დაქარგული სილამაზე - გაიცანით ემიგრანტი ქალი, რომელიც ისე ქარგავს, ნახატისგან ვერ გაარჩევ - კვირის პალიტრა

დაქარგული სილამაზე - გაიცანით ემიგრანტი ქალი, რომელიც ისე ქარგავს, ნახატისგან ვერ გაარჩევ

"ხალხო, რაც უნდა დაუჯერებლად ჟღერდეს, ეს ნაქარგია!" - ასეთი გამოხმაურება მოჰყვა სოციალურ ქსელში ქრისტინე ლონგიშვილის ამოქარგულ თუშეთის სოფელ ქუმელაურთას.

ქრისტინე ლონგიშვილი ამჯერად საზღვარგარეთ არის. ის თავის შემოქმედებაზე იტალიიდან გვესაუბრა.

- ზემო და ქვემო ალვანი ორი ულამაზესი სოფელია საქართველოში, რომლებიც მეოცე საუკუნის 20-იან წლებში ჩვენივე თანასოფლელმა, უცხოეთში განათლებამიღებულმა დავით აბაშიძემ დააგეგმარა. სწორედ ულამაზეს ზემო ალვანში დავიბადე და გავიზარდე, ასე რომ, სილამაზის შეგრძნება, როგორც ბევრ თუშს, მეც თან დამყვა.

მამაჩემი იოსებ ლონგიშვილი პოეტი იყო - "რა ლამაზია თუშეთი" და "შატილის ასულო" მისია, მამიდა ნატო ლონგიშვილი კი - განთქმული მეგარმონე და ამიტომაც მთელი ჩვენი ოჯახი პოეზიის, ხელოვნების სიყვარულით ვცხოვრობდით. მამა ხშირად მიწერდა ლექსებს. მიყვარდა მხატვრული კითხვა და ბავშვობიდან მეც სულ სცენაზე ვიდექი. ქსოვა პატარამ დავიწყე. ჯერ, რა თქმა უნდა, თუშური წინდების, შემდეგ კი - სხვადასხვა რამის. შემდეგ იყო ყაისნაღით გატაცება. იმ დროს მოდურიც იყო ეს საქმე.

1980 წელს დავამთავრე ზემო ალვანის საშუალო სკოლა (დღეს ზემო ალვანის პირველი საჯარო სკოლა). პროფესით გეოგრაფი ვარ და ეს ჩემი გეოგრაფიის მასწავლებლის, მარო აზიკურის დამსახურებაა. მან შემაყვარა საგანიც და პროფესიაც. 28 წელი ვიმუშავე სკოლაში პედაგოგად. ძალიან მიყვარდა ჩემი საქმე - სკოლა, ბავშვები...

naqargi2-1653832387.jpg

- დღეს ემიგრაციაში ხართ...

- დიახ. ერთხელაც დადგა ძალიან რთული პერიოდი ჩემს ცხოვრებაში: ეკონომიური მდგომარეობის გამო უნდა დამეტოვებინა სკოლა და სამშობლო. მწარედ მახსენდება 2012 წლის 12 ივლისი, ემიგრაციაში წასვლის დღე. მერე იყო მძიმე დღეები, თვეები... ვერ ვეგუებოდი უცხო ქვეყნის ცას, გაძლება მიჭირდა, ამიტომ გადავწყვიტე, რაღაცით მეშველა ჩემი თავისთვის. ერთხელაც ჟურნალ-გაზეთების ჯიხურში თვალი მოვკარი საქარგავ კომპლექტს, დავინტერესდი და მას მერე საქარგავი ნემსი აღარ დამიდვია. ვქარგავდი ჩემთვის და შეკვეთით. მერე იყო სხვადასხვა ტექნიკით სამკაულის შექმნა. ბევრი მინდოდა მესწავლა და მეკეთებინა.

მერე გამიჩნდა შეგრძნება, რომ დავიკარგე და მორჩა, ყველას დავავიწყდი. მოვიფიქრე, თუშეთში იქაურებისა და ტურისტებისთვის გამეკეთებინა სამახსოვრო საკიდები და ეს გამომივიდა. უკვე მესამე წელია, ვიღებ შეკვეთებს და ვგზავნი თუშეთის სასტუმროებში. მანამდე მოვქარგე დართლო და სასტუმრო "სამციხე" მეგობრისთვის. ვქარგავ მხოლოდ იმას, რაც მიყვარს, რითაც ვსულდგმულობ, არ ვქარგავ ათასჯერ მოქარგულს! თუშეთის თემა მუდმივად თან დამდევს და, ალბათ, ვერც მოვეშვები.

- სოციალურ ქსელში ყველა გააოგნა­ თქვენმა ამოქარგულმა სოფელმა ქუმელაურთამ...

- ნაქარგი "ქუმელაურთა" ერთი თუში ემიგრანტი ქალის შეკვეთაა. ის სოფელ ქუმელაურთიდანაა. ფოტო გამომიგზავნა და ამის მიხედვით შეიქმნა ნაქარგიც, თუმცა თავიდანვე ვუთხარი, რომ დასრულებამდე დიდი მოთმინება დასჭირდებოდა. ამ ნაქარგმა მართლაც დიდი მოწონება დაიმსახურა. მერე კიდევ მივიღე შეკვეთები ისევ თუშეთის სოფლებისა და იქაური სილამაზის მოსაქარგავად და თვეების შემდეგ კვლავ გაჩვენებთ ახალ ნაშრომს.

- გამოფენებში არ მონაწილეობთ...

- ცოტა ხნის წინ ამერიკაში, ფლორიდაში მიმიწვიეს, სადაც გამოფენა "ქართული კულტურის პოპულარიზაცია" დაიგეგმა. სამწუხაროდ, წასვლა ვერ შევძელი.

რა თქმა უნდა, როგორც ყველა შემოქმედს, მეც მინდა გამოფენის მოწყობა საქართველოში, მაგრამ შევძლებ თუ არა, მომავალი გვაჩვენებს...

- თქვენი ოჯახიც გაგვაცანით...

- მყავს მეუღლე და ორი შვილი. ჩემი შვილი - ირაკლი ჯამარიშვილი თუშეთის დაცული ლანდშაფტის არქიტექტორ-კოორდინატორია.