"прощай немытая россия“
(დასასრული. დასაწყისი "კვირის პალიტრა" ##18-19-20)
დღიურის ამ ნაწილში გიამბობთ რუსებისა და ქართველების ურთიერთობაზე... რამდენ ხანს შეიძლება გასტანოს მათმა კეთილმა განწყობამ და მეგობრობამ, ამ წერილიდან შეიტყობთ.
ორი რუსეთი - მითი თუ რეალობა?!
იმ საშინელი ქმედებების ფონზე, რასაც რუსები უკრაინაში სჩადიან, კვლავ გაჩნდა მოსაზრება ორი რუსეთის შესახებ: ერთი - კულტურული, ინტელექტუალური, საღად მოაზროვნე და თავისუფლების მოყვარე, მეორე კი შოვინისტი, იმპერიალისტი, აგრესიული მასა. ბედის ირონიით, 6 წლის მანძილზე, ძირითადად, იმ ხალხთან მქონდა ურთიერთობა, რუსეთის მოსახლეობის 80%-ს რომ შეადგენს. ეს იყო ფენა, რომელსაც ბრმად და ფანატიკურად სჯერა იმ დეზინფორმაციის, რაც ტელევიზიებიდან უწყვეტ ნაკადად მოედინება. მათთვის პუტინი ღმერთის ტოლფასია და შემცვლელი არ ჰყავს. გავეცანი მეორე, შედარებით მცირე ნაწილსაც - მოაზროვნესა და პროფესიაში დაწინაურებულს. თავიდან მეც მეგონა, რომ ორი რუსეთი არსებობდა, მაგრამ დრომ და მათთან საუბრებმა დამარწმუნა, რომ ეს მითი უფრო იყო, ვიდრე რეალობა. ყველა რუსის ცნობიერებაში არსებობს ჩაფესვებული შოვინიზმი, იმპერიალიზმი, რომ მათ უკიდეგანო ქვეყანას არ გააჩნია საზღვრები... დღევანდელი გადასახედიდან რუს ხალხს კარგად და ცუდად ვეღარ ვყოფ. ჩემთვის არსებობს ორი კატეგორია: რუსი (რომელშიც ამ ერისთვის დამახასიათებელი ყველა უარყოფითი თვისებაა შეზავებული) და ადამიანი (რომელიც გულითადი, სამართლიანი და მოაზროვნეა).
„ჩვენში ყოველი მეორე სერიოჟასნაირია“...
"მწვანე კონცხში" მუშაობის დაწყებიდან რამდენიმე ხანში დირექტორმა ალიონამ შემომთავაზა, - სამსახურთან ახლოს მოგიძებნი ბინას, ბანკეტებიდან პროცენტი იმდენი გექნება, თავისუფლად გადაიხდი ქირასო. მენანებოდა დამეგობრებულ გოგოებთან დაშორება, მაგრამ იქ უკვე დაძაბული იყო ვითარება, თანაც, იმ ბინიდან კაფემდე მაინც მჭირდებოდა ტრანსპორტი, ამიტომ ალიონას წინადადებას დავთანხმდი. მეორე დღესვე მაჩვენეს რამდენიმე ვარიანტი. ავირჩიე ერთ-ერთი - კაფესთან ყველაზე "ახლოს" მდებარე ბინა. სულ 15 წუთი მჭირდებოდა სამსახურამდე ფეხით რომ მივსულიყავი. დირექტორის "გრაჟდანსკი" ქმარი და მისი ორი ძმაკაცი მაშინვე გამომყვნენ ბარგის გადმოსატანად და ხელი არაფერზე მომაკიდებინეს, ყველაფერი თვითონ აზიდეს მეოთხე სართულზე. მადლობის მეტი რა მეთქმოდა? ასე გადმოვინაცვლე ბუტოვოს შუაგულში. ოთხოთახიან ბინაში ყველა ოთახი ქირავდებოდა. მე მისაღები, ყველაზე დიდი ოთახი შემხვდა, ორი უკვე დაკავებული იყო, სადაც ჩეჩენი ბიჭები ცხოვრობდნენ ცოლ-შვილით. ბინის მეპატრონე, ნატაშა, იმავე სართულზე, ნაქირავებ ერთოთახიანში ცხოვრობდა. თავის ოთხოთახიანს აქირავებდა, ერთოთახიანს ქირაობდა და შემოსავალიც გვარიანად რჩებოდა. ბოლო ორი წელიწადი ამ ე.წ. კომუნალკაში მომიწია ცხოვრებამ. ოთახი კი კარგი იყო, მაგრამ მალე მივხვდი, რომ სიმშვიდეს უნდა დავმშვიდობებოდი. დილის საათებში, როცა ბანკეტი არ გვქონდა და გამოძინება მენატრებოდა, ეს შეუძლებელი გახლდათ ცელქი ბავშვების გამო. დედები სულ მებოდიშებოდნენ, მაგრამ რა ექნათ? რამდენიმეთვიანი ჟივილ-ხივილის მერე ეს ორი ოჯახი მოსკოვის გარეუბანში გადავიდა და სიწყნარემაც დაისადგურა. თუმცა, ცოტა ხანში ეს ორომტრიალი სანატრებელი გამიხდა... მალე ახალი მდგმურები გადმოვიდნენ: მარტოხელა გროზნოელი ასლანი და 30-ოდე წლის რუსი სერიოჟა პერმის ოლქიდან. აქედან დაიწყო ჩემი (და არა მარტო ჩემი) "დალხენილი ცხოვრება". სერიოჟა თითქოს იმისთვის იყო დაბადებული, რომ სხვებისთვის ევნო. მსგავსი უტიფარი და ნამუსგარეცხილი ადამიანი არ მენახა... მიუხედავად იმისა, რომ ბინის მეპატრონისგან გაფრთხილებული იყო, სისუფთავე და ჰიგიენა დაეცვა, ჩვენს ჯინაზე ტოვებდა ყველაფერს მიულაგებელს და ჭუჭყიანს. თავის გაქონილ ჭურჭელს ისე ჩაგვიყრიდა ნიჟარაში, თითქოს დანარჩენები მოვალე ვიყავით დაგვერეცხა. ცოტა ხანში მან ახალგაზრდა წყვილი მოიყვანა მდგმურებად. ისინიც სამუშაოდ იყვნენ ჩამოსულები რუსეთის სხვადასხვა ოლქიდან. ერთი კვირის მერე ეს წყვილიც აღარ მალავდა აღშფოთებას ამ თავხედი კაცის საქციელის გამო. ერთხელ, ყველამ მოვიწვიეთ დიასახლისი და ვაჩვენეთ სერიოჟას "საქმენი საგმირონი". ნატაშამ მკაცრად= გააფრთხილა ურჩი მდგმური, მაგრამ არავის არაფრად გვაგდებდა. ცოტა ხანში ახალგაზრდებმა დატოვეს იქაურობა, ამას ნერვებს ვერ ავაშლევინებთო. დავრჩით მე, ის გროზნოელი კაცი და სერიოჟა. მალე კვლავ ახალგაზრდა წყვილი შემოგვიერთდა და გამოთავისუფლებული ოთახი დაიქირავეს. ისინი ვლადიკავკაზიდან იყვნენ. კავკასიელებს სისხლში აქვთ ქალისადმი და უფროსისადმი მოწიწება. გროზნოელი ასლანიც და ეს ცოლ-ქმარიც პატივისცემით და რიდით იყვნენ ჩემ მიმართ. პერმელი სერიოჟასთვის კი არავინ არსებობდა დედამიწის ზურგზე, ვის მიმართაც შეიძლებოდა გამოეხატა თავაზიანობა. ღამით თავისნაირები მოჰყავდა და დილამდე ისმოდა მისი ოთახიდან გინება და უგემოვნო სიმღერები. მეზობლებმა ნატაშასთან იჩივლეს, შენი მდგმურები ძალიან ხმაურობენ და სიმშვიდეს გვირღვევენო. როგორც ყოველთვის, ვერ მოვითმინე და ნატაშას გაბრაზებით ვუთხარი: მრავლობითში ტყუილად გვახსენებენ, ვინც ხმაურობს და საზღვრებს გადადის, ეს თქვენი სერიოჟაა და სჯობს, ოთახი დაატოვებინო და სხვა მოიყვანო-მეთქი. იცით, რა მითხრა? ყოველთვის კავკასიელ მდგმურს ვერ ვშოულობ, შუააზიელი ქირას ვერ მიხდის, ჩვენში ყოველი მეორე სერიოჟასნაირია და მდგმურის გარეშე ხომ ვერ დავრჩებიო. თვითონ ნატაშა აღიარებდა, რომ რუსეთში ბევრი ასეთი სერიოჟა ცხოვრობდა... ერთ საღამოს უბნის მილიცია (პოლიციას შეგნებულად არ ვამბობ) დაგვადგა თავს. თურმე წინა ღამით მთვრალ სერიოჟას ორ თანმხლებ პირთან ერთად ქუჩაში მიმავალი ცოლ-ქმრისთვის ჩხუბი აუტეხავს. დაზარალებულებმა იჩივლეს და დებოშიორები განყოფილებაში წაიყვანეს. სხვისი ცუდი როგორ უნდა გესიამოვნოს, მაგრამ ბინაში დარჩენილ მდგმურებს, ყველას გაგვიხარდა სერიოჟას დაკავება. ჩვენი სიხარული დიდხანს არ გაგრძელებულა - სერიოჟას ჯარიმა გადაახდევინეს და სამ დღეში უკან დაგვიბრუნდა გამარჯვებული იერსახით. არ ვიცი, რამდენ ხანს გავუძლებდი ამ არსებას. ის სიმბოლო იყო რუსი ხალხისა და არაჩვეულებრივად წარმოაჩენდა რუსეთის მოსახლეობის უდიდეს ნაწილს. ერთხელ ისე გამოიყვანა მდგომარეობიდან ის გროზნოელი, ძლივს გავაგდებინეთ ხელიდან. ამის პასუხად კი ყველას ჯინაზე შუაღამისას მოიყვანა ადამიანის მსგავსი არსებები (2 მდედრი და 3 მამრი), ფეხზე რომ ძლივს იდგნენ და დილამდე არ შეწყვეტილა ღრიანცელი. ამით ყველას გვაგრძნობინა, რომ ჩვენ არაფერს წარმოვადგენდით და სანამ იქ ცხოვრობდა, იმას გააკეთებდა, რაც სურდა. გამომწვევად გვიყურებდა და ირონიულად გვიღიმოდა. მიკვირდა, რატომ არ აგდებდა დიასახლისი ამ უტიფარ კაცს, რომელსაც ვერავინ იტანდა. მოგვიანებით მითხრეს, რომ ნატაშას მისი ეშინოდა. თურმე, ერთხანს ნატაშას (მას მეუღლეც ჰყავდა და ორი შვილიც) "ურთიერთობა" ჰქონია სერიოჟას მეგობარ, 14 წლით უმცროს ბიჭთან, ამიტომაც ფრთხილობდა, რომ წყობიდან გამოსულ რუსს ნატაშას ქმართან არ მოეღო პირი.
არ ვიცი, ამ ყველაფრის მერე რანაირად უნდა მეცხოვრა ამ ჭაობში? იქაურმა ქართველებმა მირჩიეს, საცხოვრებელი შემეცვალა, ან ბიძაშვილთან დავბრუნებულიყავი, მაგრამ ის აზრი, რომ რაღაცის შეცვლა დროის თავიდან ათვლას ნიშნავდა, ვერა და ვერ ამოვიგდე თავიდან, ამიტომ გაძლებაზე ვიყავი და დღეებს ვითვლიდი.
"მოსკოვი დარჩა საბჭოეთის დედაქალაქად, თბილისი კი ნამდვილი ევროპული ქალაქია!“
ნოსტალგიას ცოტა ხნით მაინც მინელებდა საქართველოში რამდენიმედღიანი ვიზიტი. ექვსი წლის მანძილზე სულ სამჯერ მოვახერხე თბილისში ჩამოსვლა და ჩემების მონახულება. მესამედ, როცა ფეხებზე გირებდაკიდებულის შეგრძნებით კვლავ მოსკოვში ვბრუნდებოდი, თბილისის აეროპორტის მოსაცდელში ვიჯექი და კატეგორიულად ვფიქრობდი: ეს არის ჩემი ბოლო ჩასვლა მოსკოვში. დიდხანს აღარ გავჩერდები, რამდენიმე თვეში დავბრუნდები და მორჩა, რუსეთისკენ გამხედავიც აღარ ვარ! მოკლედ, ვზივარ მოღუშული, გულმოწურული. მართალია, ცრემლებს ვიკავებ, მაგრამ შიგნით იმხელა ემოცია მაქვს, ისე ვქვითინებ, პირი რომ გავაღო და ეს ხმა ამოვუშვა, ალბათ, მთელ აეროპორტს შევაზანზარებ. ცოტა ხანში მოსაცდელში ხმაურით შემოვიდა ორი რუსი ქალი და ჩემ წინ დაჯდა. ქართული ღვინოები ეყიდათ, ორ-ორი ბოთლი, ცოტა გადაკრულშიც იყვნენ და მხიარულად იხსენებდნენ საქართველოში გატარებულ დღეებს. ნეტავი თქვენ, რომ შეგიძლიათ სიცილი და მხიარულება, ვფიქრობ ჩემთვის. უცებ ამ ორიდან ერთ-ერთი მეკითხება:
- არ გინდათ ხომ მოსკოვში დაბრუნება? შემატყო, რომ მინორში ვიყავი.
- დიახ, არ მინდა! ვპასუხობ და ვცდილობ, საუბარი აღარ გავაგრძელო. სანამ საქართველოში ვარ, აქ მაინც აღარ გავიგონო რუსული ლაპარაკი. ის კი არ მეშვება...
- მესმის თქვენი. მოსკოვი საბჭოეთის დედაქალაქად დარჩა, მძიმე და ნაცრისფერია. აი, თბილისი კი ნამდვილი ევროპული ქალაქია, თბილი, ხალისიანი და ფერადი.
ამის თქმა რად მინდოდა? ჩემზე კარგად ვინ იცოდა, რა იყო მოსკოვი. უპრიანი იქნებოდა პასუხად დამებრუნება ცნობილი ფრაზა ფილმიდან "ივან ვასილის ძე იცვლის პროფესიას": "отстань старуха я в печали", მაგრამ ხმა გამიწყდა მღელვარებისგან. ორი რუსისგან გაჟღერებულმა ობიექტურმა შეფასებამ ისედაც დამძიმებული გული კიდევ უფრო დამიმძიმა.
ქართველი მიშა და ბანკეტი "სულიკოსთან“
ბევრჯერ აღვნიშნე, რომ დირექტორს ხშირად აკითხავდნენ მეგობრები, მათ შორის იყო ქართველი მიშა, რომელთან ურთიერთობით ალიონა და მთელი მისი ოჯახი ამაყობდა. როცა კაფეში დავიწყე მუშაობა, მაშინვე დიდის ამბით გამაცნეს, - ეს არის ჩვენი ძმა და საუკეთესო მეგობარიო. ყველანი ქართულად ეძახდნენ "მიშიკოს" ან "მიხოს". ეტყობა, ამ კაცისგან ძალიან დავალებული იყვნენ, რადგან როგორც კი მოვიდოდა, მაშინვე დაფაცურდებოდნენ და აღარ იცოდნენ, რით ესიამოვნებინათ. მოგვიანებით ალიონამ მითხრა, რომ ბევრჯერ, როცა ფინანსურად გაუჭირდა, მიშამ გაუმართა ხელი და სოლიდური თანხა ასესხა განუსაზღვრელი დროით. მიშა ქართველისთვის დამახასიათებელი ხელგაშლილობით, კაფეში მოყვანილ სტუმრებს ბარაქიან სუფრებს უშლიდა და ალიონასაც კარგად უტოვებდა "ჩაის". ბევრი ქართველის მსგავსად (როგორც საბჭოეთის დროს იყო) მიშაც "ბოგატი გრუზინსკი პარენის" სახელით იყო მონათლული.
ერთხელ მიშამ რუსეთში მოღვაწე რამდენიმე ქართველი მომღერალი დაპატიჟა "მწვანე კონცხში". დირექტორი ღელავდა, ძალიან უნდოდა გამოეჩინა თავი. სულ ქართული კერძები დამიკვეთეს... იმ დღეს მიშამ კაფე დააკეტინა და როცა სუფრა გაიშალა, თავად მიშა შემოვიდა სამზარეულოში, მთხოვა, გავსულიყავი დარბაზში და გამეცნო მისი მეგობრები. ხათრი ვერ გავუტეხე, გამოვიცვალე სამუშაო ფორმა და გავედი. რვა კაცი იყო. ემოციებით შემხვდნენ და ღიმილით მითხრეს: ამ კაფეს თქვენს მოსვლამდე არ ღირსებია ასეთი გემრიელი კერძებიო. სტუმრებს რომ გადავხედე, რამდენიმე მაშინვე ამოვიცანი: მოსკოვში მოღვაწე ქართული ანსამბლის "სულიკოს" წევრები იყვნენ. ორი წლის წინ, "მიმინოში" რომ ვმუშაობდი, იქ დამეგობრებულმა მზარეულმა, ქეთი კბილაშვილმა გამაცნო "სულიკოს" ერთ-ერთი წევრი ჯეირან გაგოშიძე, მრავალი სიმღერის ავტორი და შემსრულებელი. ქეთიც და ჯეირანიც ბაღდათიდან იყვნენ და ბავშვობიდან იცნობდნენ ერთმანეთს. მაშინ ჯეირანმა იმ რესტორანში დაგვპატიჟა მე და ქეთი, სადაც მღეროდა და ინტერვიუც იქ ჩავწერე. ანსამბლი ხშირად დაჰყვებოდა თამარ გვერდწითელს კონცერტებზე. ჯეირანმა, ანსამბლის დაარსებიდან მოყოლებული და რუსეთში მოღვაწეობით დამთავრებული, ბევრი საინტერესო ეპიზოდი მიამბო. მასალა კარგი გამოვიდა და ჟურნალ "გზაში" დაიბეჭდა (სხვათა შორის, ნეგლინკის ერთ-ერთ ფილიალში მუშაობისას, პრეაბრაჟენსკაიას რაიონში, ზურა დოიჯაშვილიც ჩავწერე. ეს ინტერვიუც "გზაში" გამოქვეყნდა). იმ დღეს, "მწვანე კონცხში" სტუმრობისას ჯეირანი არ იყო, საქართველოში გახლდათ, დანარჩენებს კი პირადად არა, მაგრამ ჯეირანისგან ვიცნობდი... ჰოდა, ვზივარ ამ "სულიკოს" წევრებთან ერთად (ლევან ძაგნიძე, კობა გიორგაძე, ვეფხო კუტივაძე, ზაზა ხინიკაძე) და ვხედავ ერთ-ერთს ხელში უჭირავს "გზის" სწორედ ის ნომერი, სადაც ჩემი მასალაა დაბეჭდილი. თვალები გამიფართოვდა. სულ არ ველოდი, რომ ორი წლის წინანდელ ჟურნალს ვნახავდი. ლევან ძაგნიძე მიშას, ალიონას და სუფრის წევრებს აწვდის ჟურნალს და ეუბნება: აქ ჩვენს ანსამბლზე წერია, ახლახან გამომიგზავნეს და წამოვიღე, რომ მიშასთვის და დანარჩენებისთვის მეჩვენებინაო. გული ლამის ამომიხტა საგულედან. ზუსტად ის ემოცია განმეორდა, როგორც ნეგლინკაზე, სრულიად უცნობმა ქუთაისელმა ქალმა "კვირის პალიტრის" ჟურნალისტ მარინაზე რომ დამიწყო ლაპარაკი... ხელიდან ხელში გადასულმა ჟურნალმა ჩემამდეც მოაღწია. ერთ-ერთმა მომღერალმა, ვეფხო კუტივაძემ, ახსნა-განმარტება მოაყოლა: ინტერვიუ ჩვენმა მეგობარმა ჯეირანმა მისცა, საინტერესო ამბები წერია ჩვენზეო. თვალი თვალში გავუყარე და ღიმილით ვუთხარი, ვიცი ეს წერილი, წაკითხული მაქვს-მეთქი. ვახ, საიდანო? - მე ვარ ის ჟურნალისტი, რომელმაც ეს მასალა მოამზადა-თქო. გაოცებული მომაჩერდა. მერე დაიხარა და ხელზე მეამბორა... შევატყვე, სუფრის თითოეული წევრი გაკვირვებული მიყურებდა... მერე იყო ამღერებული "სულიკო", სადღეგრძელოები და ჩემი ცრემლები...
მიშასთან დაკავშირებით კიდევ ერთი ეპიზოდი მინდა გავიხსენო. სწორედ ამის მერე დაიძაბა ალიონასა და მიშას შორის ურთიერთობა და დასრულდა იმით, რომ ქართველმა მეგობარმა სამუდამოდ ამოიკვეთა ფეხი "მწვანე კონცხში". ერთხელ მიშამ ბათუმელი მეგობრები გამოგვიგზავნა და ალიონას დაურეკა: ფული არ გამოართვა, მოგვიანებით მე გადაგიხდიო. მიშას სიტყვას როგორ გადავიდოდა დირექტორი, ისე მოიქცა, როგორც უთხრა. რამდენიმე დღის შემდეგ ისევ მოვიდნენ ქართველები. კვლავ იგივე გაფრთხილება მისცა მიშამ... სტუმრებმა დიდი შეკვეთა მოგვცეს, ალიონამ კი ცდუნებას ვერ გაუძლო და თანხა გამოართვა, ჩემთან კი დაიწუწუნა: წინა სუფრის ფული ჯერ არ მოუტანია მიშას და ამისას როდის მომიტანს, ღმერთმა იცის, ამიტომ თანხა გადავახდევინეო. გულმა მიგრძნო, ეს ამბავი კარგად არ დამთავრდებოდა. ასეც მოხდა. ორ დღეში გაცოფებული მოვარდა მიშა. სამზარეულოშიც ისმოდა მისი აღელვებული ხმა: ფული როგორ გამოართვი ჩემს სტუმრებს, როდის ყოფილა, სიტყვა არ შემისრულებია, შენ და ოლეგი ბათუმში რომ ისვენებდით, სწორედ ამ ბიჭების ნათესავებმა გიმასპინძლეს და შემოგატარეს ბათუმიც, გონიოც და სარფიც. რესტორანში ერთი ლარიც არ დაგიხარჯავთ, ქართველები გმასპინძლობდნენ. ხომ არ მითქვამს, უსასყიდლოდ გაგეშალა სუფრა, ჩემს თავზე ვიღებდი ხარჯებს, ეგ როგორ გააკეთეო?! მესმოდა ალიონას კნავილიც: სალაროში არ მქონდა ფული და რა მექნაო, მაგრამ მიშას არაფრის გაგონება არ უნდოდა. მერე ჩემთან მოვიდა, დამემშვიდობა და მითხრა: ამათ ჯიშს რაც არ უნდა გაუკეთო, მაშინვე დაივიწყებენ, ამათი უნამუსო დედა ვატირე! იცოდე, რაც გეკუთვნის, მაქსიმალურად მოითხოვეო... წასვლის წინ თავისი ტელეფონის ნომერი მომცა და მითხრა, თუ რამე გაგიჭირდა, დამირეკე, არ მოგერიდოსო. იმ დღის მერე მიშა აღარ მინახავს.
აზროვნება რუსულად
საღამოს საათებში, როცა კაფე ხალხით გაივსებოდა და შეკვეთებიც ცოტა შენელდებოდა, ძალაგამოცლილი სკამზე მივესვენებოდი ხოლმე. ოლეგი ხშირად შემოდიოდა სამზარეულოში. აქ შემოსვლა უცხო პირებისთვის არ იყო ნებადართული, მაგრამ ოლეგ მიშლიაევი უცხოდ სულაც არ გრძნობდა თავს. ის და ალიონა სულ რაღაც ოთხი წლის წინ დაუკავშირდნენ ერთმანეთს. ოლეგი ალიონასთვის რიგით მეხუთე "გრაჟდანსკი" ქმარი იყო, ალიონა ოლეგისთვის - მესამე ცოლი. რაც მართალია, მართალია, ქალს სარესტორნო ბიზნესში ეხმარებოდა, მაგრამ ამის სანაცვლოდ სასმელს არ იკლებდა და სულ "რიუმოჩკა ვოდკით" ხელში დადიოდა. ერთხელაც ხმაურს გამოერიდა და სამზარეულოში ჩამოგვიჯდა. მე და "კაზაჩკა" ლენა დაღლილები ვისხედით და მაცივარზე შემოდგმულ ტელევიზორს ვუყურებდით. სერიალი "მიშკა იაპონჩიკის თავგადასავალი" გადიოდა. ეს ფილმი ბევრჯერ მქონდა ნანახი, ძალიან მომწონდა და ვინ იცის უკვე მერამდენედ, კვლავ სიამოვნებით ვუყურებდი. ოლეგი მთვრალი იყო. უბოდიშოდ გადაგვირთო სოლოვიოვის გადაცემაზე და ინტერესით მიაჩერდა ამ დემაგოგს. რუსეთის საინფორმაციოებს დიდი ხანია აღარ ვუყურებდი, დეზინფორმაციის გარდა, ვერაფერს მოვისმენდი და რაზე მეშალა ნერვები? სოლოვიოვის ხმა საშინლად მაღიზიანებდა და როგორც ეკლები, პირდაპირ გულზე მესობოდა. დებატების თემა დონეცკში წამოწყებული ომი გახლდათ. უცებ ოლეგი მომიტრიალდა:
- ჩემი ნება რომ იყოს, მიუხედავად იმისა, დედით უკრაინელი ვარ, იმ ფაშისტ ბენდერებს იცი, რას ვუზამდი? მითხრა და დაელმებული თვალებით მომაშტერდა.
- რას უზამდი? ხმა გამეყინა, მივხვდი, რომ უსიამოვნო საუბარს ვერ ავცდებოდი.
- რას და, ავტომატით დავცხრილავდი, ხელიც არ ამიკანკალდებოდა! თქვა და არყის ბოთლს წაატანა ხელი, რომ "რიუმკაში" ჩამოესხა. უცებ დამძიმდა ჰაერი, სუნთქვა გამიჭირდა. გარეთ გამოვედი. ვიფიქრე, ცოტა ხანი იბოდიალებს და გავა დარბაზში-თქო... არადა, თავიდან, როცა გავიცანი, კულტურულ ადამიანად წარმოჩინდა, ლიტერატურის ცოდნასაც ამჟღავნებდა და საქართველოზეც ბევრი რამ იცოდა. სულ ქართველების და ჩვენი ტრადიციების ქებაში იყო. ჩემთვის, ჩრდილოეთში გადახვეწილისთვის, რომლის ფიქრებიც სულ საქართველოს დასტრიალებდა, ძალიან სასიამოვნო იყო რუსი კაცისგან ჩემი სამშობლოს ხოტბა-დიდება. ის სამხედრო პირი იყო, უკვე გადამდგარი ლეიტენანტი, არსად არ მუშაობდა და ალიონას კისერზე იჯდა. მართალია, ცოლს ბევრ რამეში ეხმარებოდა, მაგრამ ქალი მაინც "ნახლებნიკს" ეძახდა. ეს კი ძალიან აღიზიანებდა მიშლიაევს. ერთხელ, ოლეგმა ჩემთან დაიჩივლა: ეჰ, ქართველი უნდა მომეყვანა ცოლად, ქართველი ქალი ქმარს პატივს სცემს, მუშაობას არ აძალებს და ანებივრებსო... ბატონო? - ცალი წარბი ავუწიე ღიმილით - თქვენ გგონიათ, საქართველოში კაცი ფეხი-ფეხზე გადადებული ზის, ქალი კი მუხლჩაუხრელი შრომობს? (ასეთი სურათი ჩვენში სულაც არ არის უცხო, მაგრამ რუსმა რომ ეს კანონზომიერად ჩამითვალა, ეგ ვიუკადრისე). ოლეგს გაეღიმა და პასუხი აღარ გამცა.
ერთხელ ალიონამ ერთი სტუმარი კაცი წარმიდგინა და ხაზგასმით აღნიშნა, - ვლადიმირ პეტროვიჩი ცნობილი გინეკოლოგია, რუსულ ელიტაში მიღებული და პატივცემულიო. რამდენიმე საათის შემდეგ, დარბაზში ხმაური ატყდა, გავიჭყიტე და რას ვხედავ: ელიტაში მიღებული და ცნობილი“გინეკოლოგი იატაკზე ფორთხავს, ისეთი მთვრალია. ალიონამ ასე ახსნა მისი მდგომარეობა: დატვირთული გრაფიკით ცხოვრობს, ცდილობს, კვირაში ერთხელ მაინც განიტვირთოსო. თურმე იატაკზე გორაობას განტვირთვას ეძახიან რუსები.
დავუბრუნდები ისევ სამზარეულოს ეპიზოდს. იმ საღამოს, მიშლიაევს ლაპარაკის საღერღელი ჰქონდა აშლილი და მაინც და მაინც ჩემთან სურდა პოლიტიკაზე საუბარი. იქვე ჩამომიჯდა და დაიწყო:
- საბჭოთა კავშირის დაშლა დიდი შეცდომა იყო და ამას დღეს ბევრი აღიარებს, მათ შორის ქართველები. აბა, რა სჯობდა, როცა ყოველგვარი მიწვევ-მოწვევის გარეშე მივდიოდით იქ, სადაც გვინდოდა და დროს ვატარებდით, როგორც გვსურდა. თანაც, კაპიკები იხარჯებოდა. აი, თქვენ, ქართველებს, რა დამოუკიდებლობა მოგინდათ? ყველაზე კარგად თქვენ ცხოვრობდით რესპუბლიკებს შორის და აქაც, ყველაზე ფულიანი ვინც ჩამოდიოდა, ქართველი იყო. რა გინდოდათ, მარინოჩკა, ამიხსენი, გთხოვ!
- რამდენიც უნდა გელაპარაკოთ, როცა ასე მსჯელობთ, აზრი არ აქვს იმის ახსნას, რას ნიშნავს თავისუფლება და დამოუკიდებლობა! ვუთხარი და ტელეეკრანიდან პულტით ეგრევე გავაქრე სოლოვიოვი. ოლეგი არ მოელოდა ამგვარ პასუხს, ცოტა შეცბა, უკან არ დაიხია:
- ძველ თაობას არა, მაგრამ როცა ბათუმში სტუმრად ვიყავი, ახალგაზრდებს შევატყვე, რომ რუსეთთან ურთიერთობა არ უნდათ, არც რუსული იციან, რატომ ხდება ეს, მითხარი!
ღმერთო ჩემო, თურმე რა ადვილად შეიძლება მიიღოს ადამიანმა ინსულტი... ვიგრძენი, რომ თავი გამიხურდა და ხმა ამიკანკალდა, მაგრამ ძალები მოვიკრიბე და პასუხი გავეცი:
- ცდებით, ოლეგ! მარტო ახალგაზრდებს კი არა, ძველი თაობის 80%-საც არ უნდა რუსეთთან ურთიერთობა. მე რომ აქ ვარ, არ ნიშნავს, რომ ისევ საბჭოთა კავშირი მენატრება ან თქვენთან ერთად მინდა ცხოვრება. ნუთუ არ შეიძლება ცივილურად ვიყოთ, ბოლოს და ბოლოს, მეზობლები ვართ. ჩემი ქვეყანა იმსახურებს იყოს თავისუფალი და თქვენგან დამოუკიდებელი. ახალგაზრდებმა კი იმიტომ არ იციან რუსული, რომ დიდი ხანია ევროატლანტიკური მიმართულება გვაქვს და ძირითადად, ინგლისურს, გერმანულს, ფრანგულს და ესპანურს ეუფლებიან. რუსულის ცოდნა კარგია, ნათქვამია, რამდენი ენაც იცი, იმდენი ადამიანო ხარო, მაგრამ ჩვენში რომ ყოველივე რუსულთან ასეთი დამოკიდებულებაა, თქვენი ბრალია. როგორ უნდა გვინდოდეს თქვენთან ყოფნა, როცა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, 90-იანი წლებიდან სულ გვეომებით, გვბომბავთ და ტერიტორიებს გვართმევთ. იცით, რომ საქართველოს 20% რუსეთს ოკუპირებული აქვს?.. ვატყობ, რომ მთვრალი მიშლიაევი თანდათან ფხიზლდება, მაგრამ ისეც არა, რომ უკან დაიხიოს. ისეთ აბსურდულს მეუბნება, რომ ძნელია თავი მოვთოკო.
- რას ერჩოდით საწყალ ოსებს, რატომ დაბომბეთ 2008-ში ჩაძინებული ცხინვალი და მშვიდობიანი მოსახლეობა? იქ ხომ რუსებიც ცხოვრობენ. ჩვენი ხელისუფლება კი ყოველთვის დაიცავს თავის მოქალაქეებს. სიტყვა-სიტყვით იმეორებს პუტინ-ლავროვის და მთელი დუმის დემაგოგიას... მოდი და შეიკავე თავი. ახლაც მიკვირს, უკიდეგანო პროტესტი ხმამაღალ ნოტებში რომ არ გამოვხატე, მაგრამ მე ხომ მადონიე არ ვიყავი, ჩემი ქცევებით ხომ საქართველოს და ჩემს ერს წარმოვადგენდი?! მოგვიანებით მოლდოველმა ოქსანამ მითხრა, ფერი არ გედო სახეზეო. დიდი ძალისხმევა დამჭირდა, რომ„მშვიდად დამებრუნებინა პასუხი:
- ეს ზღაპრები ციმბირში წაუკითხეთ პატარებს, მოზრდილებსაც. თქვენ გარდა, არავის სჯერა ამ დეზინფორმაციის, თქვენი ტყუილებით უკან ჩამოიტოვეთ ყველაზე დიდი ცრუპენტელა ლიტერატურული გმირებიც კი. რუსულ გაზეთებში, პირველ გვერდზე რომ გამოფინეთ მიწაზე წაქცეული გასისხლიანებული ხანდაზმული ქალი და დააწერეთ: "ქართველებისგან დაბომბილ ცხინვალში დაჭრილი ოსი ქალი", ან კიდევ გორში ჩამოგდებული ჭურვით გარდაცვლილი ახალგაზრდა კაცის ფოტო რომ გამოამზეურეთ, რომელსაც ძმა დასტირის და ესენიც ოსებად წარმოაჩინეთ, მინდა გითხრათ, რომ ეს იყო თქვენთვის დამახასიათებელი პოლიტიკური აფიორა და ორივე ფოტო ქართველი ჟურნალისტების გადაღებულია თქვენგან დაბომბილ გორში.
ოლეგს ჯერ თვალების ხამხამი აუტყდა, მერე თავის ქიცინი დაიწყო... ამ უსიამოვნო საუბარს ალიონას ძმა შეესწრო. თავის დას უთხრა, მალე სამზარეულოში თოფი გავარდებაო, ისიც შეშფოთებული შემოვარდა, ვინ აბრაზებს ჩემს მარინოჩკასო... იმდენად მიუღებელი იყო ოლეგის ეს მოსაზრებები (არადა, ყოველი მეორე ასე ფიქრობს რუსეთში), ცოტა ხნით აშკარად მჭირდებოდა განტვირთვა და ალიონას ორი დღით დავეთხოვე. ამ ეპიზოდზე ჩემს მეგობრებს რომ ვუამბე, მითხრეს: შენ "პოვარი" კი არა, "პარტიზანი ხარ მტრის ზურგშიო".
ნიღბით და უნიღბოდ
უნდა მცოდნოდა, რომ ამდენი ნერვიულობა, ფიზიკური დატვირთვა და უძილო ღამეები, ადრე თუ გვიან, თავის კვალს დატოვებდა. ბანკეტები, ქელეხები, იუბილეები ერთმანეთს მიეწყო და საშინლად გადავიღალე. ცხოვრებაში არასოდეს არ დამდენია ცხვირიდან სისხლი, ბავშვობაშიც კი...ჩემდა გასაკვირად, ერთ საღამოს, შეკვეთა-შეკვეთაზე რომ შემომივიდა და გაქაფული ვმუშაობდი, უნებურად სისხლი წამსკდა ცხვირიდან. კარგა ხანს ვერ შევიჩერე. შემდეგ დღეებშიც განმეორდა სისხლდენა. ერთხელ კი არა, დღეში სამჯერ მაინც წამსკდებოდა და მომარაგებული მქონდა ტამპონები და ყინულის კუბიკები. ასე გაგრძელდა ერთი კვირა. მეშვიდე დღეს, გავიღვიძე თუ არა, კვლავ წამომივიდა სისხლი და მივხვდი, ამას ტამპონები კი არა, ექიმი სჭირდებოდა. გზად დიდი პოლიკლინიკა იყო. როგორც დროებით მცხოვრებს, სამედიცინო პოლისიც მქონდა და პირადი ექიმიც მყავდა. ექიმი მოსკოველი სომეხი გახლდათ, რომელიც მიუხედავად რუსეთში ხანგრძლივი ცხოვრებისა, სასწაული სომხური აქცენტით ლაპარაკობდა. წნევა რომ გამიზომა, შევატყვე, ძალიან შეშფოთდა და კაბინეტიდანვე გასძახა გვერდით ოთახში ექთანს, - ტანია, სასწრაფოდ პაპავერინი და დიბაზოლის ამპულები შემომიტანეო. რა ხდება, ვკვდები? - ვცადე გახუმრება. ღმერთს ჰყვარებიხართ, რომ ცხვირიდან წაგსკდათ სისხლი და თავში არ ჩაგექცათ, ასეთი მაღალი წნევა ნაადრევია თქვენთვისო... ამის თქმა და ორი ნემსი დამარჭო. თურმე წნევა 230-120-ზე მქონდა. ასეთ წნევაზე ადამიანებს ინსულტი ემართებათ. მართალია, ინსულტს გადავურჩი, მაგრამ ჰიპერტონიული კრიზი დამიდასტურდა. მოკლედ, სასწაულებრივად გადავრჩი. ექიმმა 5 დასახელების წამალი გამომიწერა და მითხრა: ორი კვირა სიმშვიდე და წოლითი რეჟიმი გესაჭიროებათ. მერე კი საქართველოში, თქვენს რომელიმე კურორტზე ერთი თვე მაინც დაისვენეთო...როცა ალიონას ექიმის დანიშნულება გადავეცი, ხელები გაასავსავა: რას ამბობ, წინ ამდენი ბანკეტი გვაქვს, შენი ავადმყოფობა და წოლა როგორ შეიძლებაო... ოღონდაც მას ხელი არ შეშლოდა და თუნდაც კუბოდან გამემზადებინა შეკვეთა, სულ არ ანაღვლებდა. მთელი თვის განმავლობაში, თითქმის დღეგამოშვებით ხან ბანკეტი, ხან იუბილე, ხან ქელეხები გვქონდა. ახლაც მიკვირს, როგორ ვიმუშავე ასეთ რეჟიმში. გავიდა კიდევ ერთი თვე, დადგა ზაფხული, ე.წ„მკვდარი სეზონი და შეკვეთებმაც იკლო. ერთ მშვენიერ დღეს კი დირექტორმა ტრაგიკული სახით გამოგვიცხადა, რომ იძულებული იყო, ხელფასები გაენახევრებინა. ორჯერ მქონდა შემოთავაზება ქართული რესტორნებიდან, შემეძლო გაცილებით მაღალ ანაზღაურებაზე მემუშავა. წასვლა რომ დავაპირე, სასოწარკვეთილმა ალიონამ ლამის ტირილი დაიწყო. სწორედ მაშინ იყო, რომ პროცენტებზე შევთანხმდით და დავრჩი. მიუხედავად იმისა, რომ ის მისია, რისთვისაც მოსკოვში წავედი, ბოლომდე ვერ შევასრულე, უკვე მტკიცედ მქონდა გადაწყვეტილი საქართველოში დაბრუნება. სულ რაღაც ორი თვე მჭირდებოდა, რომ მცირეოდენი თანხისთვის მომეყარა თავი და ერთი მიმართულების ბილეთი: მოსკოვი-თბილისი მეყიდა. ალიონა კი მაინცდამაინც ახლა მინახევრებდა ისედაც მცირე ხელფასს. საშინლად გავბრაზდი. ეს იყო პირწმინდად რუსული საქციელი: სანამ ვჭირდებოდი, მაქსიმალურად გამომწურა და ენერგიის ნატამალი არ დამიტოვა, ხოლო როცა ბანკეტები გამოელია, მაშინვე სათავისო გადაწყვეტილება მიიღო. ახალგაცნობილი ალიონა ნიღბიანი აღმოჩნდა, წლების მერე კი ნიღაბი მოიხსნა და წარდგა ისეთი, როგორიც სინამდვილეში იყო: რუსული ხასიათითა და მენტალობით... სხვა სამსახური აღარც მიძებნია. მივყევი დინებას და კალენდარზე თითოეულ დაღამებულ დღეს გამალებით ვხაზავდი...
P.S. ხომ არიან ადამიანები, დილით ან ღამით ენერგიულები, აქედან გამომდინარე არსებობს ადამიანთა ორი ჯგუფი: ტოროლები და ბუები. ახლა, ამ გადასახედიდან, როცა ამდენი რამ გამოვიარე ცრემლებითა და გაუნელებელი სევდით, გულწრფელად ვამბობ, რომ მე ვარ ადამიანი-ბეღურა...დიახ, ბეღურა, რომელიც თბილ ქვეყნებში არ (ვერ) მიფრინავს და ზამთარში ადგილზე რჩება. არიან ისეთებიც, მშვენივრად რომ ადაპტირდებიან უცხო მიწაზე და სამშობლოზე დარდი დიდად არ აწუხებთ. მე კი, არათუ რუსეთში, ყველაზე აწყობილ ქვეყანაშიც ვერ გავძლებდი დიდხანს... რატომ? იმიტომ რომ ბეღურა აღმოვჩნდი და აქ, არცთუ დალხენილ სამშობლოში, ახლობლებთან ყოფნა ყველაზე დიდი ბედნიერება ყოფილა ჩემთვის.
2018 წლის აგვისტოს ბოლოს დავბრუნდი. "ვნუკოვოს" აეროპორტის შოსედან თვითმფრინავმა რომ ზემოთ აიწია და მოსკოვს გადმოვხედე, უნებურად ლერმონტოვის ცნობილი ლექსი ამომიტივტივდა:
„Прощай немытая Россия,
Страна рабов, страна господ,
И вы, мундиры голубые,
И ты, им преданный народ!“