიქრობ, რომ ეს ფინანსური პირამიდაა"

გია სილაგავა ამბობს, რომ ამ თამაშის შესახებ მეგობრისგან გაიგო და თავადაც გადაწყვიტა ჩართვა: - ჩემი მეგობარი­ დარბოდა და მითხრა, რომ ამ გზით ფულს გამოიმუშავებდა. დანაზოგი მქონდა, 1.500 დოლარად ვიყიდე და თამაშში ჩავერთე­. დღეში 10 წუთი დავრბივარ და 10 დღეში ფულის ნახევარზე ცოტა მეტი ამოვიღე. დღეში 70 დოლარამდე გამოვიმუშავებ. ამ აპლიკაციამ რეჟიმშიც ჩამაყენა, რადგან ყოველდღე მიწევს სირბილი. ისე შევედი აზარტში, მეორე წყვილიც ვიყიდე, მაგრამ ამისთვის საკმარისი ფული არ მქონდა და მეგობრისგან ვისესხე.

ფასი უკვე გაზრდილია... ვფიქრობ, ჩადებულ ფულს რომ ამოვიღებ, გარკვეული თანხის შოვნასაც შევძლებ. რაც მთავარია, ჯანსაღი ცხოვრების წესი იქცა ჩემს ყოველდღიურობად. ვეცნობი სიახლეებს, ჩართული ვარ პროცესში და მჯერა, რომ უფრო მეტ სიახლეს შემოგვთავაზებენ.

ამბობენ, რომ ეს ფინანსური პირამიდაა, მაგრამ მე ასე არ ვფიქრობ. კომპანიის შემქმნელებს ისე კარგად აქვთ ყველაფერი დაგეგმილი, მათ ვენდობი. კრიპტოვალუტა დღეს ძალიან პოპულარულია და ხალხი ამ გზით ფულს შოულობს. მთავარია, სწორად გათვალო, სად რამდენის ინვესტირებაა საჭირო. ფულს ვინმე თუ დაკარგავს, მხოლოდ იმიტომ, რომ რაღაც არასწორად გათვალა.

გააზრებული მაქვს, რომ ნებისმიერ ასეთ რამეში ფულის ჩადება რისკია, მაგრამ თუ არ გარისკე, ფულსაც­ ვერ იშოვი... უნდა ნახოთ, თბილისშIი რამდენი ადამიანი დარბის!

- კურსი რომ დაეცა, ეს არ გაშინებთ?

- ბოლო კვირებში თითქმის ყველა კრიპტოვალუტის ღირებულება შემცირდა და ეს არ არის გასაკვირი. ხან ისეა, ხან - ასე. ვხედავ, რომ ციფრულ ბოტასს სულ უფრო მეტი ადამიანი ყიდულობს და ამიტომ არ ვფიქრობ, რომ ყველაფერი ასე მალე დასრულდება.

"ეს თამაშია­ და თამაშში ან მოიგებ, ან წააგებ"

თამაშის მეორე მონაწილე ლევანი თვლის, რომ რისკი გააზრებული აქვს: - თამაშში მარტივად ჩავერთე, რადგან არც ფული მქონდა სასესხებელი და არც კრედიტი გამოსატანი. ცხადია, რისკი არის და ეს გააზრებული მაქვს. ვიცი ისიც, რომ ფული ასე ადვილად არ მოდის, ეს თამაშია­ და თამაშში ან მოიგებ, ან წააგებ. მანამდე ამის გამოცდილება არ მქონდა და ამიტომ მომიწია კრიპტობაზარში გარკვევამ. რომც წავაგო ეს ფული, გული არ დამწყდება. ეს ნებაყოფლობითი ნაბიჯია. გადავწყვიტე მეთამაშა, რადგან ეს ჩემს ცხოვრებაში სიახლე იქნება. მექნება სტიმული, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესით ვიცხოვრო, არ დავიზარო ვარჯიში და სირბილი­. ამით ვიხეირებ - წონის კორექციას შევძლებ და ფულსაც თუ გამოვიმუშავებ, რატომაც არა! ამდენი ადამიანი დარბის და არა მგონია,­ ასე მარტივად ჩამოიშალოს ეს სქემა. თუმცა ვიცი, რომ ზოგმა ბოტასი გაყიდა, რადგან ჩათვალეს, რომ დიდი რისკია. რა თქმა უნდა, ფული მოდის იმიტომ, რომ ბევრი ადამიანია ამაში ჩართული. არ ვაპირებ ვალის აღებას, კიდევ სხვა ბოტასის შეძენას­ და უფრო ღრმად შეტოპვას, მაგალითად, ბანკიდან კრედიტის გამოტანას, რადგან რისკებს ვაცნობიერებ, მაგრამ ჩემი გადასაწყვეტია, ფულს სად ჩავდებ.

"როცა გეუბნებიან, ირბინე და ფულს გააკეთებო, ხომ უნდა დაფიქრდე, რომ ასე ფული არ კეთდება"

"გირჩის" ერთ-ერთი ლიდერი, პარლამენტარი ალექსანდრე რაქვიაშვილი მოუწოდებს ადამიანებს, დაფიქრდნენ, სად აბანდებენ ფულს და არ გარისკონ, რადგან ეს არის ტიპური პირამიდა: - ეს არის ჩვეულებრივი ფინანსური პირამიდა. ვინც თავიდან შედის ამ თამაშში, იმან შეიძლება­ დიდი მოგებაც მიიღოს იმის ხარჯზე, რომ სხვა ჩაერთო, მისი ფული კი ადრე შემოსულებზე განაწილდა. დიდი ხანია, მსოფლიოში სხვადასხვა ფორმის პირამიდები­ არსებობს და მომავალშიც იარსებებს, რადგან ყოველთვის გამოჩნდებიან ადამიანები, ვინც მოტყუვდებიან. როცა გეუბნებიან, ირბინე და ფულს გააკეთებო, ხომ უნდა დაფიქრდე?! ცხადია, ასე ფული არ კეთდება. ეს იგივეა, ვირტუალური პირბადე შექმნა და თქვა, 10 წუთი თუ ისუნთქე, ფულს მოგცემო. შეუძლებელია, შენს სირბილში ვინმე ფულს იხდიდეს. ამ პირამიდებს ერთი რამ ახასიათებს: ერთი და იმავე ტყუილის გამეორება ძალიან რთულია, ეს ხალხს არ სჯერა, ამიტომ პირამიდები ახალ-ახალ ფორმას იღებს, სქემებიც იხვეწება. ბუნებრივია, რაც ამერიკაში იყო 1900-იან წლებში, ახლა აღარ იქნება. "სტეპი" ძალიან ლამაზად შეფუთულია და ამდენი ადამიანი ამიტომაც მიიზიდა. ვინც კარგად დაფიქრდება და გააანალიზებს, საიდან შეიძლება მას ფული შემოუვიდეს, წარმოუდგენელია, ვერ დაინახოს ამ სქემის თაღლითურობა. ეს არის თამაშის პროცესი, თან - კარგად შეფუთული და მიბმულია თანამედროვეობაზე, კრიპტოვალუტაზე. ბევრს გაუგია, მაგრამ არც კი იცის, რა არის კრიპტოვალუტა და ჰგონია, ამით ფულს იშოვის. ადამიანი ვირტუალურად ყიდულობს ბოტასს და დარბის. საიდან მოვიდა ის 20 დოლარი, რომელიც მას ჩაერიცხა?­ თუ ამ კითხვას ჩაუღრმავდება, მიხვდება, რომ ეს არის მისნაირივე ადამიანისგან შემოსული თანხა, რომელიც ჩაერთო ამ სქემაში და სადღაც დარბის. "სტეპს" თავის ოფიციალურ გვერდზე უდევს სტატია, სადაც დეტალურად არის აღწერილი ყველაფერი. თვითონ არ მიიჩნევენ, რომ ეს არის ფინანსური პირამიდა, ოღონდ ამბობენ, ჩვენ ბევრ რაღაცას ვაკეთებთ იმისთვის, რომ პირველი ადამიანი, ვინც ჩვენთან მოვიდა, სისტემიდან არ წავიდესო.

პირამიდის პირველი მსხვერპლი უნდა გასულიყო სისტემიდან, მაგრამ რჩება, იმიტომ, რომ მეტი თანხის გამომუშავებას სთავაზობენ, თუ სიმაღლეზე ავა. ისიც გამომუშავებულ თანხას ისევ იქ დებს და ცდილობს, 30-ე დონემდე ავიდეს. ამ გზით ეს პირამიდა უფრო სტაბილური ხდება და უცბად არ ინგრევა. არიან ადამიანები, რომლებიც, დიდი ხანია, ჩართული არიან ამ სქემაში, შეუძლიათ ფული გამოიტანონ, მაგრამ არ გამოაქვთ და რეინვესტირებას ამჯობინებენ იმ იმედით, რომ 30-ე დონემდე­ ავლენ, არადა­, იქამდე ახლოსაც არ არიან. დაგროვილი თანხით უმჯობესდება ვირტუალური ბოტასი და გგონია, მეტ ფულს გაძლევენ, მაგრამ მთავარი ჩანაფიქრი ის არის, რომ ადამიანმა ფული არ გამოიტანოს, რადგან ეს სძენს სქემას შედარებით სტაბილურობას. რომ არა მსგავსი შეფუთვა, ეს პირამიდა კარგა ხნის ჩამოშლილი იქნებოდა. თუ დავფიქრდებით, მივხვდებით, რომ იქ საინვესტიციო არაფერი არ არის, არც პროდუქტი იქმნება. ხომ უნდა დავფიქრდეთ, რაში ვდებთ ფულს? კარგი ის არის, რომ მსოფლიოს მასშტაბით ამ თამაშის პოპულარობა ნელ-ნელა მცირდება და თუ ასე გაგრძელდა, "სტეპის" ისტორია ძალიან მალე დასრულდება, როგორც სხვა მსგავსი პირამიდების ისტორია დასრულდა... რაღაც ეტაპზე ამ თამაშის პოპულარობა ძალიან სწრაფად გაიზარდა - რამდენიმე კვირაში რამდენიმე ასეული ათასიდან რამდენიმე მილიონამდე მონაწილე შეიმატა. ახლა პოპულარობა დაეცა, ეს კი ნიშნავს, რომ პიკი დასრულდა და შეიძლება მალე პირამიდა ჩამოიშალოს. თან რამდენჯერმე კრიპტოვალუტა უკვე გაუფასურდა. ასეთი აფიორა მომავალშიც არაერთხელ გაჩნდება, ასე რომ, ყველას ვურჩევ, ამ მახეში არ გაებან. ვინც ბოლოს შემოდის თამაშში, ის ფულის გარეშე რჩება. ვისაც არ ადარდებს ფულის დაკარგვა, გასაგებია, მაგრამ როცა ადამიანები სესხს იღებენ და ბანკის ვალით ხუთ ან ცხრა ბოტასს ყიდულობენ, ეს დიდი პრობლემაა. 90-იან წლებში საბჭოთა კავშირში ძალიან პოპულარული იყო "ემ-ემ-ემი". ყველამ იცოდა, რომ ეს იყო პირამიდა, მაგრამ ხალხი მაინც ჩაერთო და უამრავი ადამიანი დაზარალდა. ერთ ადამიანი­ ვიცი, მანქანა გაყიდა და ფული ამ სქემაში ჩადო... მერე ბევრი ასეთი რამის გამო სიცოცხლეს სუიციდით ამთავრებს... შეიძლება ვიღაცას გაუმართლოს და თავისი ფული ამოიღოს, მაგრამ ვიღაცის ცხოვრებაში შეიძლება ამით ყველაფერი დასრულდეს. თუმცა ყველამ თვითონ უნდა აირჩიოს, რას გააკეთებს... სხვა ქვეყნებთან შედარებით, ჩვენს ქვეყანაში მეტია ადამიანი, ვისაც იოლად უნდა ფულის კეთება. უნდათ გამდიდრდნენ არა მუშაობით, არა განათლების მიღებით, არამედ ამ გზით. აი, ეს არის ქვეყნის პრობლემა.

- სახელმწიფოს აქვს რაიმე ბერკეტი, რომ მსგავსი სქემები აკრძალოს?

- სახელმწიფოს არა აქვს ბერკეტი, რომ ეს აკრძალოს. ეს არ არის მთავრობის­ საქმე, ეს მორალის და ადამიანების განათლების საქმეა. პრობლემა ის არის, რომ ადამიანი ამ გზით ცდილობს გამდიდრებას, ეს კი მთავრობისა და გარკვეული ინსტიტუციების პასუხისმგებლობის საკითხია. მეტი განათლება უნდა ჰქონდეთ ადამიანებს.

ყველას ვურჩევ, დრო და ენერგია სასარგებლო საქმიანობაში დახარჯონ. გახსოვდეთ, თუ ამ თამაშში ჩაერთვებით, თავად იქნებით პასუხისმგებელი შედეგზე...

თეა ხურცილავა

ნინო ბურჭულაძე