ჰამლეტის ვარსკვლავი - კვირის პალიტრა

ჰამლეტის ვარსკვლავი

საქართველოს ბულბულად წოდებული ჰამლეტ გონაშვილის მემორიალური მუზეუმი არ არსებობს. მის მშობლიურ სოფელში, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ანაგაში, გონაშვილების სახლი გამოკეტილია. იქაურობას ძველი მშვენების კვალი მაინც ეტყობა - ეზო ყვავილებით არის მოჩითული. მეზობლებმა მითხრეს, რომ ჰამლეტს უცხოეთიდან ხშირად ჩამოჰქონდა უნიკალური ჯიშის ყვავილები. ანაგელებმა საფრანგეთიდან ჩამოტანილი ლეღვის ხის ამბავიც იციან - უცნაურად გრძელ და ტკბილ ლეღვს ისხამდაო. ჰამლეტ გონაშვილის მშობლიური სოფლის სახლი ორსართულიანია, ხის შიდა, ლამაზი კიბითა და ძველი მარნით. ყველა ოთახში ჰამლეტის ფოტოებია. მისი საყვარელი ხის ფანდური, ჩოხა-ახალუხი და დედამისის დაირა... მოვინახულეთ ის ადგილი, სადაც მომღერალმა სიცოცხლე ტრაგიკულად დაასრულა. 87 წლის ციალა დარჩაშვილი, გონაშვილების მეზობელი და ახლობელია. ციალა ბაბომ ის დრო გაიხსენა, როცა გონაშვილების ოჯახში სიცოცხლე დუღდა და მათ გარშემო ყველა ხარობდა. ჰამლეტის გარდაცვალება კი მეხის გავარნასავით იყო სოფელში.

- გული მტკივა, რომ დღეს მათი კარ-მიდამო გამოკეტილია. მათი სახლის გასაღებს ახლაც მე ვინახავ. როცა მეკითხებიან, ჰამლეტს ვინ ასწავლა ასეთი კარგი სიმღერაო, მეღიმება. ჰამლეტის დედას, მარგოს არაჩვეულებრივი ხმა ჰქონდა, მამა დიმიტრიც კარგად მღეროდა, მაგრამ ჰამლეტის­ და, ჯულიკო, ყველაზე განსხვავებული ხმის პატრონი იყო. 8 მარტს, ქალთა დღესასწაულს სოფელში ყოველთვის აღვნიშნავდით. სუფრას გავშლიდით, ჰამლეტის დედა დაირაზე უკრავდა, ჰამლეტი კი ფანდურზე. მარგოს საყვარელი დაირა და ჰამლეტის ფანდური ახლაც მის სახლში ინახება.

მარგო კაცელაშვილი ძალიან ლამაზი­ ქალი იყო. ანაგის საბავშვო ბაღში მუშაობდა, თუმცა ვენახში შრომასაც არ თაკილობდა. ჰამლეტის მამა, ცხინვალში ქართულ ენასა და ლიტერატურას ასწავლიდა, როცა მარგო შეირთო, თავადაც აქ ჩამოვიდა საცხოვრებლად. ჰამლეტი ხშირად მოდიოდა სოფელში. ყოველი მისი ჩამოსვლა ზეიმი იყო. პურს ვაკრავდით, ვშლიდით სუფრას. ყველა ასეთ შეკრებაზე, შეგეძლო თუ არა სიმღერა, მთელი ოჯახი ისე მღეროდა, ჩვენც, ყველანი ვმღეროდით.

ჰამლეტმა ცოლად თბილისელი გოგო მოიყვანა, და როცა ანაგაში პირველად ჩამოიყვანა, სწორედ იმ დღეს გაიხსნა ჩვენს სოფელში შინმოუსვლელის სკვერი და პატარძალი პირველად იქ წაიყვანეს. მარგომ სახლში პურმარილი გაამზადა და პატარა ქორწილი გადავუხადეთ. ჰამლეტი თუ გასტროლზე არ იყო წასული, სოფელში აუცილებლად ჩამოდიოდა. მახსოვს, ერთხელ `რუსთავის~ მთელი დასი ჩამოიყვანა, ჯერ წნორში გამართეს კონცერტი. სოფელში ამბობდნენ, ისე იმღერეს, კახელებმა ლამის ხელში აიყვანეს ჰამლეტიო. შემდეგ მთელი დასი ჰამლეტის სახლში მოვიდა, სუფრას შემოვუსხედით და მთელი ღამე ვიქეიფეთ. ისეთი საღამო გამართეს, მერე მთელი წელი ამ ქეიფზე ლაპარაკობდა სოფელი.

- მისი ტრაგიკული გარდაცვალებაც სოფელ ანაგასთან არის დაკავშირებული.

- სანამ ეს ტრაგედია მოხდებოდა, ერთი კვირით ადრეც იყო ჩამოსული ანაგაში. საღამოს უკან დაბრუნებას აპირებდა,­ მაგრამ ჩემმა ქმარმა არ გაუშვა.­ პატარა ,,ტუმბუჩკაში~ მქონდა მომზადებული ,,სტოლი~, კიდევ ერთ მეზობელს დაუძახეს და მაგრად იქეიფეს. ეს ჰამლეტის უკანასკნელი­ მშვიდობით ჩამოსვლა იყო ანაგაში და მისი ბოლო სიმღერა, რომელიც ჩემ ჭერქვეშ იმღერა. ერთი კვირის მერე კი მოხდა ის საშინელება. თელავში გასტროლებზე იყო ანსამბლი და ჰამლეტმა უცხოელი მეგობრის ოჯახი სოფელში დაპატიჟა. იმ ღამით­ გონაშვილების სტუმრებს ჩემს სახლში­ ეძინათ. მათი ეზოს უკან საბედისწერო აკაკის ხე ახლაც დგას. მეზობელი მარგოს სულ ეჩხუბებოდა, ტოტები ჩემს ბოსტანში აქვს და შეაჭერითო. ჰამლეტის მოსვლა რომ გაუგია, ღობიდან დაუძახია, იქნებ შენ მაინც შეაჭრაო. დილიდან წვიმდა, ჰამლეტი წასასვლელად ემზადებოდა, მეზობელს არ ვაწყენინოო და იმ საბედისწერო­ აკაკის ხის ტოტის მოჭრა გადაწყვიტა, როგორც ჩანს, სველ ტოტზე ფეხი გაუცურდა და ჩამოვარდა. ქვემოთ კიდევ ის ოხრად დასარჩენი რკინის ლომი ყოფილა ჩარჭობილი. ზედ გულით დაეგო საცოდავი. მეზობელი, რომელმაც ტოტის მოჭრა სთხოვა ამ უბედურებას შეესწრო. მომაკვდავი წამოწეულა, ლომი თავად გამოუღია გულიდან და იქვე დალია სული.

- ჰამლეტის დედა ამ დროს იქ იყო?

- მარგო სტუმრებს მარანში ძველ ნივთებს ათვალიერებინებდა. ამიტომ მეზობლის კივილი არ გაუგონია. ჩემმა ქმარმა გააგებინა, გამოდით, დავიღუპეთ, ხალხოო. კახეთში უცებ გავარდა ხმა, ჰამლეტი დაიღუპაო და ზღვა ხალხი მოაწყდა გონაშვილების სახლს... მარგო ცრემლს ყველას არ აჩვენებდა. მე ერთადერთი ბიჭი მყავს გარდაცვლილი და მას მერე კარჩაკეტილი ვცხოვრობ. ჰამლეტის სიკვდილის მერე მარგო მეუბნებოდა, შენსავით არ მოვიქცევი,­ კიდევ ერთი შვილი მყავს, დედას ნაადრევად ვერ გამოვაცლიო. აქეთ მამხნევებდა, მაგრამ ჩუმად დასტიროდა შვილს. მარგო სანამ ცოცხალი იყო, ჰამლეტის მეგობრები ხშირად ჩამოდიოდნენ. ჰამლეტის დას უნდოდა სახლში ჰამლეტის მუზეუმი გაეკეთებინა, მაგრამ რატომღაც ვერ შეძლო. ახლა დაც გარდაცვლილია და სახლიც საბოლოოდ გამოიკეტა.

ახლახან, სიღნაღში, კომპოზიტორ სანდრო მირიანაშვილის სახლ-მუზეუმში, ჰამლეტ გონაშვილის გასახსენებლად საღამო გაიმართა. კიდევ ერთხელ მოვისმინეთ ჰამლეტის ნამღერი ,,ურმული~, ,,წინწყარო~, ,,დაიგვიანეს~... ღონისძიებას ჰამლეტ გონაშვილის ახლობელი, პედაგოგი მარეხ ჯალიაშვილი ესწრებოდა. ჰამლეტთან დაკავშირებული ამბები მანაც გაიხსენა:

- ჰამლეტი საკუთარ დედას სიცოცხლის ბოლომდე თქვენობით მიმართავდა.­ ვერც კი წარმოიდგენთ, როგორ ლამაზად მღეროდა მარგო დეიდა. დღემდე ვინახავ დედისა და შვილების ერთად ნამღერი ხალხური სიმღერების ჩანაწერს... ერთხელ შემოდგომით ჰამლეტი გვესტუმრა. ჩემმა მეუღლემ მარანში შეიყვანა,­ ქვევრს სახურავი მოხადა და უთხრა, აბა, ყური დაუგდე, როგორ ღუღუნებს მაჭარიო. ჰამლეტი დაიხარა და მიაყურადა. კი, მესმისო, ჩაიღიმილა. ჰოდა, მაგ მაჭრის ღუღუნს მაგონებს შენი ნამღერიცო, აუხსნა ჩემმა ქმარმა.

ეს ამბავი რომ მოხდა, მაშინ ჰამლეტს არავინ იცნობდა. ტროლეიბუსში ჩავსხე­დით, ჰამლეტს რაღაცას ვუყვებოდი, მაგრამ მივხვდი, არ მისმენდა. გუშინ ერთი ნოტი ვერ ავიღე და მას შემდეგ ვერ მომისვენია, თუ მოულოდნელად მაღალ ხმას ამოვუშვებ, ხელი ამაფარეო. ვთხოვე,­ ბევრი ხალხია, აქ არ იმღერო­-მეთქი. ვინ მომისმინა, იმდენი იწვალა, ნოტი მაინც აიღო. ვერც კი წარმოიდგენთ, ტროლეიბუსში რა მოხდა. ყველამ ჩვენ დაგვიწყო ყურება.­ ისე გამაბრაზა მათმა მზერამ, ჰამლეტს ვუთხარი,­ მიდი, ამათ ჯიბრზე აქ იმღერე-მეთქი და მასაც მეტი რა უნდოდა, ,,ურმული~ წამოიწყო. მთელი ტროლეიბუსი გაისუსა. სანამ არ დაასრულა, ხმა არავის ამოუღია, მერე კი ისეთი ტაში შემოსცხეს, თავი ფილარმონიაში მეგონა.

...იმ დღეს ფანჯარასთან ვიჯექი და რადიოში მის სიმღერას ვუსმენდი. უცებ გადაცემა შეწყდა და დიქტორმა გამოაცხადა, ტრაგიკულად დაიღუპა საქართველოს ბულბული, ჰამლეტ გონაშვილი, აღარ ძგერს ამ დიდი ადამიანის გულიო. თითქოს ვიღაცამ ხანჯალი ჩამარტყა, სკამიდან წამოდგომა ვეღარ შევძელი. ფანჯრიდან ცას გავხედე. ვარსკვლავებით იყო მოჭედილი. უეცრად დავინახე, ერთი დიდი ვარსკვლავი როგორ მოწყდა ცას და ქვემოთ წამოვიდა. მას მერე ხშირად ვფიქრობ ამ ვარსკვლავზე. ალბათ ეს იყო ჰამლეტის ვარსკვლავი.

ნელი ვარდიაშვილი