„მაიმუნის ყვავილი“ განგაშის საფუძველს არ იძლევა“
"ახალი გამოწვევა მსოფლიოსთვის", - ასე აფასებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ვირუსს, რომელსაც მედიცინა "მაიმუნის ყვავილის" სახელით რამდენიმე ათეული წელია იცნობს. ეს არის "ყვავილის" ინფექციის ჯგუფში შემავალი დაავადება, რომელიც, ძირითადად, მსუბუქად მიმდინარეობს, თუმცა ახასიათებს მძიმე გართულებები და ლეტალობაც. დღეისათვის 300-ზე მეტი შემთხვევაა რეგისტრირებული 18 ქვეყანაში -„"მაიმუნის ყვავილი" გამოჩნდა ბელგიაში, საფრანგეთში, გერმანიაში, იტალიაში, ნიდერლანდებში, პორტუგალიაში, ესპანეთში, შვედეთსა და გაერთიანებულ სამეფოში, ასევე შეერთებულ შტატებში, კანადასა და ავსტრალიაში.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, "მაიმუნის ყვავილი" განგაშის საფუძველს არ იძლევა, შესაბამისად, მოგზაურებისთვის შეზღუდვების დაწესება დღის წესრიგში არ დგას: "1980 წლამდე დაბადებულებს, რომელთაც გაკეთებული აქვთ ნატურალური "ყვავილის" საწინააღმდეგო აცრა, მათი იმუნიტეტი "მაიმუნის ყვავილის" წინააღმდეგ მუშაობს. პანიკის საფუძველი არ არის, მაგრამ აუცილებელია შესაბამისი მიმართულებები გაძლიერდეს".
ვირუსულ ინფექციასთან დაკავშირებულ დეტალებზე ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი არჩილ მარშანია გვესაუბრება:
- დაბნეულობის თავიდან ასაცილებლად უნდა განვმარტოთ, რომ "ყვავილი" (smallpox) და "მაიმუნის ყვავილი" (monkeypox) სხვადასხვა ტერმინია.
"მაიმუნის ყვავილი" ვირუსული ზოონოზური (როდესაც ვირუსი ცხოველიდან ადამიანზე გადადის) დაავადებაა. სიმპტომებით ჰგავს "ყვავილს" (დაავადება, რომლის ერადიკაცია 1980 წელს ვაქცინაციის დახმარებით უკვე მოხდა და აღარ გვხვდება ველურ გარემოში). "მაიმუნის ყვავილი" აღმოაჩინეს გასული საუკუნის 50-იან წლებში, როდესაც ლაბორატორიულ საცდელ მაიმუნებში გამოვლინდა სიმპტომები, ამიტომაც დაერქვა მას "მაიმუნის ყვავილი", თუმცა დაავადების გავრცელების წყარო მაიმუნები არ არიან, დაზუსტებით არც ის ვიცით, რომელი ცხოველია, თუმცა ის შეიძლება გავრცელდეს სხვადასხვა სახეობის ციყვებში, თაგვებში, ვირთხებში და ა.შ.
- პირველად სად დაფიქსირდა ვირუსით ინფიცირება და ახასიათებს თუ არა მას გართულება და ლეტალობა?
- "მაიმუნის ყვავილით" ადამიანის ინფიცირება პირველად 1970 წელს დაფიქსირდა კონგოში, 9 წლის ასაკის ბიჭში იმ რეგიონიდან, სადაც "ყვავილი" უკვე 2 წლის აღმოფხვრილი იყო. მას შემდეგ დაავადება, ძირითადად, აფრიკის ცენტრალურ და დასავლეთ ნაწილში არსებულ ქვეყნებში გვხვდება. შემთხვევების აბსოლუტური უმრავლესობა, როგორც წესი, გვხვდება კონგოში, ძირითადი გავრცელება კი მოიცავს გაბონს, ლიბერიას, ნიგერიას, სიერა-ლეონესა და კამერუნს. დაავადება აფრიკის კონტინენტის გარეთ მხოლოდ ახლახან არ გამოჩენილა, - 2022 წლამდე მცირე ეპიდაფეთქებები დაფიქსირდა აშშ-ში 2003 წელს, როდესაც 70 კაცი დაავადდა და დადასტურდა მათი კონტაქტი ინფიცირებულ მდელოს ძაღლებთან (ციყვისებრთა ოჯახის წარმომადგენელი მღრღნელი). ამის გარდა, სხვადასხვა დროს "მაიმუნის ყვავილით" ინფიცირება დაფიქსირდა 2018 წელს ისრაელში, 2018-2019 და 2021 წლებში დიდ ბრიტანეთში, ხოლო სინგაპურსა და ამერიკაში 2019 წელს.
მიუხედავად იმისა, რომ დაავადება მეტწილად მსუბუქად მიმდინარეობს, მწვავე შემთხვევებიც არსებობს და შესაძლოა დაფიქსირდეს ლეტალური გამოსავალი.
არსებობს მისი ორი ძირითადი შტამი: დასავლეთაფრიკული და ცენტრალურაფრიკული, სიკვდილიანობა კი 1-დან 15%-მდე მერყეობს, გააჩნია შტამს, პაციენტის ასაკსა და ზოგად მდგომარეობას. მწვავე მიმდინარეობა უფრო ხშირია ბავშვებში, განსაკუთრებით მაშინ, თუ აქვთ ჯანმრთელობის სხვა პრობლემებიც.
- რა სიმპტომები აქვს "მაიმუნის ყვავილს" და როგორ უნდა მიხვდეს ადამიანი, რომ ეს დაავადება აქვს? ამასთან, რა კვლევების ჩატარებას საჭიროებს?
- დაავადების საინკუბაციო პერიოდი (ინტერვალი ინფიცირებიდან სიმპტომების გაჩენამდე) საშუალოდ 6-13 დღეა (თუმცა შეიძლება 5-დან 21 დღემდე მერყეობდეს). დაავადების მიმდინარეობა შეიძლება გავყოთ ორ ნაწილად:
1. ინვაზიური პერიოდი - პირველი 5 დღე, როდესაც ვითარდება ძლიერი თავის ტკივილი, ლიმფური ჯირკვლების გადიდება, მაღალი ტემპერატურა, კუნთებისა და წელის ტკივილი, დაღლილობა;
2. კანზე გამონაყარი, როგორც წესი, იწყება 3 დღეში ტემპერატურის მატებიდან, ძირითადად, სახეზე, ხელებსა და ფეხებზე, თუმცა შესაძლოა იყოს პირის ღრუს ლორწოვანზეც, თვალზე. ჭინჭრის ციებისგან განსხვავებით, გამონაყარი უფრო ინტენსიურია, მყარი და ამობურცული, შესაძლოა იყოს დაწყლულება ან ბუშტუკები, რომელიც ფუფხს იკეთებს და თავისით სცილდება. ეჭვის მიტანის შემთხვევაში, დიაგნოსტირება ხდება კანის ნაცხის პისიარ-ანალიზით.
"მაიმუნის ყვავილი" იმის გამო, რომ დნმ-ვირუსია, მუტაციის მიმართ საკმაოდ მდგრადია და მიიჩნევა როგორც სტაბილური ვირუსი. სწრაფი მუტაციის განვითარებას და ამ თვალსაზრისით რაიმე "სიურპრიზებს" მეცნიერები ამ ეტაპზე არ ვარაუდობენ."ყვავილთან" შედარებით, ის ნელა ვრცელდება, შესაბამისად, შემთხვევების ზრდისას მისი ლოკალიზაცია შესაძლოა გაცილებით მარტივი იყოს, ვიდრე "ყვავილის" ან თუნდაც "კოვიდის", რასაც ხშირად ადარებენ ხოლმე.
- როგორც ამბობენ, "მაიმუნის ყვავილი" ძირითადად, სექსუალური გზითა და კოცნით გადადის, ჰაერწვეთოვანი გზითაც თუ გადადის, მაშინ როგორ დავიცვათ მისგან თავი?
- "მაიმუნის ყვავილი" სქესობრივი გზით არ გადადის და ამ ეტაპზე არც კლასიკური გაგებით სქესობრივად გადამდებ დაავადებად ითვლება. ის არის ზოონოზოური დაავადება და ცხოველიდან ადამიანზე ან ადამიანიდან ადამიანზე ახლო კონტაქტით ვრცელდება - კანით კანზე, სისხლით, ლორწოვანითა და დიდი რაოდენობით სასუნთქი გზების სეკრეტით. წვეთოვანი გზით გადაცემისთვის გახანგრძლივებული და ახლო კონტაქტია საჭირო. შესაბამისად, ის არ წარმოადგენს კლასიკური გაგებით აეროზოლიზაციითა და ჰაერწვეთოვანი გზით გადამდებ დაავადებას. ვირუსის გადაცემა ასევე შეიძლება მოხდეს ორსულობისას დედიდან ნაყოფზე, პლაცენტის გავლით და ვითარდება თანდაყოლილი "მაიმუნის ყვავილის" ინფექცია. თავის დაცვის ღონისძიებებია რისკების ცოდნა, კონტაქტის არიდება, პირადი ჰიგიენა და დისტანციის დაცვა.
- არსებობს თუ არა "მაიმუნის ყვავილთან" ბრძოლის ანტივირუსული პრეპარატი, ვაქცინა?
- მკურნალობის სტრატეგია მოიცავს სიმპტომების შემსუბუქებასა და მეორადი თანდართული ბაქტერიული ინფექციებისა და სხვა გართულებების თავიდან არიდებას. თუმცა საჭიროების შემთხვევაში შეიძლება გამოყენებულ იქნეს ანტივირუსული მედიკამენტები, მათ შორის ის, რომელიც "ყვავილის" საწინააღმდეგოდ იქნა შემუშავებული და ლიცენზირებულია "მაიმუნის ყვავილის" სამკურნალოდ მძიმე შემთხვევებში. ამ ეტაპზე ეს მედიკამენტები ფართოდ ხელმისაწვდომი არ არის, თუმცა საჭიროების შემთხვევაში მოხდება მისი მიწოდება. არსებობს ასევე სტრატეგია ვაქცინის იმუნოგლობულინით მკურნალობის შესახებ."ყვავილის" ვაქცინა ეფექტურია "მაიმუნის ყვავილის" წინააღმდეგაც, ეფექტურობა დაახლოებით 85%-ს შეადგენს. არსებობს ორდოზიანი ვაქცინაც, რომელმაც 2019 წელს მიიღო ლიცენზია. ამ ეტაპზე ვაქცინები ფართოდ ხელმისაწვდომი არ არის და ჯერ არც მასობრივი ვაქცინაციის საჭიროებაა. იმის ალბათობა, რომ მასობრივი ვაქცინაცია გახდეს საჭირო, მინიმალურია.
- როგორ ვემზადებით ამ ვირუსისთვის და გვაქვს თუ არა პანიკის საფუძველი?
- "მაიმუნის ყვავილი" სულ სხვა ტიპის ვირუსია, ვიდრე "კოვიდ 19"-ის გამომწვევი ვირუსი, ის სტაბილურია და მუტაციას არ განიცდის იმ სიჩქარით, როგორც კორონავირუსი, გაცილებით ნელა ვრცელდება.
მსოფლიო სამეცნიერო საზოგადოება ამ ვირუსს იცნობს როგორც თერაპიულად, ისე ვაქცინაციის თვალსაზრისითაც. ცხადია, ყოველივე ეს არ ნიშნავს, რომ "მაიმუნის ყვავილი" არ არის საყურადღებო ინფექცია, თუმცა დანამდვილებით შეიძლება თქმა, რომ პანიკის საფუძველი, მით უმეტეს საქართველოში, არ არსებობს და არ უნდა ველოდოთ საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემისთვის იმ დონის პრობლემების შექმნას, რომ მკაცრი რეგულაციები გახდეს საჭირო.